უღიმღამო წლის მრავალფეროვანი გამოვლინებანი

გიორგი ლობჟანიძე

უკვე თითქმის მიწურული 2019 წელი ქართული ლიტერატურისათვის წინა 2018-ზე უფრო უღიმღამო წელიწადი აღმოჩნდა. ისეთი უღიმღამო, რომ ლამის ხელი ავიღე წლის შემაჯამებელი ამ სტატიის წერაზე, რადგან როცა არაფერი გაქვს შესაფასებელი, სჯობს, ისე მოიქცე, როგორც ამას პერიოდულად პრემიასაბასჟიური თუ საორგანიზაციო კომიტეტი აკეთებს. მაგალითად, 2018 წლის ლიტერატურული მოსავლის შეფასებისას, მათ გააუქმეს კრიტიკის ნომინაცია, უფრო ადრე, რამდენჯერმე გააუქმეს დრამატურგიის ნომინაციაც. თავი კი იმით იმართლეს, რომ წელს ამ ნომინაციებში არ შემოვიდა წიგნები, ან რაც შემოვიდა, შესაფასებლადაც არც კი ღირდაო.

ამავე ლოგიკით, მეც უარი უნდა მეთქვა მიმოხილვაზე, მაგრამ მაინც ვეცდები დავწერო, რადგან სჯობს (და პირადად მე ძალიან მინდა), ვინმე შემეკამათოს და საპირისპირო დამიმტკიცოს, ვიდრე ის, რომ თავი მართალი მეგონოს და ამ სიმართლეში ჩემმა მიმოხილვამ კიდევ უფრო დამარწმუნოს.

წლევანდელ ლიტერატურულ მოსავალს რომ თვალი გადავავლე, ამა თუ იმ ჟანრის რამდენიმე წიგნი წამომიტივტივდა გონებაში, რომელიც საერთო რუხი ფონიდან ოდნავ მაინც ამოვარდნილი მომეჩვენა.

ოდნავ მაინც, რადგან ისეთი წიგნი, რომელიც კაშკაშა მოვლენა იქნებოდა, ჩემი აზრით, წელს ქართულ ლიტერატურაში არ გამოცემულა.

მერწმუნეთ, ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ამისი აღიარება და თავის დასამშვიდებლად იმ აზრსღა ვეჭიდები, რომ ეგებ, ყველაფრის წაკითხვა მე ვერ მოვასწარი, ჩემისთანა წიგნის ჭიისთვისაც კი შეუძლებელია ყველაფერი არა თუ დროულად წაიკითხოს, უფრო მეტიც, ინფორმაციაც კი ჰქონდეს ყველა ლიტერატურული სიახლის შესახებ. ამიტომაც თუკი ვინმე გამომეხმაურება და სულ სხვა რამეს მეტყვის, ნამდვილად მთელი გულით გავიხარებ.

სწორედ ამ მიზნით, შეკითხვაც კი დავსვი ჩემს ფეისბუქგვერდზე და იმედი მქონდა, რომ ჩემი ლიტერატურაში განსწავლული ფრენდები რაიმე სანუგეშო ამბავს მომაწვდიდნენ.

საგულისხმოა, რომ რამდენიმეს მათგანს სწორედ ის წიგნი გაახსენდა, რაზეც მეც შემეძლო მიმეთითებინა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს რომანიც ახალი არ არის, ჯერ კიდევ 2000 წელს გამოიცა, მაგრამ მკითხველამდე რეალურად 2019 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ხელახლა დასტამბულმა მიაღწია.

ზაირა არსენიშვილის რომანივა, სოფელო (კახური ქრონიკები)“ ქართველმა მკითხველმა ახლა აღმოაჩინა და ეს აღმოჩენა ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, ვისაც ამ რომანზე მისი პირველი გამოცემისთანავე ვრცელი საქებარი რეცენზია მაქვს დაწერილი.

ჩემი ამავე შეკითხვის კომენტარში ზოგმა ლიტერატორმა მეგობარმა, ნახევრადხუმრობით და ნახევრად სერიოზულად, თავისი რომელიმე ტექსტი შემახსენა და ამ წერილში შემიძლია მათ მსგავსად მოვიქცე, თუკი ვიტყვი, რომ 2019 წელს ჩემი ლექსების მეხუთე კრებულისიზმრის ნანგრევებშიგამოიცა (რედაქტორი და ბოლოთქმის ავტორი როსტომ ჩხეიძე, წინასიტყვაობანინო ვახანიასი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, 2019). 

თუმცა მეტს აღარაფერს დავამატებ, რადგანაც ისედაც წარმომიდგენია ჩემი ოპონენტების ირონიული სახეები, როცა ამ სიტყვებს წაიკითხავენ და ნათქვამს ხუმრობად კი არა, იაფფასიან თვითრეკლამად ჩამითვლიან.

