„ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს შიმშილით გული წასვლიათ. ამის მერე მათ რცხვენოდათ და ამიტომ სკოლაში აღარ მოდიოდნენ“, – მასწავლებელი.
„ერთია, როდესაც მოსწავლე სკოლის დროს არის მშიერი და მეორე, როდესაც ბავშვი სახლშიც ვერ იღებს ნორმალურად საკვებს. სამწუხაროდ, ასეთი მოსწავლეები ჩვენთან მრავლად არიან“, – სკოლის ექიმი.
„შესვენებაზე რომ გამოვდივარ, გული მიკვდება, რამდენიმე ბავშვი ჭამს ლობიანს და დანარჩენები მშივრები უყურებენ. საშინელი სანახავია“, – მასწავლებელი.
„ჩემს შვილს რამდენჯერმე გავატანე ლანჩ-ბოქსი სახლიდან, მაგრამ ხელუხლებელი მომიტანა უკან. სხვებს რომ არ აქვთ საჭმელი, მერიდება ჭამაო”, – მშობელი.
ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა.
კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწილი სკოლაში ყოფნის პერიოდში შიმშილობს.
მასწავლებლები და სკოლის ექიმები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებში ხშირია მუცლისა და თავის ტკივილის, ხოლო შედარებით იშვიათი – გონების დაკარგვის შემთხვევები. ისინი თვლიან, რომ ამის მიზეზი არასათანადო კვებაა – ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, ვერ საუზმობენ და ისე მიდიან სკოლაში. ისინი ვერ იკვებებიან იქ ყოფნის დროსაც.
ერთ-ერთი ეროვნული შეფასების მიხედვით (NAEC), ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.
რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას, როგორი მიდგომები არსებობს, რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება და როგორია მისი დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება – „პუბლიკის“ ამ მასალაში ყურადღებას გავამახვილებთ უნივერსალურ სასკოლო პროგრამაზე და „პროგრესული ფორუმის“ ეგიდით მომზადებულ (მკვლევარი ეთო გვრიტიშვილი) პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით გაგაცნობთ საერთაშორისო გამოცდილებას.
რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას?
სასკოლო კვება მსოფლიოში ბავშვთა სოციალური დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს და გაეროს საკვების მსოფლიო პროგრამის უახლესი მონაცემებით, 176 ქვეყანაში, დაახლოებით, 418 მილიონ ბავშვს მოიცავს.
„სასკოლო კვების გლობალური კოალიციის“ 2023 წლის ანგარიშის მიხედვით:
- მოსწავლეთა ჯანმრთელობა, კვება და კეთილდღეობა აკადემიური მიღწევებისა და განათლების ხარისხის საკვანძო ფაქტორებია;
- იქ, სადაც სასკოლო კვება არსებობს და მოსწავლეებს ნუტრიენტების საჭირო რაოდენობა მიეწოდებათ, ბავშვები და მოზარდები უფრო ჯანმრთელები და პროდუქტიულები არიან, ნაკლებად აცდენენ სკოლას ავადმყოფობის მიზეზით;
- კვების პროგრამები ხელს უწყობს განათლების შედეგების გაუმჯობესებას.
როდის დაიწყო უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე საუბარი?
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო კვების გაიდლაინი. სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა სასკოლო კვების პროგრამა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
შემდეგ იყო ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა, რომელიც 2017 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით წარადგინა. პროგრამა სულ რამდენიმეთვიანი იყო – 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
სასკოლო კვების დანერგვაზე განსაკუთრებით აქტიურად საუბარი 2021 წელს დაიწყო. საკითხი გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა.
დოკუმენტში განხილულია, როგორია სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება, რამდენად საჭიროა და რა პერსპექტივა აქვს მსგავსი პროგრამის ქართულ სკოლებში დანერგვას. ასევე, მოცემულია რეკომენდაციები და დაანგარიშებულია საქართველოში უნივერსალური პროგრამის დანერგვის წლიური ხარჯი.
საკითხი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოძრაობა „ხმის“კამპანიის შედეგად დადგა. მათ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წელს დაიწყეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. მათ შეიმუშავეს ხედვაც, თუ როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების დაწყება 2024 წელს.
კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უფასო სასკოლო კვება მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი თემა გახდა. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების დაწყების პირობა დადო. „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“ – ეწერა ქალაქში გამოკრულ ბილბორდებზე. ხელისუფლება კი ამბობდა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით „აქტიურად მუშაობდნენ“.
„უფასო კვება პირველკლასელებს” – ეს პროექტი საქართველოს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში – წალენჯიხაში ხორციელდება.
2021 წელს წალენჯიხის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. 2023 წლის ბოლოს კი მან მუნიციპალიტეტში სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედება დააანონსა.
