ბათუმში ნგრევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში ნგრევის შედეგად დაშავებული ქალი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.

ქალი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, დაახლოებით, 20:20-ზე ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა ექიმებმა კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს. მათი თქმით, ქალს რამდენჯერმე გაუჩერდა გული, ჰქონდა ორივე კიდურის მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანება.

„პაციენტი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, სასწრაფოშივე დამძიმდა მისი მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ემერჯენსში აღდგა გული. ღამით რამდენჯერმე გაუჩერდა გული. ძირითადი დიაგნოზი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი, მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა, სისხლდენა“, – განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ბოლო მონაცემებით, სადარბაზოს ნგრევის შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს 5 ცხედარი. საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

შს მინისტრის ინფორმაციით, ეძებენ კიდევ 3 ადამიანს.