რაც გინდათ, ის იფიქრეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე და ყველაფერზე უკეთ საკუთარ თავს ვიცნობ

ასევე საკუთარი თავივით ვიცნობ მეორე პოეტსაც, ვისი ახალი კრებულიც განსაკუთრებულად გამიხარდა.

გამომცემლობაინტელექტმადასტამბა ზვიად რატიანის მორიგი წიგნიკოცონი მდინარესთანდა ვფიქრობ, ეს წიგნი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს პოეზიის მოყვარულთა და რატიანის თაყვანისმცემელთა გულებში.

ინტელექტისგამოცემაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პოეტის ამჯერად პროზაული წიგნი (თუმცა ამ ჩანაწერებსა და ნოველებშიც ძალიან მაღალი ხარისხის პოეზიაა) – სოსო მეშველიანისალპური ყვავილები“.

სიმართლე რომ ვთქვა, მეტი პოეტური კრებული წელს მე არ მახსენდება. ისევ და ისევ იმედს ვიტოვებ, რომ არის რაღაც გამოცემული, მნიშვნელოვანი, რომელსაც ჯერ ჩემამდე არ მოუღწევია.

ცალკეულ პუბლიკაციებზე კი შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც ბეჭდურ მედიაში, ასევე ინტერნეტსივრცეში. ფეისბუქზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, შემიძლია ჩამოგითვალოთ ის რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი, რომელთა წიგნებსაც მე დიდი ინტერესით ველოდები: გიო ლომიძე, თორნიკე სიბაშვილი, გიორგი ხარაიშვილიეს სამი სახელი წელს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე სწორედ ფეისბუქის მეშვეობითაღმოვაჩინებექა ახალაია, ნიკა ლაშხია, ეკა კვიციანივფიქრობ ზემოთ დასახელებული სამი პოეტიც მალე თავის დიდ სიტყვას იტყვის ქართულ ლიტერატურაში.

ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უკვე შემიძლია გამოვიცნო, ვინ მიიღებსსაბას“ 2020 წლის მინიმუმ ორ ნომინაციაში. პოეზიაშიბესიკ ხარანაულის კრებულიდიდი სმადა რომანში  აკა მორჩილაძისფარშევანგი“. ამ ორი წიგნის ქებადიდებამ ჩემამდე თვითონ წიგნებზე ადრე მოაღწია. არც არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ამ ქებაში დავეჭვდე და წაკითხვის შემდეგ მაქებართა ხმებს ჩემი ღონიერი ხოტბაც არ შევუერთო.

სამაგიეროდ, უკვე წავიკითხე ანა კორძაიასამადაშვილისზინკა ადამიანიდა ნამდვილად მოხიბლული დავრჩი ამ საოცრად ადამიანური ამბით, რომელიც სრულიად არაადამიანური სოციალური ურთიერთობების ფონზე ვითარდება.

გულისამრევად იწყება, ჩემი აზრით, ერთ ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური წიგნი ქართულ ლიტერატურაში მიშა ბახსოლიანისკანიბალიადა“. საერთოდ, ორმა ახალმა რომანმა იმოქმედა ჩემზე განსაკუთრებულად და ორივე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაა. მიშა ბახსოლიანისკანიბალიადაზეცალკე წერილი მაქვს ჩაფიქრებული, მეორე რომანზე კი უკვე დავწერე რეცენზია გამომცემლობის ვებგვერდისათვის. ეს არის ბესო სოლომანაშვილის მრავალმხრივ საყურადღებო წიგნიამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“.

და ამითი რომანი, მგონი, კიდევაც ამოვწურეთ. ყოველ შემთხვევაში, მე მეტი წელს არაფერი წამიკითხავს და არც არაფრის შესახებ მსმენია.

მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა დოკუმენტურ პროზაში. მიუხედავად იმისა, რომ ორი გამოცემა, რომელზეც მინდა აქ მიგითითოთ, ასევე ხელახალი გამოცემებია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაისტამბა ვახუშტი კოტეტიშვილის უაღრესად საინტერესო დოკუმენტური რომანიჩემი წუთისოფელი“, რომელსაც უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, მაგრამ საგულისხმოა, რომ ახალი გამოცემა კიდევ ასი გვერდით შეივსო, იმით, რაც ბატონი ვახუშტის არქივში დარჩა და რისი გამოქვეყნებაც ავტორს მეორე წიგნში ჰქონდა განზრახული.

სხვადასხვა დროს გამოცემული თავისი ორი წიგნი ერთ კონცეპტუალურ ნაშრომად გააერთიანა ირმა რატიანმა და მკითხველს ასე შესთავაზაასი უძველესი იაპონური ლექსიდაიაპონური დღიურები“, რომელთაგან პირველი თარგმანის, ხოლო მეორედოკუმენტური პროზის საუკეთესო ნიმუშია.

ირმა რატიანი დიდი ოსტატობით აცოცხლებს ქართულად უძველეს იაპონურ განცდებსა და შთაბეჭდილებებს, ეს ლექსები გადმოაქვს ყველაზე უფრო ადეკვატური სალექსო საზომებითა და პოეტური ხერხებით და შორეული აღმოსავლეთის გარდასულ დიდებულებასა და სიფაქიზეს მთელი სიცხადით შეგვაგრძნობინებს, იაპონიის დღევანდელობას კი ძალზე დინამიური და ცოცხალი დღიურებით გვაცნობს, სადაც რამდენიმე წელიწადს ცხოვრება მოუხდა.

ერთ წიგნად გამთლიანებულმა ამ ორმა შესანიშნავმა ნაშრომმა კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება შეიძინა.

თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.

სულ ახლახან გამოიცა გენიალური ქართველი მთარგმნელის, შარშან გარდაცვლილი ზეზვა მედულაშვილის თარგმანების შედარებით ვრცელი კრებულიაღმოსავლური მზეჭრელი“, რომელიც განსვენებულის ოჯახთან თანამშრომლობით პოეტმა და კრიტიკოსმა ანდრო ბუაჩიძემ შეადგინა და მანვე დაურთო უაღრესად ტევადი და პროფესიული შესავალი წერილი. ეს თავისი მოცულობითაც და მნიშვნელობითაც ვებერთელა კრებული ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის საეტაპო წიგნია, რომელსაც ამიერიდან გვერდს ვერავინ აუვლის, ვინც კი ქართული თარგმანის მიღწევებით დაინტერესდება. წიგნში ნამდვილი შედევრებია თავმოყრილი და მთელი კრებული მთარგმნელის პატიოსნების, ნიჭიერებისა და ენციკლოპედიური ცოდნის ფოიერვერკად წარმოდგება.

შესანიშნავი ნამუშევარია ელისაბედ ყვავილაშვილის მიერ ესპანურიდან თარგმნილი ისაბელ ალიენდეს დიდტანიანი რომანისულების სახლი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“), რომელიც დიდი სიამოვნებას მიანიჭებს ყველას, ვისაც ლათინური ამერიკის ლიტერატურა უყვარს.

ახალი და სრულიად განსაკუთრებული თარგმანით წარდგა ჩვენ წინაშე მწერალი ნაირა გელაშვილი. „კავკასიურმა სახლმაგამოსცა მის მიერ თარგმნილი რობერტ ლიარდონის უჩვეულო წიგნიღმერთის გენერლები“. 574 გვერდიანი ეს სოლიდური ნამუშევარი უცნაური ადამიანების შესახებ მოგვითხრობსიმათზე, „ვისაც უხილავი დაელაპარაკაფაქტობრივად, ეს არის პროტესტანტული ეკლესიის თანამედროვე ისტორია, მისი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლების ბიოგრაფიისა და მათი საქმეების მეშვეობით მოთხრობილი. დღეს, როცა დასავლური საზოგადოება რელიგიურ იდეასა და მოღვაწეობას იმდენად აგდებულად უყურებს, რომ ვთქვათ, . . „ იეღოვას სექტისმოღვაწეობა მუდამ მსუბუქი ქილიკის საგანია, ასეთი წიგნის თარგმნასა და გამოცემას, ნამდვილად ნაირა გელაშვილის ძალა სჭირდებოდა, ნიჭი, რომელიც ყოველთვის მზად არის წავიდეს ყველაზე გაბატონებული და საშიში საზოგადოებრივი კლიშეების წინააღმდეგ და ნაბიჯნაბიჯ დაიცვას და დააგარწმუნოს თავისი პოზიციის სიმართლეში.

გაბატონებული კლიშეების, ოღონდ ამჯერადდასავლეთში აღმოსავლეთის წინააღმდეგ გაბატონებული არასწორი წარმოდგენების მსხვრევას ისახავს მიზნად გამოჩენილი გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, შტეფან ვაიდნერის შესანიშნავი წიგნიც, რომლის ქართულილანა მჟავიას მიერ შესრულებულითარგმანიც ბოლო ხანს გამოიცაინტელექტში“. ეს წიგნი მეცნიერული მსჯელობისა და ადამიანური, პირადი ემოციების შერწყმის შესანიშნავი შედეგი მკითხველს დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც სრულიად სხვაგვარი კუთხით დაანახებს.    

