ახალი იდეათეკა ლამბალოში - საქართველოს ბანკი განათლებისთვის

ფასიანი განთავსება

ელიანა მირზაევას, სოფელ ლამბალოს მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, ძალიან გაუხარდა, როდესაც მის სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. „ძალიან მიყვარს კითხვა“, – გვითხრა მან – „ახლა დავამთავრე ლევ ტოლსტოის რომანი, „ანა კარენინა“და მინდა, რომ იდეათეკის თაროებიდან შევარჩიო შემდეგი საკითხავი“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, საქართველოს ბანკის ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ გაიხსნა. 

აღნიშნული საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურასა და რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. 

იდეათეკაში, კლასელებთან ერთად ძალიან ხშირად დადის ილაჰ ეებოვაც, სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე. მას განსაკუთრებით ქართული ენა, მათემატიკა და ბიოლოგია უყვარს. “მინდა, რომ მომავალში სტომატოლოგი გამოვიდე, აქ არსებული რესურსები კი ვფიქრობ, დამეხმარება ჩემი მიზნის მიღწევაში… ძალიან მომწონს რომ არის პროექტორიც, ამის გამო მასწავლებელთან და კლასელებთან ერთად ხშირად დავდივარ ამ სივრცეში ფილმების საყურებლად“, გვიყვება ილაჰი.

ნინო კევლიშვილი, ქართული ენის პედაგოგი კი გვიხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი იდეათეკა მათი სკოლისთვის. მისი თქმით, ის ვერ წარმოიდგენდა, რომ ბავშვები შეიძლება ასეთი სიხარულით შესულიყვნენ ბიბლიოთეკაში. როგორც თავად გვიყვება, დღემდე თვალწინ უდგას ბავშვების ემოციებით სავსე თვალები, როდესაც ჯერ კიდევ მოწყობის პერიოდში მინის კედლებიდან იყურებოდნენ – აინტერესებდათ რა ხდებოდა, რა ფერადი თავგადასავალი ელოდებოდათ წინ.  ნინო კევლიშვილს ახარებს ის ფაქტი, რომ ეს სივრცე სულ სავსეა არა მარტო ბავშვებით, არამედ პედაგოგებით. მასწავლებლები ამ სივრცეში ატარებენ გაკვეთილებს, რაც ხელს უწყობს ბავშვების ინტეგრაციას, რადგან ამ სივრცეში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის საერთო გაკვეთილები იმართება. 

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს ასეთი ფერადი და ღირებული პროექტის – „იდეათეკის“ შექმნისთვის. ბავშვებს სულ მიაქვთ წიგნები, ხოლო როდესაც აბრუნებენ მათ, ყოველთვის გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ზღაპრული სამყაროდან. ისინი ამ სივრცეში ყველაფერს ერთად აკეთებენ, მსჯელობენ და კამათობენ სხვადასხვა საკითხის გარშემო – ეს სწავლის პროცესს მათთვის უფრო მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის“,  – გვეუბნება ნინო კევლიშვილი. 

საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგად უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შეიქმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.  

„ჩვენ კარგად გვესმის განათლების ძალა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის ინიციატივაა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეული მათგანი უზრუნველვყოთ თანაბარი პირობებითა და შესაძლებლობებით, რაც  დაეხმარება მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 14 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7000-მდე მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე.