„უხილავი ხელები“ | როგორია ოჯახში დასაქმებულთა სამუშაო პირობები საქართველოში

პუბლიკა

„3 მარტი მოდიოდა და [ბავშვის დედას] ვუთხარი, რა კარგია, დავისვენებ-მეთქი. არაო, ვერ დაგასვენებო, დრო არ მყოფნის და დასვენების დღეებში თუ მოვასწრებ რამის გაკეთებასო. მე ვუთხარი, შენ რა იცი, მე რაში მყოფნის ის დასვენების დღეები, რაც მაქვს-მეთქი“, – ძიძა, 54 წლის.

„მე, მაგალითად, ზაფხულში სამსახურს ვეძებ, იმიტომ, რომ შემოსავალი აღარ მაქვს. მიდიან [დასასვენებლად] და ვრჩები სამსახურის გარეშე. სულ ვეძებ პატარ-პატარა საქმეებს, კაფეში ან სადმე“, – ძიძა, 60 წლის.

„აი, როგორ გითხრათ, სირცხვილია, უხერხულია ამაზე [შრომის პირობებზე] ლაპარაკი და ამის გამო ძალიან ვიჩაგრებით ძიძები“, – ძიძა, 60 წლის.

ეს ციტატები პოლიტიკის დოკუმენტიდან – „უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში“ არის ამოკრებილი. კვლევის ავტორები ვახტანგ ნაცვლიშვილი და ანა დიაკონიძე არიან.

დოკუმენტის მიზანია, შეიმუშაოს ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა საქართველოსთვის. კვლევა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს საოჯახო შრომის მოწყობის უკეთეს პერსპექტივას და აანალიზებს საქართველოს შრომის პირობებს, ფორმალური და არაფორმალური  შრომის პრაქტიკას.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა ოთხი ფოკუსჯგუფური დისკუსია, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 20-მა მონაწილემ. მონაწილე ძიძებისა და დამხმარეების ასაკი 30-დან 65 წლამდე მერყეობს.

კვლევის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 17 000 ადამიანი ეწევა ოჯახში ანაზღაურებად შრომას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასეთად მოიაზრებს მოახლეებს, მზარეულებს, აღმზრდელებს, ბავშვის მომვლელებს, მიმტანებს, მოსამსახურეებს, მრეცხავებს, მებაღეებს, კარისკაცებს, მეჯინიბეებს, მძღოლებს, დარაჯებს, საშინაო მასწავლებლებს, მდივნებს და სხვა დასაქმებულებს, რომელთაც ქირაობენ საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოჯახში დასაქმება არაფორმალური დასაქმების ფორმაა, რომელიც დაქირავებულს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.

კერძოდ, არაფორმალური დასაქმება განისაზღვრება, როგორც შრომითი გარიგება, რომელიც არ წარმოადგენს ეროვნული შრომითი კანონმდებლობის საგანს, არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის გადახდას და არ ქმნის დასაქმებულისათვის სოციალური უსაფრთხოების ან დასაქმებასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეების მიღების საფუძველს.

როგორც კვლევაშია მითითებული, არაფორმალურად დასაქმებულების შრომით საქმიანობას ვერ ხედავს და ვერ იცავს შრომისა და სოციალური უსაფრთხოების კანონები. ამდენად, ოჯახში დასაქმებულები ვერ სარგებლობენ იმ საბაზისო უფლებებითა და სიკეთეებით, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში შრომით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა.

ადგილობრივი შრომის კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ იცნობს და ამ დრომდე არც სასამართლოს უმსჯელია, წარმოადგენს თუ არა ოჯახში დასაქმება შრომითი კანონებით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობას. 2024 წლის თებერვალში საქართველოს შრომის ინსპექციამ, ოჯახში დასაქმებული ძიძის მიმართვის საფუძველზე, განმარტა, რომ მისი მანდატი დამსაქმებელ შინამეურნეობებზე არ ვრცელდება.

როგორია ძიძების შრომის პირობები – რა აჩვენა კვლევამ

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ფოკუსჯგუფები აჩვენებს, რომ ოჯახში დასაქმების დროს დამსაქმებლის როლს, ძირითადად, ოჯახის ქალი წევრი ირგებს. ოჯახში დასაქმებულის სამუშაო და დასვენების დროც, როგორც წესი, დამსაქმებელი ქალის დროსთან ხშირად პირდაპირ არის დაკავშირებული.

მეორე მხრივ, კვლევის მიხედვით, თავად ოჯახში დასაქმებულ ქალებს, ანაზღაურებად სამუშაოსთან ერთად, საშინაო ზრუნვის ვალდებულებებიც აქვთ და სახლში დაბრუნებულები აუნაზღაურებელ მეორე ცვლაში აგრძელებენ მუშაობას.