წელს განსაკუთრებულად იყოჩაღეს იტალიურიდან მთარგმნელებმა. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი წიგნები გახდა ნუნუ გელაძის თარგმნილი დაჩა მარაინის რომანიხმები“ (გამომცემლობასაგა“) და ასევე ხათუნა ცხადაძის მიერ თარგმნილი მელანია მაცუკოსვიტა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). თარგმანის ხარისხი ხსენებულ ორს საგრძნობლად ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო თეა ნიკობაძის მიერ გადმოქართულებული ნიკოლო ამანიტისმე და შენ“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

მელანია მაცუკოსვიტაკი უკვე იმდენად გახმაურდა ლიტერატურულ წრეებში, რომ ავტორი საგანგებოდ მოიწვიეს მწერალთა სახლის ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და თუკი საერთოდ, წლის ლიტერატურულ მოვლენაზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, მოვლენა ეს არაჩვეულებრივი ფესტივალია, რომელიც თბილისში ერთი კვირით თავს უყრის მსოფლიო მწერლობის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსებს და მათთან პირისპირ შეხვედრის, მათი აზრებისა და დამოკიდებულებების გაცნობის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს.

ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია ლიტერატურის თარგმანის ორმხრივი პროცესის განვითარებისთვისაც.       

საერთოდ, ყველაზე უფრო დინამიური ნაწილი ჩვენი მწერლობისა მაინც ლიტერატურული თარგმანი აღმოჩნდა.

თარგმანსაც რომ ორიგინალის თანაბარი მნიშვნელობა აქვს, ამის მტკიცება აქ ზედმეტად მიმაჩნია.

მწერლობის განვითარებაში კი ორიგინალური და თარგმნილი ნიმუშები თითქმის თანასწორ ფუნქციას ითავსებენ და ეგებ მეორის მნიშვნელობა აღემატებოდეს კიდეც პირველისას სხვადასხვა თვალსაზრისით. ამიტომაც განსაკუთრებულად მახარებს მთარგმნელობითი პროცესების ასეთი აღმავლობა, რაც თითქოს სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის იმ საყოველთაო გაპარტახებას, რომლის მომსწრენიც ბოლო წლების განმავლობაში გავხდით. კოორდინაციასა და დინამიზმს, რასაც ხელისუფლებისაგან ვერ ვეღირსეთ და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ავცდით, ასე თუ ისე, მთარგმნელობით პროცესში ვხედავთ და ეს ოდნავ დამაიმედებელი სიმპტომია.

საერთოდ, თარგმანი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.

იმისათვის, რომ დღევანდელი მსოფლიოს ინტელექტუალურ პროცესებს ავუწყოთ ფეხი, საჭიროა დიდი და კოორდინირებულად, გონივრულად, მიზანმიმართულად მართული ფინანსები.

ეს უნდა იყოს სახელმწიფო მნიშვნელობისა და სახელმწიფოს ზრუნვით გარემოცული საქმიანობა.

ჩვენი სახელმწიფო კი იმ რამდენიმე ცენტრსაც ხელაღებით სპობს, რასაც აქამდე ვეღირსეთ და საერთოდ, როგორც ჩანს, მწერლობა ფუფუნებად ეჩვენება ასეთი გაჩანაგებული, სწორედ მათიძალისხმევითსაბოლოოდ გაპარტახებული ქვეყნისათვის. მოუწყობელი ქვეყნის შესანარჩუნებლად ბრძოლას კი ეწირება მწერლების ნერვები, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, დრო, რომელიც მათ უმნიშვნელოვანესი მისიისთვისთავიანთი შემოქმედებისათვის უნდა მოეხმარებინათ.

შარშანდელი წელიწადი ისე დასრულდა და წლევანდელი ისე დაიწყო, რომ მწერლებს მუდმივად რაღაცის გადასარჩენად უხდებოდათ ბრძოლა. ჯერ იყო და ხელისუფლებამ 2018 წელს საქართველოს საპატიო სტუმრობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და განსაკუთრებითამ ღონისძიების ღირსეული გაძღოლა, ლამის მოღალატეობრივ ქმედებად, ევროპაში მხოლოდ ქართველი მწერლების დიდ გასეირნებად ჩათვალა და ყოვლადუმიზეზოდ“, ყოველ შემთხვევაში მისთვის ჩვეული სპონტანურობითა და გაუგებრობით მიაუქმა ამ ღონისძიების მთავარი აღმასრულებელიქართული წიგნის ეროვნული ცენტრიერთერთი ყველაზე უფრო აწყობილი და მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაცია ჩვენს სინამდვილეში.

