პარიზში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სცენარისტი და მწერალი ჟან–კლოდ კარიერი.
რამდენიმე დღის წინ პარიზში კინოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი სცენარისტი ჟან–კლოდ კარიერი გარდაიცვალა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც რაიმე შეხება ჰქონოდეს ევროპულ კინემატოგრაფთან და არ სმენოდეს მისი სახელი. ჟან–კლოდ კარიერის „თანამზრახველ“ რეჟისორთა სია შთამბეჭდავზე უკეთესია: ლუის ბუნუელი, მილოშ ფორმანი, ლუი მალი, ჟან–ლუკ გოდარი, ანჯეი ვაიდა, პიერ ეტექსი, მარკო ფერერი, კარლოს საურა, ფოლკერ შლიონდორფი, ნაგისა ოშიმა, ფილიპ კაუფმანი, ჟაკ დერე, პეტერ ფლაიშმანი…
ამას დაუმატეთ თეატრში მომუშავეთა დიდი კოჰორტა – ჟან ლუი ბარო, პიტერ ბრუკი, პატრის შერო, რომელთათვისაც კლასიკოსების ადაპტირებულ ტექსტებს ქმნიდა და გასაგები გახდება მისი შემოქმედების მასშტაბიც და მიწიერი ყოფის დაძლეული სიმსუბუქეც. სწორედ მისის სცენარით გადაიღეს ფილმები 80-იან წლებში: ფილიპ კაუფმანმა „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ (მილან კუნდერას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით), მილოშ ფორმანმა „ვალმონი“ (შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირების“ ადაპტაცია) და ანჯეი ვაიდამ „ეშმაკნი“ (დოსტოევსკის რომანის მიხედვით).
60-იან წლებში ჟან–კლოდ კარიერი თანამშრომლობდა ცნობილ ფრანგ კომიკოსთან და კინორეჟისორთან, პიერ ეტექსთან. 1962 წელს მისი სცენარით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს „ბედნიერი წლისთავი“ (ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ელოდება, რათა ქორწინების წლისთავი აღნიშნოს, ის კი ამ დროს პარიზის საცობშია ჩარჩენილი), გონებამახვილური სიუჟეტისა და დიალოგებისთვის „ოსკარი“ მიენიჭა. საერთო ჯამში, კარიერი პიერ ეტექსის ექვსი ფილმის თანაავტორია. მათ შორისაა ყველაზე ცნობილი სრულმეტრაჟიანი ფილმი „იო, იო“ (Yo Yo,1965). ეს არის სატირულ–ლირიკული კომედია, სადაც სცენარისტიც და რეჟისორიც „მუნჯი კინოს“ დიდოსტატებს – ბასტერ კიტონსა და მაქს ლინდერს მიაგებენ პატივს.
და მაინც, კინოს ისტორიაში ჟან–კლოდ კარიერი დიდი ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნუელის ფილმების თანაავტორად შევიდა. მათი შეხვედრა 1962 წელს კანის კინოფესტივალზე ორივესთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბუნუელმა მას ფრანგი მწერლის, ოქტავ მირბოს რომანის, „მოახლის დღიურის“ მიხედვით სცენარის დაწერა შესთავაზა.
„ბუნუელი ეძებდა ფრანგ სცენარისტს „მოახლის დღიურის” ადაპტაციისთვის, იმ პირობით, რომ ავტორს კინემატოგრაფიული ცოდნა და გამოცდილება ექნებოდა. მან უკვე იცოდა ჩემი სცენარების შესახებ და ამიტომ ადვილად გამოვძებნეთ საერთო ენა. უკვე რვა დღის შემდეგ ვიცოდი, რომ მადრიდში მივემგზავრებოდით გადაღებაზე… ეს იყო ჩემი მთავარი შეხვედრა!“ – იხსენებს ჟან–კლოდ კარიერი.
ამ დროიდან მოყოლებული, ისინი თითქმის 20 წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ვიდრე ბუნუელი ცოცხალი იყო.
მათმა თანამშრომლობამ კინოს ისტორიას ექვსი შესანიშნავი ფილმი დაუტოვა: „მოახლის დღიური“, „დღის ლამაზმანი“, „ტრისტანა“, „ირმის ნახტომი“, „ბურჟუზიის მოკრძალებული ხიბლი“, „თავისუფლების ფანტომი“ და „სურვილის ბუნდოვანი ობიექტი“. ასევე აღსანიშნავია „ოსკარის“ ორი ნომინაცია – „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლისა“ და „სურვილის ბუნდოვანი ობიექტისათვის“.
