მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება საჯარო სკოლების პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.
ის, რომ სკოლის პოლიტიზების საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად დგას წინასაარჩევნო დღის წესრიგში, ასახულია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშებშიც. აქვე ნათქვამია, რომ შექმნილი წნეხის გამო დირექტორებისა და მასწავლებლების უმრავლესობა უარს აცხადებს, საჯაროდ ილაპარაკოს პრობლემის შესახებ.
სწორედ სასკოლო საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ პრობლემაზე საჯაროდ საუბრის დაწყება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა. კომისიის მიზანია, დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები – მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ. პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.
მიმდინარე კვირაში კომისიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კვლავ გრძელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული სააგიტაციო თუ კამპანიური ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც მაჟორიტარობის კანდიდატები ან მმართველი პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრების დროს ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ნიშნები იკვეთება. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას.
„პრობლემა ახალი არ არის, ვიცით, რომ რამდენი არჩევნებიც ქვეყანას ახსოვს, მთავრობის მხრიდან ყოველთვის გამოიყენებოდა ადმინისტრაციული რესურსი და ერთ-ერთი ცნობილი ელექტორატი, რომელზეც მუდმივად ახდენენ ზეწოლას, ესენი არიან სკოლის პედაგოგები“, – ამბობს კომისის წევრი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა აბაშიძე და განმარტავს, რომ – „ადამიანებს იმის შიშით, რომ უკანასკნელი სამუშაო არ დაკარგონ, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის დროს, როცა ამხელა რისკია ფინანსური კრიზისი, პრაქტიკულად იძულებული არიან, რომ დათანხმდნენ გარკვეულ უკანონო იძულებას მმართველი გუნდის მხრიდან. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის გამოც ჩვენ შევქმენით ეს კომისია და ამ ადამიანებს დახმარებას ვთავაზობთ, თუ ისინი ჩვენთან კონტაქტს მოისურვებენ“.
კომისიის კიდევ ერთი წევრი, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე წინასაარჩევნო პერიოდში სასკოლო საზოგადოების გამოყენებას აგიტაციისა თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზნით „მრავალწლიან სისტემურ პრობლემას“ უწოდებს:
„ეს არის ძალიან მავნე პარქტიკა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ეს დამოკიდებულება სკოლის მიმართ აბსოლუტურად გაქრეს და რეალურად დაცული იქნას ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლა უნდა იყოს სრულიად დეპოლიტიზებული, პოლიტიკურად ნეიტრალური სივრცე და სკოლისა და სასკოლო საზოგადოების გამოყენება სხვადასხვა გზითა და მეთოდით პოლიტიკური აგიტაციისა თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზნით არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ზოგადად მთლიანად ჩვენი განათლების სისტემის გაჯანსაღებისა და სკოლის, როგორც ავტონომიური სუბიექტის გაძლიერებისთვის“.
რა კითხვები გააჩინა საჯარო სკოლის დირექტორთა გათავისუფლების პროცესმა
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელმაც ყველაზე მეტი კითხვა და ეჭვი გააჩინა წინასაარჩევნო პერიოდში სკოლების პოლიტიზებასთან დაკავშირებით, დირექტორების გათავისუფლების საკითხი იყო. ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებულია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშშიც. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე პერიოდში სკოლების დირექტორების ნაწილს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა. ის ყოფილი დირექტორები, რომელთაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ, „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ მოვალეობის შემსრულებლებად მხოლოდ მათი გადანიშვნა ხდება, ვინც „პოლიტიკურად საიმედოა“.
„სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს გარემოში პოლიტიზების რისკი მაღალია, ასეთი ტენდენციები და ფაქტები შეიმჩნევა და არსებობს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც ეჭვებს ბადებს, და სწორედ აქედან გამომდინარე ეს საკითხი ჩვენი ინტერესის ერთ-ერთი სფეროა“, – ამბობს ირინა ხანთაძე და განმარტავს, რომ კომისია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვქონდა დიალოგი სამინისტროს წარმომადგენლებთან და მაშინაც ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ აღნიშნული პროცესი (დირექტორების დანიშვნა) გადავადებულიყო და არ დამთხვეოდა წინასაარჩევნო პერიოდს, რადგან არჩევნების დროს რისკი იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური კონტექსტით ან თუნდაც საზოგადოებაში გაჩენილიყო მსგავსი ეჭვები, ამის პროგნოზი მაშინვე გავაკეთეთ. იმედი გვქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება დროში წინასაარჩევნო პერიოდს არ დაემთხვეოდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ასეც მოხდა და ასეთი ეჭვების გაჩენის საფუძველი შეიქმნა. ვნახოთ, ამ საკითხის შესწავლა სადამდე მიგვიყვანს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
მე-10 საჯარო სკოლის მხარდაჭერა ყოფილ დირექტორს
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთ-ერთი პირველი იყვნენ, რომლებმაც მათი სკოლის დირექტორის გათავისუფლება პენმანენტული აქციებით გააპროტესტეს.
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს შეუწყდა. ბელა ხუბუტია სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში (სადაც მე-10 საჯარო სკოლა მდებარეობს) მდებარე 48 საჯარო სკოლიდან, პირველ ეტაპზე 29 სკოლის დირექტორს სამინისტროდან მიეთითა, რომ დაეწერა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს თხოვდნენ თავისი კანდიდატურის წარდგენას მათსავე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. რაიონში სულ 6 დირექტორი აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც მსგავსი მითითება განცხადების დაწერის თაობაზე არ მიუღიათ, მათ ხელშეკრულება შეუწყდათ და არც გაგრძელებიათ.
ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება მისივე აქტიურობამ განაპირობა, კერძოდ, ავარიული სკოლის შენობის აღდგენასთან დაკავშირებულმა საკითხმა: „მე ყველა დონეზე ვაყენებდი ამ საკითხს, ვაწუხებდი და, ცხადია, მე არ ვიყავი მათთვის სასურველი კადრი“,- ამბობს ბელა ხუბუტია.
საპროტესტო აქციების დროს სკოლის პედაგოგები ამბობდნენ, რომ ბელა ხუბუტიამ 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში სკოლისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილება განახორციელა, ის კარგი ლიდერი და მენეჯერია. ისინი ითხოვდნენ ბელა ხუბუტიას მორიგ არჩევნებამდე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შენარჩუნებოდა. დღესდღეობით მე-10 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ დაუნიშნავთ, უფლებამოსილებას დირექტორის მოადგილე ასრულებს. ბელა ხუბუტია კი სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე რჩება.
რა განმარტებები აქვთ სამინისტროში
დირექტორების გათავისუფლებისა და გადანიშვნის პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკამ“ განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
კერძოდ, სულ რამდენ დირექტორს შეუწყდა უფლებამოსილება 6-წლიანი ვადის ამოწურვის გამო და რომელ სკოლებში; სულ რამდენი დირექტორი გადავიდა მოვალეობის შემსრულებლად და რომელ სკოლებში. გამოვითხოვეთ იმ სკოლების სიაც, რომელთა დირექტორებსაც ვადის ამოწურვის გამო შეუწყდათ ხელშეკრულება და არ გადანიშნულან მოვალეობის შემსრულებლებად. აქვე ვითხოვდით განმარტებას, დაინიშნა თუ არა ყველა ასეთ სკოლაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი და რა წესით შეირჩნენ ეს ადამიანები.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხად სამინისტროდან მივიღეთ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება.
აქვე განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სამინისტროს მიერ 2020 წლის მარტში დაანონსებული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი არ განხორციელდა და გადაიდო ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე.
„თუმცა, ზემოთ მითითებული საჯარო სკოლების დირექტორებისთვის არ ყოფილა სავალდებულო სერტფიფიცირების ეტაპზე მონაწილეობა, ვინაიდან ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების მე-18 მუხლის თანახმად, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას კარგავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.
შესაბამისად, ყველა მათგანს კუთვნილი სერტიფიკატის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე (საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა), რომელიც სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება, ან საქმიანობა გააგრძელოს მასწავლებლის პოზიციაზე“, – ნათქვამია მიღებულ წერილში.