წულუკიანს დაქვემდებარებული უწყება არქეოლოგებს გათხრებზე ნებართვას არ აძლევს

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არქეოლოგიური გათხრების ნებართვაზე არქეოლოგების – გიორგი ბიძინაშვილისა და ნიკა წიქარიძის მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებს.

სააგენტომ ნებართვების განსახილველად დადგენილი ყველა ვადა დაარღვია და არქეოლოგთა არაერთი ოფიციალური წერილის მიუხედავად, ნებართვის მოწმობებს არ გასცემს. არქეოლოგები ამბობენ, რომ ირღვევა მათი შრომითი უფლებები და საქმე გვაქვს დევნასთან, რომლის უკან მინისტრი წულუკიანი დგას.

ნიკა წიქარიძე და გიორგი ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები არიან; ეროვნული მუზეუმიდან მათი გათავისუფლება წულუკიანის სამუზეუმო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდება.

არქეოლოგები ამბობენ, რომ სამუზეუმო სისტემიდან გაძევების შემდეგ წულუკიანი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ პროფესიულ საქმიანობაში, რის გამო ზიანდება არქეოლოგიური ძეგლები და იშლება საერთაშორისო პროექტები.

ნიკოლოზ წიქარიძე არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვას ცუცხვანის მღვიმურ სისტემაში ითხოვს, გიორგი ბიძინაშვილი კი – ოროზმანის ძეგლზე.

ნიკოლოზ წიქარიძემ და გიორგი ბიძინაშვილმა 2023 წლის გაზაფხულზე (ბიძინაშვილმა მაისში, წიქარიძემ კი ივნისში) მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნებართვისთვის.

ცუცხვანის მღვიმურ სისტემაში არქეოლოგიური გათხრებისთვის ნებართვის მოთხოვნით, სამსახურში ორი წერილი შევიდა, ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელით და მეორე პროექტის ავტორის, ნიკოლოზ წიქარიძის.

წერილების შეტანიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ავტორებს სამსახურიდან შეტყობინება არ მიუღიათ. ნიკოლოზ წიქარიძის განმარტებით, პასუხის ამგვარად დაგვიანება მნიშვნელოვნად სცილდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით დადგენილ ადმინისტრაციული წარმოების ვადებს.

იდენტური ვითარებაა გიორგი ბიძინაშვილის შემთხვევაშიც – 2023 წლის 29 მაისს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გიორგი ბიძინაშვილმა არქეოლოგიური გათხრების ნებართვის აღების მიზნით სრული დოკუმენტაცია ჩააბარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

სააგენტოში გაგზავნილ სანებართვო წერილზე-დოკუმენტაციაზე არანაირი პასუხი არ მისვლია – არც დადებითი არც უარყოფითი, არც დოკუმენტაციაში რაიმე ხარვეზის შესახებ.

ამის შემდეგ გიორგი ბიძინაშვილმა ორჯერ მიმართა სააგენტოს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გაეცათ არქეოლოგიური გათხრების ნებართვა, თუმცა უშედეგოდ – პასუხი არ დრომდე არ მიუღია უწყებიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 29 მაისის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არაერთი არქეოლოგიური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც არქეოლოგიურმა კომისიამ განიხილა და გასცა ნებართვა უამრავ გათხრაზე. ასევე, კომისიის წევრებმაც არაერთხელ ჰკითხეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ აზნაურაშვილს, თუ რატომ არ გამოაქვთ განსახილველად ოროზმანის გათხრების საკითხი, რომელიც სააგენტოში შესულია 29 მაისს. არც ერთ სხდომაზე არ გამოუტანიათ საკითხი და არ განუხილავთ, არც არანაირი პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად, იკვეთება არათანასწორობის პრინციპი; ირღვევა ჩემი შრომის უფლება და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება, აკადემიური თავისუფლების უფლება“. – ამბობს ბიძინაშვილი „პუბლიკასთან“.

არქეოლოგები განმარტავენ, რომ საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ VII თავის, 26-ე მუხლის, მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად ადგენს, რომ ნებართვის გამცემი ვალდებულია, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში.

თუ აღნიშნულ ვადაში არ მიიღეს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად მიიჩნევა. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

ნიკოლოზ წიქარიძემ ნებართვის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გასცეს არქეოლოგიური გათხრების სანებართვო მოწმობა. სანებართვო მოწმობა მოითხოვა გიორგი ბიძინაშვილმაც, ოფიციალური წერილით, თუმცა პასუხი მასაც არ მიუღია.

არქეოლოგები ამბობენ, რომ ნებართვის დაგვიანებით ხელი ეშლება პროექტების განხორციელებას, ქვის ხანის არქეოლოგიის განვითარებას ქვეყანაში და საერთაშორისო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას.

