ბიზნესში კაცების ანაზღაურება საშუალოდ 515 ლარით აღემატება ქალებისას | კვლევა

პუბლიკა

კვლევის მიხედვით, კაცების ანაზღაურება ბიზნესსექტორში საშუალოდ 515 ლარით აღემატება ქალებისას და 1380.5 ლარს შეადგენს.

ყველაზე დიდი განსხვავება (613 ლარი) ანაზღაურებას შორის ფიქსირდება საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულებს შორის.

კვლევა „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“  აჩვენებს, რომ 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29% იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა დამწყები მეწარმეები ნაკლებად არიან ჩართული ბიზნესში; თბილისსა და რეგიონებს შორის რესურსები და შესაძლებლობები არათანაბრად არის გადანაწილებული; 31 წლამდე ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება ბიზნესით ახალგაზრდა გოგონების სიღარიბის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

კვლევის მიხედვით, ბიზნესის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვან მოტივატორად დასახელდა საკუთარი საქმის ქონის სურვილი, საკუთარი შემოსავლის გაჩენა და ასევე შვილების უზრუნველყოფა;

ბიზნესის დაწყების მთავარი დაბრკოლებები – გამოკითხულთა 36%-ს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსები, 11%-ს არ ჰქონდა მართვის გამოცდილება და 6%-ს საქმიანი და საოჯახო ცხოვრების შეთავსება უჭირდა ერთმანეთთან.

რეგიონულ ჭრილში განსხვავებები მხოლოდ არასაკმარისი ფინანსების ნაწილში გამოიკვეთა, კერძოდ რეგიონებში 39,2%-მა დაასახელა ეს პრობლემა, ხოლო ქალაქში – 31.5%-მა.

„ამასთან, საქართველოში საკუთრებას ქალები უფრო ნაკლებად ფლობენ, ვიდრე მამაკაცები, ასევე მათ უწევთ აუნაზღაურებელი შრომა შინ, რომელიც გენდერული როლებიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, უფრო მეტად ართულებს ქალების ბიზნესსაქმიანობას.

გამოკითხული მეწარმე ქალები სამეწარმეო საქმიანობის საწყის ეტაპზე სამ ძირითად ხელშემწყობ ფაქტორად ასახელებენ თავდაჯერებულობას (49%), მართვის უნარების ფლობას (23%) და ოჯახის სხვა წევრების დახმარებას საოჯახო საქმიანობაში (19 %)”, – ნათქვამია კვლევაში.

პანდემიის გავლენა

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მათ დროებით შეაჩერეს საქმიანობა, მაგრამ აღადგინეს ან აპირებენ აღდგენას. ბიზნესის შეწყვეტის ძირითად მიზეზად მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები სახელდებოდა, თუმცა ქალი მეწარმეების 30% აღნიშნავს, რომ გაყიდვების შემცირების გამო მოუწიათ საქმიანობის შეჩერება.

რესპონდენტების 42% აღნიშნავს, რომ მათი ბიზნესის შემოსავალი 50 და 100%-მდე შემცირდა. მხოლოდ  21% აღნიშნავს, რომ შეამცირეს თანამშრომელთა რაოდენობა.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს დახმარებები ბიზნესისთვის – სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ბიზნესისთვის ხელშეწყობის მიზნით არაერთგვაროვნად შეფასდა: რესპონდენტთა 47%-მა აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებები სრულიად ან ნაწილობრივ ეფექტური იყო, ხოლო 42% ამბობს, რომ ისინი სრულიად ან ნაწილობრივ არაეფექტური იყო.

„მოლოდინები სახელმწიფოსგან – გამოკითხულთა 58%-მა მოკლევადიანი ფულადი დახმარების საჭიროება დაასახელა, ასევე დასახელდა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები და ფასების კონტროლი.

ბიზნეს-ოპტიმიზმი – გამოკითხულთა 65% თვლის, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მას არ მოუწევს საქმიანობის შეჩერება. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში (72 %), რაც საგრძნობლად აღემატება თბილისის მონაცემებს (55%)”, – ნათქვამია კვლევის მიგნებებში.


კვლევა „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები,“ განხორციელდა პროექტის „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ. პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვებრესურსი www.womenpower.ge, ასევე ხდება ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ბიზნესში ჩართული ქალების ცნობადობის ამაღლება, კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობა ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პოლიტიკის გასატარებლად.

კვლევა მოიცავს კანონმდებლობისა და სტატისტიკის ანალიზს, ასევე ქალ მეწარმეთა გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის ნოემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ. გამოკითხულია საქართველოს მასშტაბით 331 მეწარმე ქალი, მათ შორის თბილისში – 96, რეგიონებში – 235. გამოკითხვა ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით.