რამდენიმე დღის წინ დიდი თეატრის პრიმა ბალერინამ, ოლგა სმირნოვამ განაცხადა, რომ ტოვებს მშობლიურ თეატრს და სამუშაოდ ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში გადადის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი არტისტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამო ქვეყანას ტოვებენ.
30 წლის პრიმა ბალერინამ, ოლგა სმირნოვამ დაგმო რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში, დატოვა ქვეყანა და უკვე ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტს შეუერთდა.
„ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, ჩვენი კულტურული და სპორტული მიღწევებით. მაგრამ ახლა შეუძლებლად მიმაჩნია დავრჩე ქვეყანაში, რომლის აგრესიის გამო უკრაინაში ხალხი იღუპება. ადამიანები იძულებულები არიან, დატოვონ საკუთარი ქალაქები და სახლები“, განაცხადა ოლგა სმირნოვამ. ნიდერლანდების ეროვნულმა ბალეტმა დაადასტურა, რომ სმირნოვა მალე დასთან გააგრძელებს მუშაობას.
პროტესტი უკრაინის ომის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოთქვა რეპერმა Face-მა (ივან დრემინმა), რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო, სამუდამოდ ტოვებს რუსეთს და უკან აღარ დაბრუნდება.
რეპერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავს. „რუსეთში ყველა კონცერტი გაუქმებულია… დავიღალე ყველა კონცერტის გამართვისათვის ძალისხმევითა და ბრძოლით ამ ქვეყანაში; გმადლობთ!“.
რუსეთი დატოვა ცნობილმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა. „ამ ომის შემდეგ ყველა ადამიანის ცხოვრება, რომელიც ლაპარაკობს რუსულად, ან სულაც, ჩართულია რუსულ კულტურაში, შეუქცევად შეიცვალა“ – დაწერა მან ფეისბუკის გვერდზე 10 მარტს, ქვეყნის დატოვებისას. „არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთია მთავარი – ესაა კრიმინალური ომი უკრაინაში, რომელიც წამოიწყო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ. შეუძლებელია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანს სიტყვითაც კი არ შეუძლია საკუთარი პროტეტის გამოხატვა“, – ეს არის ამონარიდის მისი ტელეგრამგვერდიდან.
ანტონ დოლინმა ასევ განაცხადა, რომ აღარ არის ჟურნალის Art of Cinema-ს მთავარი რედაქტორი და ამ დროისთვის კინო–არტის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
რუსეთი დატოვებას აპირებს ტუგან სოხიევიც, რომელსაც რამდენიმე წელი დიდი თეატრის მთავარი დირიჟორის თანამდებობა ეკავა. მან განაცხადა, რომ აიძულებდნენ ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომლის გაკეთებაც არ შეეძლო. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ტუგან სოხიევმა დაწერა, რომ გადადგა თეატრის მთავარი დირიჟორისა და ტულუზის ეროვნული ორკესტრის მუსიკალური დირექტორის პოსტიდან.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმის მომსწრე გავხდი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. დღეს მაიძულებენ არჩევანი გავაკეთო და ჩემი მუსიკალური ოჯახის ერთი წევრი მეორეს ვამჯობინო; მაიძულებენ ავირჩიო ორ კულტურულ ტრადიციას შორის რომელიმე; მაიძულებენ ავირჩიო ერთი მომღერალი მეორის ნაცვლად. მალე ალბათ მომთხოვენ არჩევანის გაკეთებას ჩაიკოვსკის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩსა და ბეთჰოვენს, ბრამსს, დებიუსის შორის“. ამასთან, სოხიევმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა რუსი სამხედროების აგრესიის წინააღმდეგი უკრაინაში.
ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ივან ვირიპაევმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წერილი რუსეთის სახელმწიფო თეატრებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ გეგმავს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დახმარების ფონდებში გადარიცხოს. რეჟისორის განცხადებას დიდი ხმაური და აგრესია მოჰყვა კულტურის სამინისტროს მხრიდან… რასაც რეჟისორმა კიდევ უფრო მკვეთრი პროტესტით უპასუხა – „რუსეთის ხელისუფლება ახლა აწარმოებს ამაზრზენ და კრიმინალურ ომს უკრაინაში”. რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური გამოცემა, ჟურნალი „ტეატრ“ წერს, რომ ამჟამად დაწყებულია ივან ვირიპაევის პიესების ამოღება რუსული თეატრების რეპერტუარიდან.
მაგალითად, „ტექნიკური მიზეზებით“ გაუქმდა სანკტ–პეტერბურგის, ტოვსტოგონოვის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მღელვარება“ ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით. „ტეატრ ნაციი“ კი ამასობაში აუქმებს პრემია „ოქროს ნიღაბი – 2020“-ის გამარჯვებულ სპექტაკლს – „ირანის კონფერენცია“, რომელიც ივბან ვირიპაევმა დადგა.
უკრაინაში ომს აპროტესტებს კინორეჟისორი კანტემირ ბლაგოვიც. 16 მარტს მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა: „იძულებული ვარ, დავტოვო რუსეთი. ძალიან ვწუხვარ და განადგურებულ ვარ…. ერთ დღეში ჩვენ მომავალი წაგვართვეს. ჩვენი სიცოცხლე წაგვართვეს, ჩვენი მშობლები და მეგობრები წაგვართვეს. მაგრამ მათ ვერ წაგვართვეს მთავარი – ეს კინოა. ჩვენი გული უკრაინასთან და რუსეთის ხალხთანაა, ვინც ამ კოშმარს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნავს ომის საწინააღმდეგო ფილმის, „დილდას“ რეჟისორი.