„სტატისტიკურად, ოჯახში დასაქმებულთა ნახევარს სახლში დაბრუნებულს ხვდება ბავშვი, მესამედს – პენსიონერი, მეხუთედს – ქრონიკული პაციენტი, მცირე ნაწილს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი […].

ჩვენს კვლევაში მონაწილე ძიძების გამოცდილება აჩვენებს, რომ, თუ თბილისში ძიძის საშუალო ხელფასი – უბნის მიხედვით – 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, რეგიონებში ხელფასი 500-600 ლარის ფარგლებშია; გამონაკლისს წარმოადგენს ბათუმი, სადაც ძიძის ანაზღაურება თბილისისას უტოლდება“, –  ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც ზემოთაა ნახსენები, საქართველოს შრომის კანონმდებლობა ოჯახში დასაქმებულის ცნებას არ მოიცავს. შრომის კოდექსი შრომით ურთიერთობად მიიჩნევს „ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ“.

„ფოკუსჯგუფებში მონაწილე ძიძები ჰყვებიან, რომ სამუშაო პროცესზე შეთანხმება ურთიერთობის დაწყებამდე ხდება და შემდგომ დამსაქმებლის მხრიდან უწყვეტ ზედამხედველობას გულისხმობს. ძიძები დამსაქმებლის მხრიდან იღებენ ისეთ დეტალურ მითითებებს, როგორებიცაა, ბავშვის დაძინებისა და გასეირნების დრო და ხანგრძლივობა, კვების რაციონი, ჰიგიენის დაცვა, გართობისა და შემეცნების ღონისძიებები.

ამავე დროს, ოჯახში დასაქმებულების ნაწილი, რომლებსაც აქვთ ფორმალური სამუშაო გამოცდილება, მაგალითად, სკოლაში, საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებასა და მომსახურების სფეროში, ამბობენ, რომ მათი ანაზღაურებადი შრომა ოჯახში ისევე ექვემდებარება ზედამხედველობასა და დისციპლინას, როგორც სხვა სტანდარტულ სამუშაო ადგილებზე. ამის მიუხედავად, ოჯახში დასაქმებულები ნაკლებად ან საერთოდ ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლებიც შრომის კოდექსით არის განსაზღვრული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევაში გამოიკვეთა ისიც, რომ ოჯახში დასაქმებულთა კვირაში 40 საათზე მეტი შრომა, რაც ზეგანაკვეთ ანაზღაურებას ითვალისწინებს, დამატებით თითქმის არასდროს არ ანაზღაურდება.

გარდა ამისა, ოჯახში დასაქმებულები ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად დასვენების დღეების სიმცირეს ასახელებენ. მეორე მხრივ, პრობლემურია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების საკითხი.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ძიძებს თითქმის არასდროს აქვთ თავისუფლება, თავად განსაზღვრონ, როდის აიღებენ შვებულებას. უმეტესობა, შვებულებად თვლის იმ პერიოდს, როდესაც ოჯახი დასასვენებლად მიდის, ხოლო თავად არ მიჰყვება და, შესაბამისად, არ მუშაობს.

„ოჯახის წევრივით ვარ“ – დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ოჯახში დასაქმება, გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას წარმოშობს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის, რის გამოც ოჯახში დასაქმებულებს უჭირთ საკუთარ შრომის უფლებებზე პრეტენზიის წაყენება.

„ხან ექვსის შემდეგ მიჰყავთ ბავშვი, ხან უფრო გვიან. ეს ანაზღაურებაზე არ აისახება, რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლობლები არიან, ურთიერთპატივისცემა გვაქვს“, – ძიძა, 51 წ. სიღნაღი.

„რამდენი შემთხვევა იყო, რაღაც რომ მეწყინა, არასწორად მოიქცნენ, მაგრამ გულში ვიკლავდი და არ ვამბობდი“, – ძიძა, 54 წ. თბილისი.

კვლევაში მონაწილე ძიძები და დამხმარეები ამბობენ, რომ მათ არ სმენიათ, რომ ავადობის გამო ძიძის გაცდენილი დღეები დამსაქმებელს აენაზღაურებინოს.

„ხშირად ამბობენ დამსაქმებლები, რომ დამხმარეები ოჯახის წევრივით არიან. ასეთ გარემოში დასაქმებულის მიერ ხელფასის გაზრდის ან შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა უხერხულობას წარმოშობს: თუ ოჯახის წევრივით ხარ, ოჯახის წევრივით უნდა მოიქცე – არ უნდა დაითვალო ნამუშევარი საათები, არ უნდა მოითხოვო ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ან შვებულებაში გასვლა და ა.შ. იკვეთება ერთგვარი უთქმელობის ხაზიც: ძიძები და მომვლელები ამბობენ, რომ ბევრი რამით შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო, მაგრამ ამაზე საუბარი დამსაქმებელთან ეუხერხულებათ“, – წერია კვლევაში.

ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა საქართველოსთვის

კვლევის ავტორებს შემოთავაზებული აქვთ ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა, რომელიც, ერთი მხრივ, ეყრდნობა ადგილობრივი ვითარების კვლევას, მეორე მხრივ კი, მხედველობაში იღებს საერთაშორისო გამოცდილებას.

ხედვა ეფუძნება პრინციპს – ფორმალიზაციის დროს, ოჯახში დასაქმებულმა უნდა მიიღოს ისეთ უფლებებსა და სიკეთეებზე წვდომა, რომელიც მას არ ექნებოდა არაფორმალური დასაქმების შემთხვევაში.

როგორც ავტორები წერენ, ხედვა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ოჯახში დასაქმებულებისთვის ვერ შექმნის სოციალური უსაფრთხოების სპეციალურ სისტემას.

ამიტომ, მასში მოცემულია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია – უმუშევრობის დაზღვევის სისტემის ამოქმედების შესახებ, რაც გულისხმობს მის ამოქმედებას არა მხოლოდ ოჯახში დასაქმებულებისთვის, არამედ ყველა იმ დასაქმებულისთვის, რომლებიც სისტემის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

მკვლევრები რეკომენდაციებს ყოფენ საკითხების მიხედვით, თითოეული მათგანი კვლევაში დეტალურადაა განხილული, მათ შორისაა:

  • მოხდეს ოჯახში დასაქმების შრომით ურთიერთობად აღიარება;
  • შრომის ინსპექციამ მიიჩნიოს ოჯახში დასაქმება შრომით ურთიერთობად;
  • განისაზღვროს დამსაქმებლის სტატუსი (ოჯახი, სააგენტო);
  • სოციალური უსაფრთხოება – საყოველთაო ჯანდაცვის, დაგროვებითი პენსიის, სოციალური დახმარების რეფორმირება;
  • ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის მიდგომამ გაითვალისწინოს საგადასახადო შეღავათები;
  • საინფორმაციო ზომები – დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს ჰქონდეთ სრული და გასაგები ინფორმაცია, რა სიკეთეებით ისარგებლებენ ფორმალიზაციის დროს და რა ახალი ვალდებულებები წარმოექმნებათ.

რეკომენდაციათა ნაწილი გულისხმობს ცვლილებებს კანონმდებლობაში, ნაწილი კი – სამთავრობო პოლიტიკასა და პრაქტიკაში; ნაწილი უფლებრივ სფეროს მიემართება, ნაწილი კი – საგადასახადო და საინფორმაციო საკითხებს.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ფოკუსჯგუფების მონაწილეებს განემარტათ, თუ რას გულისხმობდა თითოეული მათგანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძიძებისთვის და დამხმარეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო სოციალური უსაფრთხოების ერთ-ერთი შრე – უმუშევრობის დაზღვევა.

„კვლევაში მონაწილე ძიძების ნაწილისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ისინი მზად არიან, ყოველთვიურად გადაიხადონ შესაბამისი შენატანი. უმუშევრობის დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, ძიძებსა და დამხმარეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს შენატანის ოდენობაზე. უმრავლესობა თანახმაა, გადაიხადოს ხელფასის 1 ან 2%, თუმცა ზოგიერთი ძიძისთვის ასეთი ფინანსური ტვირთი რთული სატარებელი იქნება“, – ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ უმუშევრობის დაზღვევის სისტემას შეუძლია, ოჯახში არაფორმალურად დასაქმებულებისთვის ფორმალიზაცია მიმზიდველი და სასურველი გახადოს. თუმცა, მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ საქართველოში არ მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევა.

ამდენად, მკვლევრები ფიქრობენ, რომ არსებობს კრიტიკული საკითხები, რომლებიც ოჯახში დასაქმებულების ფორმალიზაციას წაახალისებდა:

  1. უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში მონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო;
  2. უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში მონაწილეობა ოჯახში დასაქმებულებისთვის, მისი ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, უნდა იყოს სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ (გარდამავალი ეტაპი);
  3. გარდამავალი ეტაპის დასრულების შემდეგ, უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში შენატანის გაკეთების ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს და, დასაქმებულის შემთხვევაში, ყოველთვიური შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს;
  4. შენატანის გაკეთება უნდა იყოს მარტივი და არ უნდა მოითხოვდეს განსაკუთრებულ ციფრულ უნარებს ან, ალტერნატივის სახით, შენატანის გადახდის ადმინისტრირებას უნდა ახორციელებდეს დამსაქმებელი.

კვლევის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე.