ახლახან დაარსებულმა საქართველოს კინოინსტიტუტმა (GFI) ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპულ კინობაზრობაზე (EFM) დამოუკიდებელი სტენდი და საქართველოს კინოინდუსტრია რამდენიმე ფილმით წარადგინა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ლანა ღოღობერიძის „დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის „ფორუმის“ მონაწილეა და ლევან აკინის „გზაჯვარედინი“, რომელიც ქართული, შვედური, ფრანგული, დანიური და თურქული კოპროდუქციაა (სწორედ ამ ფილმით გაიხსნა პროგრამა „პანორამა“). ამ ფილმების წარმატებული ჩვენების შესახებ ფესტივალზე „პუბლიკა“ უკვე წერდა…
პარალელურად, ბერლინის ცნობილ კინოთეატრ „ვოლფში“, საქართველოს კინოინსტიტუთან თანამშრომლობით, მოეწყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „მოუთვინიერებელი ქართული კინო“. წარმოდგენილი იყო ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“ და „პასტორალი“, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ და „უჟმური“, სალომე ჯაშის „მოთვინიერება“, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის „ჯადოსნური მთა“, ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ და სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი“.
„ქართველი რეჟისორები განსხვავებული თემებითა და კინოენით რეფლექსირებენ აწმყოზე, ასახავენ ქვეყანაში არსებულ დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას და ხელს უწყობენ სამომავლო დისკუსიისთვის აუცილებელი სივრცის გაჩენას. თანამედროვე საქართველოში მათი მნიშვნელობის გარდა, ეს ფილმები მოგვითხრობენ უნივერსალურ ისტორიებზე, რომლებიც საბოლოოდ, ძალაუფლების მითოლოგიად ტრანსფორმირდება“ – აღნიშნულია ქართული ფილმების რეტროსპექტივისათვის მიძღვნილ გერმანულ გამოცემაში.
საქართველოს კინოინსტიტუტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებს, დაეხმაროს მათ შეხვედრების ორგანიზებასა და კონტაქტების დამყარებაში. ასევე, პოპულარიზაცია გაუწიოს თანამედროვე ქართველ ავტორებს, სცენარისტებსა და რეჟისორებს.
საქართველოს კინოინსტიტუტის ბორდის წევრებმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრა გამართეს. პირველ რიგში, საფრანგეთის კინოფონდთან, (CNC), ევროპის კინოფონდთან (Eurimage), დანიის კინოფონდთან, ვიმ ვენდერსის ფონდთან… ორმხრივი დაინტერესება არსებობს ქართულ კინოინსტიტუტსა და ფრანგული კინოს პოპულარიზაციის სააგენტოს, UNIFRANCE-ს შორის. ასევე ცალკეული შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ევროპული კინოკომპანიის პროდიუსერებთან.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა: კანის, ლოკარნოს, ვენეციის, სანდენსის კინოფესტივალები. თანამედროვე ქართული ფილმები თითქმის ყოველ წელს მონაწილეობენ კარლოვი ვარის, სან–სებასტიანის, კოტბუსის, მონრეალის, ვარშავის, ტორონტოს კინოფესტივალებზე.
განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა 20 თებერვალს ფრანგულ სახლში საქართველოს კინოინსტიტუტის წევრების შეხვედრა ბერლინის კინოფესტივალის მონაწილეებთან, საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან და უბრალოდ, მოწვეულ კინემატოგრაფისტებთან. ქართული კულტურის საღამოს სახელწოდებით – Flowers Are Not Silent („ყვავილები არ არიან ჩუმად“), სახელოვანი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილისა და უკვე აღიარებული ახალგაზრდა პიანისტის, გიორგი გიგაშვილის მონაწილეობით, 300-მდე სტუმარი დაესწრო. საღამო მიეძღვნა პირველ ქართველ ქალ–რეჟისორს, საბჭოთა ცენზურის მსხვერპლს – ნუცა ღოღობერიძეს. ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ და ახალგაზრდა რეჟისორებმა გაიხსენეს ნუცა ღოღობერიძის ფილმები და მისი დამსახურება ქართული კინოს განვითარების საქმეში.
ასე რომ, საქართველოს კინოინსტიტუტის პირველივე წარდგენა საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმატებული აღმოჩნდა.