„ბირჟა მაფიას“ საქმეზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს | „გირჩის“ ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „გირჩი“ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ინიციატივის მიხედვით, „ბირჟა მაფიას“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს.

ამის შესახებ პარლამენტში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის  „ბირჟა მაფიას” საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცავთა მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება.

„ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა დადგენილიყო სტანდარტი, თუ რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს  შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და შესაბამისად ამოღება, სადაც  ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკევის საფუძველზე  და ამასთან  ჩხრეკასა და ამოღებას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არცერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული.

ჩვენ გვინდა, საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში,  კანონის უკუქცევითი პრინციპიდან გამომდინარე,  გათავისუფლდნენ. ვთხოვთ, საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა ციხიდან  გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში   შესული გადაწყვეტილების მიუხედავად იქ უკანონოდ სხედან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


2020 წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელი სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იყო.