ვისია ლისი?

ქრისტინე მუჯირი

„ჩემთვის ახლა ეს ერთადერთი ადგილია თბილისში, რომელიც მეიმედება“

სამსახურისა და საოჯახო საქმეების შემდეგ ლისის ტერიტორიაზე სეირნობა ანასთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. ამბობს, რომ წლების წინ ლისის ტბაზე უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც დადიოდა მეგობრებთან ერთად. ახლა კი მისთვის კვირაში რამდენჯერმე მარტო სეირნობა განტვირთვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა.

„დღეს ჩემთვის ამ ადგილის დანიშნულება ცოტათი შეიცვალა. ვირუსის პირობებში, როცა სოციალურ კონტაქტებს ვერიდები, ლისის ტბაზე ძირითადად მარტო დავდივარ. შეიძლება ვთქვა, რომ ერთადერთი ადგილია ახლა თბილისში, რომელიც მეიმედება. თან ერთი წლის წინ კანზე ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად დავიწყე ლისზე ფეხით, ზოგჯერ –  ველოსიპედით სეირნობა.

ასეთი ადგილები, როგორიც ლისის ტბაა, ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, ზედმეტი ჩარევისა და ტურისტული ინფრასტრუქტურით დატვირთვის გარეშე. მთავარი და ღირებული სარგებელი, რაც აქ ადამიანმა შეიძლება მიიღოს, არის დასვენება/რეკრეაცია და ბუნებასთან ახლოს ყოფნა“, – ამბობს ანა.

„ეს სივრცე ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ სუფთა ჰაერზე ითამაშონ“

გიორგი ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებლად ნახევარი წლის წინ გადავიდა. პანდემიის პირობებში დისტანციურად მუშაობს და თავისი საქმის დიდ ნაწილს სახლიდან აკეთებს. ფიზიკურად ყოველთვის აქტიური იყო, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კი ძველებურად დატვირთული აღარ არის, რამაც მის ჯანმრთელობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ამიტომაც ის ლისის ტბის შემოგარენში კვირაში რამდენჯერმე ადის და სეირნობს. ამბობს, რომ ლისამდე მისასვლელი გზა ქვეითებისთვის მოუწესრიგებელია, თუმცა ავტომანქანებთან „ბრძოლა“ ღირს იმად, რომ ამ სარეკრეაციო სივრცით ისარგებლოს.

„შაბათ-კვირას განსაკუთრებით იგრძნობა ხალხის სიმრავლე. ხშირად დიდი ძალისხმევის გაწევა გიწევს, რომ ადამიანებს გვერდი აუარო. ეს ის გამონაკლისი სივრცეა, სადაც მცხოვრებლებს შეუძლიათ, ფიზიკურად განიტვირთონ, ივარჯიშონ; ბავშვებს საშუალება მისცენ, სუფთა ჰაერზე ითამაშონ და მანქანის გამონაბოლქვიანი გარემო ოდნავ მაინც, გამწვანებული სივრცით შეუცვალონ“, – ამბობს ის.

„იმედია, აქაც არ ვიხილავთ მშენებლობებს“

ელენეც მეუღლესთან ერთად კემპინგისთვის ხშირად ლისის მიმდებარედ, ტყეში დადის. მისი აზრით, იმ პირობებში, როცა შეუძლებელია ქალაქიდან გასვლა, ეს საუკეთესო საშუალებაა მწვანე, ბუნებრივ სივრცეში დროის გასატარებლად და დასასვენებლად.

„ამ სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ გასვლა შეიძლება ყოველ შაბათ-კვირას ვერ მოახერხო. აქ კი თბილისის ცენტრიდან რამდენიმე წუთში ისეთ გარემოში ხვდები, რომელიც განსხვავებულია ქალაქში არსებული ყველა სხვა რეკრეაციული ზონისგან. აქ შეგიძლია ბუნებაში გააბა ჰამაკი, მოაწყო პიკნიკი, ისარგებლო სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკით, ნახო ხედი ტბაზე, რომელიც ზემოდან ბევრად უფრო ლამაზია და დაბრუნდე უკან ისეთი შეგრძნებით, თითქოს ქალაქიდან შორს იყავი.

