პროექტის წინა სტატიები იხილეთ ბმულზე;
სტატიაში „შინაური მიმოხილვა” იაკობ გოგებაშვილმა ჩამოაყალიბა ქართული ეროვნული პროექტის ბუნება – პროგრესზე ორიენტირება. იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებით, ქართველი პატრიოტების მიზანი არ იყო ძველი საქართველოს აღდგენა, ისინი არ ცდილობდნენ მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ვითარების აღდგენას, არამედ მიზნად საქართველოს ევროპული განვითარება ჰქონდათ დასახული.
„ძველებურის საქართველოს აღდგენა, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის დაწყობილებათა რესტავრაცია, სიზმრადაც არავის ეჩვენება. უწინდებული საქართველო ჩვენში ყველას მიაჩნია სამუდამოდ წარსულს დროდა, რომლის დაბრუნება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ჩავლილის წყლის უკუმოქცევა. ახალი საქართველო, რომელიც არის საგანი ჩვენის პატრიოტების მოქმედებისა და ნატვრისა, მიქცეულ უნდა იქნას არა უკან, აზიისკენ, არამედ წინ ევროპისაკენ. დასავლეთიდგან უნდა სხვას მას განათლება, მეცნიერება და გადმოიტანოს საუკეთესო საზოგადოებრივი წყობილობანი. ამისათვის მან უნდა მოიპოვოს მრავალი ეროვნებითი პირობანი, რომელნიც უწინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდნენ და რომელთა მეოხებით პირველი ადგილი ეჭირათ ქართველებს კავკასიის ერთა შორის. ეს პირობანი ახლა აღარ გვაბადია”.
იაკობ გოგებაშვილს სწამდა, რომ ქართული ეროვნულობის იდეა რუსულისგან განსხვავებით, ევროპულ საფუძველზე იყო დამყარებული, ხოლო მისი შინაარსი პროგრესული იყო. ქართულ პატრიოტებს მხოლოდ მამულის სიყვარული ამოძრავებს, ისინი სხვების დაჩაგვრისა და განადგურებისკენ არ მიილტვიან – წერდა იაკობ გოგებაშვილი. რუსეთში სანიმუშო პატრიოტი კი ისაა, ვინც იმპერიის შემადგენლობაში მცხოვრებ ყველა ტომს უნდა ჩაგრავდეს და ევროპის „გაქელვასო” ილტვოდეს.
„სლავიანოფილ რუსებს რომ ჰკითხოთ, თუ როგორი უნდა იყოს პატრიოტი, გიპასუხებენ, რომ სულით და გულით უნდა ნატრობდეს ძველი, პეტრე პირველამდე არსებული წესწყობილების აღდგენასო. ყველაფერი რაც ევროპიდან გადმოგვიღია, უნდა უარვყოთ, ჩვენსა და ევროპას შორის ჩინეთის დიდი კედელი აღვმართოთ და ევროპის ჩვენზე გავლენას ბოლო უნდა მოვუღოთო, თუმცა ქართული პატრიოტიზმი არ მიილტვის უკან, მას არ აქვს „უკან დახევის სურვილი”, „ძველი წეს-წყობილების აღდგენის სურვილი”.
იაკობ გოგებაშვილისთვის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის სამი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო: დამოუკიდებელი სკოლა, ოჯახი და ეკლესიის ავტოკეფალია. სკოლა და ავტოკეფალური ეკლესია მიაჩნდა იმის გარანტად, რომ სამრევლო თუ სასოფლო სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება შესაძლებელი იქნებოდა. იაკობ გოგებაშვილი საზრდოობდა სომხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითით, რომელმაც იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში შეინარჩუნა ავტოკეფალია და სამრევლო სკოლებში სწავლა-განათლება სომხურ ენაზე მიმდინარეობდა.
„წმინდა პურთან ერთად ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი, ახლა ჩვენში ვერც ერთი ნაყოფიერი მცენარე ვერ იდგამს ღრმად ფესვსა, იმიტომ, რომ ნიადაგს მოკლებულნი ვართ და გადაბირების გზას დავდგომივართ. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში შევარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდან. ამ ნიადაგის აღდგენის და ძველის საქართველოს რესტავრაციის შუა ისეთივე განუზომელი მანძილია, როგორიცა სძევს ავტონომიურს ფინლანდიას და თვით-მდგომარე ავღანისტანს შუა! ჩვენს პატრიოტებს სურთ არა მკვდრის აღდგენა, არამედ ცოცხლის გამოყვანა ჭაობიდან”.
იაკობ გოგებაშვილმა გააკრიტიკა ქართველი ინტელიგენციის მცირე ნაწილი, რომლებსაც ქართველი მედასავლეთეების საწინააღმდეგოდ, მედასავლეთეობა რუსოფილობა ეგონათ. მისი განმარტებით, მედასავლეთეობა ეროვნულ ნიადაგზე ევროპული განათლებისა და მეცნიერების დაფუძნება და ევროპის სოციალური და პოლიტიკური იდეალების განხორციელებაა.
იაკობ გოგებაშვილის რწმენით, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტობა საკუთარი ქვეყნის საუკეთესო შვილების თანადგომაა. ამ კუთხით სამაგალითო ისევ ევროპაა. საფრანგეთმა ვიქტორ ჰიუგოს 80 წლის იუბილე გაუმართა, რაც იყო არა მხოლოდ მწერლის აღიარება და მისი ღვაწლის დაფასება იყო, არამედ ეს იყო პრიზი, რომელიც მოელის საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნიჭით სამშობლოს განადიადებს. იაკობ გოგებაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ევროპის მსგავსად საქართველოშიც დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ საზოგადოებამ თავისი გამორჩეული შვილები უნდა წაახალისოს და გაამხნეოს.
„ევროპაში საზოგადო ასპარეზზედ მოქმედს პირს ხშირად უცხადებს საზოგადოება სხვა-და-სხვა გზით თავის გულითად პატივისცემას, მხურვალე თანაგრძნობას, უმართავს ოვაციებს, მიგებებას, იუბილეებს და სხვა. ჩვენი საზოგადოება დიდხანს ცოტაოდნადაც არ იჩენდა ამ თვისებას ევროპის საზოგადოებისას. იგი სრულიად გულგრილად უცქეროდა იმ პირთა მოღვაწეობას, რომელნიც ელტვიან ჩვენის ვინაობის აღდგენასა, ემსახურებიან ჩვენის ეროვნების აღორძინებასა”.
ისტორიულად საქართველოს ბევრი პატრიოტი ჰყოლია, რომელთა მოქმედებამ და თავგანწირვამ საქართველო გადაარჩინა და მეცხრამეტე საუკუნემდე მოიყვანა, მაგრამ მაშინდელ საქართველოში ისეთი გმირის პოვნა, რომელიც “ევროპის გარიბალდის” დაემსგავსებოდა, შეუძლებლად მიაჩნდა. ავტორი “ახლანდელ გარემოებებს”, ესე იგი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას, უკავშირებდა ახალ თაობაში გულგრილობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.
მწერალს ისტორიის ცოდნა სამშობლოს აღდგენის, აღორძინების წინაპირობად მიაჩნდა. რუსეთის იმპერიის პოლიტიკის შედეგად ქართველები არ იცნობდნენ ეროვნულ ისტორიას, ქართველებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე “ფრთების შემსხმელ მომავლის იმედს” უქრობდნენ. იაკობ გოგებაშვილი, ევროპული გამოცდილების კვალდაკვალ, რუსიფიკაციის პოლიტიკის საპირწონედ წერდა ეროვნული ისტორიის, ენის, ლიტერატურის აღორძინების აუცილებლობაზე.
წერილში „ბურჯი ეროვნებისა იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლაში სწავლა-განათლების მისაღები მთავარი ენა უნდა იყოს მშობლიური ენა. თუმცა, მშობლიური ენის სწავლების მნიშვნელობა უცხო ენების შესწავლის აუცილებლობას არ გამორიცხავს. მოზარდმა პირველი წლიდანვე მშობლიური ენის სწავლა უნდა დაიწყოს, კარგად გათვითცნობიერდეს და საფუძველი შეუქმნას უცხო ენებს, რომელთა სწავლება შემდეგი წლებიდან უნდა დაიწყოს. მწერალი განგებ ამახვილებდა ყურადღებას ევროპული ენების შესწავლის აუცილებლობაზე ქართველებისთვის.