ამას მიაყოლამწერალთა სახლიცდა მათ ბაზაზე შექმნა გაუგებარი ფონდი, რომლისა არც ფუნქციები ყოფილა ცხადი და არც ამოცანები.

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მთავარი იყო მწერლობის დასჯა თუ როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა, „მწერლობის მოთვინიერებაყავლგასული საბჭოთა მეთოდებით.

ცხადია, ქვეყნის ხელისუფლების ამ ნაბიჯს მწერლების საპასუხო პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტის სიმწვავის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობაზე წამოსულიყო, მაგრამწიგნის ცენტრიამ ამბავს მაინც შეეწირა და ამით ქართული მწერლობის უცხოეთში გასატანად კოორდინირებული მოქმედების უმძლავრესი საშუალებაც მოისპო.

წიგნის ცენტრამდე იყო პოეტ ზვიად რატიანის ინციდენტთან დაკავშირებული მწერალთა საპროტესტო აქციები. მერე კიდევ რამდენიმე ასეთი პროტესტი, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყნის დღევანდელი მთავრობა სწორედ მწერლებს ვერ იტანს თვალის დასანახად და წამსაც არ უტოვებს მათ მოსადუნებლად. ამ სრულიად ბუნებრივი ანტაგონიზმის მიზეზთა ჩხრეკა ძალზე შორს წაგვიყვანს. სრულიად ბუნებრივისა იმიტომ, რომ სწორედ მწერლობა იბრძვის, მთლიანობაში, ყველაზე მეთოდურად და ეფექტურად იმ სიჩლუნგის წინააღმდეგ, რომლის გაბატონებაც ყველაზე უფრო ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან ტოტალურად დაჩლუნგებული მასის მართვა ძალიან ადვილია. მთავარი ეს არის, თორემ აქ კიდევ არის მიზეზთა წყება, რომელთა ანალიზს შესაძლოა ერთი წერილი კი არა, კარგა მოზრდილი ტომი სჭირდებოდეს. ასეთი ხელისუფლების ხელში ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგ დღეშია, რადგან ხანდახან ისეთ გამოხდომებს ვაწყდები მისი მხრიდან, მართალი გითხრათ, მომავალი სრულიად უიმედოდ მესახება. ჯერ ერთი რჩება შთაბეჭდილება, რომ ამდენი ხნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და სულიერმა თუ ნივთიერმა კრიზისმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ამ ხალხსქართული აღარ ეყურება“. ეს ქართული გამოთქმა ამ კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა აღარ შეუძლია ანდა სრულიად სხვაგვარად იგებს ნათქვამს, არაადეკვატურად და დავწერდი ინფანტილურად მეთქი, მაგრამ აქ სწორედ საბავშვო მწერლობასთან დაკავშირებულ ერთ სკანდალზე მინდა ლაპარაკი და სკანდალის მიზეზი, ძირითადად, ის არის, რომჭკვიანუფროსებს აღარ ესმით ბავშვებისთვის ან ყმაწვილებისათვის დაწერილი თხზულებანი

პერიოდულად ქართულ ინტერნეტ სივრცეს გადაუვლის ხოლმე აგრესიის ტალღა, რომელიც ერთი რომელიმე საბავშვო ნაწარმოების საბაბით გორდება და მერე, რომ იხუვლებს, ერთიანად ასწორებს მიწასთან ყველასდიდსაც და პატარასაც. ეს აგრესია, ძირითადად, იწყება ხოლმე სკოლის სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი ამა თუ იმ ნიმუშის განხილვით. რომელიმეგენიოსიმშობელი უცებ აღმოაჩენს, რომ მის შვილს სკოლაში რაღაცსაზიზღრობასასწავლიან, ისეთ რამეს, რაც ან მის ეთიკურ ან მის ესთეტიკურ პრინციპებს არ ემთხვევა, პრინციპებს, რომელებიც საბჭოთა სკოლის მიერ არის ჩამოყალიბებული და ახლა მათთან ყოველგვარი დაპირისპირება ან ამ პრინციპებიდან სულ ოდნავი გადახვევა დასავლეთის გამრყვნელ და დამანგრეველ გავლენად ეჩვენება. და იწყება ორთქლის გამოშვება: ნახეთ, რას უშვრებიან ჩვენს ბავშვებს?! რაებს ასწავლიან?! მე არ დავუშვებ ჩემი შვილი ამ სისაძაგლეს სწავლობდეს! ასეთ გრიგალში რამდენჯერმე მოხვდა ნუგზარ შატაიძისმოგზაურობა აფრიკაში“ – ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურის ნამდვილი შედევრი.  დღევანდელი საბავშვო პოეზიის გამოკვეთილი ლიდერის ვასილ გულეურისა და მარიამ წიკლაურის ბრწყინვალე ნიმუშები და თვით ქართული საბავშვო მწერლობის დიდი დედისმაყვალა მრევლიშვილის გენიალური ლექსი, რომელსაც ხალისიანად ვსწავლობდი ბავშვობაში, რადგან სწორედ ეს ყირამალა დაყენებული სამყარო მომწონდა, რასაც ლექსი ხატავდა; სრულებით ბუნებრივად აღვიქვამდი მხატვრულ ხერხს, რაც ამ ლექსში იყო გამოყენებული და რაზეც ფეისბუქზე მპოსტველი აღტყინებული მშობლები ქირქილებდნენ: უჰუჰუჰუ! ცაში გალობს კურდღელიო, ბიჯოო!

