დათა თავაძის ქართულ–პოლონური სპექტაკლი „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“, როგორც კშიშტოფ კისლოვსკის დოკუმენტური ფილმების თეატრალური ინსპირაცია.
დეკემბრის ბოლოს სამეფო უბნის თეატრში გამართული პრემიერა, სახელწოდებით, „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“, ისევე, როგორც ბევრი სხვა სპექტაკლი ამ თეატრში, ბევრ მნიშვნელოვან, ზუსტ, დროულ და სოციალურ–ესთეტიკური გზავნილს გულისხმობდა.
ახალი სპექტაკლი პოლონურ–ქართული თეატრალური კოპროდუქციაა, რომელიც პროგრამა „ინდიპენდენთ 2017-2022“-ისა და ადამ მიცკევიჩის ინტიტუტის პროგრამის – „კულტურის ხიდების“ ფარგლებში განხორციელდა (პროექტის კურატორები იულია ჰოლევინსკა და ადამ პაკიელა). დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 8-10 იანვარს წარმოდგენამ უკვე პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრში (Teatr Polski w Bydgoszczy) გადაინაცვლა, რაც პროექტით არის გათვალისწინებული და რასაც ერთგვარი არტისტული „ჩენჯიც“ შეგვიძლია ვუწოდოთ.
დრამატურგ დავით გაბუნიას ტექსტი და რეჟისორ დათა თავაძის რეფლექსია ცნობილი პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ კისლოვკის ადრეულ დოკუმენტურ ფილმს ეყრდნობა. ეს არის „მუშები 1971: არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“, რომლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის ფოიეში, კედელზე შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა, როგორც დავაკვირდი, მაყურებელს თავიდან ეს კადრები დიდად არ აინტერესებს. ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ამყარებს კავშირს ჯერ კიდევ უნახავ სპექტაკლსა და დოკუმენტურ, შავ–თეთრ გამოსახულებას შორის. უმჯობესი იქნება, თუ ვიდეოკადრები სპეტაკლის შემდეგაც დარჩება კედელზე, რაც მაყურებელს ნანახის გააზრებისკენ უბიძგებს. არადა, ნანახი სწორედ რომ მოითხოვს დაფიქრებას, დაყოვნებას, პაუზას; პირველადი და ჯერ კიდევ მოუნელებელი ემოციების დაკავშირებას პირველწყაროსთან, დოკუმენტურ მასალასთან. მოკლედ რომ ვთქვათ, „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“, სწორედ ჩვენზეა.
ქართველი და პოლონელი მსახობები (პაატა ინაური, სალომე მაისაშვილი, მარიან იასკულსკი, კაროლ ფრანეკ ნოვინსკი, კატარჟინა პავლოვსკა, იეჟი პოჟაროვსკი, მიხალინა როდაკი, მალგოჟატა ტროფიმიუკი) 70-იან წლების პოლონეთის ქალაქებში გაგვიძღვებიან, რათა მაღაროელების, ბალერინების, მუშების, ფეიქრებისა თუ დიასახლისების ყოველდღიური შრომა, რუტინა, განცდები უფრო ხელშესახებად გვაგრძნობინონ. ისინი რიგ–რიგობით დგებიან მიკროფონთან და ლამის სოციოლოგიურ კითხვებს – ვინ ხარ?, როდის დაიბადე?, რას ელი ცხოვრებისგან? – თავადვე პასუხობენ, სახეები კი მსხვილი პლანით ვიდეოეკრანზეც ისახება. პასუხები ზოჯერ მოკლე და კონკრეტულია, ზოჯერ განზოგადებული, სევდიანი და ირონიით გაჯერებული. მათ მიღმა იგრძნობა პერსონაჟების ნება და სურვილიც საკუთარი ღირსების, უფლებებისა თუ თავისუფლების დასაცავად.
სპექტაკლის დისტანციური, გაუცხოებით ნაკვები და ამბივალენტური ირონიით გამორჩეული განწყობა თითქოს არ არის კავშირში კისლოვსკის დოკუმეტური ფილმის მკაცრ, ოდნავ პირქუშ თხრობის მანერასთან. შესაბამისად, დათა თავაძის სპექტაკლიც დაშორებულია 70-იანი წლების პოლიტიკურ მოვლენებს. ის არც დროის პირდაპირ ციტირებას გულისხმობს და არც დრამატულ ტონალობას. რეჟისორი უფრო „დარღვეულ დროთა კავშირის“ პარალელობის ნიშნებზე მიგვანიშნებს. თუმცა არის ეპიზოდები, როცა დრამატული წარსულის შეხსენება გარდუვალია და აუცილებელიც. მაგალითად, პირველი მაისის ეპიზოდი, დიასახლისის მონოლოგი (ამ ეპიზოდში, უბრალოდ, შესანიშნავია გამოცდილი და ცნობილი მსახიობი, მალგოჟატა ტროფიმიუკი) ან მაღაროელის მონოლოგი (პაატა ინაური). შესაბამისად, იცვლება თხრობის ინტონაციაც – მოკლე, ზუსტი და ირონიული წინადადებებიდან თუ რეპლიკებიდან ნამდვილ, თეატრალურ და დრამატულ მონოლოგებამდე.
