სალია 20 ივნისზე: ჩვენც გვაქვს შეკითხვები, გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე „გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო“ და ძალადობრივად დაშლილ პროტესტზე კითხვები აქვთ.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, იმას რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული.

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული“, – თქვა „ოცნების“ მინისტრმა.


გუშინ თეა წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისის საქმეზე დაიკითხა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე. მან კომისიაზე გაიხსენა, რომ 20 ივნისის ღამეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პარლამენტში იმყოფებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა და ის 23 ივნისსაა დაბარებული.