ვისგან ისმის პანკისის ხმა?

ქრისტინე მუჯირი

თებერვლის შუა რიცხვებში პანკისი თოვლიანი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მზე უკვე ანათებს,  სუსტია და ძალიან ყინავს. მდინარე ალაზანი ოქროსფრად მოედინება. სოფელ ჯოყოლოს ცენტრში სკოლიდან მომავალი ბავშვები თამაშობენ. დიდი ხანია თოვლი არ ყოფილაო – ამბობენ და უხარიათ. სოფლის ცენტრში შეკრებილები თვალს ინტერესით გვადევნებენ და ვფიქრობ, უკვე კარგად იციან, ვინ ვართ და საიდან, რატომ და რა მიზეზით ჩავედით ხეობაში.

ჯერ სოფელ ჯოყოლოში Nazy’s guesthouse-ში შევიარეთ. საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ახალგაზრდა ქალია, ნაზი ჰქვია. გვეუბნება, რომ ცუდი გამოცდილებების გამო მან უარი თქვა ჟურნალისტების მიღებაზე. ამბობს, ყოველი ასეთი შემთხვევა ხეობის მოსახლეობისთვის ცუდის მომტანი იყოო. ნაზი წუხს, რომ ხშირად მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი თუ სტატია პანკისის შესახებ სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობდა ხელს. მას არ სურდა, ამის ნაწილი ყოფილიყო და უნდოდა, საზოგადოებაში გაძლიერებული სტიგმები დაემსხვრია.

საბედნიეროდ, ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სტუმრები ვიქნებით.

ბოლო წლებში პანკისი საზოგადოების  განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – თემირლან მაჩალიკავილის მკვლელობა; ჰესების მშენებლობა და  ადგილობრივების ბრძოლა მის წინააღმდეგ, სპეცრაზმის შეყვანა ხეობაში; ჰესებს მშენებლობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაზე ხეობაში მომხდარი მკვლელობა და ა.შ.

„ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ“ –  პარადოქსია, მაგრამ, როგორც  ამბობენ, მათ,  ქისტებს ეს  თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავი აქვთ დასამტკიცებელი, რომლისთვის ბრძოლაშიც შეწირულა ათწლეულები და მასთან ერთად ბევრი ოფლიცა და სისხლიც.

ვინ საუბრობს ამ და სხვა პრობლემაზე? როგორია ნამდვილი პანკისი და ვისგან ისმის ქისტების ხმა? რას ფიქრობენ, რა სურთ და რისთვის იბრძვიან ქისტები?

სულხანი

სულხან ბორძიკაშვილი 28 წლისაა. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ბევრ პრობლემას გადაწყდომია, ბევრიც უბრძოლია, ულაპარაკია და უწერია. სულხანი ერთ-ერთი მათგანია, ვისი ხმაც პანკისიდან ისმის.

მან 19-20 წლის ასაკში დაიწყო პანკისის შესახებ ჟურნალისტური მასალების მოკვლევა და დაკვირვება, რა იწერებოდა ხეობასა და ქისტებზე. აღმოაჩინა, რომ მაშინ ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები უმეტესად ტყუილი იყო.

სულხანი ამბობს, რომ მძიმედ ახსოვს ერთ-ერთი გამოგონილი ამბის შესახებ სტატია. სტატიის მიხედვით, თითქოს  შაჰიდ პანკისელ ქალს თავი უნდა აეფეთქებინა.

„მაშინ ვფიქრობდი, რომ რატომ არავინ არის ჩვენგან ვინმე, რომ დაწეროს, რეალურად რა ხდება და გააცნოს საზოგადოებას?“ –  ამბობს სულხანი.

გახდა ბლოგერი, შემდეგ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და ცდილობდა, ასე ეპასუხა ან ელაპარაკა ხალხთან პანკისს გარეთ.

„ჩემი აქტივიზმი იყო ჟურნალისტად მუშაობაც. მე ვერ ვყოფ ნამდვილ ჟურნალისტობასა და აქტივიზმს. ორივე სიმართლისთვის და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის“.

თავიდან მის აქტივობებს ხეობაშიც უნდობლად შეხვდნენ. ჯერ მათი ნდობა უნდა მოეპოვებინა, რაც რთული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზა იყო.