მახსოვს, პირველად რომ შემოვიარეთ ტბის ზემოთ არსებული სივრცე, როგორი გაოცებული დავრჩი მისი პოტენციალის აღმოჩენით, განსაკუთრებით კემპინგის მოყვარულებისთვის. ამას გარდა, აქ შეგვხვედრიან ადამიანები კვადროციკლებითა და სამთო ველოსიპედებით. ლისის არეალის ამ სახით შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის და იმედია, აქაც არ ვიხილავთ მშენებლობებს“, – გვითხრა მან.

 

რატომ ლისი?

„ისტორიულად ეს ტერიტორია სამი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენებოდა – სატყეო, სასოფლოსამეურნეო და სარეკრეაციო, თუმცა დღეისთვის ამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებელი დანიშნულებით, უსისტემოდ ვითარდება – წერია თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტში ლისის არეალის შესახებ. ამიტომაც, 2019 წელს, მაშინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის დოკუმენტი დამტკიცდა, ლისის ტბის არეალს შეზღუდვა დაუწესდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ლისის არეალის სამშენებლოდ განვითარება დაუშვებელი იყო მანამდე, სანამ თბილისის მერია მისი განვითარების დეტალურ გეგმას არ შეიმუშავებდა.

კვლევებისა და შემდგომში დაგეგმარების პროექტის მომზადების მიზანი იყო – კვლევების საფუძველზე ლისის ტბის მიმდებარე არეალის ქალაქმშენებლობითი პირობების დაზუსტება, რაც სამომავლოდ დედაქალაქის მთავრობას აღნიშნული ტერიტორიის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებისთვის უნდა გაეთვალისწინებინა.

თუმცა, მერიამ 2020 წლის ივლისში ამ არეალს დადებული შეზღუდვა მოუხსნა. მერიის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ლისის არეალს შეზღუდვა სხვა 10 არეალთან ერთად მოეხსნა, რადგან მათ შეისწავლეს ამ ტერიტორიების საჭიროებები და შესაბამისი კვლევები ჩატარდა.

„პუბლიკამ“ სექტემბერში თბილისის მერიის ურბანული სამსახურიდან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რა კვლევის საფუძველზე და რა დასაბუთებების მიხედვით მოეხსნა შეზღუდვა დედაქალაქის 11 არეალს, რომელთა შორის ლისის ტბის არეალიცაა.

თბილისის მერიამ „პუბლიკას“ მხოლოდ ლისისა და შინდისი-ტაბახმელას არეალების კვლევა მიაწოდა. თუმცა  კვლევაში ჩართული საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები გასულ თვეში „პუბლიკასთან“ აცხადებდნენ, რომ პროექტი არ დასრულებულა, რომ მათ ლისის ტბაზე არსებული სიტუაცია შეისწავლეს და მომდევნო ეტაპზე, ანუ დაგეგმვის ეტაპზე გადასვლა ვეღარ მოახერხეს. კვლევაში ჩართული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ თბილისის მერიამ ჩაიბარა ლისის არეალზე არსებული მდგომარეობის შესახებ დამუშავებული მასალები, ანუ მხოლოდ ერთგვარი შესავალი კვლევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მერიამ თქვა, რომ ეს მონაცემები საკმარისი იყო მათთვის, დარჩენილ ნაწილზე კი თავად იმუშავებდნენ.

ლისის არეალის სარეკრეაციო და ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე არაერთი ექსპერტი, თუ დარგის სპეციალისტი საუბრობს. რა ბედი ელის არეალს? როგორია მისი განაშენიანების გეგმა? არსებობს კი ეს გეგმა და რით ასაბუთებს მერია შეზღუდვების მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას? ამ კითხვებით ჩვენ თბილისის მერიას არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია BAU design-ისა და მისი ქვეკონტრაქტორების მიერ მუშავდებოდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორი შიო დემეტრაშვილი, რომელიც ლისის არეალის კვლევის პროექტში იყო ჩართული, ლისის არეალის განაშენიანების ისტორიას იხსენებს და სარეკრეაციო თვალსაზრისით ამ სივრცის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

მისი თქმით, ლისის არეალი თბილისის ნაწილი 2006 წლიდან ხდება. მანამდე ის მცხეთას ეკუთვნის. რადგან თბილისს აქვს მსხვილი ეკონომიკური გავლენა, თბილისის გარშემო დაიწყო განაშენიანება და ლისის შემოერთების გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ,  ეკონომიკურ საბინაო ბუმს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ქალაქის იპოდრომიც ოფიციალურად ლისზე გადადის, თუმცა, ამ ეტაპზე იპოდრომის ბედი კვლავ გაურკვეველია და რეალურად ის ქალაქს კვლავ არ გააჩნია.

