„ადამიანები ვიჩაგრებით არა მარტო ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნით, არამედ განსხვავებული აზრისთვის. მართლა სასოწარკვეთილი ვარ, არაფრის იმედი არ მაქვს საერთოდ. არ მაქვს იმედი, რომ რომელიმე სკოლაში მოვძებნი სამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კარიერაში ყველაფერი მაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ სამსახურის დაწყება არ გამიჭირდეს“, – მიკო მიქავა, ახალგაზრდა პედაგოგი ზუგდიდიდან, სკოლაში სწავლების 11-წლიანი გამოცდილებით.
2019 წელს წამყვანის, გასულ წელს კი მენტორის სტატუსი მიიღო. მუშაობს სკოლაში, სადაც მისი დატვირთვა სრული არაა, რის გამოც სრულად ვერ იღებს მენტორისთვის განსაზღვრულ დანამატს. ამბობს, რომ „ისედაც მიზერული მასწავლებლის ანაზღაურება არასრული დატვირთვის შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია“.
საქართველოს კანონმდებლობით დანამატს იღებს პედაგოგი, თუ მისი დატვირთვა სრულია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები.
ბოლო 5 წელია აქტიურად ეძებს სამსახურს, სადაც სრულად დაიტვირთება. წლის განმავლობაში რამდენიმე სკოლაში გზავნის ვაკანსიას, თუმცა გამოცდილება და სქემით განსაზღვრული პროფესიული სტატუსი, დასაქმებაში ვერ ეხმარება.
„ზოგან გასაუბრებებზეც არ მიბარებენ და სადაც მიბარებენ მიზეზსაც არ მეუბნებიან, რატომ არ ავყავარ სკოლაში“, – მიკო ამბობს, რომ დირექტორები ვაკანსიებს ძირითადად ფორმალურად აცხადებენ. წინასწარ ყოველთვის მოაზრებული ჰყავთ კანდიდატი. და კომისია, რომელიც პროცესის გამჭვირვალე და ობიექტურად წარმართვისთვის არის დაკომპლექტებული, სინამდვილეში კი ვერ უზრუნველყოფს სკოლაში ახალი კადრების აყვანის სამართლიანად წარმართვას.
2022 წელს სკოლებში მასწავლებლის აყვანის წესი შეიცვალა. მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებით, პირმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე გასაუბრება 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს – სკოლა ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ ვალდებულია, დააკომპლექტოს კომისია, სადაც სკოლის ადმინისტრაციის გარდა, შედიან სამინისტროსა და რესურსცენტრის თითო წარმომადგენელი და ერთი გარეშე პირი, სხვა სკოლის პედაგოგი.
„ეს თვალის ახვევაა – თითქოს სამინისტროს წარმომადგენელი ესწრება და თითქოს ყველაფერი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. სამინისტროს წარმომადგენელი არის მხოლოდ 2, დანარჩენი არიან სკოლის წარმომადგენლები. შესაბამისად ხმათა რაოდენობით სამინისტროს რაოდენობა ვერ წყვეტს საერთო სურათს. პროფკავშირიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროფკავშირის წევრი არ ესწრებოდა ამ გასაუბრებას. პროფკავშირის წევრი გინდ ყოფილა, გინდა არა. უნდა ესწრებოდეს გარეშე პირიც, სხვა სკოლის მასწავლებელი, ეს სხვა სკოლის მასწავლებელიც არ წარმოადგენს პრობლემას. ზოგადად საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში იმდენად პატარა სოციუმია, ყველა ერთმანეთს იცნობს. დაახლოებულ პირს ჩასვამენ კომისიაში და ეს ხმაც მათია“, – ამბობს მიკო.
მიკომ 2022 წელს განაცხადი ზემო უწერის საჯარო სკოლაში შეიტანა, სადაც როგორც თვითონ ჰყვება, თავიდან გამოცხადებული იყო ვაკანსია 20 საათზე, ადგილზე მისულს კი განუცხადეს, რომ ორი მასწავლებლის აყვანა იგეგმებოდა და შესაბამისად, საათები ორ მასწავლებელზე გაიყოფოდა.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მიკომ მიქავამ გააპროტესტა და მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურს აცნობა. „აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა, რომ დაირღვა ჩემი უფლებები, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია“.
მიკო ამბობს, რომ სისტემატურად აკვირდება თავის საგანში გამოქვეყნებულ ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩემს საგანში მონიტორინგს ვატარებ, იმ რეგიონებშიც კი, რომლებითაც არ ვარ დაინტერესებული. საძიებო ველში ჩავწერ ხოლმე ქართული ენა და ლიტერატურა და ვინტერესდები, რა ხდება სხვა რეგიონებში. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს ხდება საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში. დირექტორების ხელშია, ვის აიყვანენ, შეიძლება საერთოდ გამოუცდელი აიყვანონ, კომპეტენტური კადრი დატოვონ გარეთ და ამაზე პასუხს ვერავინ მოსთხოვს“, – ამბობს მიკო.
მიკომ ბოლოს ვაკანსიაზე განაცხადი ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში შეიტანა. გასაუბრებაზე 12 კანდიდატი გადავიდა, აქედან ორი მენტორის სტატუსით. სკოლამ ვაკანსიაზე აიყვანა პირი, რომელიც დირექტორის რძალია. „ესეც კითხვის ნიშანს ბადებს. 11-წლიანი გამოცდილება მაქვს, სტატუსით – მენტორი მასწავლებელი. რომელ ასპექტში რა თეორიით და რა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით მაჯობა ან ერთმა, ან მეორე კანდიდატმა. აპელაციაზე შევიტანე ეს საკითხი“, – აღნიშნულის შესახებ მიკო მიქავამ ღიად დაწერა სოციალურ ქსელშიც, სადაც მას სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია გამოეხმაურა:
„სალომეს ყველა წევრის მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის იმათიც, ვინც არ იცოდა, რომ ჩემი რძალი იყო! სალომეს ძალიან მდიდარი და საინტერესო გამოცდილება აქვს ძალიან მოკლე დროში და წამყვანის სტატუსი 25 წლის ასაკში. არაფერი არ მაქვს დასამალი! არაფერი დამიშავებია! სანამ სალომე განაცხადს გააკეთებდა, რამდენიმე კარგ იურისტთან გავიარე კონსულტაცია“, – წერს სკოლის დირექტორი, რომელიც იმავდროულად ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატია.
საუბრის ბოლოს მიკო მიქავას ვკითხეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ სკოლებში მასწავლებელთა აყვანის პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს:
„ძალიან ზოგადი პასუხი იქნება ჩემი მხრიდან. თუ მოხდება სკოლების დეპოლიტიზება, დირექტორებს არ შეარჩევენ პოლიტიკური ნიშნით და დირექტორები იქნებიან აპოლიტიკურები, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იმ რეფორმის გატარება, რომელსაც სკოლის დეცენტრალიზაცია ჰქვია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სკოლის დირექტორების ნდობა. მაგრამ იმ პირობებში, როცა სკოლა პოლიტიზებულია, დირექტორების დანიშვნა პოლიტიკის ნაწილია. ასეთ შემთხვევაში, დეცენტრალიზაციის პოლიტიკა, სრულიად დამახინჯებულ სახეს იღებს“.
გადაწყვეტილების მიმღები პირები ყოველთვის ამბობენ, რომ მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების სკოლაში დასაქმებაა, რამაც უნდა უზრუნველყოს სწავლა -სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
განათლების მკვლევარი, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ სკოლებში მასწავლებლების შერჩევის პროცესში არსებულ პრობლემებთან ერთად, მასწავლებლის პროფესიაში საკადრო ბრუნვას ხელს სხვა, მთელი რიგი გარემოებები უშლის.
მისი თქმით, ბოლო წლების დინამიკით ნათელია, რომ ახალი კადრების შედინების ტენდენცია სკოლებში არ გვაქვს. რაზეც მასწავლებელთა ასაკობრივი სტატისტიკაც მეტყველებს.
„2016-2017 წლებთან შედარებით, როგორც 40 წლამდე, ისე 31 -მდე მასწავლებლების ხვედრითი წილი როგორც რაოდენობრივად, ისე პროცენტულად შემცირებულია. თუკი 2016-2017 აკადემიურ წელს 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა
15 277 იყო, უკანასკნელი აკადემიური წლისთვის მათი რიცხვი მხოლოდ 11 616 გახდა”
მისი თქმით, საპენსიო ჯილდოს პროგრამის ფონზეც კი კვლავ მაღალია საპენსიო ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა და გაზრდილია საშუალო ასაკი. დღევანდელი მდგომარებით მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49,97 წელს შეადგენს.
„ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესებმაც კი ვერ უზრუნველყო ახალგაზრდა კადრების მოზიდვა“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
2019 წელს სახელმწიფო სკოლიდან წასვლის მსურველ საპენსიო ასაკის პედაგოგებს ერთჯერადი ჯილდო გადაეცა – ორი წლის ჯამური ხელფასი და სადაზღვევო პაკეტი. პროგრამის ფარგლებში პროფესია 8000-მდე პედაგოგმა დატოვა.
შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ მასწავლებელთა პროფესიაში არსებული გამოწვევები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომ მიდგომებიც ინდივიდუალური, დივერსიფიცირებული უნდა იყოს.
მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამები
მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებმა მეტწილად შეძლო სასკოლო სისტემაში მუშაობით ახალი კადრების დაინტერესება, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, მაგრამ პროგრამები ძირითადად მშობლიური ენა/ ლიტერატურის, ინგლისურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ამზადებს, ეს მაშინ, როცა სისტემაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებელზე მოთხოვნა არ არის.
„რეალურად სისტემაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებლებზე მოთხოვნა არ არის. ანუ ვუშვებთ ბევრ კურსდამთავრებულს, სახელმწიფო მათ აფინანსებს, თუმცა მათთვის დასაქმების ბაზარი თავისუფალი არ არის“, – მისი თქმით, მწვავედ დგას საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგთა დეფიციტი. პრობლემაა როგორც რაოდენობა, ისე არსებული პედაგოგების კვალიფიკაცია და სწავლების ხარისხი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მასწავლებელთა ასაკი ყველაზე მაღალია. ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი აქვთ ფიზიკის მასწავლებლებს (55.6) ქიმიის (53.8), გეოგრაფიის (52.5) ბიოლოგიის (52) და მათემატიკის (52.5).
„გამოვეცით ბიულეტენი მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით და იქაც თვალნათლივ გამოჩნდა, რა ხდება მათემატიკის მიმართულებით – როცა 14, 000 ათასმა ჩააბარა მათემატიკური უნარები და აქედან 7000-ზე მეტმა ძალიან დაბალი შედეგი აჩვენა. არ ვლაპარაკობ ფიზიკაზე, რომელიც მხოლოდ 600-მა ჩააბარა, რომელთაგან 31% ჩაიჭრა და უმრავლესობამ დაბალი შედეგი აჩვენა. ამ მიმართულებებზე არ გვყავს კადრები, უნდა მოვიზიდოთ“, – ამბობს ტაბატაძე.
მისი თქმით, საბუნებისმეტყველო პედაგოგების მოძიება და აყვანა ქალაქშიც კი შეუძლებელი ხდება. ურთულესი ამოცანაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიისა და მათემატიკის ძლიერი სპეციალისტები მოიზიდო პროფესიაში და თან ისე, რომ რეგიონებში წავიდნენ მასწავლებლებად.
„წარმოიდგინეთ კარგი მასწავლებელი და ფიზიკოსი, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკურ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ფირმა 5000 ლარს ზევით ხელფასს სთავაზობს, შენ როგორ მოიზიდავ მასწავლებლის პროფესიაში, სადაც მენტორობამდეც რომ მიაღწიოს (ამისთვის სასწაული გზებია გასავლელი), მისი ხელფასი 2000 ლარს შეიძლება არ ასცდეს. მათი მოზიდვა განათლების სისტემაში არის რთული, თუ არ გაქვს შესაბამისი პაკეტები“, – ამბობს ტაბატაძე.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღების წესებიც, რადგან განათლების პროგრამებზე, სამწუხაროდ, ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი შედეგების მქონე აბიტურიენტები აბარებენ.
„ახალი კადრების შედინება თავისთავად არ ნიშნავს, რომ სისტემა უმჯობესდება. ახალი კადრები გვინდა იმისთვის, რომ ეს კადრები უკეთესები იყვნენ. თუ არაკვალიფიციური კადრების შედინება მოხდება, თვითმიზანი ხომ არაა ის, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს 31 წლამდე ასაკის მასწავლებელი, ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ახალი ცოდნა, ენერგია და მაღალი კვალიფიკაცია შევიდეს სისტემაში. თუ ამას ვერ ვაღწევთ, მაშინ რატომ მაინცდამაინც ახალგაზრდა, თუ უფრო კვალიფიციურია ასაკოვანი მასწავლებელი? ამას ვერ მივაღწევთ, თუ აბიტურიენტებად არ მოვიზიდეთ მაქსიმალურად კვალიფიციური სტუდენტები“. – ამბობს შალვა ტაბატაძე.