აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.

კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება დეფინიცია თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის შესახებ. ასევე ამოქმედდება დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სია. კერძოდ:

თამაშზე დამოკიდებული პირი – პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში;

დამოკიდებულ პირთა სია – აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე;

კანონი ასევე განარჩევს აკრძალულ პირს – პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით.

ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირია – საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირები (მათ შორის, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი), მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირები; ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი;

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება:

  • თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში;
  • სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად (ოჯახის წევრს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს დამოკიდებული პირის მონაცემების სიაში შეტანის შესახებ განცხადებით).

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით. ამ სიიდან პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, სიაში შეტანიდან არა უადრეს 3 წლისა;

რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, პროექტში აღნიშნულია, რომ აიკრძალება საქართველოს 25 წლამდე ასაკის მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესვლა და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში) მონაწილეობა.

აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება დაუშვებელი იქნება. კანონით გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი შემთხვევები.