ფაქტი ის არის, რომ ასეთ დისკუსიებს ფეისბუქზე მხოლოდ საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებით ვაწყდები.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას საბავშვო ნიმუშების წაკითხვა უფრო ეადვილება, მაგრამ მათ გასაგებადაც (ან: მათ გასაგებად უფრო) ინტელექტუალური და სულიერი სიღრმე აღარ ჰყოფნის და ამიტომაც ასე დაუჯერებლად აშკარად გამოჰფენს საკუთარსავე სულიერ სიღატაკეს:

  • ლა თოფია, ბიჯო, ლა თოფი!

სინამდვილეში ქართული საბავშვო მწერლობა დღევანდელი ქართული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე გამორჩეული და გამორჩეულად მაღალმხატვრული ნაწილია. მარტო ის რად ღირს, რომ წელს საბავშვო საერთაშორისო კონკურსისალმასნომინანტებს შორის 4 ქართველი ავტორი მოხვდა. ვასილ გულეური და მარიამ წიკლაური უკვე ვახსენე, ამათ თუ ლელა ცუცქირიძეს, თეა თოფურიას, ნატო დავითაშვილს, ირმა მალაციძეს და სხვებსაც დავუმატებთ, ამ მხრივ, ცხადი გახდება, რომ ქართული საბავშვო მწერლობა საიმედო ხელშია. ამ ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ წელს ქართული ლიტერატურული კონკურსებიდან ყველაზე უფრო გემოვნებიანად საბავშვო მწერლობის კონკურსიიაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, ამ კონკურსის შედეგები მე პირადად ყველაზე ნაკლებ საკამათოდ და საორჭოფოდ მომეჩვენა.

შედეგებს აღარ განვსჯი და უბრალოდ გამაოცა წლევანდელმასაბამ“. გამაოცა იმითი, რომ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნამუშევარი შორტლისტშიც კი არ შეუტანია. მაგალითად, რომანში ან დებიუტში ნამდვილად დამაკლდა ნოდარ მაჭარაშვილის ძალიან კარგი რომანიავი მუსაიფი“, თარგმანშინინო ციმაკურიძის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი გუსტავ ლერუსოპერის მოჩვენებაან მიხეილ ანთაძის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებული არაერთი წიგნი.

ჩემთვის ძალიან საგულისხმოა, რომ ქვეყნის ორივე მნიშვნელოვანმა კონკურსმასაბამაცდალიტერამაცგვერდზე გადადო დავით წერედიანის წიგნიშედევრი და უპირატესობა სხვა კონკურსანტებს მიანიჭა. რას ვიზამთ, კითხვა გვიჭირს! და რამდენი დავით წერედიანიც გინდა გყავდეს (და ნეტავ, რამდენი გვეყოლება?!), სულერთია, თუკი არ გესმის მისი დაწერილის, თარგმნილის, ნაკვლევისა თუ ნაფიქრნააზრევის ყამი და ყადრი! ლიტერატურული კრიტიკა ხომ საჯაროდ გამოაცხადეს განსვენებულად? და მართლაც ვინ უნდა გაიგოს კარგი ლიტერატურის ფასი, თუ არა კრიტიკამ. ეგებ მართლაც მკვდარია ჩვენში კრიტიკა, როცა ჟიურის წევრები თავს ასეთი გადაწყვეტილებების უფლებას აძლევენ? ეჭვი მეპარება, რადგან საბას დაჯილდოებისას დარბაზშივე დავლანდე რამდენიმე ძალიან ცოცხალი კრიტიკოსი, რომელთაც სცენიდან უმტკიცებდნენ, გარდაცვლილები ხართო! სახლში კი ალბათ ასევე ეკრანთან იჯდა რამდენიმე კრიტიკოსი, რომელსაც სახეზე სიცოცხლის ნიშანიირონიული ღიმილი დასთამაშებდა და ამათი შემხედვარე ასევე სრულიად ცოცხალივითა და, რაც მთავარია, საღსალამათივით ფიქრობდა: როგორც თქვენ იტყვით, ბატონებო, როგორც თქვენ იტყვით!

საერთოდ, ხელისუფლების მხრიდანსაბაზეორგანიზებული შეტევის გამო წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ კონკურსის ჩატარებაარჩატარების საკითხს და იმდენად ვგულშემატკივრობდი მის ორგანიზატორებს, რომ ბევრს, ვისაც ჩემი ძალზე კრიტიკული პოზიციები ახსოვდა საბას ამა თუ იმ ნომინაციასთან დაკავშირებით წინა წლებში,  ეჭვი გაუჩნდა, წელს, შემთხვევით, ჟიურის წევრი ხომ არ ვიყავი.

სინამდვილეში, ძალიან კარგად მესმის კარგი კონკურსის ფასი, სადაც წლის მონაგარს პროფესიულად შეაფასებენ და, რაც მთავარია, ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

კონკურსებთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმატებაა ის, რომ ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა წიგნისათვისამ რომანში ყველა კვდება“.

სხვათა შორის, ეს პრიზიც 2018 წლის წარმატებული ფრანკფურტის ერთერთი შედეგია.

ძირითადად, სწორედ საფრანკფურტედ ითარგმნა თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ახლა ეს თარგმანები თავისებურ სიცოცხლეს აგრძელებენ.

მაგალითად, მაია ჰერცოგისა და კატია ვოლტერსის მიერ გერმანულად თარგმნილი და 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაკორვინუს პრესშიორიგინალურად, ხელნაკეთი ნიმუშების სახით გამოშვებული ნატო ინგოროყვას ლექსების კრებულისადგურებს შორის“, რომელმაც გერმანელი მკითხველის ყურადღება და სიყვარული უკვე მოიპოვა, 2019 წელს კი ქართულადაც დაისტამბა გამომცემლობაინტელექტში“.

სავარაუდოდ, გაისად გამოიცემა ჩემი შედგენილი და საბინე შიფნერის მიერ გერმანულად თარგმნილი და გამომცემლობაგროსენვანშიდაბეჭდილითანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიისქართული ვარიანტიც.

როცა ამ საკითხებზე ვფიქრობ, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო თავის დროზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის, დეა მეტრეველის უდიდესი დამსახურება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ამ ევროპულ ტრიუმფში. აქვე ჩემი წილი ბოდიშიც არ მოვუხადო მას იმის გამო, როგორც მოექცნენ, დაჯილდოებისა თუ წახალისების ნაცვლად და მადლობა არ გადავუხადო შესანიშნავი მუშაობისათვის.

აქვე კი, რახან სიტყვა ქართული პოეზიის ანთოლოგიებზე ჩამოვარდა, წელს უცხოეთსა და საქართველოში გამოცემული ორი მნიშვნელოვანი კრებულიც მინდა გამოვყო. ორივე მათგანი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების შემოქმედებას ეძღვნება. ერთიქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთერთი ბოლო და ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული ფონდის ძალიან წარმატებული პროექტინუნუ გელაძის მიერ შედგენილი და იტალიურად თარგმნილი პოეტური ანთოლოგია – „როცა ქვეყნებს სძინავთ“ , ნინია სადღობელაშვილისა და რიტა კარამას შესავალი წერილებით, რომელიც 7 იტალიელ და 7 ქართველ პოეტ ქალს აერთიანებს, როგორც წიგნს აწერია: სიფხიზლისთვის.

ქართველი პოეტებიდან კრებულში დაბეჭდილია მანონ ბულისკერიას, ელა გოჩიაშვილის, კატო ჯავახიშვილის, მაია სარიშვილის, ეკა ქევანიშვილის, ეთერ თათარაიძისა და მარიამ წიკლაურის ლექსები, იტალიელებიდან კი ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა ანტონელა ანედა ანჯოის, ნოემი დე ლიზის, როზალია ლო რუსოს, რიტა პაჩილიოს, ანიტა პისკაცის, მარია პია კუინტავალასა და ფრანჩესკა სერანოლის შემოქმედების ნიმუშებს გაეცნოს. ქართულიტალიური ეს შესნიშნავი ანთოლოგია 2019 წლის ნოემბერში, მილანურ გამომცემლობალა ვიტა ფელიჩეშიდაისტამბა.

მეორე მნიშვნელოვანი ანთოლოგია კი ქართულინგლისურია და სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობაინტელექტმა“. ეს ანთოლოგია, რომლის სახელწოდებაც არისვათავისუფლებ“, ნატა ვარადამ შეადგინა, ტექსტები ინგლისურ ენაზე თარგმნა ნინო ტრონმა, ხოლო კრებულის კონსულტანტი იყოარარსებული ქართული კრიტიკისუბრწყინვალესი წარმომადგენელი როსტომ ჩხეიძე.

ამ კრებულში კი 18 ქართველი პოეტი ქალის ლექსები და მათი ინგლისური თარგმანებია თავმოყრილი: მაგდა ბებიაშვილი, დალილა ბედიანიძე, ირმა ბერიძე, ნინო დარბაისელი, ნუციკო დეკანოზიშვილი, ქეთა დიდიშვილი, ნინი ელიაშვილი, ნატა ვარადა, ანა კალანდაძე, ნინა ნეკერი, ესმა ონიანი, იზა ორჯონიკიძე, ნინო სადღობელაშვლი, მაია სარიშვილი, ლია სტურუა, ნანა ქელეხიძე, სოფიო წულაია და ია ჯინჭარაძე.

წიგნს ერთვის ნუგზარ ზაზანაშვილის, გიორგი ლობჟანიძისა და ინგა მილორავას შესავალი წერილები. რედაქტორები არიან: ქართული ტექსტისაალექსანდრე ელერდაშვილი, ხოლო ინგლისურისაბეტი ანდერსენი.

ჩემი აზრით, ორივე ეს ანთოლოგია პროფესიული პატიოსნებისა და თავდადების ნიმუშია.

ქართული სალიტერატურო პროცესის შექმნასა და წარმართვაში განსაკუთრებული როლი სალიტერატურო ბეჭდურ მედიას აკისრია, ამათგან ჩემთვის უპირობო ლიდერიალიტერატურული გაზეთი“, რომლის რამდენიმე ნომერი წელს, ჩემი აზრით, საგამომცემლო შედევრი იყო. მაგალითად, 16 დეკემბერს ერთ ნომერში დაიბეჭდა თანამედროვე ქართული მწერლობისა და მთარგმნელობითი საქმის დიდოსტატების პუბლიკაციები, ყველა თაობისა და გემოვნებისა. ამ ნომერში გამოქვეყნდა, ჩემი აზრით, ქართული თარგმანის ახალი შედევრებიდავით წერედიანის მიერ თარგმნილი გაბრიელ გარსია ლორკას ბოშური ციკლის ლექსები და ანი კოპალიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოღებული ტომას სტერნზ ელიოტის რამდენიმე ნიმუში. საერთოდ, ცხადია, რომ ყველა ნომერი ასეთი შთამბეჭდავი ვერ იქნება, მაგრამ ლიტერატურული გაზეთი ახერხებს, ყოველ ნომერში იყოს ორისამი მასალა მაინც, რაც ძალიან მაღლა სწევს ჩვენს დღევანდელ სამწერლობო თამასას.

წელს განახლდა და განახლებული კონცეფციით გამოდის ტრადიციულილიტერატურული საქართველოახალი რედაქტორის, ასევეარარსებული ქართული კრიტიკისშესანიშნავი წარმომადგენლის, ივანე ამირხანაშვილის ხელში.

გაზეთების გარდა კი გვაქვს ორი უბრწყინვალესი ჟურნალი – „ახალი საუნჯედაარილიდა ასევეკავკასიური სახლისუკვე 22 წლის ისტორიის მქონე ყოველწლიური ალმანახიაფრა“, სად გამოქვეყნებული მასალებიც ხარისხის ნიშნითაა აღბეჭდილი. პერიოდულად გამოდის ალმანახისაგურამოდა ტრადიციულიცისკარიც“.

აი, თითქმის გავასრულე ჩემი მიმოხილვა და მე  თვითონვე მეხამუშა ამ წერილის დასაწყისში  წლის შეფასება: „ უღიმღამო“. როცა ამდენი აღსანიშნავი მოვლენა ხდება, სიცოცხლეს უღიმღამო არაფრით არ ეთქმის. მთავარია, გვქონდეს კეთების სურვილი და ვიცოდეთ, რა ხდება. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ წერილში აღნიშნული ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, კიდევ უამრავი რამე ხდება, რაც უბრალოდ მე არ ვიცი. ჩემს არცოდნას ეშველება: მთავარია საქმე და თუ დღესვე არა, ხვალ მაინც გამოჩნდება და სათანადოდაც შეფასდება, თუნდაც როგორც ზაირა არსენიშვილის შედევრივა, სოფელო“…

და სოფლის წესიც ხომ ეს არის: სიცოცხლეთავის მრავალფეროვან გამოვლინებებში