მისი თქმით, ლისის არეალი უზარმაზარი ტერიტორიაა. საპროექტო, საკვლევი არეალი მოიცავდა 1 127.73 ჰა-ს. ეს ტერიტორიები წარსულში სასოფლო მიწები იყო, ახლა ამ არეალში ხვდება სოფელი ლისი და სოფელი თხინვალაც. ამ მიწების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეოდ აღარ გამოიყენება, ის დანაწევრდა და ახლა კერძო საკუთრებაშია, უსისტემოდ გაშენებული.

როგორც ის ამბობს, ლისის ტბის სარეკრეაციო სივრცე საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა და გაშენდა, არსებობდა ლისის ტბის სარეკრეაციო სივრცეების გაფართოების გეგმაც.

„რეალურად თბილისს აქვს ბევრი სარეკრეაციო სივრცე ქალაქის გარშემო, მაგრამ მასთან ფიზიკურად ვერ მიხვალ – ან მანქანით უნდა წახვიდე, ან არაფორმალური ბილიკებითა და გზებით. ქალაქში ურბანული ბუნებრივი პარკი არ გვაქვს. ლისის ტბის არეალი კი ძალიან ახლოსაა ურბანულ ტერიტორიასთან და პოტენციურად ძალიან კარგი, მასშტაბური და ხელსაყრელია ქალაქისთვის. იმის ნაცვლად, რომ ის სისტემურად დაგეგმილიყო და შესაბამისად განვითარებულიყო, ეს პროცესი გაჩერდა“, – ამბობს შიო დემეტრაშვილი.

არქიტექტორი გვიყვება, რომ ლისის ტბის მიმდებარედ დასაშვები უნდა იყოს უპირატესად სპორტული და სარეკრეაციო დანიშნულების შენობები და არა საცხოვრებელი, საოფისე და სხვა ფუნქციის მქონე ინფრასტქრუქტურა. ის ხაზს უსვამს, რომ ლისის არეალში მოქცეული სოფლის ტიპის დასახლებები უსისტემოდაა განვითარებული. მათი პროექტის   მიზანი კი იყო, რომ ის ჩარჩოებში მოქცეულიყო და სამომავლოდ მის განაშენიანებას ჩამოყალიბებული სახე მისცემოდა. მისი თქმით, ამგვარი უსისტემო განვითარება საბოლოოდ მუნიციპალიტეტს დამატებით პრობლემებს შეუქმნის, რაც კიდევ უფრო რთულად გადასაჭრელი გახდება.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ღირებულებათა მხოლოდ ნაწილი, მათ შორის ლანდშაფტური ნაწილი. განვსაზღვრეთ პრობლემათა სირთულე, რა დაპირისპირებაა ბუნებრივ გარემოს, საზოგადოებრივ ინტერესსა და კერძო მესაკუთრეების ინტერესებს შორის.

ვფიქრობდით, ზუსტად განგვესაზღვრა, სად შეიძლებოდა მშენებლობა და სად არა. რადგან არსებობენ კერძო მესაკუთრეები, ვფიქრობდით რომ გვეთქვა, როგორ და რა მოდელით შეიძლებოდა მათი ინტერესების დაკმაყოფილება. რაც უკვე კვლევის შემდეგი ეტაპის ამოცანა იყო, თუმცა ეს არ დაგვცალდა“, – ამბობს ის.

სპეციალისტების ნაწილი მიუთითებს, რომ ლისის არეალის კვლევის საწყის ეტაპზე შეჩერება შესაძლოა განპირობებული იყო იმით, რომ აქ კერძო მესაკუთრეებისგან ქალაქის მთავრობაზე იყო ზეწოლა. ამაზე ჩვენთან ჩეხი ექსპერტიც საუბრობს, რომელიც  კვლევის პროცესში იყო ჩართული და ლანდშაფტის ნაწილს იკვლევდა.

მაიკლ ჰოსეკი აცხადებს, რომ ლისის არეალი ერთ-ერთი იშვიათი და ამ ეტაპზე საკმაოდ შენახული ბუნებრივი ადგილია დედაქალაქის მასშტაბით. „ამდენად, დიდია მის მიმართ დეველოპერების ინტერესიც (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ახლად გაჩენილი დასახლებები გვხვდება). საჭიროა, ტერიტორია შენარჩუნდეს, როგორც რეკრეაციული სივრცე, რადგან მას აქვს ბუნებრივი პოტენციალი, დედაქალაქის პერიფერიაში იქცეს ურბანულ პარკად“.

ვის ეკუთვნის ლისი, ანუ როგორ ნაწილდება ტერიტორიები ლისის არეალზე

რა სიტუაციაა ლისის ტერიტორიაზე? არეალის რა ნაწილია კერძო საკუთრებაში? რამდენი ეკუთვნის მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფოს? რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე?

ქვემოთ მოყვანილი ცნობები ტერიტორიის განაწილებისა და სამშენებლო ნებართვის შესახებ „ბაუ დიზანის“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, არეალზე შეინიშნება საკუთრების რეგისტრაციის აქტიური პროცესი, დარეგისტრირებული საკუთრების მთლიანი ფართობი არის 994.28 ჰა, რაც არეალის 88.2%-ს შეადგენს.

რეგისტრირებული ნაკვეთების საერთო ფართობის 65% (646.27 ჰა) მოდის კერძო საკუთრებაზე, ხოლო 34.3% (341.06 ჰა) – სახელმწიფოს საკუთრებაა. მხოლოდ 0.7% (6.93 ჰა) არის გაურკვეველი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაურეგისტრირებელი ფართობები შესაძლოა სახელმწიფო რესურსად იქნას მიჩნეული.

*შენიშვნა: სურათზე დაახლოებით არის ნაჩვენები, თუ როგორ ნაწილდება მიწის ნაკვეთები

„არეალი გამორჩეულად მიმზიდველია და მისით ინტერესდებიან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მსხვილი იურიდიული პირებიც“, -წერია კვლევაში.

2020 წლის მარტის მონაცემებით, 2007 წლიდან ლისის არეალზე მშენებლობის 582 ნებართვაა გაცემული, რომელიც 60.64 ჰა-ს მოიცავს.  აქედან ყველაზე მეტი 144 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა 2019 წელს გაიცა, 2020 წელს კი ნებართვა 36 ობიექტზე გაიცა.  

ტერიტორიაზე გაცემულ ნებართვებში ძირითადად ჭარბობს საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობები, შემდეგ მოდის მრავალფუნქციური და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შენობები. ხოლო იშვიათად – საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფოები.

„პუბლიკამ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე  tas.ge-ზე ბოლო რამდენიმე თვეში გაცემული მშენებლობის ნებართვები გადაამოწმა. მაგ: ერთ-ერთ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2020 წლის 6 ივლისს – მანამდე, სანამ დედაქალაქის მერია შეზღუდვებს მოხსნიდა. ნაკვეთი ლისის ტბიდან 700-800 მეტრითაა დაშორებული და იქ კერძო სახლის მშენებლობა იგეგმება.

როგორც არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, ამ კონკრეტულ არეალზე მშენებლობის ნებართვის გაცემა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში მოხდა და ის არ ეწინააღმდეგებოდა იმ შეზღუდვებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტში არსებობდა.

ლისის არეალის კვლევაში მონიშნულია ერთ-ერთი ტერიტორია, როგორც პრობლემური. ილუსტრაციაზე ნაჩვენებია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საკუთრება, რომელზეც გაურკვეველი სტატუსის მქონე 28 ნაკვეთია წარმოდგენილი.

„სავარაუდოდ აღნიშნულ ნაკვეთებზე რეგისტრაციის პროცესი ახალდაწყებულია და შესაძლოა, გარკვეული დროის შემდგომ განსხვავებული სურათი მივიღოთ, კერძოდ, მუნიციპალური საკუთრების ჩანაცვლება ახალი საკუთრებით“, – ვკითხულობთ კვლევაში.

Google earth-ზე დაყრდნობით, ლისის ტბის მიმდებარედ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები 200-300 მეტრის დაშორებით გვხვდება.