ყოველდღიური კვებითი უზრუნველყოფისთვის, თითო მოსწავლისთვის, წალენჯიხის ბიუჯეტიდან 4 ლარი განისაზღვრა. ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტშია შესაძლებელი.
„რატომ პირველკლასელები? პრიორიტეტი მივანიჭეთ პირველკლასელებს იმიტომ, რომ ბაღში ბავშვი მიჩვეული არის კვებას და პირველ კლასში კვების გარეშე ყოფნა მისთვის დიდი სტრესია და ხშირ შემთხვევაში მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ 2-3 ლარი მისცენ ბავშვს და გაუშვან სკოლაში. ამის საშუალება ბევრ მშობელს არ გააჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო პრიორიტეტი”, – განმარტავს წალენჯიხის მერი „პუბლიკასთან” საუბარში.
საქართველოში სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მოთხოვნას შეუერთდნენ სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. განათლების სამინისტრო კი უფასო სასკოლო კვების დაწყების გადავადებას სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნის.
აქტივისტური ჯგუფების მიერ საკითხის წინ წამოწევის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ბოლოს, 2024 წლის 13 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და „1-2 თვის ფარგლებში”, სამინისტრო საზოგადოებას იმ კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომლებიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაიგეგმა.
ამ პროცესების პარალელურად, საზოგადოებაში მიდის მსჯელობა, როგორი მოდელის პროგრამა იქნება რელევანტური საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. სტატიაში ვცდილობთ, ამ დისკუსიისთვისაც მოვამზადოთ საფუძველი და შევისწავლოთ საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები.
უფასო სასკოლო კვება – როგორი პროგრამები არსებობს?
კვლევის ავტორის, ეთო გვრიტიშვილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილების მრავალფეროვნების ფონზე, შეგვიძლია, გამოვყოთ სასკოლო კვების პროგრამების დაფარვის რამდენიმე მოდელი. ესენია: მიზნობრივი, უნივერსალური და კვაზიუნივერსალური სასკოლო კვების მოდელები.
სასკოლო კვების მიზნობრივი პროგრამები
ინდივიდუალურ მოსწავლეზე/ოჯახზე ფოკუსირებული პროგრამები – როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ასეთი პროგრამების ნაწილი ორიენტირებულია მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებზე ინდივიდუალურ დონეზე და მათი პროგრამაში მონაწილეობა დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლის, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის მაჩვენებლების, სოციალური დაცვის სხვა პროგრამებში ბენეფიციარის სტატუსის, სპეციალური საჭიროებების ან/და მოწყვლადი ჯგუფების წევრობაზე.
ასეთი მოდელის პროგრამებში ხშირად გვხვდება კვების სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, ან სამიზნე მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება განსხვავებული სისტემით. იმ ქვეყნების ნაწილში (საფრანგეთი, გერმანია), რომლებშიც მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამები მოქმედებს, პარალელურად ფუნქციონირებს ბავშვთა და ოჯახების სოციალური დაცვის უნივერსალური პროგრამები.
რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება?
ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ტენდენციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამების შემთხვევაშიც კი, პროგრამები ეტაპობრივად ფართოვდება და მეტი მოსწავლის მოცვისკენ მიისწრაფვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე გადადიან.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამათა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს უნივერსალური საყოველთაო დაფარვა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა თანაბარ მოცვას, მიუხედავად მათი სოციალური თუ სხვა მახასიათებლისა.
კვაზიუნივერსალური პროგრამა
უნივერსალური სასკოლო კვების დანერგვის შემთხვევაში ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს, თუმცა, დაფარვის მასშტაბები შეიძლება განსხვავდებოდეს. უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამა შესაძლოა, უნივერსალურად ფარავდეს მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ან უფრო შეზღუდულად სამიზნე გეოგრაფიულ არეალში (მაგ. მუნიციპალიტეტს), სკოლაში ან/და მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფში (მაგალითად, მიმართული იყოს მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე). ამგვარ პროგრამებს კვაზიუნივერსალური პროგრამები ეწოდება.
გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული პროგრამები
უფასო სასკოლო კვების პროგრამა შესაძლოა, მიემართებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს (შტატს, მუნიციპალიტეტს, ქალაქს და ა.შ.). მისი შერჩევა ეფუძნება ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა – სიღარიბე, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელი; სკოლის გაცდენის, მიტოვებისა და დამთავრების სტატისტიკა, ასევე მნიშვნელოვანია გენდერული ასპექტები, კონფლიქტის ზონის სტატუსი ან/და სხვა რელევანტური ინდიკატორები.