სპექტაკლის მთლიანობა, მისი „გეშტალტი“ თითქოს შიგნიდან არის დანაწევრებულ–გამთლიანებული პატარა ნოველებად, რომლის სათაურებიც კედელზე აღიბეჭდება: „რძე“, „მუშები 1971“ , „ვინც შრომობს ორკესტრს იმსახურებს“, „პირველი მაისი“, „სამსახური“, „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“. საინტერესოა, რომ მხატვრისა და სცენოგრაფის, ანა–მარია კაშმარსკას სცენოგრაფიაც ასევე, ფრაგმენტაციის პრინციპზეა აგებული – სცენურ სივრცეში გაბნეულია კარები, ფანჯრები, სკამები, მაგიდა, მაცივრები, წითელი და თეთრი მიხაკები… და ჩვენც მთელი სპექტაკლის განმავლობაში, სწორედ სივრცესა და დროში „გაბნეული“ ნივთებისა და მოვლენების შეგროვება–დაკავშირების რეჟიმში ვიმყოფებით.
პერსონაჟები და მოვლენები ფინალში ერთიანდება, როცა თეთრი და წითელი მიხაკებით „შემოსილ“ ღვთისმშობლის სკულპტურას ლამის საზეიმოდ გამოაბრძანებენ… მაცივრიდან (!). მეორე მაცივარში საგანგებოდ შენახული რძინი ჭიქები, ღვთისმშობლის პატარა ქანდაკება და თეთრ–წითელი მიხაკების კომბინაცია დროულად ერითმება დანა–ჩანგალ–მაკრატლების ხმაურის რიტმს, მუსიკალურ ფრაზებსა თუ ხმაურების პოლიფონიას (მუსიკა ნიკა ფასური), რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოდგენის ესთეტიკური ხარისხის შესაფასებლად.
კისლოვსკის ფილმის ზუსტი, ოდნავ დისტანციური და ფილოსოფიური სათაური სპექტაკლსაც უხდება; მკაფიოდ, სოციალურად და მიმზიდველად ჟღერს. თუმცა მისი ინტერპრეტაცია ბევრნაირად შეიძლება. მაგალითად, ასე: „ყველაფერი ჩვენ შესახებ ჩვენიანად“ (რაც ნიშნავს, რომ მოვლენები პირდაპირ ჩვენ გვეხება); ან პირიქით, ოდნავი გაუცხოების ინტონაციით – „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენიანად“ (როცა თხრობა ჩვენ არ გვეხება, მაგრამ რეალურად ჩვენ შესახებაა) დაბოლოს, როცა შენარჩუნებულია ფილმის სათაური ორმაგი გაუცხოებით: „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“ (როცა მოვლენები თითქოს ჩვენ არ გვეხება და მასში არც ჩვენ ვმონაწილეობთ).
ამგვარი თამაშის პრინციპი გაცილებით ახლოა ბრეხტთან და, ნაწილობრივ, ვერბატიმთან, რომელიც სპექტაკლში ასევე აქტიურად არის გამოყენებული. თუმცა ვერბატიმის „მეორე ნაწილი“ (როცა მსახიობები პირდაპირ მიმართავენ მაყურებელს – „თქვენ სად მუშაობთ? გინდათ სხვა რამე აკეთოთ?“) სპექტაკლის რიტმს აგდებს და ზედმეტად მიგვაჩნია.
სამაგიეროდ, მღელვარე, სანახაობრივი და შესანიშნავია „პირველი მაისის“ ეპიზოდი თავისი ვერბალური თუ არავერბალური შრეებით, ტემპითაც და ქორეო–დრამატული ფანტაზიით. მსახიობები სკამებზე სხედან და ნელ ირწევიან. შემდეგ სიმღერას დაიწყებენ, მერე წამოდგებიან და მოძრაობს იწყებენ, ტემპს უმატებენ, ხმაურობენ დარბიან…. დაახლოებით, როგორც სახელოვანი პინა ბაუშის მიერ 70-იან წლებში დადგმულ Kontakthof-ში… და ვხვდებით, რომ სპექტაკლის დასაწყისი და დასასრული ისევე ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს, როგორც კშიშტოფ კისლოვსკის 70-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი და 21-ე საუკუნის 20-იან წლებში დათა თავაძის სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში.