უკვე თითქმის მიწურული 2019 წელი ქართული ლიტერატურისათვის წინა 2018-ზე უფრო უღიმღამო წელიწადი აღმოჩნდა. ისეთი უღიმღამო, რომ ლამის ხელი ავიღე წლის შემაჯამებელი ამ სტატიის წერაზე, რადგან როცა არაფერი გაქვს შესაფასებელი, სჯობს, ისე მოიქცე, როგორც ამას პერიოდულად პრემია „საბას“ ჟიური თუ საორგანიზაციო კომიტეტი აკეთებს. მაგალითად, 2018 წლის ლიტერატურული მოსავლის შეფასებისას, მათ გააუქმეს კრიტიკის ნომინაცია, უფრო ადრე, რამდენჯერმე გააუქმეს დრამატურგიის ნომინაციაც. თავი კი იმით იმართლეს, რომ წელს ამ ნომინაციებში არ შემოვიდა წიგნები, ან რაც შემოვიდა, შესაფასებლადაც არც კი ღირდაო.
ამავე ლოგიკით, მეც უარი უნდა მეთქვა მიმოხილვაზე, მაგრამ მაინც ვეცდები დავწერო, რადგან სჯობს (და პირადად მე ძალიან მინდა), ვინმე შემეკამათოს და საპირისპირო დამიმტკიცოს, ვიდრე ის, რომ თავი მართალი მეგონოს და ამ სიმართლეში ჩემმა მიმოხილვამ კიდევ უფრო დამარწმუნოს.
წლევანდელ ლიტერატურულ მოსავალს რომ თვალი გადავავლე, ამა თუ იმ ჟანრის რამდენიმე წიგნი წამომიტივტივდა გონებაში, რომელიც საერთო რუხი ფონიდან ოდნავ მაინც ამოვარდნილი მომეჩვენა.
ოდნავ მაინც, რადგან ისეთი წიგნი, რომელიც კაშკაშა მოვლენა იქნებოდა, ჩემი აზრით, წელს ქართულ ლიტერატურაში არ გამოცემულა.
მერწმუნეთ, ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ამისი აღიარება და თავის დასამშვიდებლად იმ აზრსღა ვეჭიდები, რომ ეგებ, ყველაფრის წაკითხვა მე ვერ მოვასწარი, ჩემისთანა წიგნის ჭიისთვისაც კი შეუძლებელია ყველაფერი არა თუ დროულად წაიკითხოს, უფრო მეტიც, ინფორმაციაც კი ჰქონდეს ყველა ლიტერატურული სიახლის შესახებ. ამიტომაც თუკი ვინმე გამომეხმაურება და სულ სხვა რამეს მეტყვის, ნამდვილად მთელი გულით გავიხარებ.
სწორედ ამ მიზნით, შეკითხვაც კი დავსვი ჩემს ფეისბუქ–გვერდზე და იმედი მქონდა, რომ ჩემი ლიტერატურაში განსწავლული ფრენდები რაიმე სანუგეშო ამბავს მომაწვდიდნენ.
საგულისხმოა, რომ რამდენიმეს მათგანს სწორედ ის წიგნი გაახსენდა, რაზეც მეც შემეძლო მიმეთითებინა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს რომანიც ახალი არ არის, ჯერ კიდევ 2000 წელს გამოიცა, მაგრამ მკითხველამდე რეალურად 2019 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ხელახლა დასტამბულმა მიაღწია.
ზაირა არსენიშვილის რომანი „ ვა, სოფელო (კახური ქრონიკები)“ ქართველმა მკითხველმა ახლა აღმოაჩინა და ეს აღმოჩენა ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, ვისაც ამ რომანზე მისი პირველი გამოცემისთანავე ვრცელი საქებარი რეცენზია მაქვს დაწერილი.
ჩემი ამავე შეკითხვის კომენტარში ზოგმა ლიტერატორმა მეგობარმა, ნახევრადხუმრობით და ნახევრად სერიოზულად, თავისი რომელიმე ტექსტი შემახსენა და ამ წერილში შემიძლია მათ მსგავსად მოვიქცე, თუკი ვიტყვი, რომ 2019 წელს ჩემი ლექსების მეხუთე კრებული „სიზმრის ნანგრევებში“ გამოიცა (რედაქტორი და ბოლოთქმის ავტორი როსტომ ჩხეიძე, წინასიტყვაობა – ნინო ვახანიასი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, 2019).
თუმცა მეტს აღარაფერს დავამატებ, რადგანაც ისედაც წარმომიდგენია ჩემი ოპონენტების ირონიული სახეები, როცა ამ სიტყვებს წაიკითხავენ და ნათქვამს ხუმრობად კი არა, იაფფასიან თვითრეკლამად ჩამითვლიან.
