მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“, რომელიც 750-დღეზე მეტია, ტერიტორიის კერძო მოიჯარისთვის გადაცემას აპროტესტებს, ამბობს, რომ 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების 3-წლიანი ვადა იწურება.
ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, სახელმწიფომ „არ გაახანგრძლივოს მოსახლეობისგან მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება”.
ბალდის კანიონის შესასვლელთან შეკრებილები არიან ქალები.
„კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, რომ ტერიტორიაზე შეიყვანონ დაცვა. 2 დღეა დარჩენილი კომპანიის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. გვინდა, მივიღოთ ზუსტი და ნორმალური პასუხი. ჩვენი მოთხოვნაა, კომპანიას არ გაუხანგრძლივდეს ხელშეკრულება.
აქ ვდგავართ ქალები, გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, რომ არ იყოს მეტი დაძაბულობა, რაც აქამდე ხდებოდა. კანიონი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი და უნდა იყოს ჩვენი. არ გვინდა იჯარა და გასხვისება.
არ შედის და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ კანიონის დაცვა, სხვა ყველას შეუძლია, გაიარ-გამოიაროს”. – თქვა ერთ-ერთმა ბალდელმა ქალმა მოძრაობის ლაივ-ჩართვაში „ფეისბუქზე“.
შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჰქონდა 3-წლიანი ვადა და ვალდებულება, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ბალდის კანიონი ხელუხლებელი, უნიკალური გეოგრაფიული რელიეფითა და იშვიათი ეკოსისტემით გამოირჩევა. მარტვილის ცენტრიდან 11 კილომეტრშია. მას ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.