უმეტესად, ასეთი მოდელის ფარგლებში ამ გეოგრაფიულ არეალში მდებარე ყველა სკოლა და მოსწავლე ჩართულია უფასო სასკოლო კვების პროგრამაში.
სკოლაზე ფოკუსირებული პროგრამები
გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული პროგრამებისგან განსხვავებით, ზოგიერთ ქვეყანაში უშუალოდ სკოლის დონეზე წყდება უფასო სასკოლო კვების პროგრამაში ჩართვის საკითხი და პროგრამა მიემართება იმ სკოლებს, რომლებშიც უფასო სასკოლო კვების საჭიროების მქონე ბევრი მოსწავლეა კონცენტრირებული. ასეთი მოდელის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართულია სამიზნე სკოლის ყველა მოსწავლე.
მსგავსი პროგრამები გვხვდება ახალ ზელანდიასა და ნამიბიაში. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთსა და ნიდერლანდებში უფასო სასკოლო კვების პროგრამაში ჩართვა სკოლის განაცხადის საფუძველზე ხდება.
რომელ ქვეყნებში გვხვდება საყოველთაო დაფარვის უნივერსალური პროგრამები
ფინეთში უნივერსალური სასკოლო კვების ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება არსებობს. პროგრამა 1940-იანი წლებიდან იწყება და საჯარო სასკოლო განათლების სისტემაში ჩართულ ყველა საფეხურს ფარავს. მოიცავს, დაახლოებით, 921 000 მოსწავლეს.
კვება გამოყენებულია, როგორც პედაგოგიური ინსტრუმენტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მანერებისა და კვების კულტურის სასწავლებლად.
ფინეთის მსგავსად, ესტონეთშიც უნივერსალური სასკოლო კვების სისტემა არსებობს. პროგრამის ფარგლებში, ხდება 230 000-მდე მოსწავლის უნივერსალური სასკოლო კვებით უზრუნველყოფა.
პროგრამა, რომელიც 2002 წელს დაინერგა, დეცენტრალიზებულია და თითოეული მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია საკუთარი შესყიდვების პროცესსა და ადგილობრივი ბიუჯეტის განსაზღვრაზე. ეროვნული და ადგილობრივი დაფინანსება თითქმის სრულად ფარავს სკოლის სადილის ხარჯებს, ამასთან, ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა დამატებით დაიწყო საუზმისა და შუადღის ხემსის მიწოდება საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
უნივერსალური სასკოლო კვების ყველაზე მასშტაბური პროგრამა ინდოეთში ფუნქციონირებს. PM Poshan-ის პროგრამა, რომელიც ცნობილია, როგორც შუადღის კვების სქემა, ქვეყანაში 1995 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტ მოსწავლეს ფარავს (2020-2021 წლების მონაცემით, 106 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე).
პროგრამის მიზნებია:
- სკოლებში ჩარიცხვებისა და დასწრების გაზრდა;
- სასკოლო შიმშილის აღმოფხვრა;
- მოსწავლეებს საკლასო ოთახში კონცენტრირების ხელშეწყობა;
- სკოლის მიტოვების მაჩვენებლის შემცირება;
- ბავშვთა არასრულფასოვანი კვების მოგვარება;
- ქალების გაძლიერება დასაქმების გზით;
- ბავშვებში სოციალიზაციის გაუმჯობესება და სხვა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში რამდენიმე მოდელის პროგრამა თანაარსებობს.
მაგალითად, შოტლანდიაში 1-დან მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის მოქმედებს უნივერსალური უფასო სასკოლო კვება, ხოლო ზედა კლასების მოსწავლეებისთვის – მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ფარავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პროგრამები განსხვავებულ სამიზნე ჯგუფებზეა ორიენტირებული. სასკოლო ლანჩის ეროვნულ პროგრამას (National School Lunch Program) აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც საჯარო და არაკომერციულ კერძო სკოლებსა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში მოქმედებს. პროგრამა უფასო/შეღავათიან სასკოლო კვებას უზრუნველყოფს სოციალურ პროგრამებში ჩართული, უსახლკარო, მიგრანტი, ან/და მინდობით აღზრდაში მყოფი მოსწავლეებისთვის.
უნივერსალური უფასო სასკოლო კვების პროგრამები არსებობს კალიფორნიაში, მიჩიგანში, მინესოტაში, მეინში, მასაჩუსეტსში, ნიუ–მექსიკოში და ვერმონტში, ხოლო შტატების მნიშვნელოვან ნაწილში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამების დანერგვაზე.
„პუბლიკის“ შემდეგ სტატიაში, ამავე პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით განვიხილავთ – საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების როგორი სქემა იქნება ეფექტიანი საქართველოში.