კაფეების ქსელ „ჩაის სახლის“ („ალთჰაუსის“) ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებელთა მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის მაგალითებს იხსენებენ. მათი ისტორიები პროფესიულმა კავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა.
როგორც „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის, ბექა ავდიევის ინტერესების დამცველი დავით ომსარაშვილი აცხადებს, ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ „ჩაის სახლის“ ადმინისტრაციის ინიციატივითა და „სოლიდარობის ქსელის“ ჩართულობით მხარეთა შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტის თქმით, მოლაპარაკების შედეგად შრომითი ურთიერთობა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა და კომპანიამ ბექა ავდიევს კომპენსაცია გადაუხადა.
პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ განცხადებით, მისასალმებელია, რომ დავა სასამართლოს გარეშე დასრულდა. ორგანიზაცია შემდეგშიც გეგმავს, დააკვირდეს „ჩაის სახლში“ დასაქმებულთა მდგომარეობას.
დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში „სოლიდარობის ქსელი“ მზად არის, სამართლებრივი დახმარება სხვა დასაქმებულებსაც გაუწიოს.
ბექა ავდიევის ისტორია „სოლიდარობის ქსელის“ Facebook-გვერდზე 13 მარტს გამოქვეყნდა. მის ნაამბობს „ჩაის სახლის“ სხვა ყოფილი თანამშრომლებიც გამოეხმაურნენ და პირადი გამოცდილებაც ბექას მსგავსად გაასაჯაროვეს.
„პუბლიკა“ 17 მარტიდან ცდილობდა კომპანიის პოზიციის გარკვევას და აინტერესებდა პასუხი ავდიევის ბრალდებებზე. გამოცემა კომპანიას დაუკავშირდა ოფიციალურ Facebook-გვერდზე მითითებულ ნომერზეც, და დაუკავშირდა კომპანიის მენეჯერ თინა ნინიძესაც, რომლის შესახებაც არაერთი ყოფილი თანამშრომელი საუბრობდა.
18 მარტს თინა ნინიძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ კომპანია განცხადების გავრცელებას გეგმავდა და სწორედ ამის შემდეგ უპასუხებდა ჩვენს კითხვებს, მანამდე კი ინტერვიუზე უარი თქვა. საბოლოოდ კომპანიას განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა მოგვიანებით „პუბლიკასთან“ კომენტარი გააკეთა როგორც მენეჯერმა, ასევე მფლობელმა – გელა შანშიაშვილმა.
„მენეჯერმა მაიძულა, ცივ სათავსოში დავმალულიყავი“
როგორც ბექა ავდიევი ჰყვება, 12 მარტს, „ალთჰაუსში“ მუშაობის მეოთხე დღეს, როდესაც ქსელის მფლობელი ობიექტზე უნდა მისულიყო, „მენეჯერმა მაიძულა, ცივ სათავსოში დავმალულიყავი. ამოსულმა თანამშრომელმა დამალვის მიზეზად მითხრა, რომ მფლობელი შეიძლებოდა, ცუდ ხასიათზე ყოფილიყო და საყურეებიანი ბიჭის დანახვაზე კიდევ უფრო გაღიზიანებულიყო. ამის შემდეგ, სიცივისგან შეწუხებულმა, მოვითხოვე, მენეჯერი ამოსულიყო და მიზეზი განემარტა. მან მომიბოდიშა და მითხრა, რომ ეს თინას მოთხოვნა იყო“, – ამბობს ომსიევი.
ამის შემდეგ ის აღმასრულებელ მენეჯერს (თინას) შეხვდა იმის ასახსნელად, როგორ შეელახა ღირსება.
„თავდაცვის მიზნით თავად დაიწყო საუბარი და შეტევაზე გადმოვიდა. დამალვის მიზეზად ჩემი „ბატინკები“ დაასახელა და გამბრაზებულმა მითხრა – როგორ არ ვიცი, რომ არცერთ მსგავს „ბიზნესკაფეში“ მიმტანები „ბატინკებით“ არ ემსახურებიან სტუმრებს და მითხრა, თითქოს ჩემი „ბატინკებით“ კონტექსტიდან ვიყავი ამოვარდნილი. ჩემი აზრით კი, კოლექტიური შრომიდან სწორედ ის იყო ამოვარდნილი, მისი მაღალიერარქიული წოდებით – „ქალბატონი თინა“, რომლითაც ამ ქსელში პერსონალის ყველა წევრი მხოლოდ მას მიმართავდა (არც მენეჯერებსა და არც ასაკოვან მრეცხავებსა თუ დამლაგებლებს ასე არ მიმართავდნენ).
