„ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“ - სენატის ორპარტიული ჯგუფის განცხადება საქართველოზე

პუბლიკა

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თარგმანს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო.

„აშშ-მა, ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებულები ვართ, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო იმედგამაცრუებელი იყო „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად, სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.

ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს”, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.