გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ ორი უცხოურ სადაზვერვო სააგენტოსგან აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს რეალური საფრთხე გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის.
საადვოკატო ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემული საფრთხის გათვალისწინებით, იურიდიულ ჯგუფს არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გაავრცელონ შესაბამისი განცხადება საჯაროდ და მოუწოდონ საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებს, დაიცვან გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება და გამოიძიონ ამაზე პასუხისმგებელი პირები.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი გზა ყველა სერიოზული პოლიტიკური ოპონენტისა და რეჟიმის კრიტიკოსის გასანადგურებლად” – განაცხადა მან.
აქვე მან არ გამორიცხა, რომ რომ მკვლელობის შეთქმულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს „გარე ძალებთან, რომელთაც სურთ საქართველოში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო არევა” სურთ.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
„სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია”.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის 2 საქმე დაიწყო.
ერთ-ერთი მათგანზე, ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
მეორე საქმეზე ბრალი პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს 25 თებერვალს წარუდგინა.
უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტურად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.