91 წლის ასაკში გარდაიცვალა ენიო მორიკონე, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპოზიტორი.
ალბათ ყველაზე უსმენოებსა და კინოსაგან შორს მყოფებსაც გაუგონიათ, რომ ენიო მორიკონე კინოსთვის წერდა მუსიკას. ისინი, სულ მცირე, ვესტერნს „ერთხელ ამერიკაში“ გაიხსენებენ, ან ცნობილი ფრანგული ფილმის, „პროფესიონალის“ მუსიკას წაიღიღინებენ. პრინციპში, ეს ყველაზე გაცვეთილი და ცნობილი კინოჰიტებია, რომლებიც ენიო მორიკონემ კინოს მიუძვნა. კომპოზიტორი 91 წლის ასაკში, მშობლიურ რომში გარდაიცვალა – ქალაქში, სადაც დაიბადა.
XX საუკუნის გამორჩეულმა იტალიელმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და არანჟირების დიდოსტატმა ოთხასზე მეტი ფილმის, სატელევიზიო სერიალისა და სპექტაკლისათვის შექმნა მუსიკა, რომელიც მის თაყვანისმცემლებს (და არამხოლოდ მათ) დღესაც მოსწონთ და ხვალაც ააღელვებთ.
მორიკონეს თანამშრომლობა სხვადასხვა ხარისხისა და რანგის რეჟისორებთან წარმოუდგენლად ფართო მასშტაბისაა: ბერნარდო ბერტოლუჩი („რევოლუციის წინ“, „სასაცილო კაცის ტრაგედია“, „მეოცე საუკუნე“), პიერ პაოლო პაზოლინი („თეორემა“, „დიდი და პატარა ჩიტები“, „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“), მარკო ბელოკიო („მუშტები ჯიბეში“), ელიო პეტრი („მუშათა კლასი სამოთხეში მიემგზავრება“), ჯულიანო მონტალდო („საკო და ვანცეტი“), ვალერიო ძურლინი („უდაბნო ტარტარი“), სერჯო ლეონეს ვესტერნები („კარგი, ცუდი, ბოროტი“, „რამდენიმე დოლარით მეტი“, „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „ერთხელ ამერიკაში“)…
ლამის უსასრულოა რეჟისორთა სია, რომელთა ფილმებში მორიკონეს მუსიკა ჟღერს. ზემოაღნიშნულ ცნობილ რეჟისორებს შეგვიძლია დავუმატოთ ლილიანა კავანი, ჯუზეპე ტორნატორე, დარიო არჯენტო, ფრანკო ძეფირელი, ფრანჩესკო როზი, მაურო ბოლონინი, დამიანო დამიანი, ჯონ კარპენტერი, ტერენს მალიკი, უილიამ ფრიდკინი, ბრაიან დე პალმა.. და მაინც, გამორჩეულად აღინიშნა მისი მუსიკა ქვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვიანი“, რომლისთვისაც 2015 წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო, „ოსკარი“ დაიმსახურა. თუმცა მანამდეც, 2007 წელს კინომუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უკვე ჰქონდა მიღებული საპატიო „ოსკარი“.
მაინც რამ განაპირობა ენიო მორიკონეს მუსიკის ასეთი პოპულარობა, რომელსაც სხვათა შორის, კრიტიკოსები ყოველთვის ადარებდნენ და ადარებენ მეორე დიდ იტალიელ კინოკომპოზიტორს – ნინო როტას? პირველ რიგში, ეს არის გამორჩეული მელოდიურობა, სიცოცხლისუნარიანობა, მრავაფეროვნება, არანჟირებისა და გაორკესტრების ბრწყინვალე უნარი. რაც ცოცხლად და ორგანულად არის განფენილი მთლიანად ორეკესტრსა და კინოგამოსახულებაში ერთდროულად. მორიკონეს ლამის ინსტინქტური და თანდაყოლილი ნიჭი – იგრძნოს რეჟისორის სტილი, გააცოცხლოს კინომასალა, ჰიტად გარდაქმნას ბუნებრივი და ძალიან ბანალური მუსიკალური თემები, დღესაც აღფრთოვანებას იწვევს.
მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მორიკონე ახალგაზრდობიდანვე წერდა მუსიკას საავტორო კინოს ცნობილი და აღიარებული რეჟისორებისთვის. რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, კომერციული კინოსთვის საჭიროზე მეტი ხარკი გაეღო. ზოგჯერ ასეთი ფილმების რაოდენობა მისი მუსიკის ხარისხს აშკარად აღემატება, თუმცა ავტორის „ხმას“ ანუ მის მუსიკას, კინოს მოყვარულები მაშინვე ცნობენ; იციან, რომ ეს მორიკონეა და არა სხვა ვინმე. რაც ფილმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, კინომუსიკა განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მხოლოდ კარგი კომპოზიციით, ან დასამახსოვრებელი მელოდიებით პოპულარობის მოპოვება ძნელია. ამიტომ, კინოკომპოზიტორთა გამორჩეულ ამქარში (მიშელ ლეგრანი, ჯონ უილიამსი, ნინო როტა, თომას ნიუმენი, ჰენრი მანჩინი, ვლადიმირ კოსმა, ფრანსის ლეი, ალან სილვესტრი და სხვა….) ადგილის დამკვიდრება მხოლოდ მის განსაკუთრებულ ნიჭსა და ინტუიციაზე მიუთითებს.
უფრო მარტივად და დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მორიკონემ შექმნა არამხოლოდ კარგი კინომუსიკა, არამედ დატოვა გამორჩეული საუნდტრეკები მეოცე საუკუნის კინოში… და კიდევ ერთი: მისი მუსიკა გამოკვეთილად იტალიური მელოდიებით, ჟღერადობითა და ემოციური კონტრასტების სიმკვეთრით გამოირჩევა. ის არის პოსტმოდერნისტული ეპოქის გამორჩეული კომპოზიტორი, რაც შესაბამისად, მის საუნდტრეკებშიც აისახა – ესაა ირონიული ფრაზირება, მუსიკის სტილიზაცია და ერთგვარი შავი იუმორი, რომელიც განაკუთრებით მკაფიოდ სერჯო ლეონეს „სპაგეტი-ვესტერნებიდან“ ჩაგვესმის. ამიტომაც, მისი მუსიკით შეკმაზული ვესტერნები ხშირად კლასიკურ და ფორმალისტურ საუნდრეკებზე მეტია.