„წინააღმდეგობა იყო ძლიერი. ზოგადად, ხეობაში იყო ასეთი წარმოდგენა და დღემდე მოჰყვება ეს, რაც აქ ხდება, აქ დარჩეს და არ ვიყვიროთო.  მაგ პერიოდში ხეობაში საერთოდ არ არსებობდა ქისტი ჟურნალისტი, ბიჭისთვის ჟურნალისტობაც ცუდად აღიქმებოდა. ბევრი პრობლემა შემექმნა – იყო სახლში მოვარდნები, მეძებნენ და მირჩევდნენ საქმეებს“, –  ამბობს სულხანი.

სულხანი აღნიშნავს, რომ ხეობაში ნდობის მოპოვებას ართულებდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მუდმივი წნეხი და გავრცელებული ჭორები, რომ ის „ჩამშვები“ იყო, რომ საკუთარი მიზნები ჰქონდა და ამაში ორგანიზაციებისგან ფულს იღებდა.

სულხანის თქმით, მოგვიანებით მისმა აქტიურობამ დადებითი შედეგი მოიტანა და მის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა.

დროთა განმავლობაში, პანკისში თანდათან გამოჩნდენ ახალგაზრდები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი. სულხანი იხსენებს პანკისში 2019 წლის აპრილში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ამბობს, რომ იყო თხოვნაც და მუქარაც, რათა გაჩერებულიყო. მაგრამ არ გაჩერდა. საზღვრის გადაკვეთისას შეექმნა პრობლემები, ვერ იღებს ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან.

„ამ სამყაროში საზღვრის გადაკვეთისას ორ ქვეყანაში შემექმნა პრობლემა,  ჩემსავე ქვეყანაში და მეორე – რუსეთში. სხვაგან ევროპასა თუ ამერიკაში არსად შემქმნია.  არ შემიძლია ფულადი გზავნილის აღება. რომ მივწერე  დიდი წერილი Western Union-ს, რა ხდება-მეთქი,  აღმოჩნდა, რომ ჩემივე სახელმწიფომ გაგზავნა წერილი, რომ მე საეჭვო პირებთან ვარ დაკავშირებული“, – ამბობს ის.

სულხან ბორძიკაშვილის თქმით, 21 აპრილის [სპეცოპერაციის] შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს აქტივისტების „დაშლა“ სურდათ.

 „მარტოც რომ დავრჩე, მაინც ვიყვირებ“ – მშვიდად და მტკიცედ ამბობს სულხანი.

მისი თქმით, რჩევები, მუქარები, პოლიციაში დაბარებები არ ადარდებდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ადრე უფრო ჰქონდა შიშის მომენტი, ახლა ნაკლებად. ერთადერთი ახლა სხვა აქტივისტების მიერ პანკისის ხეობის დატოვება აფიქრებს, რაც, მისი თქმით, ასევე იმ წნეხმა და ბოლო ერთ წელიწადში პანკისში შექმნილმა საერთო მძიმე სიტუაციამ განაპირობა.

„რა უნდა მიქნან, ჩამსვამენ? თუ უდანაშაულოდ ჩამსვამენ ამას ამბავიც მოჰყვება. თუ არადა, ვიჯდები რა. ამ შიშით ვიჯდე სახლში? თან ვხედავდე, რომ ამდენი რამ ხდება?

ადრე ვიყავით აქტივისტების დიდი ჯგუფი, ახლა 2-3 დავრჩით, დარჩენილებმაც თუ ხმა არ ამოვიღეთ, მერე რა უნდა მოხდეს? გამოდის, რომ აღწევენ იმ მიზანს, რაც სახვეწარი ჰქონდათ. ეს რომ არ მიაღწიონ, სულ რომ მარტო დავრჩე, ვიყვირებ“.

ნაზი

ნაზი დაქიშვილი ჩვენი სასტუმროს მეპატრონეა. ვთხოვთ და ისიც თანხმდება ინტერვიუს. როგორც ნაზი ამბობს, აქტივისტობა არც დაუგეგმავს და არც განუზრახავს, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, რამ განაპირობა ჩართულიყო აქტივისტურ ბრძოლაში, კითხვებითვე გვპასუხობს: „რატომ ვართ ჩვენ გამორჩეული და რატომ ვიმსახურებთ სხვა დამოკდებულებას მთავრობის მხრიდან? რატომ არ განვიხილებით საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებად? რატომ ვართ ყოველთვის დაკვირვების ობიექტი?“.

მისი თქმით, სწორედ ამ კითხვებმა და უსამართლობის განცდამ აიძულა ის, ამოეღო ხმა, ესაუბრა და ამასთან ერთად სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინა, რომელიც ხეობის მოსახლეობას დაეხმარებოდა და სხვებს კი დაანახებდა ხეობის ხიბლს, ეტყოდა მათ, რომ პანკისი არ არის ის, რასაც  ეკრანებზე ხედავთ და რასაც კითხულობთ.