„ლისის არეალის სამშენებლოდ განვითარება, როგორც ანტისაზოგადოებრივი ქმედება“

იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელია, წლებია ქალაქში ურბანული განაშენიანების საკითხებზე საჯარო ინტერესების დასაცავად იბრძვის. მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ წლებია მიმდინარეობს ტერიტორიის განაშენიანება კერძო სახლებითა და გაუგებარი არქიტექტურული ღირებულებების მქონე შენობებით. ტერიტორია კი დაბინძურებულია სამშენებლო ნაგვით.

ის მიიჩნევს, რომ ქალაქს აქვს საჯარო-სარეკრეაციო სივრცეების დეფიციტი და ამ პირობებში ლისის არეალის  სამშენებლო არეალად აღქმა ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა.

მისი თქმით, ლისის არეალზე ტერიტორიების გასხვისება დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია და დღეს მერიის გაურკვეველი გადაწყვეტილება, სარეკრეაციო ზონისთვის აუცილებელი რეგულაციების გარეშე დატოვოს ეს ტერიტორია, ყოველგვარი განმარტებებისა და დასაბუთებების გარეშე ამ დანაშუალებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ეს ოდესღაც სახელმწიფოსგან არის გასხვისებული. ის იყო ჩემი, შენი და საზოგადოების საკუთრება და ახლა მისგან კომერციულ სარგებელს მხოლოდ კერძო პირები მიიღებენ, რომლებსაც არანაირი სხვა უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ რაღაცის გამო პრივილეგია მიენიჭათ და იყიდეს ეს ტერიტორიები. ეს პოლიტიკა კალაძემაც გაიმეორა და ამ არეალისთვის შეზღუდვის მოხსნით, დაამტკიცა, რომ ისიც ამავეს აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამას უყურებს როგორც ერთჯერადი გამდიდრების საშუალებას და არა როგორც საჯარო სივრცეს, რაც მიუღებელია“, – ამბობს ის.

ანანო ცინცაბაძე „პუბლიკასთან“ მერიის ურბანულ პოლიტიკას, მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და მათ გადაწყვეტილებებს აფასებს. იურისტის დაკვირვებით, თბილისის მერი და ზოგადად, მერიის შესაბამისი უწყებები, შესაძლოა, საჯარო ინტერესების დაცვის ინიციატივებით გამოდიოდნენ, თუმცა პრაქტიკაში ეს მათ გადაწყვეტილებებზე არ აისახება.

მისი თქმით, დღევანდელი მერიის ურბანულ პოლიტიკას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტიც აჩვენებს. საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ დოკუმენტი მოაგვარებდა დედაქალაქის ქაოსური განაშენიანებისა და საჯარო სივრცეების დაკარგვის პრობლემას, რომ გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე თბილისის მასშტაბით 11 არეალზე დადებული შეზღუდვები უნდა ყოფილიყო, რითაც დეტალური გეგმების შემუშავებამდე მათი განაშენიანება იზღუდებოდა. თუმცა ამ გადაწყვეტილების ბედი მალევე შეტრიალდა.

„არაერთ შეხვედრასა და განხილვაზე ვყოფილვართ, სადაც მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ 11 არეალის დაცვას, როგორც გენგეგმის მთავარ სარგებელს წინ წამოწევდნენ ხოლმე. აცხადებდნენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქალაქის სარეკრეაციო ზონების დასაცავად. მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს კარგი გადაწყვეტილება უცებ შეიცვალა. მოხსნეს შეზღუდვები. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს და ხვალ დაიწყება განაშენიანება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ განაშენიანებას, ფაქტობრივადრად აღარაფერი აბრკოლებს.- ამბობს ის.

ცინცაბაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკას აჩვენებს ასევე ურბანული სამსახურის ფორმირებისა და შემდეგში მისი დაშლის პროცესიც. მისი თქმით, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, დაიწყო ურბანული სამსახურის რეფორმა. თანამდებობებზე დაინიშნნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც საზოგადოების ნდობა ჰქონდათ.  მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ურბანული სამსახური პასუხისმგებელი იქნებოდა ქალაქის სწორად განვითარებაზე, სამსახურში შევიდოდა ყველა სანებართვო განაცხადი და ა.შ.

„მაშინ ჩვენ დიდი დაპირებები მოგვცეს, რომ ურბანული სამსახური ფუნქციონირებას განაგრძობდა ისე, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია მიღებული. ჯერ  პროფესიული საზოგადოებისთვის სანდო სპეციალისტები მოიხსნენ თანამდებობიდან, მათ ამ თანამდებობაზე ნელ-ნელა ჩაენაცვლნენ ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად იყვნენ მზად. უფრო მეტიც, დღეს ურბანულ სამსახურს, თუ არ ვცდები, სულ 12 თანამშრომელი ჰყავს ზღვა ნებართვების განსახილველად“, – თქვა ანანო ცინცაბაძემ.