რაც გინდათ, ის იფიქრეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე და ყველაფერზე უკეთ საკუთარ თავს ვიცნობ.
ასევე საკუთარი თავივით ვიცნობ მეორე პოეტსაც, ვისი ახალი კრებულიც განსაკუთრებულად გამიხარდა.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა ზვიად რატიანის მორიგი წიგნი „კოცონი მდინარესთან“ და ვფიქრობ, ეს წიგნი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს პოეზიის მოყვარულთა და რატიანის თაყვანისმცემელთა გულებში.
„ინტელექტის“ გამოცემაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პოეტის ამჯერად პროზაული წიგნი (თუმცა ამ ჩანაწერებსა და ნოველებშიც ძალიან მაღალი ხარისხის პოეზიაა) – სოსო მეშველიანის „ალპური ყვავილები“.
სიმართლე რომ ვთქვა, მეტი პოეტური კრებული წელს მე არ მახსენდება. ისევ და ისევ იმედს ვიტოვებ, რომ არის რაღაც გამოცემული, მნიშვნელოვანი, რომელსაც ჯერ ჩემამდე არ მოუღწევია.
ცალკეულ პუბლიკაციებზე კი შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც ბეჭდურ მედიაში, ასევე ინტერნეტ–სივრცეში. ფეისბუქზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, შემიძლია ჩამოგითვალოთ ის რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი, რომელთა წიგნებსაც მე დიდი ინტერესით ველოდები: გიო ლომიძე, თორნიკე სიბაშვილი, გიორგი ხარაიშვილი– ეს სამი სახელი წელს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე სწორედ ფეისბუქის მეშვეობით „აღმოვაჩინე“ ბექა ახალაია, ნიკა ლაშხია, ეკა კვიციანი… ვფიქრობ ზემოთ დასახელებული სამი პოეტიც მალე თავის დიდ სიტყვას იტყვის ქართულ ლიტერატურაში.
ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უკვე შემიძლია გამოვიცნო, ვინ მიიღებს „საბას“ 2020 წლის მინიმუმ ორ ნომინაციაში. პოეზიაში – ბესიკ ხარანაულის კრებული „ დიდი სმა“ და რომანში – აკა მორჩილაძის „ფარშევანგი“. ამ ორი წიგნის ქება–დიდებამ ჩემამდე თვითონ წიგნებზე ადრე მოაღწია. არც არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ამ ქებაში დავეჭვდე და წაკითხვის შემდეგ მაქებართა ხმებს ჩემი ღონიერი ხოტბაც არ შევუერთო.
სამაგიეროდ, უკვე წავიკითხე ანა კორძაია–სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“ და ნამდვილად მოხიბლული დავრჩი ამ საოცრად ადამიანური ამბით, რომელიც სრულიად არაადამიანური სოციალური ურთიერთობების ფონზე ვითარდება.
გულისამრევად იწყება, ჩემი აზრით, ერთ ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური წიგნი ქართულ ლიტერატურაში მიშა ბახსოლიანის „კანიბალიადა“. საერთოდ, ორმა ახალმა რომანმა იმოქმედა ჩემზე განსაკუთრებულად და ორივე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაა. მიშა ბახსოლიანის „კანიბალიადაზე“ ცალკე წერილი მაქვს ჩაფიქრებული, მეორე რომანზე კი უკვე დავწერე რეცენზია გამომცემლობის ვებგვერდისათვის. ეს არის ბესო სოლომანაშვილის მრავალმხრივ საყურადღებო წიგნი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“.
და ამითი რომანი, მგონი, კიდევაც ამოვწურეთ. ყოველ შემთხვევაში, მე მეტი წელს არაფერი წამიკითხავს და არც არაფრის შესახებ მსმენია.
მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა დოკუმენტურ პროზაში. მიუხედავად იმისა, რომ ორი გამოცემა, რომელზეც მინდა აქ მიგითითოთ, ასევე ხელახალი გამოცემებია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაისტამბა ვახუშტი კოტეტიშვილის უაღრესად საინტერესო დოკუმენტური რომანი „ ჩემი წუთისოფელი“, რომელსაც უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, მაგრამ საგულისხმოა, რომ ახალი გამოცემა კიდევ ასი გვერდით შეივსო, იმით, რაც ბატონი ვახუშტის არქივში დარჩა და რისი გამოქვეყნებაც ავტორს მეორე წიგნში ჰქონდა განზრახული.
სხვადასხვა დროს გამოცემული თავისი ორი წიგნი ერთ კონცეპტუალურ ნაშრომად გააერთიანა ირმა რატიანმა და მკითხველს ასე შესთავაზა „ ასი უძველესი იაპონური ლექსი“ და „ იაპონური დღიურები“, რომელთაგან პირველი თარგმანის, ხოლო მეორე – დოკუმენტური პროზის საუკეთესო ნიმუშია.
ირმა რატიანი დიდი ოსტატობით აცოცხლებს ქართულად უძველეს იაპონურ განცდებსა და შთაბეჭდილებებს, ეს ლექსები გადმოაქვს ყველაზე უფრო ადეკვატური სალექსო საზომებითა და პოეტური ხერხებით და შორეული აღმოსავლეთის გარდასულ დიდებულებასა და სიფაქიზეს მთელი სიცხადით შეგვაგრძნობინებს, იაპონიის დღევანდელობას კი ძალზე დინამიური და ცოცხალი დღიურებით გვაცნობს, სადაც რამდენიმე წელიწადს ცხოვრება მოუხდა.
ერთ წიგნად გამთლიანებულმა ამ ორმა შესანიშნავმა ნაშრომმა კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება შეიძინა.
თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.
სულ ახლახან გამოიცა გენიალური ქართველი მთარგმნელის, შარშან გარდაცვლილი ზეზვა მედულაშვილის თარგმანების შედარებით ვრცელი კრებული „აღმოსავლური მზეჭრელი“, რომელიც განსვენებულის ოჯახთან თანამშრომლობით პოეტმა და კრიტიკოსმა ანდრო ბუაჩიძემ შეადგინა და მანვე დაურთო უაღრესად ტევადი და პროფესიული შესავალი წერილი. ეს თავისი მოცულობითაც და მნიშვნელობითაც ვებერთელა კრებული ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის საეტაპო წიგნია, რომელსაც ამიერიდან გვერდს ვერავინ აუვლის, ვინც კი ქართული თარგმანის მიღწევებით დაინტერესდება. წიგნში ნამდვილი შედევრებია თავმოყრილი და მთელი კრებული მთარგმნელის პატიოსნების, ნიჭიერებისა და ენციკლოპედიური ცოდნის ფოიერვერკად წარმოდგება.
შესანიშნავი ნამუშევარია ელისაბედ ყვავილაშვილის მიერ ესპანურიდან თარგმნილი ისაბელ ალიენდეს დიდტანიანი რომანი „სულების სახლი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“), რომელიც დიდი სიამოვნებას მიანიჭებს ყველას, ვისაც ლათინური ამერიკის ლიტერატურა უყვარს.
ახალი და სრულიად განსაკუთრებული თარგმანით წარდგა ჩვენ წინაშე მწერალი ნაირა გელაშვილი. „კავკასიურმა სახლმა“ გამოსცა მის მიერ თარგმნილი რობერტ ლიარდონის უჩვეულო წიგნი „ღმერთის გენერლები“. 574 გვერდიანი ეს სოლიდური ნამუშევარი უცნაური ადამიანების შესახებ მოგვითხრობს – იმათზე, „ვისაც უხილავი დაელაპარაკა“ ფაქტობრივად, ეს არის პროტესტანტული ეკლესიის თანამედროვე ისტორია, მისი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლების ბიოგრაფიისა და მათი საქმეების მეშვეობით მოთხრობილი. დღეს, როცა დასავლური საზოგადოება რელიგიურ იდეასა და მოღვაწეობას იმდენად აგდებულად უყურებს, რომ ვთქვათ, ე. წ. „ იეღოვას სექტის“ მოღვაწეობა მუდამ მსუბუქი ქილიკის საგანია, ასეთი წიგნის თარგმნასა და გამოცემას, ნამდვილად ნაირა გელაშვილის ძალა სჭირდებოდა, ნიჭი, რომელიც ყოველთვის მზად არის წავიდეს ყველაზე გაბატონებული და საშიში საზოგადოებრივი კლიშეების წინააღმდეგ და ნაბიჯ–ნაბიჯ დაიცვას და დააგარწმუნოს თავისი პოზიციის სიმართლეში.
გაბატონებული კლიშეების, ოღონდ ამჯერად – დასავლეთში აღმოსავლეთის წინააღმდეგ გაბატონებული არასწორი წარმოდგენების მსხვრევას ისახავს მიზნად გამოჩენილი გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, შტეფან ვაიდნერის შესანიშნავი წიგნიც, რომლის ქართული – ლანა მჟავიას მიერ შესრულებული – თარგმანიც ბოლო ხანს გამოიცა „ინტელექტში“. ეს წიგნი მეცნიერული მსჯელობისა და ადამიანური, პირადი ემოციების შერწყმის შესანიშნავი შედეგი მკითხველს დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც სრულიად სხვაგვარი კუთხით დაანახებს.
წელს განსაკუთრებულად იყოჩაღეს იტალიურიდან მთარგმნელებმა. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი წიგნები გახდა ნუნუ გელაძის თარგმნილი დაჩა მარაინის რომანი „ხმები“ (გამომცემლობა „საგა“) და ასევე ხათუნა ცხადაძის მიერ თარგმნილი მელანია მაცუკოს „ვიტა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). თარგმანის ხარისხი ხსენებულ ორს საგრძნობლად ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო თეა ნიკობაძის მიერ გადმოქართულებული ნიკოლო ამანიტის „მე და შენ“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).
მელანია მაცუკოს „ვიტა“ კი უკვე იმდენად გახმაურდა ლიტერატურულ წრეებში, რომ ავტორი საგანგებოდ მოიწვიეს მწერალთა სახლის ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და თუკი საერთოდ, წლის ლიტერატურულ მოვლენაზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, მოვლენა ეს არაჩვეულებრივი ფესტივალია, რომელიც თბილისში ერთი კვირით თავს უყრის მსოფლიო მწერლობის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსებს და მათთან პირისპირ შეხვედრის, მათი აზრებისა და დამოკიდებულებების გაცნობის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს.
ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია ლიტერატურის თარგმანის ორმხრივი პროცესის განვითარებისთვისაც.
საერთოდ, ყველაზე უფრო დინამიური ნაწილი ჩვენი მწერლობისა მაინც ლიტერატურული თარგმანი აღმოჩნდა.
თარგმანსაც რომ ორიგინალის თანაბარი მნიშვნელობა აქვს, ამის მტკიცება აქ ზედმეტად მიმაჩნია.
მწერლობის განვითარებაში კი ორიგინალური და თარგმნილი ნიმუშები თითქმის თანასწორ ფუნქციას ითავსებენ და ეგებ მეორის მნიშვნელობა აღემატებოდეს კიდეც პირველისას სხვადასხვა თვალსაზრისით. ამიტომაც განსაკუთრებულად მახარებს მთარგმნელობითი პროცესების ასეთი აღმავლობა, რაც თითქოს სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის იმ საყოველთაო გაპარტახებას, რომლის მომსწრენიც ბოლო წლების განმავლობაში გავხდით. კოორდინაციასა და დინამიზმს, რასაც ხელისუფლებისაგან ვერ ვეღირსეთ და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ავცდით, ასე თუ ისე, მთარგმნელობით პროცესში ვხედავთ და ეს ოდნავ დამაიმედებელი სიმპტომია.
საერთოდ, თარგმანი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.
იმისათვის, რომ დღევანდელი მსოფლიოს ინტელექტუალურ პროცესებს ავუწყოთ ფეხი, საჭიროა დიდი და კოორდინირებულად, გონივრულად, მიზანმიმართულად მართული ფინანსები.
ეს უნდა იყოს სახელმწიფო მნიშვნელობისა და სახელმწიფოს ზრუნვით გარემოცული საქმიანობა.
ჩვენი სახელმწიფო კი იმ რამდენიმე ცენტრსაც ხელაღებით სპობს, რასაც აქამდე ვეღირსეთ და საერთოდ, როგორც ჩანს, მწერლობა ფუფუნებად ეჩვენება ასეთი გაჩანაგებული, სწორედ მათი „ძალისხმევით“ საბოლოოდ გაპარტახებული ქვეყნისათვის. მოუწყობელი ქვეყნის შესანარჩუნებლად ბრძოლას კი ეწირება მწერლების ნერვები, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, დრო, რომელიც მათ უმნიშვნელოვანესი მისიისთვის – თავიანთი შემოქმედებისათვის უნდა მოეხმარებინათ.
შარშანდელი წელიწადი ისე დასრულდა და წლევანდელი ისე დაიწყო, რომ მწერლებს მუდმივად რაღაცის გადასარჩენად უხდებოდათ ბრძოლა. ჯერ იყო და ხელისუფლებამ 2018 წელს საქართველოს საპატიო სტუმრობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და განსაკუთრებით – ამ ღონისძიების ღირსეული გაძღოლა, ლამის მოღალატეობრივ ქმედებად, ევროპაში მხოლოდ ქართველი მწერლების დიდ გასეირნებად ჩათვალა და ყოვლად „უმიზეზოდ“, ყოველ შემთხვევაში მისთვის ჩვეული სპონტანურობითა და გაუგებრობით მიაუქმა ამ ღონისძიების მთავარი აღმასრულებელი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – ერთ–ერთი ყველაზე უფრო აწყობილი და მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაცია ჩვენს სინამდვილეში.
