საქართველოს პარლამენტი „ტყის კოდექსს“ განიხილავს. საკანონმდებლო ორგანომ კოდექსი პირველი მოსმენით გასული წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მეორე მოსმენა კი ახლა გაიარა.
„ტყის კოდექსის“ პროექტში, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, მე-15 მუხლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.
რა წერია კანონპროექტში?
„სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
შესაბამისად, „ტყის კოდექსის“ მიღებასთან ერთად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლითაც დაწესებულია ეკლესია-მონასტრების სურვილის შემთხვევაში, მათთვის გადასაცემი ტყის ფართობი – 20 ჰექტარი.
„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები“, – ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილებაში.
შესაბამისად, კანონმდებლობით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის შესყიდვა შეეძლება სახელმწიფოსგან. ხოლო რა ფასად, კანონპროექტში არ წერია. კანონპროექტში არაფერი წერია არც სხვა კონფესიებზე.
რას ფიქრობენ სხვა კონფესიის წარმომადგენლები?
აყენებს თუ არა ეს ჩანაწერი მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში? საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დონეზე ასეთი ჩანაწერი თავისთავად დისკრიმინაციულია, როგორი კონტექსტიც არ უნდა ჰქონდეს მას.
„ნებისმიერი საკითხი, თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რელიგიას გამოყოფს გამონაკლისის სახით, უკვე დისკრიმინაციული შინაარსის მატარებელია. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს რელიგიური თემის საკითხებში. არც რომელიმე რელიგიას უნდა ფეშქაშობდეს ფულს ან სხვა მატერიალურ სიკეთეებს. რელიგია უნდა იყოს აბსოლუტურად განშორებული სახელმწიფოსგან.
ეს კი არის პოლიტიკური მიდგომა, ამას ვხედავთ ხოლმე არჩევნების წინ, რომ ფეშქაშობენ საპატრიარქოს მიწებსა და სხვა მატერიალურ სიკეთეებს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე „პუბლიკასთან“.
საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი კიდევ ერთი ილუსტრაციაა სახელმწიფოს დამოკიდებულებისა რელიგიური ინსტიტუტებისადმი, რომელიც ყოველდღიურობაშიც ჩანს. მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„ფაქტია, სახელმწიფოს არ აქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ სწორი პოლიტიკა, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშიც მოხვედრილა და გამოსასწორებელია“, – დასძენს ნაკაიძე „პუბლიკასთან“ საუბარში.
როგორია გარემოსადამცველთა მოსაზრება?
„პუბლიკასთან“ კანონპროექტის პირველ მოსმენამდე ტყის საკუთრების პრობლემურობაზე საუბრობდა „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილიც.
მაჭარაშვილის თქმითაც, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ უფლების მიცემა დისკრიმინაციულია. მისი აზრით, ტყის გადაცემა თავისთავად შესაძლოა ცუდი სულაც არ იყოს, მაგრამ კოდექსში ეს უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული.
„ცალკე კატეგორია ან ქვეკატეგორია უნდა გამოყოფილიყო, ან დაცვითი ტყეების კატეგორიაში შესულიყო ტყეები, რომლებიც იცავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეკლესია-მონასტრებს და ეს გადაეცემოდა მათ, ვის ის ახლოსაც იქნებოდა.
მაგალითად, რატომ არ შეიძლება, გადაეცეს ტყე გუდამაყრის თემს, როცა ის მათი ხატების გარშემოა ან ლაშარის ჯვარის გარშემო ტყე იქაურ თემს?! ან რატომ უნდა გადაეცეს მხოლოდ ერთ კონფესიას?! რატომ არ შეიძლება გადაეცეს სხვა რელიგიურ კონფესიებს?! თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზეა საუბარი, რატომ არ შეიძლება გადაეცეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან აგრარულ უნივერსიტეტს?!“ – მიიჩნევს ირაკლი მაჭარაშვილი.
რა პოზიცია აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს?
