სასამართლომ ბასილაშვილისთვის გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა - PHR

ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველთა („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”) ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და  ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად ბასილაშვილა და მისი ოჯახის  წევრების მიმართ გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

PHR-ის ცნობით, ბასილაშვილის მხარე მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. თუმცა გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.