ამას მიაყოლა „მწერალთა სახლიც“ და მათ ბაზაზე შექმნა გაუგებარი ფონდი, რომლისა არც ფუნქციები ყოფილა ცხადი და არც ამოცანები.
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მთავარი იყო მწერლობის დასჯა თუ როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა, „მწერლობის მოთვინიერება“ ყავლგასული საბჭოთა მეთოდებით.
ცხადია, ქვეყნის ხელისუფლების ამ ნაბიჯს მწერლების საპასუხო პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტის სიმწვავის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობაზე წამოსულიყო, მაგრამ „წიგნის ცენტრი“ ამ ამბავს მაინც შეეწირა და ამით ქართული მწერლობის უცხოეთში გასატანად კოორდინირებული მოქმედების უმძლავრესი საშუალებაც მოისპო.
წიგნის ცენტრამდე იყო პოეტ ზვიად რატიანის ინციდენტთან დაკავშირებული მწერალთა საპროტესტო აქციები. მერე კიდევ რამდენიმე ასეთი პროტესტი, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყნის დღევანდელი მთავრობა სწორედ მწერლებს ვერ იტანს თვალის დასანახად და წამსაც არ უტოვებს მათ მოსადუნებლად. ამ სრულიად ბუნებრივი ანტაგონიზმის მიზეზთა ჩხრეკა ძალზე შორს წაგვიყვანს. სრულიად ბუნებრივისა იმიტომ, რომ სწორედ მწერლობა იბრძვის, მთლიანობაში, ყველაზე მეთოდურად და ეფექტურად იმ სიჩლუნგის წინააღმდეგ, რომლის გაბატონებაც ყველაზე უფრო ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან ტოტალურად დაჩლუნგებული მასის მართვა ძალიან ადვილია. მთავარი ეს არის, თორემ აქ კიდევ არის მიზეზთა წყება, რომელთა ანალიზს შესაძლოა ერთი წერილი კი არა, კარგა მოზრდილი ტომი სჭირდებოდეს. ასეთი ხელისუფლების ხელში ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგ დღეშია, რადგან ხანდახან ისეთ გამოხდომებს ვაწყდები მისი მხრიდან, მართალი გითხრათ, მომავალი სრულიად უიმედოდ მესახება. ჯერ ერთი რჩება შთაბეჭდილება, რომ ამდენი ხნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და სულიერმა თუ ნივთიერმა კრიზისმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ამ ხალხს „ქართული აღარ ეყურება“. ეს ქართული გამოთქმა ამ კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა აღარ შეუძლია ანდა სრულიად სხვაგვარად იგებს ნათქვამს, არაადეკვატურად და დავწერდი ინფანტილურად მეთქი, მაგრამ აქ სწორედ საბავშვო მწერლობასთან დაკავშირებულ ერთ სკანდალზე მინდა ლაპარაკი და სკანდალის მიზეზი, ძირითადად, ის არის, რომ „ჭკვიან“ უფროსებს აღარ ესმით ბავშვებისთვის ან ყმაწვილებისათვის დაწერილი თხზულებანი.
პერიოდულად ქართულ ინტერნეტ სივრცეს გადაუვლის ხოლმე აგრესიის ტალღა, რომელიც ერთი რომელიმე საბავშვო ნაწარმოების საბაბით გორდება და მერე, რომ იხუვლებს, ერთიანად ასწორებს მიწასთან ყველას – დიდსაც და პატარასაც. ეს აგრესია, ძირითადად, იწყება ხოლმე სკოლის სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი ამა თუ იმ ნიმუშის განხილვით. რომელიმე „გენიოსი“ მშობელი უცებ აღმოაჩენს, რომ მის შვილს სკოლაში რაღაც „საზიზღრობას“ ასწავლიან, ისეთ რამეს, რაც ან მის ეთიკურ ან მის ესთეტიკურ პრინციპებს არ ემთხვევა, პრინციპებს, რომელებიც საბჭოთა სკოლის მიერ არის ჩამოყალიბებული და ახლა მათთან ყოველგვარი დაპირისპირება ან ამ პრინციპებიდან სულ ოდნავი გადახვევა დასავლეთის გამრყვნელ და დამანგრეველ გავლენად ეჩვენება. და იწყება ორთქლის გამოშვება: ნახეთ, რას უშვრებიან ჩვენს ბავშვებს?! რაებს ასწავლიან?! მე არ დავუშვებ ჩემი შვილი ამ სისაძაგლეს სწავლობდეს! ასეთ გრიგალში რამდენჯერმე მოხვდა ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“ – ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურის ნამდვილი შედევრი. დღევანდელი საბავშვო პოეზიის გამოკვეთილი ლიდერის ვასილ გულეურისა და მარიამ წიკლაურის ბრწყინვალე ნიმუშები და თვით ქართული საბავშვო მწერლობის დიდი დედის – მაყვალა მრევლიშვილის გენიალური ლექსი, რომელსაც ხალისიანად ვსწავლობდი ბავშვობაში, რადგან სწორედ ეს ყირამალა დაყენებული სამყარო მომწონდა, რასაც ლექსი ხატავდა; სრულებით ბუნებრივად აღვიქვამდი მხატვრულ ხერხს, რაც ამ ლექსში იყო გამოყენებული და რაზეც ფეისბუქზე მპოსტველი აღტყინებული მშობლები ქირქილებდნენ: უჰუჰუჰუ! ცაში გალობს კურდღელიო, ბიჯოო!
ფაქტი ის არის, რომ ასეთ დისკუსიებს ფეისბუქზე მხოლოდ საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებით ვაწყდები.
ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას საბავშვო ნიმუშების წაკითხვა უფრო ეადვილება, მაგრამ მათ გასაგებადაც (ან: მათ გასაგებად უფრო) ინტელექტუალური და სულიერი სიღრმე აღარ ჰყოფნის და ამიტომაც ასე დაუჯერებლად აშკარად გამოჰფენს საკუთარსავე სულიერ სიღატაკეს:
- ლა თოფია, ბიჯო, ლა თოფი!
სინამდვილეში ქართული საბავშვო მწერლობა დღევანდელი ქართული ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და გამორჩეულად მაღალმხატვრული ნაწილია. მარტო ის რად ღირს, რომ წელს საბავშვო საერთაშორისო კონკურსის „ალმას“ ნომინანტებს შორის 4 ქართველი ავტორი მოხვდა. ვასილ გულეური და მარიამ წიკლაური უკვე ვახსენე, ამათ თუ ლელა ცუცქირიძეს, თეა თოფურიას, ნატო დავითაშვილს, ირმა მალაციძეს და სხვებსაც დავუმატებთ, ამ მხრივ, ცხადი გახდება, რომ ქართული საბავშვო მწერლობა საიმედო ხელშია. ამ ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ წელს ქართული ლიტერატურული კონკურსებიდან ყველაზე უფრო გემოვნებიანად საბავშვო მწერლობის კონკურსი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, ამ კონკურსის შედეგები მე პირადად ყველაზე ნაკლებ საკამათოდ და საორჭოფოდ მომეჩვენა.
შედეგებს აღარ განვსჯი და უბრალოდ გამაოცა წლევანდელმა „საბამ“. გამაოცა იმითი, რომ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნამუშევარი შორტ–ლისტშიც კი არ შეუტანია. მაგალითად, რომანში ან დებიუტში ნამდვილად დამაკლდა ნოდარ მაჭარაშვილის ძალიან კარგი რომანი „ავი მუსაიფი“, თარგმანში – ნინო ციმაკურიძის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი გუსტავ ლერუს „ოპერის მოჩვენება“ ან მიხეილ ანთაძის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებული არაერთი წიგნი.
ჩემთვის ძალიან საგულისხმოა, რომ ქვეყნის ორივე მნიშვნელოვანმა კონკურსმა „საბამაც“ და „ლიტერამაც“ გვერდზე გადადო დავით წერედიანის წიგნი– შედევრი და უპირატესობა სხვა კონკურსანტებს მიანიჭა. რას ვიზამთ, კითხვა გვიჭირს! და რამდენი დავით წერედიანიც გინდა გყავდეს (და ნეტავ, რამდენი გვეყოლება?!), სულერთია, თუკი არ გესმის მისი დაწერილის, თარგმნილის, ნაკვლევისა თუ ნაფიქრ–ნააზრევის ყამი და ყადრი! ლიტერატურული კრიტიკა ხომ საჯაროდ გამოაცხადეს განსვენებულად? და მართლაც ვინ უნდა გაიგოს კარგი ლიტერატურის ფასი, თუ არა კრიტიკამ. ეგებ მართლაც მკვდარია ჩვენში კრიტიკა, როცა ჟიურის წევრები თავს ასეთი გადაწყვეტილებების უფლებას აძლევენ? ეჭვი მეპარება, რადგან საბას დაჯილდოებისას დარბაზშივე დავლანდე რამდენიმე ძალიან ცოცხალი კრიტიკოსი, რომელთაც სცენიდან უმტკიცებდნენ, გარდაცვლილები ხართო! სახლში კი ალბათ ასევე ეკრანთან იჯდა რამდენიმე კრიტიკოსი, რომელსაც სახეზე სიცოცხლის ნიშანი – ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და ამათი შემხედვარე ასევე სრულიად ცოცხალივითა და, რაც მთავარია, საღ–სალამათივით ფიქრობდა: როგორც თქვენ იტყვით, ბატონებო, როგორც თქვენ იტყვით!