გამიბრაზდა, როგორ თვითონ ვერ შევნიშნე, რომ „ბატინკები“ არცერთ მიმტანს არ ეცვა. ეს მაშინ, როცა დღისით თოვლიანი ამინდი იყო და მიმტანების უმეტესობას სწორედ „ბატინკები“ ეცვა. მუშაობის დაწყებისას დრესკოდთან დაკავშირებით მხოლოდ ფერებზე ვიყავით შეთანხმებული, რასაც ყოველთვის ვაკმაყოფილებდი. „ბატინკებზე“ საუბრის შემდეგ, როცა ვუთხარი, რომ მე სტაფისგან ვიცოდი, რომ სინამდვილეში დამალვის მიზეზი ჩემი საყურეები იყო, ამაზე მაშინვე დემაგოგიურად შემომიტია და მითხრა, რომ საქმეების გარჩევას არ აპირებდა“, – იხსენებს ბექა ავდიევი.
ყოფილი დასაქმებულის ნაამბობის მიხედვით, ამ საუბრის შემდეგ, დღის ბოლოს აღმასრულებელმა მენეჯერმა ცვლის მენეჯერს დაურეკა და ბექას სამსახურიდან გაშვება დაავალა. მცდელობის მიუხედავად, ბექა პასუხისმგებელ პირს ვერ დაუკავშირდა და გაშვების მიზეზი ვერ გაარკვია.
მენეჯერი თინა ნინიძე შემთხვევას გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ კაფეს ცივი სათავსო არ აქვს.
„რატომღაც აღნიშნული კომენტარი საყურეებს ეხებოდა. ჩვენ არასდროს ვარჩევთ თანამშრომლებს იმის მიხედვით, რეგიონიდან არის, აქცენტით საუბრობს, თუ სხვანაირად იცვამს. ჩვენთვის ამას არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია და რატომ გახდებოდა ახლა ამ 8 მარტს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ეს ასეთი მნიშვნელოვანი. უბრალოდ ალოგიკურია. ყველანი არიან ახალგაზრდები, ჩემი თანამშრომლები და ახლაც გვყავს ორი ისეთი მენეჯერი, ბიჭები, რომლებსაც ორივე ყურზე უკეთიათ საყურე. ჩვენ რომ ასეთ შეზღუდვა გვქონდეს, მაშინ 60% თანამშრომლებისა უნდა გავუშვა“, – ამბობს თინა ნინიძე.
კითხვაზე – რატომ აღარ შეხვდა ინციდენტის შემდეგ თანამშრომელს და არ გაერკვა სიტუაციაში? – ნინიძე გვპასუხობს, რომ ურთიერთშეთანხმებით კონფლიქტი უკვე მოგვარებულია.
კაფეს მფლობელი გელა შანშიაშვილი ვარაუდობს, რომ ბექა ავდიევმა „ცივ სათავსოში“ ბუღალტრის ოთახი იგულისხმა. უთანხმოება კი მისი ინფორმაციით, არა საყურეს, არამედ ჩაცმულობას მოჰყვა.
„მითხრა, რომ ერთი საცოდავი „ინვალიდი“ ვარ“
ბექა ავდიევს მალევე გამოუცხადა სოლიდარობა ციური მთვარელაშვილმაც. ის „ჩაის სახლში“ თითქმის 5 წელი მუშაობდა და თავის ისტორიაშიც ახსენებს „მენეჯერ თინას“.
„თინას ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ბევრჯერ გავმხდარვარ, თუმცა რატომ – მიზეზი არასოდეს ვიცოდი. ამას უყურებდა ყველა თანამშრომელი და ყველა აღნიშნავდა. ნამდვილად არ ვყოფილვარ ცუდი თანამშრომელი და ამას თვითონაც ხედავდა. თუ რამე სერიოზული საქმე იყო გასაკეთებელი, მე მეძახდა. იმიტომ, რომ იცოდა კეთილსინდისიერად გავაკეთებდი.
საქმე იქამდე მივიდა, უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ერთხელ ტელეფონზე დამირეკა. რაღაც არ მოეწონა ჩემი გაკეთებული და ისეთი საშინელებები მითხრა, გაოგნებული ვუსმენდი – რომ მე ვარ ერთი საცოდავი „ინვალიდი“ და მხოლოდ იმიტომ არ მიშვებს სამსახურიდან, რომ ვეცოდები. მე ნამდვილად ვარ დაბადებიდან „ინვალიდი“. ჩემთვის იმდენად გამაოგნებელი იყო მისი სიტყვები…“, – იხსენებს ციური მთვარელაშვილი.
მისივე თქმით, ერთ დღესაც მენეჯერმა გამოუცხადა, რომ „მისი დრო დასრულდა“ და სამსახურიდან უნდა წასულიყო.