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ საპატრიარქო ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყეს მიჩენის ფორმით ისედაც ფლობდა, ახალი კანონპროექტით კი მხოლოდ მისი საკანონმდებლო დონეზე დაზუსტება მოხდა.
უფრო მეტიც, ამირგულაშვილის თქმით, ახალი კოდექსით საპატრიარქოსთვის გადასაცემი ტერიტორიის შეზღუდვაც ხდება.
„ეს არ არის ცვლილებების პაკეტი, ეს არის ახალი „ტყის კოდექსი“. საქართველოს საპატრიარქო ტყესთან მიმართებით თავისი გარკვეული სამართლებრივი უფლებებით მოქმედ კოდექსშიც იყო მოხსენიებული. აქ უბრალოდ გაკეთდა დაზუსტება.
მთავრობას, მოქმედი კოდექსით, ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გადაცემა შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლო. ამისი იურიდიული ფორმა არსებობს, ახლა კი პირიქით, მოხდა დაზუსტება და ტერიტორიის შეზღუდვა“, – ამბობს ამირგულაშვილი „პუბლიკასთან“.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი ჰყვება, რომ მიჩენის წესი, რომელიც ბუნდოვანი იყო, გაუქმდა. კოდექსში კი მისი საპირწონე მუხლი შეიქმნა.
ამირგულაშვილის აზრით, უსაფუძვლოა იმის მტკიცებაც, რომ ჩანაწერი დისკრიმინაციული ან არაკონსტიტუციურია.
„ვაკონკრეტებთ, რომ 20 ჰექტრამდე, ხაზგასმით ვამბობ – არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო მდებარე ტყეებზეა საუბარი. იყო საუბარი, რომ დისკრიმინაციულია ეს ჩანაწერი, მაგრამ ჩანაწერში არის არსებულ ეკლესია-მონასტრებზე საუბარი. ისტორიულად, სხვა კონფესიის სამლოცველოები ტყის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. შესაბამისად, ეს არის დაკონკრეტებული და არ არის არც დისკრიმინაციული, არც ანტიკონსტიტუციური.
ასე რომ, თუ ეკლესიამ მოითხოვა და სახელმწიფომ დააკმაყოფილა მისყიდვა, ახალი ტყის კოდექსითა და კანონქვემდებარე აქტებით, ეკლესიას შეეძლება მართოს ტყე. ოღონდ ისე, როგორც სხვა დანარჩენი ტყეები იმართება. განსხვავებული მართვისა და დაცვის ფუნქცია აქ არ შემოდის, ყველა ვალდებულება რჩება.
ტყისთვის არსებობს ინვენტარიზაცია, დგება მართვის გეგმა – რისი მოჭრა შეიძლება, რა არის აღსადგენი და ამის ადამიანური თუ ფინანსური რესურსები უკვე მმართველმა, ანუ საპატრიარქომ უნდა უზრუნველყოს“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.
რაც შეეხება „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებს, კარლო ამირგულაშვილი ამბობს, რომ, მაგალითად, ე.წ. ხატის ტყეების განსაზღვრება სამართლებრივად შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ კანონი ითვალისწინებს მუნიციპალურ საკუთრებას, ადგილობრივი თვითმმართველობების სახით.
„მე ვერ მოვახდენ იდენტიფიცირებას კონკრეტულ სოფელში, რომელ ოჯახს დავაკისრო პასუხისმგებლობა სახელმწიფო ქონების მართვაზე. რაც შეეხება სსიპ-ებს, მართალია, რომ სამართლებრივად მართლმადიდებელი ეკლესია სსიპ-ია და საუბარი რომ ყოფილიყო არა ტყეზე, არამედ სხვა ტერიტორიაზე, მაშინ მართებული იქნებოდა შენიშვნა.
მაგრამ ტყის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება სხვა რელიგიათა სალოცავები, გარდა წარმართული ძეგლებისა, რომლებიც ვერ შევიდოდა სახელმწიფო, კერძო ან მუნიციპალურ საკუთრებაში“, – ამბობს ამირგულაშვილი „პუბლიკასთან“.