არანაირი ძალადობის ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა - ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. მათი მტკიცებით, ჩოგბურთელს ყოფილი ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დოროყაშვილი ცდილობს, ბასილაშვილის ოჯახს ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

„პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზისა და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებული არიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა. შესაბამისად, განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩივლა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა“, – წერს ჩოგბურთელის ოჯახი.

ბასილაშვილის ოჯახის მტკიცებით, 21 მაისს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა და გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.

„მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“ , – ნათქვამია ბასილაშვილის ოჯახის განცხადებაში.


ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.