Mooz-Art, როგორც ციფრული თეატრალური ფესტივალის ახალი პლატფორმა
„ციფრული თეატრი – ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში. თქვენ უბრალოდ უნდა მოვკალათდეთ სამზარეულოში, პარკში, ტრანსპორტში, გემოვნების მიხედვით მეგობრებთან ერთად და ხელსაწყოს მეშვეობით დაესწროთ წარმოდგენას. თქვენ შეგიძლიათ თქვათ „თეატრში ვარ” და ამ დროს სრულიად არათეატრალურ გარემოში იყოთ. ან ვინ დაადგინა, სად იწყება თეატრალური სივრცე და სად მთავრდება ის… აკი მთელი სამყარო თეატრიაო?
თეატრი დღეს ანგრევს დროთა კავშირსა და საზღვრებს. ის თვითონ მიგანიშნებს როგორ მივიდეს მაყურებლამდე…“.
ეს არის ფრაგმენტი დრამატურგისა და სცენარისტის, ანა სანაიას ესეიდან, რომელიც მან ჯერ კიდეც ზაფხულში გამოაქვეყნა. კარგა ხნის შემდეგ, უკვე ოქტომბერში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ უზარმაზარ სივრცეში, თითქმის აღსრულდა მისი წინასწარმეტყველება და იქ, სადაც თავის დროზე სტუმრები გოლფით ერთობოდნენ, დღეს ციფრული თეატრალური ფესტივალი Mooz-art იმართება.
„თეატრს დღეს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა სჭირდება. დიდი ხანია საზოგადოებას თეატრის კარი არ შეუღია. ამიტომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩვენი სასტუმროს გარემოში, თეატრის მოყვარულებს საშუალება მივცეთ, ახალ რეალობაშიც შეძლონ ხელოვნებასთან ახლოს ყოფნა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობების გამხნევება, მათი რეალიზება და კოვიდეპოქაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამბასადორი კაჭრეთი პროექტს Mooz-Art Festival-თან ერთად განახორციელებს – აცხადებს „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი.
ციფრული თეატრალური ფესტივალი, რომელიც 6 ოქტომბერს გაიხსნა ამბასადორი კაჭრეთის ეზოში, ერთგვარი არტპლატფორმაა თანამედროვე პანდემიის გათვალისწინებით. ახალგაზრდა რეჟისორები 10 დღის განმავლობაში თავიანთ სპექტაკლებს წარმოადგენენ. უკვე გაიმართა რამდენიმე პრემიერა – მსახიობისა და რეჟისორის, კოკო როინიშვილის „ორთა ბოდვა“ (ეჟენ იონესკოს აბსურდული პიესა რეჟისორმა დახვეწილ, იაპონურ და აკვარეულ სანახაობად აქცია), საბა ასლამაზიშვილის „უბედურება“ (რომელიც დავით კლდიაშვილის ცნობილი პიესის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო ვერსიაა), სოფო ქელბაქიანის „ფედრა“ (სარა კეინის ეს პიესა საერთოდ პირველად იდგმება ჩვენთან) და დავით ჭაბაშვილის „ჯოხადქცეული ადამიანი“ (კობო აბეს პიესის მიხედვით). მაყურებელს ყველა მათგანის ნახვა ლაივსტრიმის მიხედვით შეუძლია Facebook-გვერდზე.
ცხადია, ყველა მათგანის დეტალური განხილვა ცალკე და საგანგებო ანალიზს იმსახურებს, თუმცა ამჯერად საბა ასლამაზიშვილის მკვეთრი და ოდნავ სასტიკი სპექტაკლით შემოვიფარგლებით, რომლის ნახვა სწორედ ფესტივალის დღეებში, Mooz-Art Festival -ის გვედზე შევძელი.
დავით კლდიაშვილის „უბედურება” ალბათ ყველაზე დეპრესიული, უსასოო და შეუბრალებელი ტექსტია ქართულ დრამატურგიაში. გაჭირვების, ცრურწმენებისა და ფანატიზმის აჩრდლების მიღმა ლამის შუძლებელია თანაგრძნობა დაინახო და ამოიკითხო, მიუხედავად იმისა, რომ კლდიაშვილი სწორედ თანაგრძნობითა თუ შთაგრძნობით გამორჩეული აღმწერელია.
ილია: „აბა რა იქნება, როცა ყოველი მხრიდან მარტო მწუხარება გესმის!.. ყველასგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე… თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ… ყველა წუხს, ყველა დაღონებულია, ყველა ბედის მომჩივანია”…..
დრამატურგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „მოთმინებისა და იმედის” ქადაგება, რაც პიესის ბოლოს „გამოლოცვისა” და „გადალოცვის” შემზარავ, შეუბრალებელ და ირაციონალურ დირისპირებად გარდაიქმნება. სწორედ ეს ტრანფორმაცია უტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს რეჟისორებს და ამ შემთხვევაში საბა ასლამაზიშვილს, რომელმაც „უბედურება” გაფართოებული და ეგზისტენციური ჟღერადობის სოციალურ დრამად აქცია.
ნაგავსაყრელი, ჭუჭყიანი გუბე და დაჟანგებულ სატვირთო მანქანა
კაჭრეთის ღია სივრცეში სრულიად ახალ განზომილებას იძენს და გაცილებით ახლოა მაქსიმ გორკის „ფსკერის” ატმოსფეროსთან და აკირა კუროსავას ფილმის „დოდესკადენის” ხატებთან (მხატვარი თეო კუხიანიძე), ვიდრე კლდიაშვილის სამყაროსთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორისა და მხატვრის მიერ სივრცის ათვისება-მორჯულების მცდელობა და ტექნოლოგიის მარჯვედ გამოყენება, რაც წარმოდგენას უნებლიე, დამატებით კინემატოგრაფიულ ხატებსა და დატვირთვას სძენს.
მრავალრიცხოვანი პერსონაჟებიდან რეჟისორმა მხოლოდ ხუთი დატოვა – ნატალია, ტუფია, ილია, პავლე და ამირანა (მარიამ ჩუხრუკიძე, ხათუნა ბერძენიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ნიკა ფაიქრიძე, ნიკა ნანიტაშვილი) და სრულად შეცვალა ფინალი.
ფინალური ფრაზის ნაცვლად – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ამბავია ეს, რა ამბავია? რა ამბავია?.. რა საშინელებაა!” – ჩვენ სიყვარულის აუცილებლობის შესახებ ასჯერ გამეორებულ და სავალდებულო ფრაზას ვისმენთ, რაც პიესაში საერთოდ არ არის და რაც ნაგავსაყრელზე დასახლებული პერსონაჟებისთვის უფრო შვება და სიტყვიერი ნარკოტიკია.
ამ სივრცეში არავითარ იმერული სითბო და სოციალური მიეთ-მოეთი არ არის. პერსონაჟები სრულიად დიფერენცირებულნი არიან ერთმანეთისგან და პიესისგან განსხვავებით არ არსებობენ ყოფით-სოციალურ ველში. შესაბამისად, არც სოლიდარული არიან. მათი ყოფნა თუ ეგზისტენცია გადმოტანილია და დაახლოებულია ჩვენს დროსთან – ისინი აქ და ახლა არიან, საკუთარ განწირულობასთან, შეშლილობასთან, მგრძობელობელობასთან…
მათი დეპრესია თუ ოდნავ ისტერიული მდგომარეობა გვიბიძგებს, დავინახოთ ანტონენ არტოს მსახვრალი და „სასტიკი“ ხელიც და ამავე დროს ბრეხტის „გაუცხოების“ ცივი სიცხადეც ვიგრძნოთ. ეს შემთხვევითი არ არის: არტო და ბრეხტი რეჟისორისათვის მუდმივი ანტინომიაა, თითქოს არტოს მიერ გაშიშვლებული ნერვები და სხეულთა მხურვალება ბრეხტის სახელობის ყინულოვან მაცივარშია მოთავსებული… რასაც არ უნდა დგამდეს – კლდიაშვილს, შექსპირს, პეტერ ვაისს, ედვარდ ოლბის თუ ია კელერმანს.
ტექსტის სრულიად ახლებური გააზრებითა და კონცეფციით, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი უფრო სიყვარულის შეუძლებლობის უბედურებაზეა, ვიდრე სოციალურ ან ცრურწმენებით ნაკვებ უბედურებაზე, რაზეც ჩვენი დიდი კლასიკოსი წუხდა. რეჟისურა კი სწორედ „დიდ“ თუ „მცირე“ ტექსტებში ახალი ვექტორების ძიებისა და მიმართულების მიცემის ხელოვნებაა.
Mooz-Art ფესტივალზე კიდევ ერთი წარმოდგენა გაიმართება: რეჟისორ გიორგი ჩალაძის „No Exit” (ჟან-პოლ სარტრის პიესის მიხედვით). მისი ნახვა ასევე შეიძლება ლაივსტრიმის მიხედვით Facebook-გვერდზე.