ფიზიკურად გამისწორდა, არასრულწლოვნის თანდასწრებით - ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

პუბლიკა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი „რუსთავი 2-თან“ ჰყვება, რომ ბასილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვნის თანდასწრებით მაშინ მიაყენა, როცა მასთან შვილის წასაყვანად მივიდა. მისი თქმით, ჩოგბურთელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას გამოძიების ფარგლებში შესაბამისი ექსპერტიზაც უტარდება.

„არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია მიზეზი, უბრალოდ ჩემს შვილს მივაკითხე წამოსაყვანად და ძალადობას ჰქონდა ადგილი. ექსპერტიზა ჩამიტარდა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზა კიდევ მიმდინარეობს“, – ჰყვება „რუსთავი 2-თან“ სატელეფონო ინტერვიუში ბასილაშვილის ყოფილი ცოლი.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის თქმით, ჩოგბურთელთან ერთად იყო მამამისიც, რომელიც „რაღაც საგნით“ გამოეკიდა.

„ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი, რა მოუვიდა, რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა და მე მეგონა ნაჯახი. არც მახსოვს იმდენად აფექტში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. ვერ ვიხსენებ ახლა კონკრეტულად დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი“, – ჰყვება ბასილაშვილის ყოფილი ცოლი.

საქართველოს 1 და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. „მასთან არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ამის მტკიცებულებებიც საქმეში არ არსებობს“, – თქვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.