„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი მომავალი ანაღვლებს და არა მთელი ქვეყნის - სენატორი რიში

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში საკუთარ Twitter-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და აღნიშნავს, რომ პარტიას არა მთელი ქვეყნის, არამედ საკუთარი მომავალი ადარდებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ანაღვლებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – აცხადებს რიში.


დღეს, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.