საერთოდ, ხელისუფლების მხრიდან „საბაზე“ ორგანიზებული შეტევის გამო წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ კონკურსის ჩატარება–არჩატარების საკითხს და იმდენად ვგულშემატკივრობდი მის ორგანიზატორებს, რომ ბევრს, ვისაც ჩემი ძალზე კრიტიკული პოზიციები ახსოვდა საბას ამა თუ იმ ნომინაციასთან დაკავშირებით წინა წლებში, ეჭვი გაუჩნდა, წელს, შემთხვევით, ჟიურის წევრი ხომ არ ვიყავი.
სინამდვილეში, ძალიან კარგად მესმის კარგი კონკურსის ფასი, სადაც წლის მონაგარს პროფესიულად შეაფასებენ და, რაც მთავარია, ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
კონკურსებთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმატებაა ის, რომ ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა წიგნისათვის „ამ რომანში ყველა კვდება“.
სხვათა შორის, ეს პრიზიც 2018 წლის წარმატებული ფრანკფურტის ერთ–ერთი შედეგია.
ძირითადად, სწორედ საფრანკფურტედ ითარგმნა თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ახლა ეს თარგმანები თავისებურ სიცოცხლეს აგრძელებენ.
მაგალითად, მაია ჰერცოგისა და კატია ვოლტერსის მიერ გერმანულად თარგმნილი და 2018 წელს გერმანულ გამომცემლობა „კორვინუს პრესში“ ორიგინალურად, ხელნაკეთი ნიმუშების სახით გამოშვებული ნატო ინგოროყვას ლექსების კრებული „სადგურებს შორის“, რომელმაც გერმანელი მკითხველის ყურადღება და სიყვარული უკვე მოიპოვა, 2019 წელს კი ქართულადაც დაისტამბა გამომცემლობა „ინტელექტში“.
სავარაუდოდ, გაისად გამოიცემა ჩემი შედგენილი და საბინე შიფნერის მიერ გერმანულად თარგმნილი და გამომცემლობა „გროსენვანში“ დაბეჭდილი „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის“ ქართული ვარიანტიც.
როცა ამ საკითხებზე ვფიქრობ, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო თავის დროზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის, დეა მეტრეველის უდიდესი დამსახურება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ამ ევროპულ ტრიუმფში. აქვე ჩემი წილი ბოდიშიც არ მოვუხადო მას იმის გამო, როგორც მოექცნენ, დაჯილდოებისა თუ წახალისების ნაცვლად და მადლობა არ გადავუხადო შესანიშნავი მუშაობისათვის.
აქვე კი, რახან სიტყვა ქართული პოეზიის ანთოლოგიებზე ჩამოვარდა, წელს უცხოეთსა და საქართველოში გამოცემული ორი მნიშვნელოვანი კრებულიც მინდა გამოვყო. ორივე მათგანი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების შემოქმედებას ეძღვნება. ერთი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი ბოლო და ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული ფონდის ძალიან წარმატებული პროექტი – ნუნუ გელაძის მიერ შედგენილი და იტალიურად თარგმნილი პოეტური ანთოლოგია – „როცა ქვეყნებს სძინავთ“ , ნინია სადღობელაშვილისა და რიტა კარამას შესავალი წერილებით, რომელიც 7 იტალიელ და 7 ქართველ პოეტ ქალს აერთიანებს, როგორც წიგნს აწერია: სიფხიზლისთვის.
ქართველი პოეტებიდან კრებულში დაბეჭდილია მანონ ბულისკერიას, ელა გოჩიაშვილის, კატო ჯავახიშვილის, მაია სარიშვილის, ეკა ქევანიშვილის, ეთერ თათარაიძისა და მარიამ წიკლაურის ლექსები, იტალიელებიდან კი ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა ანტონელა ანედა ანჯოის, ნოემი დე ლიზის, როზალია ლო რუსოს, რიტა პაჩილიოს, ანიტა პისკაცის, მარია პია კუინტავალასა და ფრანჩესკა სერანოლის შემოქმედების ნიმუშებს გაეცნოს. ქართულ–იტალიური ეს შესნიშნავი ანთოლოგია 2019 წლის ნოემბერში, მილანურ გამომცემლობა „ ლა ვიტა ფელიჩეში“ დაისტამბა.
