„ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ – რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლაში პრევენციისთვის

ნათია ამირანაშვილი

„ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ – გვეუბნება ფსიქოლოგი მარიამ რაზმაძე სასკოლო სივრცისთვის უკვე ასე კარგად ნაცნობი ანტინარკოტიკული კამპანიების შეფასებისას.

მასთან სკოლის კედლებზე გამოკრულ, ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე ლოზუნგებზეც ვისაუბრეთ, როგორიცაა – „ნარკოტიკი კლავს“, „არა ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“, ვისაუბრეთ იმაზე, რატომ არ აქვს ასეთ კამპანიებს პრევენციული შედეგი და პირიქით, რას აქვს; რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა და რისკენ უნდა ჰქონდეს ორიენტირი სკოლას, თუ მას მოზარდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა სურს:

– თავდაპირველად, გავაანალიზოთ ის პრაქტიკა, რასაც 15 წელზე მეტია სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის სახელქვეშ ვაწყდებით. რა არის სკოლის სივრცეში ე.წ. ხშირად დაშვებული შეცდომები და რას გულისხმობთ, როდესაც ამ კონტექსტში ახსენებთ ფრაზას – „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“?

– დღეს პრევენციის სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ პრევენციის განხორციელება შესაძლებელია ისე, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ ვახსენოთ. პრევენცია ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა კი თავისთავად მოიაზრებს იმასაც, რომ ვმოქმედებთ მავნე ჩვევების ჩამოყალიბების წინააღმდეგ.

როდესაც სკოლაში პრევენციული ინტერვენცია არ ტარდება და მასწავლებელმა ან მშობელმა, თუ გადაწყვიტა, სკოლის მოსწავლეებს ესაუბროს, როგორი საზიანოა ნივთიერებები და თან ამას აკეთებს დრამატულად – როგორი საშინელება მოსდით მომხმარებლებს, როგორ გამოიყურება ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი, რა ემართება ნაყოფს, როცა დედა მომხმარებელია – აი, ეს არის შემთხვევები, როდესაც „დაშავდების“.

საშინელებათა ფილმების მაგალითი რომ მოვიშველიოთ, გიფიქრიათ იმაზე, რატომ ჰყავს ამხელა აუდიტორია საშინელებათა ფილმებს? საქმე ისა, რომ დრამატიზმი, ინტენსიური საშიში შეგრძნებები ადამიანისთვის მომხიბვლელია. შესაბამისად, დრამატიზმი პრევენციულ როლს არ ასრულებს.

ქცევას ვერც მხოლოდ მშრალი ინფორმაციის მიწოდება შველის – ის, რომ მოზარდმა იცის, ესა თუ ის ქცევა რაღაც ცუდ შედეგამდე მიიყვანს, პრევენციული არ არის – კვლევები ამას გვეუბნება.

ზრდასრულებმა ჩვენს თავს რომ ვკითხოთ, რამდენი რამ ვიცით, რაც ჩვენთვის მავნებელია, რაც ცუდ შედეგს გამოიღებს სამომავლოდ, არის კი ეს საკმარისი, რომ არ გავიმეოროთ იგივე? მაგალითად, ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ჩვენთვის, სითხის მიღება საკმარისი რაოდენობით. ვიცით, მაგრამ რამდენი ვახერხებთ ამის შესრულებას? რამდენი ვახერხებთ, რომ ღამეში 7-8 საათი მაინც გვეძინოს? რამდენი იცავს ფიზიკური აქტივობისა და კვების რეჟიმს? შესაბამისად, უბრალოდ ცოდნა/ინფორმაციის ფლობა ქცევის შეცვლის საფუძველი არ არის. ინფორმაცია არ არის დამცავი და დრამატიზმი კი პირიქით, ვიღაცისთვის მიმზიდველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მოზარდობის ასაკს ემატება ისიც, რომ ამ ასაკში იმპულსის მართვისა და მომავლის განჭვრეტის უნარები განვითარებული ჯერ არ არის.

– ჩვენ ასევე შევხვედრილვართ „დაშინების“ მაგალითებს, რომ „თუ ერთხელ მაინც მოიხმარ, მერე ვეღარ შეეშვები“, რომ „ეს არის მომაკვდინებელი ჩვენი სულისა და ორგანიზმისთვის“ და ა.შ. რა კუთხით შეიცავს საფრთხეებს ასე მიწოდებული ინფორმაცია?

– ესეც დრამატიზმის მაგალითია – რაღაც თვალსაზრისით შედეგების გადაჭარბება. მოზარდებისთვის უთქვამთ, რომ მაგალითად ერთჯერად მოხმარებაც კი შეუძლია, გამოიწვიოს  იმპოტენცია, გამოიწვიოს ფიზიკური ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები.

პრობლემა სად არის კი იცით? – ამ დროს შეიძლება მოზარდები უკვე პირადად იცნობდნენ ან უფროსკლასელებს ან ჰყავდეთ ოჯახის წევრი, რომელიც ლეგალურ თუ არალეგალურ საშუალებას მოიხმარს. მოგვისმენია მოზარდების მხრიდან საპირისპირო სახუმარო არგუმენტი: „მას, ბებიაჩემი 70 წლის არის და ეწევა“. ანუ ისინი ნათლად ხედავენ, რომ ერთჯერადი კი არა, რამდენიმეწლიანი მოხმარება თვალსაჩინოდ დრამატულ შედეგებთან დაკავშირებული ნაკლებად არის. ეს სამომავლოდ ძირს უთხრის სხვა პრევენციულ ინტერვენციებს, რომელიც შეიძლება მტკიცებულებაზე დაფუძნებული და კვლევებით გამყარებული იყოს, იმიტომ, რომ ნდობა იკარგება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

– აპრობირებული მეთოდი იყო სკოლებში პოლიციელების მისვლა და საუბარი იმაზე, როგორ ისჯება ნარკოტიკის მოხმარება. ასევე, ყოფილი ნარკომომხმარებლის სტატუსით ინფორმაციის გაზიარება, როგორი ცუდია ნარკოტიკი და რა პრობლემებს შეგახვედრებთ ცხოვრებაში. ანტინარკოტიკული კამპანიების ფარგლებში საქართველოში ასევე გვინახავს პოპულარული ადამიანების სკოლებში ვიზიტები. რას იტყვით ამ მიდგომებზე? რა კუთხით შეიცავენ ისინი რისკებს?

პირველ რიგში, უკვე არსებული მონაცემები გვეუბნება იმას, რომ უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება – კანონით რა არის დაშვებული, რა არის ცუდი ან რა არის კარგი, პრევენციულ მიზანს ვერ ემსახურება. რაც შეეხება პოლიციელების სკოლაში ვიზიტებს, ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ პატარა კომპონენტს – თუ ვინ ატარებს სკოლაში პრევენციას, ფორმიანი პოლიციელი თუ სათანადოდ მომზადებული პედაგოგი/ფსიქოლოგი, სულ სხვადასხვა შედეგი მოაქვს. ამიტომ არაა სასურველი, რომ სათანადო განათლების გარეშე ადამიანმა პრევენცია აკეთოს.

ცნობილი ადამიანების გამოყენებაც უყვარდათ ხოლმე პრევენციულ ინტერვენციებში – ნენსი რეიგანის შემთხვევა რომ გავიხსენოთ, ის გამოდიოდა და ეუბნებოდა ამერიკელ მოზარდებს – „უბრალოდ, უთხარი არა ნარკოტიკებს“. ამ დროს შეიძლება ასოციაციურად დაკავშირებაც მოხდეს ერთმანეთთან ცნობილი ადამიანების, წარმატებისა და მოხმარების.

რაც შეეხება ყოფილი მომხმარებლების საკითხს, ესეც „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ თემის გაგრძელებაა. „ადამიანი, რომელიც რაღაც ნივთიერებებს მოიხმარდა, დღეს ასეთი „კარიერა“ აქვს, რომ დადის და თავის ცხოვრებაზე სხვა ადამიანს უყვება, მას უსმენენ, აზრს ეკითხებიან, ამაში ხელფასს უხდიან და ასე ვთქვათ, ჭკუას ასწავლის სხვებს“ – ასეთი გზავნილის შემცველიც შეიძლება იყოს ეს.