„როდესაც ინტერნეტში პანკისის შესახებ სტატიებს ვკითხულობდი, ვამბობდი, ნეტავ არის სადმე სხვა ადგილი, რომელსაც პანკისი ჰქვია?“

მისი თქმით, პირველად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ ამოიღო ხმა და ამის შემდეგ ხმამაღლა დაიწყო საუბარი პრობლემებზე. ნაზი აღნიშნავს, რომ თემირლანის მკვლელობამ ხეობაში ბევრი რამ განაპირობა. გაამწვავა იმ უსამართლობისა და დაუცველობის შეგრძნება, რაც ისედაც ჰქონდათ ადგილობრივ ქისტებს და რასაც მოჰყვა ოჯახების მიერ პანკისის ხეობის დატოვება, გადასახლება. ნაზის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში მიგრაციის მასშტაბიც გაიზარდა.

„სულ შიშით გვიწევს ცხოვრება, თუ რამეში დასჭირდა ხელისუფლებას, შესაძლოა,  პირდაპირ შემოვიდნენ სახლში, გამოიყენონ ჩვენი შვილები. ამის გამო ძალიან ბევრი წავიდა  საქართველოდან ევროპასა თუ ჩეჩნეთში საცხოვრებლად. ეს იმისთვის, რომ იგივე არ გამოსცადონ“,  – ამბობს ნაზი.

ნაზის თქმით, სინამდვილეში პანკისის მოსახლეობა უფრო სახელმწიფოებრივად ფიქრობს და აზროვნებს, ვიდრე თავად მთავრობა. ნაცვლად იმისა, ქვეყანამ იზრუნოს მის მოქალაქეებზე და პანკისისგან მიიღოს სარგებელი, განავითაროს ტურიზმი, წარმოჩნდეს, როგორც მრაფალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანა, პირიქით, პანკისს აცხადებს საფრთხედ. მაშინ, როცა სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მასშტაბით პანკისში დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„სახელმწიფოს რომ პანკისი ერთ-ერთი უსაფრთხო რეგიონად ეღიარებინა, ჩვენ გაცილებით გაგვიადვილდებოდა ტურიზმის განვითარება ადგილზე. დღეს აქ რაც არის, ჩვენი ძალებით შევქმენით. წლების განმავლობაში მოკერებული გვაქვს ეს იარლიყად, რომ აქ ტერორისტები ცხოვრობენ, ადამიანებს იტაცებენ. სახელმწიფომ არ იზრუნა, რომ პანკისისთვის ეს იარლიყი მოეხსნა, პირიქით. ამას თავადაც უწყობდა ხელს თავისი პოლიტიკით“, – გვეუბნება ის.

წლების წინ წავიდა და ნახა, როგორ ვითარდებოდა ტურიზმი საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, გახსნა საოჯახო სასტუმრო ჯოყოლოში, დაასაქმა გიდები, იბრძოლა იმისთვისაც, რომ ტურისტული ბილიკები შექმნილიყო პანკისში და იმედი ჰქონდა, რომ ამით ახალგაზრდებს პანკისში დარჩენის სურვილს გაუჩენდა. ფიქრობს, რომ ამ აქტივობებმა გარკვეულწილად შედეგი გამოიღო.

ნაზისთვის მნიშვნელოვანია, სიკეთე თანაბრად იყოს გადანაწილებული. ამიტომ შექმნა „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია“. ასოციაციაში გააერთიანა ქალები, რომლებმაც იცოდნენ სხვადასხვა ხელსაქმე, ჰქონდათ საოჯახო სასტუმრო.

ნაზის ოჯახმა გაყიდა ცხენები, რათა ამით სარგებელი სხვებსაც მიეღო და ტურისტს, რომელიც მის სასტუმროში რჩებოდა, შემდეგ სხვებისგან ექირავებინა ცხენები და არა ისევ ნაზისგან.

„სჯობია, რომ ყველანი ერთად ჩავერთოთ, რათა ყველამ იგრძნოს, რომ ისინი არიან ამ პოზიტიური ცვლილების თანამონაწილეები, რომ სიკეთე განაწილებული იყოს ყველასთვის და არ იყოს მონოპოლიზებული ჩემთან“, – აცხადებს ნაზი.

ამბობს, რომ ერთხელ სოციალურ ქსელში წაიკითხა კომენტარი, სადაც ეწერა, რა გაუკეთებიათ ქისტებს საქართველოსთვის? მისი თქმით, უმეტესად პანკისის გარეთ საზოგადოება ხეობის მოსახლეობას აღიქვამს, როგორც გაუნათლებლებს და ამგვარ აღქმას თან დაემატა ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის თითქოს ხეობის სახე გახდა და მაშინ თქვა, რომ ეს არ იყო სიმართლე და ამისთვის რამე უნდა გაეკეთებინა.

„ჩვენ გვყავს გაცილებით წარმატებული ისტორიკოსები, მასწავლებლები, ექიმები, ახალგაზრდები, აქტივისტები, შესაბამისად, ესენი უნდა გაიცნოს ხალხმა და დავიწყე დოკუმენტურ მასალაზე მუშაობა „პანკისელი ქისტები“, – ამბობს ნაზი.

ნაზის ეს პროექტი, ერთ-ერთი ჩეხი პროფესორის დახმარებით, რომელიც პანკისში იმყოფებოდა, რამდენჯერმე გამოიფინა საზღვარგარეთ.

 „პანკისი ყოველთვის განტევების ვაცი იყო ხელისუფლებებისთვის“

რამზანი

დუისიდან ვუხვევთ, ალაზანი უნდა გადავჭრათ ხიდით და მერე სოფელ ხალაწნისკენ გავუხვიოთ. მზეც ჩადის და ყინვა უფრო ძლიერდება. რამზან გორგიშვილს უნდა შევხვდეთ. რამზანი ჭიშკართან გვხვდება. სახლში თბილა, ოჯახის წევრები საინფორმაციო გამოშვებას უყურებენ.

რამზანი 23 წლისაა. ამბობს, რომ ვერც კი გააცნობიერა, როდის ჩაერთო აქტივიზმში. მისთვის მტკივნეული იყო, როგორ აღიქვამდა ხელისუფლებები პანკისს.

„თუ გადავხედავთ ხელისუფლებების პოლიტიკას პანკისის მიმართ, კარგად ჩანს, რომ ისინი ყოველთვის იყენებდნენ პანკისს, როგორც ინსტრუმენტს თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად, პოლიტიკური ქულების დასაწერად ან საკუთარი წარუმატებლობის დასაფარად“, – გვეუბნება რამზანი.

მისი თქმით, აქტივისტების მობილიზება ჰესის მშენებლობის საკითხს მოჰყვა. მათ დიდი საქმე გასწიეს, მაგრამ თან დიდი პრობლემებიც შეიქმნა.

„ცდილობდნენ, თემში განხეთქილება გამოეწვიათ, ჭორებს ავრცელებდნენ, სერიოზული კამპანია იყო აქტივისტების წინააღმდეგ“.

რამზანი იხსენებს, რომ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჰესების საწინააღმდეგო საორგანიზაციო ჯგუფში, ხშირად იბარებდნენ პოლიციაში, სტუმრობდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, აფრთხილებდნენ, „რჩევებს აძლევდნენ“ და ა.შ. სწორედ ამიტომ დატოვა მან ქვეყანა. ისიც ხაზს უსვამს, რომ ამგვარი მოცემულების წინაშე დადგა ახალგაზრდების ნაწილი პანკისში.

პანკისი დატოვა რამზანის ძმამ ისლამმაც.

რამზანის სახლიდან გამოვდივართ, ბნელა. სასტუმროსკენ დავიძარით. დამღლელი დღე იყო, მაგრამ ყველა მათგანი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

ისლამი

ისლამს სოციალური ქსელით დავეკონტაქტეთ. იგი ახლა ფინეთში ცხოვრობს. ამ ეტაპზე ენის შემსწავლელ კურსებს გადის, თუმცა მომავალში გადაწყვეტილი აქვს, იქ გააგრძელოს სწავლა.

„რატომ უნდა მიწევდეს მუდმივად თავის მართლება, რისთვის?“ – ამბობს ის.

ისლამი საუბარს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობით იწყებს. მას სჯერა, რომ არათუ სპეცრაზმი, ერთი პოლიციელიც კი აიყვანდა მას და ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. ამასთან ამ სპეცოპერაციით შექმნეს იმიჯი, რომ ხეობა საშიშია.

„ყოველ უბედურებას მოსდევს მეორე უბედურება. ერთი ჭრილობის მოშუშებას მეორე ჭრილობა… თითქოს მივეჩვიეთ ამას და კარგს კი არ ველოდებით, ცუდს ველოდებით, სულ შიშში ვართ,  ვემზადებით ხოლმე. ოპტიმიზმი საერთოდ დაკარგული გვაქვს“, – ამბობს ისლამი.

მისი და მისი მეგობრების მთავარი მიზანი, პანკისის შესახებ ცრუ წარმოდგენების დამსხვრევა იყო.

„ხელისუფლებიდანაც იყო და არის გზავნილები, რომ ეს აქტიურობა შევწყვიტოთ, რადგან სახელმწიფო ინტერესებს ვაზარალებთ და სჯობს, ჩუმად ვიყოთ. რომელ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნიშნავს აზრის დაფიქსირება სახელმწიფო ინტერესების დაზარალებას?“, -ამბობს ისლამი.

ისლამის თქმით, ყოველ პროტესტს სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობა მოჰყვებოდა ხეობაში.

„ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და უხუცესებს იბარებდნენ პოლიციაში, მათ აშანტაჟებდნენ, იყო მუქარები, რომ ეს პროტესტის მუხტი ჩაეხშოთ“.

ისლამი ამბობს, რომ დაიღალა მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ყოფნით. მტკიცებით, რომ – დიახ, პანკისში ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, ჩვეულებრივი სირვილებითა და მისწრაფებებით. ამ ბრძოლის პარალელურად კი წლები გადის და არაფერი იცვლება. ამიტომ წავიდა. წავიდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო. თუმცა ამბობს, რომ პანკისისგან სიშორე არ ნიშნავს, რომ ვერ გრძნობს და არ აღელვებს ის. ის დისტანციურად აქტიურად არის ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში.

ეთერი

ეთერ ციხესაშვილი პანკისში ქალთა საბჭოს წევრია. პირველად 3 წლის წინ ვნახე დუისში. მაშინ  მან ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ტენისის მაგიდები იყიდა  ქისტი და ქართველი გოგონებისთვის. ეთერი მათ თამაშს ასწავლიდა. მისი თქმით, მაგიდების შეძენის მთავარი იდეა ქისტი და ქართველი გოგონების მეგობრობის გამყარება იყო.

ეთერი მაშინ ძალიან ოპტიმისტი და მხიარული იყო, ბევრი იდეითა და ინიციატივით, რათა პანკისელი ახალგაზრდების რეალობა შეცვლილიყო.

ახლა მას ქალთა საბჭოს შენობაში ვხვდებით.

გვეკითხება – რისთვის ვართ ჩამოსული. ის წარსულში უფრო მხიარული მახსოვს, თვითონაც ამბობს, რომ ბევრი რამ შეიცვალა მისთვის.

„ჩაკვდა ყველაფერი, ხალისიც აღარ არის ცხოვრების. ჩვენ მარტო საკუთარი ბედი კი არა, ქვეყნის ბედიც გვანაღვლებს“.

მისი თქმით, ბოლო წლებში პანკისში განვითარებული მოვლენები ყველას განწყობაზე აისახა, უსამართლობის შეგრძნება გაძლიერდა და ხალხი დაიღალა.

„ადამიანზე ყველაფერი მოქმედებს. რაც ხდება, კარგიც და ცუდიც, როგორ შეიძლებოდა ასეთ გარემოს, გავლენა არ მოეხდინა?“ – ამბობს ეთერი.

ეთერსაც საოჯახო სასტუმრო აქვს. პანკისის მიმართ მცდარი წარმოდგენების დასამსხვრევად საუკეთესო საშუალებად ტურიზმის განვითარება ესახება.

ფიქრობს – რომ არა პანკისელი ქისტების ხასიათი, გაჭირვების ჟამს ერთმანეთს გვერდით დგომის უნარი, მათ ძალიან გაუჭირდებოდათ ამგვარ პირობებში. აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მცდარი წარმოდგენებისა, ხეობის მიმართ, დანარჩენი საქართველოდან გრძნობს მხარდაჭერას.

ეთერი პანკისში ჩვენი ბოლო რესპონდენტია.

უკან ვბრუნდებით.  ალაზანს ჩავუარეთ, ფოტოებს ვიღებთ. მდინარე მზის სხივების ფონზე კვლავ ოქროსფერი ჩანდა. გამახსენდა, ერთ-ერთი პანკისელი გვეუბნებოდა, ალაზანი ფაქტობრივად ჩვენი იდენტობაა და ამიტომაც ვუფრთხილდებით და გავუფრთხილდებითო.