ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები სააპელაციოში არ გაასაჩივრა - PHR

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, სასამართლო დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ 8 ივნისს ძალაში დატოვა, სააპელაციოშო არ გაასაჩივრა, რაც ორგანიზაციას აფიქრებინებს, რომ ბასილაშვილის ოჯახი დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.

„2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, 9-საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა, რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად“, – წერია PHR-ის განცხადებაში.