მეორე მნიშვნელოვანი ანთოლოგია კი ქართულ–ინგლისურია და სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“. ეს ანთოლოგია, რომლის სახელწოდებაც არის „ვათავისუფლებ“, ნატა ვარადამ შეადგინა, ტექსტები ინგლისურ ენაზე თარგმნა ნინო სტრონმა, ხოლო კრებულის კონსულტანტი იყო „არარსებული ქართული კრიტიკის“ უბრწყინვალესი წარმომადგენელი როსტომ ჩხეიძე.
ამ კრებულში კი 18 ქართველი პოეტი ქალის ლექსები და მათი ინგლისური თარგმანებია თავმოყრილი: მაგდა ბებიაშვილი, დალილა ბედიანიძე, ირმა ბერიძე, ნინო დარბაისელი, ნუციკო დეკანოზიშვილი, ქეთა დიდიშვილი, ნინი ელიაშვილი, ნატა ვარადა, ანა კალანდაძე, ნინა ნეკერი, ესმა ონიანი, იზა ორჯონიკიძე, ნინო სადღობელაშვლი, მაია სარიშვილი, ლია სტურუა, ნანა ქელეხიძე, სოფიო წულაია და ია ჯინჭარაძე.
წიგნს ერთვის ნუგზარ ზაზანაშვილის, გიორგი ლობჟანიძისა და ინგა მილორავას შესავალი წერილები. რედაქტორები არიან: ქართული ტექსტისა – ალექსანდრე ელერდაშვილი, ხოლო ინგლისურისა – ბეტი ანდერსენი.
ჩემი აზრით, ორივე ეს ანთოლოგია პროფესიული პატიოსნებისა და თავდადების ნიმუშია.
ქართული სალიტერატურო პროცესის შექმნასა და წარმართვაში განსაკუთრებული როლი სალიტერატურო ბეჭდურ მედიას აკისრია, ამათგან ჩემთვის უპირობო ლიდერია „ლიტერატურული გაზეთი“, რომლის რამდენიმე ნომერი წელს, ჩემი აზრით, საგამომცემლო შედევრი იყო. მაგალითად, 16 დეკემბერს ერთ ნომერში დაიბეჭდა თანამედროვე ქართული მწერლობისა და მთარგმნელობითი საქმის დიდოსტატების პუბლიკაციები, ყველა თაობისა და გემოვნებისა. ამ ნომერში გამოქვეყნდა, ჩემი აზრით, ქართული თარგმანის ახალი შედევრები – დავით წერედიანის მიერ თარგმნილი გაბრიელ გარსია ლორკას ბოშური ციკლის ლექსები და ანი კოპალიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოღებული ტომას სტერნზ ელიოტის რამდენიმე ნიმუში. საერთოდ, ცხადია, რომ ყველა ნომერი ასეთი შთამბეჭდავი ვერ იქნება, მაგრამ ლიტერატურული გაზეთი ახერხებს, ყოველ ნომერში იყოს ორი–სამი მასალა მაინც, რაც ძალიან მაღლა სწევს ჩვენს დღევანდელ სამწერლობო თამასას.
წელს განახლდა და განახლებული კონცეფციით გამოდის ტრადიციული „ლიტერატურული საქართველო“ ახალი რედაქტორის, ასევე „ არარსებული ქართული კრიტიკის“ შესანიშნავი წარმომადგენლის, ივანე ამირხანაშვილის ხელში.
გაზეთების გარდა კი გვაქვს ორი უბრწყინვალესი ჟურნალი – „ახალი საუნჯე“ და „არილი“ და ასევე „კავკასიური სახლის“ უკვე 22 წლის ისტორიის მქონე ყოველწლიური ალმანახი ‘აფრა“, სად გამოქვეყნებული მასალებიც ხარისხის ნიშნითაა აღბეჭდილი. პერიოდულად გამოდის ალმანახი „საგურამო“ და ტრადიციული „ ცისკარიც“.
აი, თითქმის გავასრულე ჩემი მიმოხილვა და მე თვითონვე მეხამუშა ამ წერილის დასაწყისში წლის შეფასება: „ უღიმღამო“. როცა ამდენი აღსანიშნავი მოვლენა ხდება, სიცოცხლეს უღიმღამო არაფრით არ ეთქმის. მთავარია, გვქონდეს კეთების სურვილი და ვიცოდეთ, რა ხდება. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ წერილში აღნიშნული ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, კიდევ უამრავი რამე ხდება, რაც უბრალოდ მე არ ვიცი. ჩემს არცოდნას ეშველება: მთავარია საქმე და თუ დღესვე არა, ხვალ მაინც გამოჩნდება და სათანადოდაც შეფასდება, თუნდაც როგორც ზაირა არსენიშვილის შედევრი „ვა, სოფელო“…
და სოფლის წესიც ხომ ეს არის: სიცოცხლე – თავის მრავალფეროვან გამოვლინებებში