ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გაფართოებული გეოგრაფია: ემიგრაციაში გადახვეწილები, ყოფილი მოცეკვავეები და ფერმკრთალი კინოეპიგონები.
საერთაშორისო კოპროდუქციის ფინანსურად სავალდებულო და მსახვრალი ხელი თანამედროვე კინემატოგრაფს იმდენად მკაფიოდ ეტყობა, რომ მისი პოლიფონიური „ენის“ ათვისებას მხოლოდ გამოცდილი პოლიგლოტი–პროდიუსერები თუ ახერხებენ. როდესაც მაგალითად, ნახევრად ალჟირელი და ნახევრად ბრაზილიელი რეჟისორი, კარიმ აინუზი ბერლინის კინოფესტივალზე გერმანია–იტალია–ესპანეთი–ამერიკა–ალჟირის კოპროდუციას – „ვარდების ბუჩქების გასხვლას“ წარადგენს, მაყურებლის მოლოდინი აშკარად უფრო იზრდება. მითუმეტეს, თუ ეს რეჟისორი კინოს ისტორიაში ცნობილი ფილმის (მარკო ბელოკიოს 1966 წელს გადაღებული „მუშტები ჯიბეში“) თუნდაც მკრთალ რიმეიქს აპირებს.
უნდა ითქვას, რომ კარიმ აინუზი „ვარდებს“ უღიმღამოდ და უშნოდ არ სხლავს. ცოტათი ნიჭიერია და ფილმი რეჟისურის, ოპერატორის, დიზაინისა და სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისითაც ნორმალურია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით…
საკმარისოა კინოს ისტორიაში გამოცდილი მაყურებლის მეხსიერებამ მარკო ბელოკიოს წინარევოლუციური ჟინისა და საპროტესტიოს ხანის ფილმი ამოატივტივოს, რომ მაშინვე იგრძნობს განსხვავებას რეპორტაჟულ, პირდაპირ და დაუნდობელ იტალიელსა და ნახევრად რახათ–ლუქუმის მსგავსი გამოსახულების შემქმნელს შორის.
ფილმში „მუშტები ჯიბეში“ მთავარი პერსონაჟები – სამი ძმა და ერთი და, ძალიან „სპეციფიურები“ და უჩვეულონი არიან (უფრო მძაფრი სიტყვა რომ არ ვიხმაროთ). ერთ–ერთი მათგანი ეპილეფსიით არის დაავადებული. ამას დაუმატეთ გიჟი, ბრმა მამა და 60-იანი წლების იტალიის დაძაბული პოლიტიკური ატმოსფერო. აინუზმა ბელოკიოს პერსონაჟები ამერიკელებად აქცია, ვარდის ბუჩქებით გარშემორტყმულ კატალონიურ ვილაში განათავსა და ძვირადღირებული, ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი ჩააცვა. გიჟი მამის ნაცვლად სახლიდან გაქცეული დედის პერსონაჟი შემოიყვანა, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გამუდმებით დასცინის.
ის ფაქტი, რომ დედის როლს ყოფილი “ფლეიბოის” ვარსკვლავი, პამელა ანდერსონი ასრულებს და ძალიან კარგადაც, უკვე რეჟისორის ირონიის გრძნობასა და თავად ფილმზეც მეტყველებს. თანაც, The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში მან თავისი სიძულვილი პირდაპირ გამოხატა მსოფლიოს მმართველი უკიდურესად მდიდარი, პარანოიით შეპყრობილი ადამიანების მიმართ: „დროა ეს სამყარო დავწვათ და ახლი ავაშენოთ“.
ბელოკიოს პირდაპირობა, ანტიბურჟუაზიულობა და მემბოხე სულისკვეთება ახალ ფილმში ჩანაცვლებულია Balenciaga-სა და Bottega Veneta-ს ბრენდებით, მათი პროდუქციის რეკლამით თუ ციტირებით. ამდენად, თუ ბელოკიოს ფილმი დაუნდობელი სატირა იყო იტალიის საზოგადოებაზე და გარკვეულწილად, 1968 წლის რევოლუციის წინასწარმეტყველებადაც იქცა, კარიმ აინუზის დღევანდელი რიმეიქი დეკადენტურ არტ–დეკორს უფრო წააგავს; ხოლო შეკრული მუშტების ნაცვლად, ჯიბეში უეკლოდ გასხლულ ვარდებს იგრძნობთ.
კანადელი რეჟისორის, ჟენევიევ დულუდ–დე სელის ფილმი „ნინა როზა“ ფესტივალის კიდევ ერთი მრავალუცნობიანი კორპროდუქციაა (კანადა–ბულგარეთი–იტალია–ბელგია). შუა ხნის ბულგარელი მამაკაცი, რომელიც დიდი ხანია მონრეალში ცხოვრობს და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ექსპერტად მუშაობს, საერთაშორისო სპეციალისტების რჩევით გადაწყვეტს რვა წლის თვითნასწავლი ბულგარელი გოგონას, ნინას მონახულებას და მისი ნახატების შეფასებას, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა.

ის კანადიდან ბულგარეთში გადაფრინდება და ნინას და მის იტალიელ კურატორს შეხვდება, რომელსაც დასავლეთში ნიჭიერი გოგონას არალეგალური გზით გამგზავრება სურს. თუმცა, საბოლოოდ ნინა სამშობლოში დარჩენას ირჩევს. ამავე დროს მთავარ გმირს კანადაში ქალიშვილი ჰყავს – როზა, რომელმაც ემიგრაციაში ბედნიერება ვერ იპოვა. საერთო ჯამში, „ნინა როზა“ უფრო ზედაპირული ხარკია; თუმცა ამჯერად არა ფემინისტური, არამედ ანტიგლობალისტური. მთავრი იდეა კი ეროვნული და შემოქმედებითი იდენტობის შენარჩუნებაა სამყაროში, სადაც ყველაფერი ყიდვა–გაყიდვის ობიექტია.

გარკვეული გაგებით, უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმი „ზღვის პირას“, ასევე უკავშირდება ხელოვნებისა და პიროვნულობის იდენტობის საკითხს. მთავარი გმირი, რომელიც ოდესღაც წარმატებული ბალერინა იყო, ალკოჰოლზეა დამოკიდებული და სამკურნალო რეაბილიტაციის კურსს ამთავრებს. თუმცა, დეპრესიის მიუხედავად, ცდილობს სწორ გზაზე დადგომას – როგორც ოჯახში, ისე პროფესიული თვალსაზრისით.
„ზღვის პირას“ კინოსა და თეატრში თანაბარი წარმატებით მომუშავე რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს მეორე ინგლისურენოვანი ფილმია, რომლის მთავარი გმირი ასევე ქალია. პირველ ფილმს ასეც ეწოდება – „ქალის ნაწილები“, რომელშიც მთავარ როლს ვანესა კირბი ასრულებდა. ამჯერად კი „ზღვის პირას“ მცხოვრები ბალერინას რთულ პერიოდს ემი ადამსი გვაგრძნობინებს – შესანიშნავი მსახიობი, რომლის ოდნავ ისტერიული და თვითირონიით გაზავებული თამაშიც ჩემი აზრით, ჯერ–ჯერობით საუკეთესოა ფესტივალზე; სანდრა ჰულერთან ერთად, ფილმში „როზე“.