იურისტი აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, მერიის მიერ გაცხადებული დადებითი ინიციატივები, სინამდვილეში, ხშირად სულაც არ საზოგადოებასთან დიალოგზე ორიენტირებული, ამიტომაც ისინი არ ხდება საჯარო განხილვის საგანი.

„ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ცენტრალური ხელისუფლების ეკონომიკური ხედვა. სისტემა ვერ  უზრუნველყოფს, ქვეყნის ეკოლოგიური რესრუსების შენარჩუნებასა და შემდგომ მდგრად განვითარებას, იმას, რომ განაშენიანებისას არ დაზიანდეს ბუნებრივი გარემო, ადამიანების ჯანმრთელობა, მათი საცხოვრებელი გარემო. მშენებლობა ამ ქვეყანაში არის მარტივი, ერთჯერადი შემოსავალის შოვნის სწრაფი საშუალება გარემოს და ადამიანების ხარჯზე. ეს პოლიტიკა არეკლილია ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ ხელისუფლებაზეც, თბილისის მუნიციპალიტეტში“, – ამბობს ცინცაბაძე.

„მშენებლობები ლისის ტბასთან ახლოს მას კვების წყაროებს დაუხშობს და თვითაღდგენას ვერ შეძლებს“

ურბანისტი და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოქცეული ტბები უნდა იყოს დაცული, მათ შორის ლისის ტბა. მისი თქმით, ტბის სიახლოვეს მშენებლობები უშუალოდ ტბისთვისაც საფრთხის შემცველია.

„ლისის ტბასაც აქვს თავისი დაცვის ზონა, მასთან ახლოს მისვლა [მშენებლობა] კვების წყაროებს დაუხშობს მას, არ მოხდება ტბის თვითაღდგენა. თუ ტბამ ვერ შეძლო თვითაღდგენა, გადაიქცევა ჭაობად და დაავადებების გავრცელების კერად. ამიტომ თბილისის ირგვლივ არსებული თბილისის სარკეები უნდა იყოს რეკრეაციული, ხოლო მშენებლობებზე საუბარი მხოლოდ მისგან მოშორებულ მანძილზე შეიძლება“, – თქვა მან

ამ საფრთხის შესახებ საუბარია ჩვენთვის მოწოდებულ კვლევაშიც.

„ახალი განაშენიანების სრულფასოვანი საინჟინრო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო მაღალია რისკი, ლისის ტბის მკვებავი როგორც გრუნტის, ასევე ზედაპირული წყლების დაბინძურებისა. ეს გავლენას იქონიებს ტბის წყლის ხარისხზე, რაც ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ტერიტორიაა“, – წერია კვლევაში.

თბილისის მერია თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს

„პუბლიკა“ 3 თვის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდა დედაქალაქის მერიას და უშუალოდ მერიის ურბანულ სამსახურს. გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია 11 არეალის შესახებ, რომლებსაც შეზღუდვები ედო და მოეხსნა (მათ შორის იყო ლისის არეალიც). ვითხოვდით დეტალურ განმარტებებსა და მათი გადაწყვეტილებების დასაბუთებებს – რაზე დაყრდნობით, რა მიზეზით მოიხსნა შეზღუდვები. ჩვენ მერიას შესაბამის უწყებას მოვთხოვეთ, რომ განემარტათ, რა ბედი ელოდებოდა ამ არეალებს. თუმცა მათ შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ რედაქციას სურდა, ლისის საკითხებზე ინტერვიუ ჩაეწერა თბილისის ურბანული სამსახურის წარმომადგენლებთან, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ურბანული სამსახურში გვითხრეს, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით უნდა მიგვეღო. „პუბლიკამ“ ამ არეალების შესახებ საჯარო ინფორმაცია ერთხელ უკვე გამოითხოვა, რაზეც სრული პასუხები არ მიგვიღია.

„პუბლიკის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სანახავად, გადადით ბმულზე

 

სტატია მომზადებულია „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძელებელია არ გამოხატავდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის შეხედულებებს.