„რაც მთავარია, ცუცხვათის მღვიმური სისტემის ძეგლებზე არქეოლოგიური გათხრების შეფერხების გამო, იშლება კულტურული ფენები, იკარგება ფასდაუდებელი და უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ცუცხვათის მღვიმური სისტემის შემსწავლელი არქეოლოგიური ჯგუფის მოთხოვნით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ცუცხვათის მღვიმურ ძეგლებს.“ – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

პროექტის ხელმძღვანელი, ცუცხვათის მღვიმური სისტემის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი – ნიკოლოზ წიქარიძე პირველი ახალგაზრდა მკვლევარია კავკასიაში, ვისი ხელმძღვანელობითაც იქნა მოპოვებული ლუის ლიკის სამეცნიერო ფონდის გრანტი.

„შუიდან ზედა პალეოლითზე გადასვლის კვლევა ბრინჯაოს მღვიმეში, ცუცხვათი, საქართველო“ – გაიმარჯვა უმკაცრესი საერთაშორისო კონკურენციისა და რეფერირების საგრანტო კონკურსში.

ლუის ლიკის სამეცნიერო ფონდი პალეოანთროპოლოგიისა და ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ფონდი.

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, პროექტში ჩართულია 50-ზე მეტი ქართველი, ფრანგი, ამერიკელი და გერმანელი მეცნიერი და 50-მდე სტუდენტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თავისუფალი უნივერსიტეტიდან. პროექტში ასევე მონაწილეობას აპირებენ სომეხი კოლეგებიც.

ცუცხვათის მღვიმური სისტემა მდებარეობს ქუთაისთან. მისი შესწავლა XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც.

ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში მასშტაბური არქეოლოგიური კვლევები 2017 წელს განახლდა, ბრინჯაოს მღვიმესა და ორმაგ მღვიმეში 2017-2020 წლებში არქეოლოგ ნიკოლოზ წიქარიძემ და მისი სამეცნიერო გუნდის მიერ ხუთი არქეოლოგიური ექსპედიცია განხორციელდა.

2018 წელს კვლევითმა ჯგუფმა ამ ფენებში აღმოაჩინა ნეანდერტალელის ახალი კბილი. ეს ფენები 50 000 წელზე უფრო ძველია.

გიორგი ბიძინაშვილის თქმით, ოროზმანის უნიკალური ძეგლი, სადაც 2022 წელს ადრეპლეისტოცენის, ჰომინიდთა, Homo erectus-ის ნამარხი კბილი აღმოჩნდა, ზიანდება.

„სახეზეა არქეოლოგიურ ფენებში მასალის ჩამოცვენა და დაზიანება ბუნებრივი გამოფიტვის გამო. თუკი დაუყოვნებლივ არ დაიწყება არქეოლოგიური კვლევები და არ ამოვიღებთ მსოფლიოში უნიკალური 1.8 მილიონი წლის ძვლოვან, ბიოლოგიურ მასალასა და არტეფაქტებს, მოხდება გამოუსწორებელი რამ. ვინაიდან 2022 წელს გათხრები გაჩერდა homo – ადამიანის ფენაში, 2023 წელს არქეოლოგიური გათხრების ჩაუტარებლობიდან გამომდინარე, არქეოლოგიური ფენებიდან ბუნებრივი გამოფიტვის გამო, უკვე ჩამოიყარა 1.8 მილიონი წლის ძვლები და არტეფაქტები.

არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ევრაზიის უძველესი ადამიანის სხვა ნაშთები, რომლებიც ფენებშია, უბრალოდ ჩამოცვივდეს და განადგურდეს, რაც გამოიწვევს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო იმიჯის შელახვას. ამის გარდა, ფენებიდან ამოსაღებია პალეონტოლოგიის ისტორიაში ერთადერთი ეტრუსკული მგლის Canis etruscus სრულად შენარჩუნებული ჩონჩხი (რომლის მუცლის არეშიც შემორჩენილი 1.8 მილიონი წლის ბიოლოგიური მასალა და მცენარეთა მტვერი), რომლის ანალოგი არ არსებობს.

აღნიშნული მგელი აღმოვაჩინეთ 2022 წლის სეზონის ბოლოს და დროის სიმწირის გამო, ვერ მოხერხდა მისი პოსტკრანიალური ნაწილის სრულად ამოღება, ვინაიდან ეს არის ადამიანის homo-ს ფენა და საჭიროებს იუველირული სიზუსტის ხანგრძლივ სამუშაოებს“ – ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

„პუბლიკამ“ განმარტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან დაკავშირება სცადა, თუმცა უწყებიდან ჩვენს კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.