ამის გარდა, მოგეხსენებათ, ადიქცია ქრონიკული დაავადებაა. რემისია თუ ჩააგდო ამ ადამიანმა და ერთი-ორი წელი ვეღარ მიდის სკოლაში სალაპარაკოდ, როგორი გზავნილია ეს  მოზარდებისთვის?

თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ „გამოსავალი არსებობს“ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა სხვა სივრცეში, მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც  ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები მკურნალობას გადიან. ამ სივრცეში ყოფილ მომხმარებლებს თანასწორგანმანათლებლის ამპლუაში უამრავი დადებითი როლის შესრულება შეუძლიათ. დიახ, გამოსავალი არსებობს დამოკიდებულებასთან ბრძოლაში და ამის მოსმენა სწორ დროს და სწორ ადგილას, ძალიან ეფექტიანი, მაგრამ არა პრევენციაში და არა სკოლაში.

– ერთ-ერთი ვებინარის დროს ახსენეთ, რომ პრევენცია ეწინააღმდეგება ერთი შეხედვით ლოგიკურ ფრაზებს. რას ნიშნავს ეს, რომ განვავრცოთ?

– ბევრი რამ აღმოჩნდა პრევენციის მეცნიერებაში ინტუიციის საწინააღმდეგო. ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკურია ეს ჯაჭვი – თუ ადამიანმა იცის, რაღაცა მისთვის საზიანოა, რომელი ჭკუათმყოფელი გააკეთებს იმას, რაც მისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება?… თუმცა ლოგიკას არა მარტო ნივთიერებების მოხმარების, არამედ, ზოგადად, საკუთარ თავზე ზრუნვის არაერთ საკითხში ხშირად ვეწინააღმდეგებით. ამიტომაც არის საჭირო შესაბამისი განათლება, მომზადება და ამ სფეროში გამოყენებული პრაქტიკების ცოდნა. პრევენციაში ლოგიკურ დაშვებებს რომ მივყვეთ, საწინააღმდეგო არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

– პრევენციის სახეებზეც რომ ვისაუბროთ. რაში დაეხმარება ამ ინფორმაციის ცოდნა სკოლის პერსონალს?

პირველ რიგში, სათანადო ზომების შემუშავებაში. პრევენციას აქვს სხვადასხვა სახე – უნივერსალური, შერჩევითი და მიზანმიმართული. პრევენციაზე საუბრისას ასევე შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა დონე – ოჯახის დონეზე პრევენცია, სკოლის დონეზე, ჯანდაცვის სექტორის, თემის და ა.შ.

თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა და დანიშნულება აქვს. მაგალითად, უნივერსალური პრევენცია ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, საჭირო სოციალური უნარების განვითარებას. ანუ ეს არის პრევენცია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ექვემდებარებიან ისინი რისკებს;

შემდეგი არის შერჩევითი პრევენციული მიდგომები, როდესაც მოზარდი ავლენს ემოციის/ იმპულსის მართვის სირთულეს, შეიძლება ჰქონდეს აგრესიული/ოპოზიციური ქცევა. ანუ, როდესაც მის განვითარებაში გარკვეული სირთულეები შეიმჩნევა.

ხოლო, როდესაც მოზარდი იწყებს ნივთიერებებით ექსპერიმენტირებას, საქმეში უკვე მიზანმიმართული პრევენცია უნდა ჩაერთოს.

ამ დონეების გამოყოფის გარეშე ძალიან რთული იქნება, რომ მოზარდის საჭიროებებს ეფექტიანად და ადეკვატურად ვუპასუხოთ. ასევე, დაგროვილია ცოდნა იმაზე, რომელი ინტერვენციაა ეფექტიანი ადრეულ თინეიჯერობაში, რომელი ზრდასრულობაში და ა.შ. აი, ეს დაყოფა გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ უფრო ეფექტიანები და ვუპასუხოთ იმ საჭიროებებს, რაც ამა თუ იმ დონეზე არსებობს.

– საქართველოში ჯერ მხოლოდ პილოტურად მიმდინარეობს პრევენციული სასკოლო პროგრამა. მოგვიყევით, ამის შესახებ.