„ევროპიულ ენათა შესწავლას და ცოდნას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასათვის და ჩვენთვის, რომ ამ მნიშვნელობის გაზვიადება შეუძლებელია… დაწინაურებლნი ევროპიელნი, რომელთაც აქვთ თავისი უმდიდრესი ლიტერატურა, რომელთა დედა ენა სავსეა მრავალის მეცნიერულის თხზულებით და ლიტერატურული ქმნილებით, და რომელთა კულტურა მიწეულია უმაღლეს ხარისხამდე, ისინიც კი საჭიროდ ჰრაცხვენ სხვა ევროპიული ენების ისწავლონ”.
იაკობ გოგებაშვილის შეხედულებით, ევროპული ენებისთვის ზურგის შექცევა გააღარიბებდა ქართულ აზრს, გააღატაკებდა ქართულ მეცნიერებას, დაავიწროვებდა გონების ჰორიზონტს, შეაჩერებდა პროგრესს და დაამყარებდა უძრავ ცხოვრებას.
„მით უმეტეს საჭიროა ჩვენთვის ევროპიული ენების შესწავლა, ჩვენთვის, რომელთაც არ შეგვიძლია დავიკვეხოთ არც მდიდარი ლიტერატურა, არც ფართო მეცნიერება, არც მაღალი კულტურა… მხოლოდ მტერს შეუძლიან ურჩიოს ქართველებს: შეაქციეთ ზურგი უცხო ენებსა და დარჩით მარტო დედა-ენის ამარაო”.
იაკობ გოგებაშვილს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეროვნული ენის, ლიტერატურის დაცვა მნიშვნელოვანია ერის თვითგამორკვევისთვის. ევროპა, სადაც დიდი იმპერიების საზღვრებში მცხოვრები ერები იბრძვიან კულტურული ნაციონალიზმისთვის, ისინი უკეთ სწავლობენ და ეცნობიან თავიანთი ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურას. მეცხრამეტე საუკუნეში ევროპა ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც მცირე ერებს იმპერიები ანიჭებენ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ამის მაგალითებად მოჰყავდა: ბრიტანეთში უელსელების, შოტლანდიელების, ირლანდიელების მიმართ, ხოლო ავსტრია-უნგრეთში უნგრელებისა და სლოვაკების მიმართ. იაკობ გოგებაშვილი იმედოვნებდა, რომ ევროპის მსგავსად, საქართველოს უნდა ებრძოლა ავტონომიისთვის. უპირველესად უნდა დაებრუნებინა მომავლის რწმენა, რომელიც ისტორიის ცოდნისა და ეროვნული ლიტერატურის განვითარებით უნდა მიღწეულიყო.
ავტონომიისკენ მიმავალ გზაზე იაკობ გოგებაშვილისთვის მნიშვნელოვან საყრდენს ეროვნული ენა და სკოლა წარმოადგენდა. ამიტომაც იაკობ გოგებაშვილი აკრიტიკებდა ამიერკავკასიის სასოფლო სკოლების საგანმანათლებლო პროგრამას, რადგანაც აღწერამ აჩვენა, რომ ის სოფლები, სადაც სკოლები ფუნქციონირებდა, არაფრით იყო უკეთეს მდგომარეობაში განათლების კუთხით, იმ სოფლებთან შედარებით, სადაც სკოლები არ მუშაობდა.
იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებით, ევროპული სკოლები პედაგოგიურ პრინციპზე იყო დაფუძნებული, საქართველოს სკოლებში კი ბატონობდა ფორმალური სურვილი – ესწავლათ მხოლოდ რუსული ენა. შედეგად, რუსულ ყაიდაზე მოწყობილ ქართულ სკოლებში რუსულსაც ვერ სწავლობენ რიგიანად, რადგან აქ მარტო მეხსიერება ვარჯიშობდა გონების ნაცვლად.
1878 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილე იანოვსკისადმი დაწერილ წერილში სერგეი მესხმა მოუწოდა რუს ჩინოსანს, რომ კავკასიაში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს რთულია მოიძებნოს კარგი მასწავლებელი.
„გვწერდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ მხოლოდ ხალხის განათლება, ახალგაზრდობის გონების გახსნა გექნებათ მხედველობაში, რომ თქვენ არ გაარჩევთ რუსს, ქართველს, სომეხს, თათარს, თუ ყიშილბაშს, რომ თქვენთვის სულერთია, ვინც კი ისურვებს სწავლას, ყველას ერთნაირ საშუალებას მისცემთ, ყველას ერთნაირად მოეპყრობით, ყველას ისეთს გზაზედ დააყენებთ, რომ უფრო ადვილად შეეძლოსთ სწავლა-განათლების მიღება; გვეუბნებოდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ თქვენ პოლიტიკასა და პედაგოგიას ერთმანეთში არ აურევთ და სხვა – აი ეს გვახარებდა ჩვენ”.
წერილში „როგორ გავაუმჯობესოთ სახალხო სკოლა კავკასიაში” იაკობ გოგებაშვილმა განიხილა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს სოფლად დაწყებითი განათლების გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე. პედაგოგიკურ საფუძველზე მოწყობილი სახალხო სკოლა ყველგან და ყოველთვის წარმოადგენდა უდიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და რადიკალურად აუმჯობესებდა ხალხის მდგომარეობას. ამ შედეგს იძლეოდა არამხოლოდ დიდი ერების, არამედ დაქვემდებარებული ერებისთვისაც.
გოგებაშვილის შეხედულებით, სახალხო სკოლებს მაღალ საფეხურზე აჰყავდა დაქვემდებარებული ეთნოგრაფიული ერთეული. იგი იმოწმებს ინგლისელი ისტორიკოსის თომას მაკოლეის ცნობას შოტლანდიის ცხოვრებაში სახალხო სკოლების გავლენაზე. მისი მიხედვით, 150 წლის წინ შოტლანდია იყო განვითარებული ინგლისის შემადგენლობაში მყოფი, ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბი და მოუქნელი ქვეყანა.
მას შემდეგ რაც შოტლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებით დაარსდა სახალხო სკოლები, შოტლანდია გახდა ქვეყანა, რომელსაც სხვა განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამორჩებოდა, თავად შოტლანდიელები კი სადაც არ უნდა წასულიყვნენ და რა პროფესიითაც არ უნდა დასაქმებულიყვნენ, ყველგან კეთილგონიერებითა და მოხერხებულობით გამოირჩეოდნენ.
წერილში „სატექნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ” ილია ჭავჭავაძე მიმოიხილავს გამართული საშუალო განათლების მნიშვნელობას ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის. კერძოდ, 1870 წელს გაერთიანების შემდეგ 20 წელიწადში გერმანიაში ხელოსნობა და ვაჭრობა-მრეწველობა დაწინაურდა, ისე, რომ ყველასთვის სამაგალითო გახდა. თუ კი გერმანია მანამდე სუსტი იყო და ბევრად ჩამოუვარდებოდა საფრანგეთსა და ინგლისს, გადაუსწრო საფრანგეთს და თითქმის გაუთანაბრდა ინგლისს. აღმოჩნდა, რომ გერმანიის საერო განათლების სისტემა გახდა წარმატების მიზეზი.
ილია ჭავჭავაძე სამაგალითოდ სახავდა გერმანიის ცენტრალური თუ რეგიონული მთავრობების მცდელობებს, რომლითაც ფინანსურად უზრუნველჰყვეს ტექნიკურ და სახელობო სასწავლებლები, მოიმატა მუშის ანაზღაურებამ, შემცირდა სამუშაო საათები, არასრულწლოვნების მუშაობა აიკრძალა. ამიტომ, წერდა ილია, ვისაც საქართველოს ბედზე გული შესტკიოდა უნდა გაეთვალისწინებინა გერმანიის მაგალითი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ ჰქონდა გერმანიის მსგავსი ფინანსური რესურსი, მცირედი მაინც შეეძლო მიემართა ტექნიკური სასწავლებლების დასაფუძნებლად.