ფრანკფურტი 2019: ვითარება და სამომავლო გამოწვევები

გიორგი ლობჟანიძე

ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე საქართველო შარშანდელი გაბრწყინების შემდგომ ძალზე მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი. ერთი მხრივ, ამისი მიზეზი გასაგებია: შარშან საპატიო სტუმარი ქვეყანა ვიყავით და გამოფენის მთელი მეოთხე კორპუსი ჩვენ – ქართულ მწერლობას,  კულტურასა და საერთოდ, საქართველოს დღევანდელობას – გვეთმობოდა, წელს კი ისევ ტრადიციული, პატარა პავილიონი გვქონდა მეხუთე კორპუსში და ისიც „მწერალთა სახლისა“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დიდი ძალისხმევის, თითქმის პროფესიული თავგანწირვის წყალობით მოხერხდა; რადგან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი აშკარად არ არის ქართული მწერლობისა და კულტურის უცხოეთში პოპულარიზაცია და ჩვენს მთავრობაში მსგავს ღონისძიებებს, როგორც ჩანს, ზემოდან, რაღაცნაირად აგდებულადაც კი უყურებენ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შარშანდელი კომენტარი, რომ თურმე ფრანკფურტში ქართული დელეგაცია სასეირნოდ ვიყავით წასული, რამაც მწერლების სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვია, ამავეს ადასტურებს.

ჩვენს პრეზიდენტს იმდენად წინააღმდეგობრივი განცხადებები ახასიათებს, რომ ამაზე ყურადღებას აღარც გავამახვილებდი, რომ არა, საერთოდ, ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მთავრობის პოზიცია მწერლობის ბედთან და ქართული ლიტერატურის მომავალთან დაკავშირებით.

ეს პოზიცია ეფუძნება ერთ მერკანტილურ მოსაზრებას:

იმას, რასაც ბიზნესის კანონების თანახმად, მატერიალური მოგება არ შემოაქვს, სათვალავში ჩასაგდები საერთოდაც არაა. მწერლები კი ჩვეულებრივი მუქთახორები არიან, რომლებიც, კაცმა არ იცის, რა ღირებულებას ქმნიან, თავსატეხი კი იმავე მთავრობას შეიძლება ათასგვარი შეუქმნან.

„თავსატეხი“ შეიძლება იყოს ნებისმიერ აზრი, რაც დღევანდელი სიტუაციის ოფიციალურ შეფასებებს არ დაეთანხმება. მაგალითისათვის, შარშან,  სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმული ზოგი კრიტიკული შეფასება გახდა იმ დიდი არეულ-დარეულობის მიზეზი, რამაც წელს ბაზრობაზე ლამის საქართველოს ვეღარ მონაწილეობა გამოიწვია.

ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაშალა წიგნის ცენტრი, რომელიც ფრანკფურტში შარშანდელი წარმატების ძირითადი ქვაკუთხედი იყო, მადლობის მაგიერ უაპელაციოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან ამ ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, რომელსაც რატომღაც  თან მიაყოლა მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური და მათ ბაზაზე შექმნა ყოვლად გაუგებარი ორგანიზაცია, რომელიც, როგორც ფორმით ისე შინაარსით, დიად საბჭოეთში დაბრუნებას ჰგავდა. მხოლოდ მწერლების თანამიმდევრული პროტესტისა და ასევე იმის გამო, რომ ვიღაცას მაინც ამ მთავრობაში მათთვის სრულიად უცხო ხილი – გონიერება და ობიექტური განსჯის უნარი აღმოაჩნდა, ისევ აღდგა „მწერალთა სახლი“ თავისი არაჩვეულებრივი დირექტორით და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მედეა მეტრეველი „დაისაჯა“.

ამ პერიპეტიებს ახლა ერთადერთი მიზნით ვიხსენებ: სწორედ ასეთი არეულ-დარეულობის გამო, ბოლო თვეებამდე გაურკვეველი იყო, მოახერხებდა თუ არა საქართველო ფრანკფურტის წლევანდელ ბაზრობაში მონაწილეობას. ეს საკითხი განსაკუთრებულ სიმწვავეს ჩვენი შარშანდელი წარმატების შემდგომ იძენდა, რადგან ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა ისეთი არაჩვეულებრივი „გარღვევის“ შემდეგ წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ჩაუსვლელობა. ამიტომაც დაბრუნების შემდეგ ნატაშა ლომოურმა, „მწერალთა სახლმა“ და უკვე ამ ორგანიზაციას მიერთებულმა „წიგნის ცენტრმა“, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის გვანცა ჯობავას განსაკუთრებული ძალისხმევით, ყველა ღონე იხმარეს მოსალოდნელი სირცხვილის აღსაკვეთად.

ამიტომაც ბუნებრივი იყო, რომ პირველი კომენტარებიც ფრანკუფრტის წლევანდელი ბაზრობის შთაბეჭდილებებზე სწორედ ამ ადამიანებს ვთხოვეთ.

საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატაშა ლომოურმა გვითხრა:

„პირველი, რაც თვალში მომხვდა ჩამოსვლისთანავე,  იყო ის, რომ  შარშან ფრანკფურტში საქართველოს  ბევრ ადამიანზე წარუშლელი კვალი დაუტოვებია. წელს ჩემთვის საბოლოოდ დაინგრა მითი გერმანელების თავშეკავებული და ცივი ბუნების შესახებ! ამდენი თბილი ემოცია და მხარდაჭერა, არც კი ვიცი, ბოლოს როდის ვნახე უცხო ქვეყანაში. ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანი იყო წელს ფრანკფურტში საქართველოს სტენდისა და ქართული პროგრამის წარდგენა. შემთხვევითი არ არის წლევანდელი ჩვენი სლოგანი: follow the journey of Georgian characters! ეს ალბათ საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო ქართული ლიტერატურისთვის.

როგორც ნატაშა ლომოური ამბობს:

„ცნობილი მოვლენების გამო, რომლებიც ლიტერატურის სფეროში გასულ ზაფხულს განვითარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც.

მინდა, ყველას ვუსურვო, რომ აღარასოდეს განმეორდეს შესაძლებლობაც კი, რომ ევროპულ სივრცეში ჩვენი კულტურული რეინტეგრაცია პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი გახდეს“.

ამავე თემებზე და წლევანდელი ბაზრობის შთაბეჭდილებებზე ცოტა უფრო ვრცლად გვესაუბრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა:

„2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როგორ წარდგებოდა საქართველო ამ უდიდეს ფორუმზე წელს, ზუსტად ერთი წლის თავზე წარმატებული პროექტის შემდეგ, რადგან ინტერესი და მოლოდინი ჩვენ მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ინტერესი წელსაც არ განელებულა, პირიქით, ხშირად მოისმენთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურებისგან ფრაზას: გერმანიაში ყველას საქართველოში სურს წასვლა.

თუმცა, 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ქართულმა ლიტერატურულმა თუ საგამომცემლო სფერომ გამოწვევებითა და სირთულეებით, წინააღმდეგობებით დატვირთული წელი გაიარა, რაც უპირატესად, ლიტერატურული პროფილის მქონე ორგანიზაციებში განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, ე.წ. რეორგანიზაციად შერაცხული პროცესებით იყო გამოწვეული. სამწუხაროდ, სამინისტროსვე გაუგონარი გადაწყვეტილებით, აღარ არსებობს დღეს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელიც საპატიო სტუმრის პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, თუმცა მწერლებისა და გამომცემლების რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, საბოლოოდ, შესაძლებელი გახდა საქართველოს მწერალთა სახლის შენარჩუნება და ამავე ორგანიზაციის ფარგლებში წიგნის ცენტრის თანამშრომლების დაბრუნება, რათა მათ კვლავაც გააგრძელონ წიგნის ცენტრში დაწყებულ პროექტებზე მუშაობა. ცხადია, მხოლოდ მადლიერება შეიძლება გამოვხატოთ ამ ადამიანებისადმი, რომელთაც მათ მიმართ სრულიად დაუმსახურებლად განხორციელებული ფაქტობრივად, სადამსჯელო ღონისძიების მიუხედავად, წლების მანძილზე ნაშენები საქმის გადარჩენის სურვილი ყველაზე წინ დააყენეს, სფეროში დარჩენა გადაწყვიტეს.

ზემოხსენებული პროცესებისა და წინააღმდეგობების გამო, ფრანკფურტში ჩვენი წლევანდელი პროექტი ფაქტობრივად ბოლო ერთ თვეში, უმოკლეს ვადაში განხორციელდა და მხოლოდ დაგროვილი გამოცდილებისა და უცხოელი კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერით შევძელით, რომ რეკორდულ დროში გაგვეწია ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო.

წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კვლავაც მაღალი იყო ინტერესი ჩვენი სტენდისადმი, მოდიოდა უამრავი ადამიანი, იღებდა ინფორმაციას ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქვეყნის, მისი ისტორიის, კულტურის, ტურიზმის შესახებ. უამრავი ადამიანი იხსენებდა ჩვენს შარშანდელ წარმატებას, გვეუბნებოდნენ, როგორ ენატრებათ ქართული დღეები ფრანკფურტში და ოდნავ კრიტიკული თვალითაც კი უყურებდნენ წლევანდელ საპატიო სტუმარ ნორვეგიას“.

წელს ფრანკფურტში სამ სხვადასხვა სივრცეში ვიყავით წარმოდგენილი, მეხუთე ჰოლში, სადაც ტრადიციულად საქართველოს ეროვნული სტენდი იყო წარმოდგენილი; ფრანკფურტის საბავშვო ლიტერატურის სივრცეში, სადაც ქართული საბავშვო გამოცემული თუ ჯერ გამოუცემელი წიგნები იყო განთავსებული; და ტურიზმის სივრცეში, სადაც ამ წლის ყველაზე პოპულარული ქართული კამპანია „Spend your summer in Georgia” იყო წარმოდგენილი, რომელიც რთული ზაფხულის შემდეგ ოთხ სეზონად გადაკეთდა. ამჟამად ასე გამოიყურება “Spend 4 Seasons in Georgia”. ფრანკფურტში წელს ათამდე ქართველი მწერალი ჩავიდა სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ლიტერატურული პროგრამა, რომლის უდიდესი ნაწილი ეროვნულ სტენდში ინტეგრირებულ სცენაზე GEORGIAN CHARACTERS განხორციელდა, საკმაოდ საინტერესოდ და მრავალფეროვნად გამოიყურებოდა, იყო ქართული პოეზია, პროზა, კლასიკა, ხელოვნება, დოკუმენტური პროზა, წლევანდელი და შარშანდელი საპატიო სტუმრების, ქართველი და ნორვეგიელი მწერლების ერთობლივი ღონისძიებები, და ბოლოს, თემა „აღმოაჩინე საქართველო“ და ტურიზმი.

ნატაშა ლომოურისა და გვანცა ჯობავას ეს ვრცელი განმარტებები არსებითად გვიჩვენებენ, რამდენი შრომა დასჭირდა ჩვენი ქვეყნის ღირსეულ დონეზე წარმოჩენას წლევანდელ ფრანკფურტში, ქალაქში, სადაც ყოველი წლის ოქტომბერში თითქმის ყველა მოვლენა უკანა პლანზე ინაცვლებს წიგნის გამოფენასთან შედარებით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მოაშურებენ მწერლები, გამომცემლები თუ უბრალოდ წიგნისა და კითხვის მოყვარული ადამიანები.

მე იქ ჩასვლის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა წელს მეორედ და უკვე კულტურის სამინისტროს გამორჩეული პროექტის  „ცოცხალი წიგნების“ დახმარებით მომეცა. ამ პროექტის ხელმძღვანელი, ქეთევან დუმბაძე უკვე რამდენიმე წელია და პრაქტიკულად ძალზე მწირი დაფინანსების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს საამისოდ და თავსაც ჩინებულად ართმევს იმას, რომ ქართველი მწერალი იყოს ყველგან, სადაც მის სიტყვას ინტერესით ელოდებიან: როგორც საქართველოს რეგიონებში,  ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ერთმა პროექტმა –  „ცოცხალმა წიგნებმა“ – გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციის საქმეში, ვიდრე შესაძლოა, იმავე კულტურის სამინისტროს დანარჩენმა მიმართულებებმა.

რა თქმა უნდა, „ცოცხალმა წიგნებმა“ არც ფრანკფურტის ბაზრობაზე მონაწილეობის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორებთან წინასწარი კონსულტაციებით, წელს იქ სამი ქართველი მწერალი ჩაგვიყვანა: ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი კაკაბაძე და მე.  ჩვენ სამივეს ცალ-ცალკე ღონისძიებები  და გამოსვლები გვქონდა დაგეგმილი, ამასთანავე შევხვდით ჩვენს ევროპელ გამომცემლებს და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის უამრავი ასპექტი.

მე და ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ წარვადგინეთ შარშან ჩემ მიერ შედგენილი და „გროსენვანფერლაგის“ მიერ გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგია, სადაც 33 ქართველი ავტორის და, მათ შორის, ჩემი და ზაზა ბიბილაშვილის, პოეზიის ნიმუშებია თავმოყრილი.

