ახალი „იდეათეკა“ ერისიმედში - საქართველოს ბანკი განათლებისთვის

ფასიანი განთავსება

ჯაბა შანდაძე სოფელ ერისიმედის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ის ოცნებობს რომ მეზღვაური გამოვიდეს და ხომალდებს შორეულ ნაოსნობაში უკაპიტნოს. განსაკუთრებით უყვარს ბიოლოგიის და ქართულის გაკვეთილები.

მან ახლახან დაასრულა მუშაობა პრეზენტაციებზე ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა დიფუზია და ბაქტერიების კულტივირება. ამჟამად კი კომპოზიტორების შესახებ ამზადებს პრეზენტაციას. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის საინტერესო, თუმცა განსხვავებულ თემებზე მუშაობის შესაძლებლობა საქართველოს ბანკის მიერ გახსნილმა იდეათეკამ მისცა, რადგან უზრუნველყო მისი წვდომა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებსა და ინტერნეტზე.

„ძალიან ბევრი ბავშვი ველოდებოდით როდის გაიხსნებოდა იდეათეკა ჩვენთან, რათა უფრო აქტიურები გავმხდარიყავით – გვენახა ბევრი საინტერესო ფილმი, მოგვეძიებინა უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია… ახლა გვაქვს კომპიუტერები, რომლებზეც ბავშვებს შეუძლიათ პრეზენტაციების აწყობა, მისი მეშვეობით პროექტორზე სხვადასხვა მასალების გაშვება…” – გვიყვება ჯაბა.  

საქართველოს ბანკის პროექტ „იდეათეკის“ ფარგლებში, ეს რიგით მეთოთხმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ამჯერად სოფელ ერისიმედში გაიხსნა. 

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.  

სწორედ ამიტომ, პროექტი „იდეათეკა“, ერთი მხრივ, ქმნის მულტიფუნქციური სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს აქვთ წვდომა მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა შემეცნებით რესურსებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე, მეორე მხრივ კი, აყალიბებს სივრცეს დისკუსიებისთვის, შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლებასა და საზოგადოებაში ინკლუზიურობის ზრდას. 

ია პაპალაშვილი, ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი იხსენებს, რომ მას საქართველოს ბანკიდან გაზაფხულზე დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ დაინტერესებულები იყვნენ საზღვრისპირა სოფელში იდეათეკის გახსნით.

„უცებ ეს ამბავი წარმოუდგენლადაც კი მომეჩვენა… ჩვენთან იდეათეკის მშენებლობა ზაფხულის არდადეგების პერიოდში დაიწყო, თუმცა ბავშვები ისე ელოდებოდნენ, რომ არდადეგების მიუხედავად სულ სკოლის ტერიტორიაზე ტრიალებდნენ”. – გვეუბნება დირექტორი.  

ია პაპალაშვილი ერთი წელია, რაც ერისიმედში ჩავიდა და სკოლის დირექტორი გახდა. როგორც აღნიშნავს, სკოლაში მოსვლისთანავე პირველი რაც ყველაზე მეტად მოხვდა თვალში იყოს ის, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან და ლიტერატურასთან. 

ახლა კი, ქართული ენის, ისტორიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგები ხშირად იყენებენ იდეათეკას, აჩვენებენ მოსწავლეებს ფილმებს, მართავენ პრეზენტაციებს. 

„ამ სივრცეში  არსებული წიგნები ძალიან ეხმარება მასწავლებლებსაც, რადგან იდეათეკას გახსნამდე მეზობელი სოფლების სკოლებიდან მომქონდა წიგნები, რათა მასწავლებლებს დამხმარე ლიტერატურა ჰქონოდათ, ახლა კი მათ ყველა საჭირო რესურსზე აქვთ წვდომა” – ამბობს ია პაპალაშვილი.

„ჩვენთვის ეს ბიბლიოთეკა არის ძალიან კარგი, რადგან ერისიმედში არ იყო იმის რესურსი, რომ ჩვენ წიგნები წაგვეკითხა. შესაბამისად, ახლა ყოველთვის აქ დავდივართ და ვკითხულობთ წიგნებს. ამ ბიბლიოთეკას ასევე ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩავატაროთ პრეზენტაციები, გავეცნოთ სხვადასხვა მასალებს – იქნება ეს კლასგარეშე ლიტერატურა, სასკოლო წიგნები თუ სხვა“, – გვითხრა  სკოლის მოსწავლემ, ანა თავართქილაძემ.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად საქართველოს ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.  

„საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების  მიღების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, გავზარდოთ ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას, არამედ  გრძელვადიან პერიოდში საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა გახდება“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 14 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7000-მდე მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი); თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვრის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლებში; კახეთის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში.