„ბრძოლას არ შევწყვეტთ“ - რას ითხოვს ბალდის მოსახლეობა

სალომე გორგოძე

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას, „კანიონი 350-ს“ 40 წლით იჯარით გადასცა.

ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის – ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობა მოითხოვს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს.

ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე ამ მოთხოვნით ბალდაში მცხოვრებმა მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, მიმართეს სასამართლოსაც.

ფოტო: „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“, საპროტესტო აქცია
ფოტო: „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“, საპროტესტო აქცია

ვინაიდან დღემდე მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ბალდის მოსახლეობა ახლა გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კანიონის მიმდებარედ საპროტესტო კარავი გაშალეს, სადაც 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ.

ფოტო: სალომე სიმონია
ფოტო: სალომე სიმონია

ამ ფორმით პროტესტსაც გამოხატავენ და, როგორც ამბობენ, მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ სამუშაოების წარმოებას, რომელიც მათი დაკვირვებით „კანიონის უნიკალურ ბუნებას სახეს უცვლის და აზიანებს.“

რატომ გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას უსამართლობის განცდა? რატომ აპროტესტებენ კანიონის გასხვისებას? რა არის მათი მოთხოვნები და როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას? –  „პუბლიკა“ ადგილობრივ ცოტნე თვარაძეს ესაუბრა,  რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, ასევე  მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში.

ცოტნესთვის ბალდა დედულეთია და როგორც გვიყვება, მთელი ცხოვრება ბალდაში აქვს გატარებული. ცოტნე ისხენებს, რომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ მიმდინარე წლის ივლისში გაიგეს, როცა მდინარეზე საბანაოდ ჩასულ ადგილობრივ ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების სამსახურის თანამშრომელმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი განუმარტა, რომ კერძო საკუთრებაში იმყოფებოდნენ.

„ბალდის მოსახლეობისთვის ეს არ არის უბრალოდ მდინარე, იქაურობა სოფლის სულია, სოფლის იდენტობის, ადგილობრივების იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ადგილი ყველას გვაერთიანებს იქ დაბადებულებს და გაზრდილებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, სოფლის სტუმრებს, სოფლიდან სხვაგან საცხოვრებლად გადასულებს.

ამ ზაფხულში, ერთ დღეს, როცა სოფლის მოსახლეობა იქ საბანაოდ იყო ჩასული, მოვიდა დაცული ტერიტორიების სამსახურის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი და მოსთხოვა მათ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. მაშინ გავიგეთ, რომ ტერიტორია გასხვისებული იყო და იქ ყოფნის უფლება აღარ გვქონდა. ამის შემდეგ დავინტერესდით, მოვიძიეთ, რა ხდებოდა და აღმოჩნდა, რომ ტერიტორია 40 წლით იჯარით იყო გაცემული, რის შესახებაც სოფლის მოსახლეობას იქამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია“.

ცოტნე ამბობს, რომ უსამართლობისა და პროტესტის გრძნობა სოფლის მოსახლეობაში თავდაპირველად სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა აღმოაჩინეს, რომ ტერიტორია ისე გასხვისდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ და არც არაფერს დაეკითხნენ.

ამ ინფორმაციის გაგებას მოჰყვა მოსახლეობის პირველი შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან და ინვესტორთან. ცოტნე იხსენებს, რომ შეხვედრისას მოსახლეობის მოთხოვნა იყო, მათთვის გაეცნოთ, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებდნენ და ასევე წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის გეგმები უსაფრთხო იყო და ყველაფერი კანონის დაცვით ხორციელდებოდა.

თუმცა, როგორც ცოტნე ამბობს, მათ ვერ მიიღეს ცხადი განმარტებები, რასაც, მოჰყვა მოთხოვნა სამუშაოების შეჩერების თაობაზე, მანამდე, სანამ მოსახლეობასთან არ მოხდებოდა შეთანხმება.

ის ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით მიმართეს სასამართლოს 22 სექტემბერს და კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა.

მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უწევს. ორგანიზაციის იურისტების განმარტებით, სასამართლოს უარი უსაფუძვლო იყო და არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.

იურისტების განმარტებით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით და იგი გადაწყვეტილების მიღების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვასა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებას მოითხოვს.

იურისტები მიუთითებენ იმასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება და რომელიც უშუალო და პირდაპირ გავლენას განიცდის ბუნების ძეგლის იჯარით გადაცემით, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციებისა და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ“.

ცოტნე ამბობს, რომ ბალდელების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მშენებლობის მიმდინარეობისას სოფლის მცხოვრებლებს მდინარით სარგებლობა ეკრძალებათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი კანიონზე შესვლა ფასიანი გახდება.

მისივე თქმით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათი ინტერესები სრულად იგნორირებულია და ამის მაგალითად მოჰყავს ის გარემოება, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც მომავალში მათ კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა. მისი თქმით, როგორც მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრებისას განმარტეს, ეს საკითხი ზეპირი შეთანხმებით მოგვარდება, რისიც მოსახლეობას არ სჯერა.

ცოტნე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ადგილობრივები შიშობენ, რომ თუკი კომპანიის სამუშაოები არ შეჩერდება, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება გარემოს, რის მაგალითებსაც უკვე ხშირად ხედავენ.

„ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ცხადად ვხედავთ, რომ კანიონის უნიკალური, ხელუხლებელი ველური გარემო თანდათან იცვლება. იქ, სადაც თვეების წინ ხე-ტყე და სიმწვანე იყო, დღეს ჩამორეცხილი კლდეებია, ისხმება ბეტონი, რაც თანდათან იერსახეს უცვლის იქაურობას.

სამუშაოებს უკვე ემსხვერპლა შველის სიცხოცხლე. ვხედავთ, როგორ რეცხავენ კლეებს, რათა მასზე მოდებული ხავსი და მცენარეები მდინარეში ჩაცვივდეს და ასე უნებართვოდ ხეების მოჭრას თავი აარიდონ. შედეგი კი ისაა, რომ ნადგურდება უნიკალური გარემო. მერე პაუხისმგებლობას ირიდებენ, ამბობენ, რომ ხეები ჩაცვივდა მდინარეში და მათ არ მოუჭრიათ. როცა კლდეს ჩამორეცხავ და ხავსის დაშლას ხელოვნურად შეუწყობ ხელს, რა თქმა უნდა, ასე მოხდება“.

ცოტნე ამბობს, რომ ეჭვს იწვევს სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად იქნა მიჩნეული და უპირატესობა არ მიენიჭა დაცული ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ხელუხლებად შენარჩუნების ინტერესს.

კანონით სახელმწიფომ ბუნების ძეგლი კერძო მესაკუთრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადასცეს, თუ მეპატრონე მას ეკოტურისტულ და რეკრეაციულ ფუნქციას შესძენს. ცოტნე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით, აქვთ გონივრული ეჭვი, რომ მიუხედევად სააგენტოს არგუმენტისა, რომ ტერიტორიაზე  ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სამუშაოების მიმდინარეობა სულ სხვა შედეგზე მიუთითებს.

„ჰო, შეიძლება ჩვენ არ ვართ ექსპერტები ტურიზმის მიმართულებით ან გარემოს დაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ ადამიანი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა, მასზე უკეთ არავინ იცის აქაური ყოველდღიურობა და ფიზიკურად ვერ გათვლი ყველა დეტალს, ყველაფერი ზუსტად რომ იქნას გათვალისწინებული. ამიტომ არის აუცილებელი სოფლის ჩართულობა, აუცილებელია ის, რომ ჩვენი ხედვაც მოისმინოს სახელმწიფომ, ინვესტორმა.

შენ გუშინ მოხვედი, ნახე და რაღაც იდეა დაგებადა, მე მთელი ცხოვრება აქ ვარ და რა იცი რამდენმა იდეამ გამიელვა თავში, იქნებ მეც მაქვს რაღაც კარგი სათქმელი, ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სამართალი არსებობს, ზუსტად ასე უნდა ხდებოდეს, საქმესაც ასე სჭირდება, თავიდანვე რომ ყოფილიყო სოფლის ჩართულობა ასე ხომ არ იქნებოდა, მარტივად გაკეთდებოდა ყველაფერი, სოფელიც დაეხმარებოდა“.

პროტესტში ჩართული მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო მათ ატყუებს, როცა ამბობს, რომ „მიმდინარე მშენებლობა სოფელში ხეობის განვითარებას ემსახურება.“ ისინი ფიქრობენ, რომ რეალური მიზანი ფინანსური სარგებელია, რაც უნიკალურ ბუნებას ჩაბეტონებით ემუქრება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შეცვლილია გარემო, კანიონის ერთი მხარე ჯერ ხელშეუხებელია, მეორე მხარე კი ჩამორეცხილია ხავსისგან, ხეებისგან. თავს იმით იმართლებენ, რომ რამდენიმე წელიწადში ეს ხავსი აღდგება, მაგრამ მარტო ეგ ხომ არაა, როცა პროექტს აკეთებ ბუნების დაცულ ძეგლზე, ისე მაინც უნდა გააკეთო, რომ ამით გამოუსწორებელი ზიანი არ უნდა მიაყენო გარემოს, შენს პროექტს და ინტერესებს კი არ უნდა მოარგო დაცული ტერიტორიის ძეგლი ის, რაც ათასწლეულების განმავლობაში ბუნებამ შექმნა“.

სახელმწიფო უწყებები არ იზიარებენ კრიტიკას, რომ პროცესი კანონდარღვევით წარიმართა და მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა.

11 სექტემბერის საპროტესტო აქციის დროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბალდის კანიონის ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „კანიონ 350-ზე“ კანონის დაცვით გაიცა იჯარით. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ კანიონზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. მათივე ცნობით,  მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მარტვილში მოსახლეობასთან გამართულ 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ადგილობრივებს უთხრა, რომ „მისი ინფორმაციით, მოსახლეობასთან იყო კომუნიკაცია“ და მზაობა გამოთქვა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში,  სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდნენ.

ცოტნე ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტს არ შეწყვეტს მანამ, სანამ მათი მოთხოვნა სამუშაოების შეჩერებაზე არ დაკმაყოფილდება. ამბობს, რომ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებითა და სამართლებრივი გზით შეეცდებიან, პროექტი არ დასრულდეს. მუდმივად მონიტორინგს გაუწევენ კომპანიის საქმიანობას და ამხელენ ყველა იმ კანონდარღვევას, რომლებსაც კომპანია დაუშვებს.

„ჩვენ ძალიან ადამიანურად და დემოკრატიულად მივუდექით ამ პრობლემას, ჩავეძიეთ, შეხვედრებზე ვისხედით,კითხვები დავსვით, სასამართლოს მივმართეთ. მშვიდობიან პროტესტს მივმართეთ და გაჩერებას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ უსამართლობას ვხედავთ, იმიტომ, რომ კანონის დარღვევით, ადგილობრივი მოსახლეობის აზრის უგულებელყოფით დაიწყეს საქმე. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ იმასაც, როგორ იცვლება გარემო იქ.

ვითომ კანიონის კეთილმოწყობის მოტივით მიზერულ სარგებელს გვპირდებიან ადგილობრივებს, ამაში უნდა გავცვალოთ ამხელა სიმდიდრე? თვალი დავხუჭოთ უნიკალური ბუნების ჩაბეტონებაზე? უარი ვთქვათ ყველა ადგილობრივისტვის ძვირფას და მნიშვნელოვან ადგილზე? ჩვენ ბრძოლის გაჩერებას არ ვაპირებთ იქამდე , სანამ პროქტი არ შეჩერდება და დაუბრუნდება საწყის წერტილს  – მოსახლეობის თანხმობით და მათი ჩართულობით, რომ ჩვენი ინტერესებიც იყოს გათვალისიწნებული “

კანიონის მიმდებარედ საპროტესტო კარავი უკვე მეორე დღეა გაიშლილია და მოსახლეობა მორიგეობს. ბალდელები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.