„ძალიან გულსატკენია, ასეთი ადამიანები რომ ასეთ დაღს ასვამენ შენს ცხოვრებას და ჰგონიათ, რომ დღეს ისინი სამყაროს მბრძანებლები არიან“, – ამბობს ციური მთვარელაშვილი.
თინა ნინიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ თუკი მთვარელაშვილი მართლაც ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მუშაობდა, 5 წელი ამ სამუშაო ადგილზე არ გაჩერდებოდა.
„5 წელი რომ იმუშავებ ადამიანთან, როგორ ფიქრობთ, მე რომ ერთხელ მაინც მსგავსი კომენტარი გამეკეთებინა, დარჩებოდა სამსახურში? სხვა სამუშაო ადგილი არ იყო და ითმენდა ამ შეურაცხყოფებს? ეს ხომ არ არის მაღაროელი, რომელიც ჭიათურაში მუშაობს, სადაც სხვა სამსახური უბრალოდ არ არის. თბილისი დიდი ქალაქია და მსგავს პოზიციაზე უამრავი ვაკანსიაა ყოველთვის. თუ შეურაცხყოფას აყენებენ, თუ თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, თუ ავიწროებდნენ, როგორც თვითონ წერს, 5 წელი იმუშავებდა?“, – ამბობს ნინიძე.
„შენ არ იცი, უფროსი როდესაც შემოდის, ფეხზე უნდა ადგე?!“
პირადი გამოცდილების შესახებ კიდევ ერთი დასაქმებული, მარიამ მიქელაძეც წერს. მან 2-კვირიანი სტაჟირების შემდეგ ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე „ჩაის სახლის“ ფილიალში დაიწყო მუშაობა. როგორც ის იხსენებს, პირველ სამუშაო დღეს, როდესაც კაფეში კლიენტები ჯერ კიდევ არ იყვნენ, ბართან სკამზე ჩამოჯდა.
„ამ დროს შემოვიდა „ჩაის სახლის” მფლობელი, გელა შანშიაშვილი, რომელიც ვერ შევნიშნე. უცებ მესმის ყვირილი: „ფეხზე!“ მოვიხედე და თურმე მე მიყვირის. ვიდრე გონს მოვედი, ასევე ყვირილით დაამატა – „შენ არ იცი, უფროსი როდესაც შემოდის, ფეხზე უნდა ადგე?!“. ასეთი ყვირილის შემდეგ, შოკისა და დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვიღე. მითხრა, მის კაბინეტში შევსულიყავი. იქაც იგივე გამიმეორა, რაზეც მე ვუთხარი, რომ ამის შემდეგ, ფეხზე ავდგებოდი ხოლმე. არ ვიცი, რა არ მოეწონა, მითხრა, რომ შემიძლია, სახლში წავიდე; გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. იქაური მენეჯერი შეეცადა, შესულიყო და გაერკვია, რა მოხდა, თუმცა მას ხმაც არ ამოაღებინა და ხმამაღლა უთხრა, გაუშვით ეს სამსახურიდანო“, – ამბობს მარიამ მიქელაძე.
როგორც მარიამი ჰყვება, შეეცადა, ვითარება მენეჯერთან, თინა ნინიძესთან გაერკვია, თუმცა ამ უკანასკნელმა, მისი თქმით, მხარდაჭერის ნაცვლად, თავად მარიამი დაადანაშაულა.
„რა თქმა უნდა, მანამდე არავის აუხსნია ის, რომ დაჯდომის უფლება არ მქონდა. გარდა ამისა, აზრი არ ჰქონდა მისთვის იმის განმარტებას, რომ გელა შანშიაშვილს საერთოდ არ უხსენებია შინაგანაწესი და პრობლემა მისი შემოსვლისას ფეხზე არწამოდგომა იყო. თინა ნინიძისთვის, ბოლომდე გაუგებარი დარჩა, რატომ „მომეჩვენა“ მე გელა შანშიაშვილის საქციელი ჩემი ღირსების შელახვად და უსამართლობად“, – წერს მარიამ მიქელაძე.
კაფეს მფლობელი გელა შანშიაშვილი ამბობს, რომ ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბართან მდგომ თანამშრომლებს დილით გაესაუბრა. მისივე თქმით, მარიამს უფროსთან საუბრისას ფეხზე ადგომაზე მშვიდად მიუთითა და არა ყვირილით. და ამ შენიშვნაში მან ასაკობრივი უფროს-უმცროსობა იგულისხმა და არა სამსახურეობრივი. როგორც შანშიაშვილი ამბობს, ეს მარიამ მიქელაძესაც აუხსნა, რომ სტუმრის შემოსვლისას ფეხზე წამოდგომა კაფეს ეტიკეტის ნაწილია. ამ გაუგებობაში ის საკუთარ წვლილსაც ხედავს, რომ თანამშრომელს სათანადოდ ვერ აუხსნა, რას გულისხმობდა.