ბიტკოინების საქმეზე ბოლო სხდომა მიმდინარეობს.
დღეს, 10 მარტს, ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, მანამდე კი, 7 მარტს დასკვნითი სიტყვა თქვა პროკურორმა.
გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც საქართველო 2 მარტს დატოვა, სურდა, პროცესზე საბოლოო სიტყვა დისტანციურად ეთქვა, თუმცა სასამართლომ უარი უთხრა.
როგორც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თქვა, ვინაიდან ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ „განზრახი ქმედებით საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა“, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იტყვის, როდის გამოაცხადებს საქმეზე გადაწყვეტილებას.
ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
მეორე, ახალი ბრალი პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს 25 თებერვალს წარუდგინა.
უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.
შედეგად, უწყების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“.
ამ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.
ორივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
ამასთან, მას სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს ბრალი მესამე – საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე და ამ შემთხვევაშიც პატიმრობა შეუფარდეს.