კარიერი მისთვის დამახასიათებელი ირონიით აღწერს ბუნუელთან ერთობლივი მუშაობის პროცესს: „ფილმზე მუშაობისას ჩვენ ყოველთვის მარტო ვიყავით, საფრანგეთში, ხშირად მექსიკაში ან ესპანეთში. ვსაუბრობდით ფრანგულ და ესპანურ ენებზე, მეგობრების გარეშე, ქალების გარეშე, ცოლების გარეშე. მხოლოდ ჩვენ ორნი… ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით და ვმუშაობდით. სრულად ვიყავით შეპყრობილნი იმ სცენარით, რომელზეც ვმუშაობდით. დავთვალე, რომ ერთად ვისადილეთ და ვივახშმეთ 2000-ზე მეტჯერ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბევრ წყვილს შეუძლია თქვას საკუთარ თავზე“.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მილოშ ფორმანთან თანამშრომლობა. კარიერი და ფორმანი 1968 წელს დამეგობრდნენ, როდესაც ჩეხი რეჟისორი პირველად ჩავიდა პარიზში და სამუშაოდ დარჩა. ფორმანს უკვე გადაღებული ჰქონდა „მეხანძრეთა მეჯლისი“, რომელმაც დასავლეთში დიდი აღიარება მოუტანა. რეჟისორს უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. მაშინ კარიერმა ის საკუთარ სახლში შეიფარა, სამსახურის პოვნაში დაეხმარა და ბუნუელი გააცნო… ამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ფორმანის შემდგომი რეჟისორული საქმიანობისთვის.
მოგვიანებით კარიერი და ფორმანი ოცნებობდნენ როკოპერის „თმების“ გადაღებაზე, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. თუმცა ერთობლივი მუშობისას დაიბადა მუსიკალური ფილმი ჰიპების კულტურის შესახებ – „ფრენა“. კარიერის სცენარის მიხედვით ფორმანმა ფილმი ამერიკაში გადაიღო, სადაც 1970 წელს ევროპიდან ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე გოგონები მღერიან, არამედ ახალგაზრდა აიკი, ტინა ტერნერი და კეტი ბეიტსი.
1971 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმი „ფრენა“ ჟიურის დიდი პრიზით აღინიშნა, რასაც დაემატა კრიტიკოსთა აღფრთოვანებაც. რაც შეეხება მიუზიკლს „თმები“, მისი გადაღება მხოლოდ 1979 წელს გახდა შესაძლებელი. ფილმს დიდი სოციალურ–პოლიტიკური რეზონანსი ჰქონდა პრესაში და საკმაო შემოსავალი – კინოგაქირავებაში.
შემდგომში მათ ერთად იმუშავეს ფილმზე „ვალმონი“ (1989). კრიტიკოსთა ნაწილმა „ვალმონი“ დე ლაკლოსის რომანის, „სახიფათო კავშირების“ საუკეთესო ადაპტაციად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გაცილებით დიდი კომერციული წარმატება ჰქონდა ბრიტანელი რეჟისორის, სტივენ ფრირზის კინოვერსიას გლენ ქლოუზისა და ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით. 2006 წელს კი ფორმანმა ჟან–კლოდ კარიერის სცენარის მიხედვით თავისი ბოლო ფილმი, „გოიას აჩრდილები“ გადაიღო.
სრულიად განსხვავებული იყო 80-იან წლებში კარიერის თანამშრომლობა ჟან ლუკ გოდართან, რომელმაც ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა ფილმში „ვნება“. სცენარი ძირითადად, ლუდვიგ ვიტგენშტეინის ენობრივ ფილოსოფიას ეყრდნობოდა. გოდარმა გადაღებისას აღნიშნა, რომ კარიერის სტილი „მოქნილი და მიუღწეველია“, რადგან ძნელად ერგება კინოენას… ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჟან–კლოდ კარიერი მუშაობდა შექსპირისა და ფლობერის ტექსტების ადაპტაციაზე და პარალელურად, აღწერდა ყოველდღიურ ცხოვრებას – ხალხის საუბრებს, მათ ჟესტებსა და ქცევას ქუჩებში, კაფეებსა თუ მეტროში.
კარიერი ერთ–ერთ გვიანდელ ინტერვიუში სინანულით ამბობს, რომ მხოლოდ ორი პიესა დაწერა და მეტი ვერ მოახერხა დროის უქონლობისა და მოუცლელობის გამო. თუმცა თეატრალებმა და კრიტიკოსებმა მაინც დააფასეს ჟან–კლოდ კარიერი. 1985 წელს სახელოვანმა ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა ინდური ეპოსის მიხედვით „მაჰაბჰარატა“ სწორედ მისი ადაპტაციით დადგა. სპექტაკლი დიდი წარმატებით უჩვენეს ავინიონის ფესტივალზე, რომელიც დაახლოები ცხრა საათს გრძელდებოდა! ჟან–კლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.