ბევრი იცემა და კიდევ ბევრია საცემი, მიზეზი რა არის ბატონო პრემიერო? - ინჯია

პუბლიკა

პრორუსული პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რატომ არ იღებს „ოცნება“ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონს.

„ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე [სავარაუდოდ, გულისხმობს მშვილდაძეს], ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია, ამ სიას პარლამენტის წევრებიც შეიძლება  შეემატოს და კიდევ ბევრია საცემი. მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერ-მინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღება. აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს შემცირდეს და საერთოდაც არ იყოს.

ეს მოთხოვნა იყო… და  ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს.  აკრძალვა კი არ არის, არამედ აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, იმ ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითად, იქ, სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, არ იყოს იქ სურათი … არ მინდა ახლა… ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%-ში. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4,  მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ეს მოთხოვნა იყო და ეს მოთხოვნები იყო სწორედ, ათიათასობით ადამიანი რომ შეიკრიბა 30 აპრილს [„უცნობის“ აქცია], ეს მოთხოვნები იქ იყო მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერთ ამას, აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ.

თუ იქნება მხარდაჭერა, ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად. სანამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი. ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი, რადგან ხართ ხან იქით, ხან აქეთ და თამაშობთ“, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.