– ეს არის სასკოლო პროგრამა, რომელიც გამიზნულია 11-12 წლის მოზარდებისთვის. მას შესაბამისი მომზადების მქონე მასწავლებელი ან ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი ატარებს.

პროგრამისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ისიც, რომ მასწავლებელთა რესურსი არსებობდეს სკოლებში და სკოლა არ იყოს დამოკიდებული გარე რესურსზე – რომ ვიღაც მოვა, ჩაატარებს 1-საათიან სემინარს და წავა. ეს კომპონენტი სკოლის გაძლიერებაზეა მიმართული.

უშუალოდ პროგრამა 12 შეხვედრისგან შედგება და გამიზნულია მოსწავლეებისთვის. მას თან ერთვის სამი შეხვედრა მშობლებისთვის.

12 სესიიდან მხოლოდ სამი ეხება ნივთიერებებს – აქედან ერთი ალკოჰოლს, ერთი თამბაქოს და ერთიც სხვა დანარჩენ ნივთიერებას. დარჩენილი 9 არის მიმართული უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ემოციის მართვა, ჯგუფის წევრობა, ასერტულობა, ეფექტური კომუნიკაცია, „არას“ თქმის უნარი.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო „მითოლოგიზაციის სესიაა“, რომელიც გულისხმობს იმ მითების დანგრევას, თუ ადამიანების რა რაოდენობა მოიხმარს სხვადასხვა ნივთიერებას ზოგად მოსახლეობაში. მოსწავლეებს და მშობლებს ვეკითხებით, მათი აზრით, მოზარდების რამდენი პროცენტი მოიხმარს, მაგალითად, მარიხუანას. სავარჯიშოს შესრულებისას ყოველთვის ბევრად უფრო მაღალი პროცენტი სახელდება, ვიდრე კვლევის მონაცემი ამბობს.

რა მიზნით ვაკეთებთ ამას? – აღმოჩნდა, რომ მსგავსი აღქმები ნორმალიზებას უწყობს ხელს („ყველა მოიხმარს! ერის გენოციდი ხდება!“). მოხმარებასთან დაკავშირებით მაღალი პროცენტის დასახელება მიანიშნებს აღქმაზე, რომ „ამას ყველა აკეთებს“. და თუ ამას ყველა აკეთებს და მე არა, ეს შეიძლება, მოხმარებისკენ ბიძგის მიმცემიც კი გახდეს, ვინაიდან მოზარდისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ჯგუფის გარეთ თავის წარმოდგენა.

სესიის შედეგად რომ იგებენ, რომ პირიქით, დასახელებულზე ბევრად ნაკლები მოიხმარს მაგ. მარიხუანას, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია.

– საინტერესოა, იგეგმება თუ არა საქართველოში ამ საპილოტე პროგრამის შედეგების გაზომვა და როგორი მოლოდინ უნდა გვქონდეს ზოგადად პრევენციისგან?

– დიახ, პროგრამა მოიცავს კითხვარსაც, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ ინტერვენციის  დაწყებამდე და დასრულების შემდგომ. განსაზღვრულია შესაბამისი ვადებიც, როდესაც შესაძლებელია ქცევაში ცვლილებების დანახვა. შემდეგ ასევე დარდება საკონტროლო და ინტერვენციის ჯგუფის შედეგები, ანუ ვინც გაიარა პროგრამა და ვისაც არ გაუვლია.

ჩვენ შემთხვევაში პროგრამის მოლოდინი არის ნივთიერებების მოხმარების გავრცელების შემცირება და დაწყების ასაკის გადავადება. ვინაიდან, მოლოდინი იმისა, რომ პრევენციული პროგრამის გავლის შემდეგ არავინ არასდროს დაიწყებს მოხმარებას, საფუძველშივე უტოპიურია.

კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს ამ მიზნის მიღწევისთვის უკვე მრავალი წლის მანძილზე ნაკვლევი, ეთიკური და ეფექტიანი მიდგომები, რომელიც მოზარდებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს ჯანსაღ განვითარებასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში დაეხმარება.


სტატია მომზადებულია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტული თამაშების მავნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე მოსახლეობაში“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. კომპონენტის განმახორციელებელია ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.