ახლა თუ არა, როდის?!

ია ერაძე

ორი კვირის წინ შორს იყო ჩინეთი, ვირუსიც შორს იყო, სიკვდილიც, ჯანდაცვის სისტემის კრიზისიც და საგანგებო მდგომარეობაც. დღეს კი ევროპის ქვეყნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ისტერიულად ებრძვიან კორონავირუსს და იმკიან ნეოლიბერალიზმით დათესილ შედეგებს. პანდემიამ გამოამზეურა ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფილი სოციალური თუ ეკოლოგიური საკითხების სიმწვავე – შემცირებული ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროში, მეცნიერებასა და კვლევაში, დამსაქმებლის ინტერესებზე მორგებული სამუშაო ბაზრები, ფინანსური კაპიტალის სურვილზე გადაწყობილი გარემოს დაცვის თემები. დღეს დასავლეთ ევროპისა თუ ამერიკის მთავრობები იმედის თვალით მეცნიერებს მიუბრუნდნენ და პენსიაზე გასულ ჯანდაცვის მუშაკებსა და დაბალ ანაზღაურებად ექთნებსემუდარებიან, იმუშაონ, რათა ყველაზე უარესის თავიდან არიდება მაინც შეძლონ. ახლა მთავრობას და სახელმწიფოს დიდ „დაბრუნებას“ უწინასწარმეტყველებენ – ყოველ შემთხვევაში კრიზისთან გასამკლავებლად მაინც, დროებით.

ცოტა ხნით ყველამ დაივიწყა გლობალიზაცია, საერთაშორისო კაპიტალი, მულტინაციონალური კორპორაციების ინტერესები და საგანგებო რეჟიმზე გადაერთო მსოფლიო. ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, თუმცა ეს მხოლოდ მორიგი კრიზისი არ იქნება. ბანკებისა თუ მსხვილი ბიზნესის გაკოტრებისგან ხსნა შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს არსებული წესრიგის შესანარჩუნებლად.

აკადემიურ წრეებში, ბოლო წლებში, ბევრს საუბრობენ გარდაუვალ ფინანსურ კრიზისზე, რომელიც ნეოლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის კრიზისთანაა გადაჯაჭვული. მკვლევრები და აქტივისტები მსჯელობენ დღევანდელი კაპიტალისტური სისტემის ტრანსფორმაციაზე, რათა იგი უფრო ლმობიერი გახდეს ადამიანებისა და გარემოს მიმართ, გლობალურმა ჩრდილოეთმა კი შეწყვიტოს გლობალური სამხრეთის ექსპლუატაცია.

კორონავირუსმა გაამწვავა კაპიტალისტური სოციოეკოლოგიური კრიზისი და დააჩქარა ალტერნატიული გლობალური მოწყობის საჭიროება. ახლა დიდი დაფიქრებისა და ფუნდამენტური ცვლილებების დროა. არავინ იცის, გადაჰყვება თუ არა ამ კრიზისს ნეოლიბერალური რეჟიმი, თუ ის კიდევ უფრო გაძლიერებული აღდგება ფენიქსივით,  მაგრამ მსოფლიო რამდენიმე კვირაში იგივე აღარ იქნება, არც ძალაუფლების ცენტრები დარჩება უცვლელი. სწორედ ამ შეუცნობლის შიში აგდებს პანიკაში მათემატიკური გათვლებით მომუშავე ფინანსურ ბაზრებს და მთელ რაციონალურ დასავლურ სამყაროს.

ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად გამანადგურებელი იქნება ეკონომიკური კრიზისის შედეგები, ვინ გადარჩება და ვის ჩაიყოლებს ნგრევის პროცესი. ეკონომისტები წინასწარმეტყველებენ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. წარსული კრიზისების ისტორიაც ხომ ცხადყოფს, რომ მთავრობები ძლიერებს ეხმარებიან გადარჩენაში, თუმცა, თუ გლობალური ჩრდილოეთის მდიდარ ქვეყნებს დროებით მაინც შეუძლიათ, გადავიდნენ ნეოლიბერალიზმის რელსებიდან და დახმარება აღუთქვან ბიზნესთან ერთად თითოეულ მოქალაქეს, გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ასეთი დროებითი გადახვევის ფუფუნება არ აქვთ. საქართველოს იმის იმედიღა დარჩენია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მართლაც გამოიჩენს დაპირებულ გულუხვობას და ამას კიდევ ბევრჯერ გვამცნობენ სიმშვიდითა და სიხარულით ჩვენი ქვეყნის მთავარნი.

საქართველოც იმკის ნეოლიბერალიზმის შედეგებს. ამ დრომდე უგულებელყოფილი ჯანდაცვის სისტემა ვერ გადაიტანს ეპიდემიურ აფეთქებას, მთავრობას კი იმის ახსნა უწევს კერძო საავადმყოფოებისთვის, რომ მათაც სოლიდარობა მართებთ ამ სიტუაციაში. კერძო დამსაქმებლები პირდაპირი გაგებით უშვებენ დასაქმებულებს სახლში  – კერძო ბიზნესია და კომპენსაცია არ ევალებათო. თვითდასაქმებულთა არმიას კი დამსაქმებელიც არ ჰყავს, მასზე რომ იყაროს ჯავრი – ჩუმად მიდიან სახლებში მძღოლები და გარემოვაჭრეები. მათი უმეტესობისთვის კი სახლში ჯდომა შიმშილის ტოლფასია. მადლობას ვუხდით ბანკებს მათი გულისხმიერებისა და სესხების სამთვიანი გადავადებისთვის და ბიზნესს მოვუწოდებთ, არ დატოვონ დასაქმებულები სამსახურის გარეშე. კერძო დამსაქმებლების კეთილი ნებისა და სინდისის იმედად ვტოვებთ ათასობით ადამიანს? რა ეშველებათ თვითდასაქმებულებს? ვინ აუნაზღაურებს მათ დაკარგულ შემოსავალს? იტყვიან, ბიზნესიც ცუდ დღეშია, ბანკებს დახმარება სჭირდებათ და გაგებით მოვეკიდოთო, მაგრამ მათ რა ქნან, ვინც სამსახური დაკარგა? როგორ მოიმარაგონ საკვები საგანგებო მდგომარეობისთვის? როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები? მათ ხომ არც ლობი ჰყავთ (მსხვილი ბიზნესივით) და არც პროფკავშირები, პრეზიდენტის ან პრემიერის კარზე მოლაპარაკებები რომ აწარმოონ.

შესაძლოა, ამ წერილიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობამ იპოვოს დროებითი გამოსავალი ყველა მოქალაქის დასახმარებლად, მაგრამ ამ კრიზისს დროებითი შეკეთება ვერ უშველის. 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, ქვეყნის ეკონომიკურ ზარალს ვერც დასავლეთის გულუხვი დახმარება შეამსუბუქებს და ვერც ემიგრანტების გზავნილები. ევროპას და ამერიკას კიდევ დიდ ხანი დასჭირდება ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად და არ ეცლება გლობალური სამხრეთისთვის. წარმოების გლობალური ჯაჭვის შეფერხება კი მიწოდების პრობლემებსაც შექმნის და ისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამგვარ შეფერხებას შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს. გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება კი არა მარტო ლარის სტაბილურობას დაანგრევს, არამედ მთელი ეკონომიკური საქმიანობა შენელდება უცხოურ კაპიტალსა და ვალუტაზე დამოკიდებულ საქართველოში.

იქნებ, დადგა დრო, დავფიქრდეთ ჩვენი ეკონომიკისა და წარმოების განვითარებაზე? იქნებ, თავიდან გადავიაზროთ სახელმწიფოს არსი და მისი კონცეფცია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვარგოთ? იქნებ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებას? იქნებ, უფრო მეტი ვისაუბროთ განვითარების ალტერნატივებზე?

ახლა თუ არა, როდის?!


თვალსაზრისი მომზადებულია პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის (Platforma.ge) პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ ასახავდეს ფონდის პოზიციებს. შესაბამისად, ფრიდრიხ ებერტის ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.