ამ შეხვედრის მოდერაცია გასწია გერმანიაში მცხოვრებმა ენათმეცნიერმა და ლიტერატორმა მანანა თანდაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გერმანულად წაუკითხა კრებულში შესული და ზაბინე შიფნერის მიერ გერმანულად ბრწყინვალედ თარგმნილი ლექსები: შეხვედრის მონაწილეების, ანუ ზაზა ბიბილაშვილისა და ჩემი და ასევე ეთერ თათარაიძის, ეკა ბაქრაძისა და სხვა ავტორების თარგმანები, რომლებმაც იქ მყოფთა ცოცხალი ინტერესი გამოიწვია.

ამ ინტერესს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქიდანაც შესანიშნავად გამოჩნდება, თუკი თუნდაც წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის მშრალ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს:

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 109 ქვეყანა მონაწილეობს, ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის 10 000-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებს. ფესტივალი 16 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მსოფლიოში უდიდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი მონაწილეობს.

ცოცხალი წიგნების ეგიდით ჩასული ავტორებისათვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ის, რომ რამდენიმე გერმანელი გამომცემელი დაინტერესდა მწერალ გიორგი კაკაბაძის ნიკო ფიროსმანზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის გერმანულად თარგმნითა და გამოცემით.

საქართველოს პავილიონში, „ცოცხალი წიგნების“ ღონისძიებათა გარდა, კიდევ ბევრი შეხვედრა ტარდებოდა და თითქმის ყველა შეხვედრაზე მოდიოდა უამრავი ადამიანი, რომელთაც ქართველი მწერლები და გამომცემლები აცნობდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურას, წარსულსა და დღევანდელობას, ესაუბრებოდნენ თავიანთ წიგნებზე და სახავდნენ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მაგალითად, ჩემი ფრანკფურტში ყოფნისას, მოწმე ვიყავი, რამხელა რეზონანსი ჰქონდა მწერალ ზურაბ ქარუმიძისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის შეხვედრებს.

ცალკე აღსანიშნავია გერმანულის ჩინებულად მცოდნე ქართველი მოდერატორებისა და მათი გერმანელი პარტნიორების ძალისხმევა, განსაკუთრებით გამოვყოფდი პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომლის მხრებზეც და იშვიათად დახვეწილ გერმანულზეც გადავიდა წლევანდელ ღონისძიებათა უმრავლესობის გაძღოლა და პრეზენტაცია.

სასიხარულოა ისიც, რომ წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე რეგიონში მცხოვრებ პოეტებსაც მიეცათ მონაწილეობის საშუალება. ბათუმში მცხოვრები ორი შესანიშნავი პოეტის – გენრი დოლიძისა და როი აბუსელიძის პოეზიის საღამო წლევანდელი „ქართული ფრანკფურტის“ დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.

ქართული პავილიონის ასეთი დინამიზმის და სიცოცხლისუნარიანობის ფონზე არ შემიძლია არ ვთქვა, რა ხდებოდა ცოტა მოშორებით, რუსეთის პავილიონში: იქ ჯერ კიდევ სრული სვლით გუგუნებდა საბჭოთა კავშირი, უფრო სწორად, საბჭოეთის სული, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა იმემკვიდრევეს. მერე რა, რომ პავილიონის  დეკორაციაში, წითელ ფონზე ეკიდა სწორედ საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი მწერლების ვეება პორტრეტები. რუსეთის უბედურებაც ხომ ეგ არის: ყოველთვის უნდა, რომ თავის მიერ დასჯილი, დახვრეტილი, თავისი ნაწამები ადამიანები საკუთარ მოკავშირეებად გამოიყენოს, როცა დასჭირდება. ზოგჯერ ამას ახერხებს, ზოგჯერ ვერა. გააჩნია, პოლიტიკას. და პოლიტიკაზე საერთოდაც არ გავამახვილებდი ყურადღებას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, თავისი უზარმაზარი კულტურული და ლიტერატურული ფუნქციის გვერდით, პოლიტიკური ტრიბუნისა და პლატფორმის ასევე დიდ ფუნქციასაც რომ არ ითავსებდეს. ზოგჯერ ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს, ზოგჯერ კი სიმბოლურად არის შეფარული, მაგალითად ისე, როგორც ეს იყო ზუსტად რუსული პავილიონის გვერდით, ამ პავილიონის გაგრძელებაზე მდებარე პოლონეთის პავილიონის შემთხვევაში. პოლონელებს მთელი პავილიონის გაყოლებაზე ერთი დიდი თუჯის ჩანი ჩაედგათ, რომელიც საუკეთესო ჯიშის ვაშლებით იყო ამოვსებული. მათთან ყველა მიმსვლელს შეეძლო, თან უსასყიდლოდ გაეყოლებინა უგემრიელესი ვაშლები ანდა გამოფენაზე მყოფს იქვე მოეკლა წყურვილი და შიმშილი. სტუმართმოყვარეობის გარდა, პოლონელების ეს კონცეფცია მოტივირებული იყო რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის ძალითაც ამ ქვეყანაში პოლონური ვაშლის ექსპორტი აიკრძალა.

მეჩვენებოდა, რომ გვერდითა პავილიონის მაღალი კედლიდან პოლონურ ვაშლებს ძალზე ნაღვლიანად დასცქეროდნენ ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, ბელა ახმადულინასა თუ სხვათა პორტრეტები.

ხოლო ის, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, კულტურულთან ერთად, ძალზე შთამბეჭდავი პოლიტიკური პლატფორმაც არის, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა წლევანდელი საპატიო სტუმარი ქვეყნის ნორვეგიის მაგალითზეც. მანამდე უნდა ითქვას, რომ ნორვეგიამ წელს ძალზე მინიმალისტური და ამავ დროს უაღრესად ეფექტიანი კონცეფცია წარმოადგინა თავისი პავილიონის დიზაინით. ამ დიზაინში გამოყენებული სარკეები ჯერ ერთი სივრცეს წარმოუდგენლად ზრდიდა და მეორეც, მარჯვედ ქმნიდა ქვეყნისათვის დამახასიათებელი სიცივის, ყინულის ეფექტს.

ცხადია, სულ სხვა ამოცანის წინაშე ვიდექით შარშან ქართველები და ამიტომაც მგონია, რომ ქართული ანბანით მოყოლილი საქართველო, რაც მაშინ ჩვენი კონცეფცია იყო, ყველაზე ოსტატურად შერჩეული პლატფორმა აღმოჩნდა.

წლევანდელი და შარშანდელი სტუმარი ქვეყნების შესახებ აზრი კი ჩვენი შარშანდელი ფრანკფურტული ტრიუმფის მთავარ ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს მედეა მეტრეველს ვკითხეთ, რომელმაც აღნიშნა:

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რა თქმა უნდა, საპატიო სტუმრის სტატუსის ქვეყანა ხდება და წელს ეს ნორვეგია იყო. ნორვეგიის სამეფო კარის წარმომადგენლების ვიზიტმა და გახსნის ცერემონიალზე მათმა გამოჩენამ ყველაფერი თითქოს გადაფარა. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო ყოველწლიური მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა წიგნის ბაზრობის კვირეული… განსაკუთრებულად გამოვყოფდი ნორვეგიელი ლიტერატურული სპიკერის საკმაოდ კრიტიკულ მიმართვას დარბაზში მჯდომი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის მისამართით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის მიერ დასმულ აქცენტებს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების პრობლემებთან დაკავშირებით… ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა კი, ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ლიტერატურაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და ლიტერატურული მთარგმნელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება ნორვეგიის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს და პროგრამას, პირადად მე სწორედ განსხვავებული და ჩვენთვის უცნობი ნორვეგიის ნახვას ვისურვებდი… ალბათ მეც გავიზიარებდი ნაწილი გერმანული მედიის წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ პავილიონი ძალიან „ცივი“ და მინიმალისტური იყო, თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს იყო იდეაც და კონცეფციაც… უფრო მეტად ფოკუსირებული ნორვეგიელ მწერლებსა და ლიტერატურაზე“.

ამას გარდა, მედეა მეტრეველი ინტელიგენტური თავშეკავებით საუბრობს საქართველოს შარშანდელ როლსა და სამომავლო პერსპექტივებზეც. მისი თქმით:

„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნამდვილად ყველას „ენატრებოდა“ საქართველო და ჩვენს მწერლებთან აქტიური თანამშრომლობა… ეს ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა და ამაზე ყველა საუბრობდა. ეს ნამდვილად უკანასკნელი წლების ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ქართული ლიტერატურისა და მწერლების დიდი დამსახურება”.

ფრანკფურტი, გერმანია

2019 წლის 15-19 ოქტომბერი