ამომრჩეველი ცრუთა ქვეყანაში

პაატა შამუგია

ეს ნაჩქარევი ბლოგი სულ ლიტერატურით იქნება სავსე და ნუ გამიბრაზდებით. სხვა რა გზა მაქვს – მე ლიტერატურის გარდა ბევრი არაფერი ვიცი, თან, იქ ყველაფერი წერია. რაც მომხდარა, ის ხომ წერია და რაც მოხდება, ისიც წერია.

ბოლოდროინდელმა ამბებმა კი ეგრევე ჯანი როდარის ზღაპარი გამახსენა. „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ დიდებული პოლიტიკური ზღაპარია. ბავშვსაც წააკითხებ და რო რამე, შენც ისიამოვნებ. ცრუთა ქვეყანა თავიდანვე კი არ იყო ცრუთა ქვეყანა, ისევე როგორც დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძე არ იყო თავიდანვე მონა. ერთიც და მეორეც შექმნეს, დროთა განმავლობაში ზილეს, ძერწეს, თქვიფეს და რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა. ეტყობა, მასალა მეტის საშუალებას არ იძლეოდა, რა ვიცი.

ცრუთა ქვეყანა ასე შენდება: მას დაიპყრობს მეკობრე ჯაკომონი, ერთიანად დაიქვემდებარებს, მაგრამ მარტო დაპყრობა ხომ არაა – სახელიც გინდა ადამიანს, აღიარება გინდა, სხვისი ხედვის კუთხიდან საკუთარი შარავანდედის ანარეკლით თვალის მოჭრა გინდა. მაგრამ მეკობრე რომ ხარ, რა უნდა ქნა? არა აქვთ კარგი იმიჯი ამ მეკობრეებს. ამიტომ, ჯაკომონი ბრძანებს, ყველა სიტყვას შეუცვალონ მნიშვნელობა. დღეიდან „კარგი” ნიშნავს “„ცუდს”, კატა ყეფს, ძაღლი ჭიხვინებს, მეკობრე ნიშნავს პატიოსან კაცს, დიმიტრიხუნდაძე კი – ოლიგარქის წინააღმდეგ ამბოხებულს. ეს უკანასკნელი, მგონი, არ ეწერა იმ ზღაპარში, მაგრამ მთავარი ეს არაა,. მთავარია, რომ როდარი გვთავაზობს ძალაუფლების იმ მოდელს, რომელშიც დიმიტრიხუნდაძეები, დაჩიბერაიები, კახაოქრიაშვილები უნდათ, რომ ამბოხებულებად შემოგვასაღონ და არა ოლიგარქის ყურმოჭრილ ყმებად.

ენაზე ძალადობა და საგანთა მნიშვნელობის ჩანაცვლება სიმულაკრებით – ეს დიქტატურის პირველი ნიშანი რომაა, ამაზე გველაპარაკება დიდი მწერალი ამ ზღაპარში. გავიხსენოთ, როგორ მოიქცა ათობით წლის წინ კრემლის პრესა – ახალი ტერმინი გააჩინა – „ლიკვიდირავაწ“. „მათიანს“ თუ კლავდნენ, პრესა წერდა „უბილი“-ო, ხოლო „სხვისიანს“, მაშასადამე, „ხიხიას“, „ცუდს“, ოპოზიციონერს თუ მიაკლავდა პოლიცია, „ლიკვიდირავალი“-ო. ეს „ნოვაცია“ უმალ აიტაცა ქართულმა პრესამაც და „ლიკვიდირებულ იქნა“-თი შეივსო ქართულ ლექსიკონი.

სწორედ ამგვარი ენობრივი კაზუსი შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, როდესაც საკუთარი ბანკის კლერკი და პირადი ექიმი რობინ ჰუდებად შემოგვასაღა. რომ არ მეზარებოდეს, ჯულიან ბარნსის რომანს „ინგლისი, ინგლისი“-ს გავიხსენებდი და იმასაც მივაყოლებდი, იქ დიქტატორი თავის „პუსტა-პუსტა“ აგენტს რობინ ჰუდად რომ დანიშნავს – ერთი რობინ ჰუდი არ უნდა გვყავდეს, მამაძალი?! ერთი კი არა, ორმოცი გვყოლია – სუ პარლამენტარები, სუ ხალხის რჩეულები. მართალია, ამ „ხალხის რჩეულებს“ საკუთარ პარლამენტშიც კი უჭირთ შესვლა უსპეცრაზმოდ, ქუჩაშიც დაცვის გარეშე ვერ დადიან, ხალხი სახეში აფურთხებს, მაგრამ არა უშავს, ისტორია დააფასებს ამ დიდებულ ადამიანებს. მთავარია, რომ ოლიგარქი კმაყოფილია, ხალხი გადაგდებულია და ორმოცი დეპუტატიც რობინ ჰუდად არის დასაქმებული. ნუ ვიქნებით უმადური – ეს დეპუტატები განა არ იმსახურებენ დასაქმებას? ორმოცივე იმსახურებს დასაქმებას, კაცმა რომ თქვას. მეც დავასაქმებდი, ოლიგარქი რომ ვყოფილიყავი. თქვენც დაასაქმებდით, დარწმუნებული ვარ.

კიდევ ერთი ლიტერატურული ანალოგია უნდა გამოვიხმო. რაკი ამბოხებულებზე ვასველებთ ენას, ამჯერად მთავარი ამბოხებულისას გავიხსენებ. ანატოლ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყებაში“ დიდი ამბები მას შემდეგ იწყება, რაც ბიბლიოთეკარი სარიეტი იწყებს შეშფოთებას. შეშფოთდებოდა, აბა რა – ამჩნევს, რომ ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში წიგნები ქრება, თაროები ცარიელდება. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს ბიბლიოთეკის მფლობელის ვაჟის მფარველი ანგელოზი იპარავს ამ წიგნებს, რომელმაც რაკი ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა, გადაწყვიტა, ბარეღამ განსწავლულიყო. ჰოდა, ისწავლა ყველაფერი, ტვინზე ნაოჭები მოიმრავლა, შესაბამისად, სამყაროს კრიტიკული თვალით აღქმა დაიწყო და ბოლოს ყოვლისშემძლე მამის წინააღმდეგაც კი აჯანყდა, მისეული სამართალი ნაკლული ეჩვენა. ასე იწყებს ის ანგელოზთა აჯანყებას.

სხვა რამეები კიდევ უფრო საინტერესოა ფრანსის ამ რომანში, მაგრამ ჩვენ ამბოხებულების იდეა გვაინტერესებს. ფრანსის რომანის მორალი ისაა, რომ, ანგელოზიც რომ იყო, თუ დიდი ამბოხების დაწყება გინდა, დიდი ინტელექტიც უნდა გიმაგრებდეს ზურგს. ვისაც ვკითხე, ხსენებული ორმოცი „მეამბოხე“ დეპუტატის ინტელექტზე ჯერ არავის სმენია, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ანგელოზთა დასიდან არიან, რომლებიც უფალმა ჩვენი ერის საშველად გამოგზავნა სპეცმისიით. ამ სპეცმისიას მოფერებით შეგვიძლია „ერის გადაგდება“ ვუწოდოთ და აქვე უნდა შევახსენოთ ამ ანგელოზებს მარტივი ფორმულა:

როდესაც ხალხს ერთმევა არჩევნის უფლება, მას ეძლევა ყველაფრის უფლება. და ამის უნდა გეშინოდეთ, სულაც ანგელოზები რომ იყოთ, მაინც.

ეს არის ის მარტივი სოციოპოლიტიკური არითმეტიკა, რომელიც არ იცის ხელისუფლებამ, მაგრამ არა უშავს, ეგეთები გადაგვიტანია?!

და რაკი ჯულიან ბარნსი ზემოთ უკვე ვახსენე, ბარემ ბოლოსკენ მისი რომანის მთავარი პასაჟით დავასრულებ: „ინგლისი, ინგლისი” ანტიუტოპიური ტექსტია. ამ ოსტატურ ნამუშევარში ერთი საინტერესო დეტალია: მთავარი გმირი, სერ ჯეკი, დიდი ფულიანი და გავლენიანი ვინმეა. ზემდიდარი, ზეამაყი, სოლიდური და ძალიან მკაცრი ხასიათისა. ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა: სერ ჯეკი როგორც კი დროს მოიხელთებს, თავის დეიდასთან მირბის, პარკში ჩადებულ ტკიცინა დოლარიანებს გადასცემს და იწყება რიტუალი: სერ ჯეკი თავისი ბავშვობის ოთახში შედის, სადაც არასტანდარტულად დიდი აკვანია, დეიდა იქვეა და ენის მოჩლექით ეუბნება: აბა, საფენები ჩაგაცვას დეიდამ? -აფენები, აფენები – სერ ჯეკიც ღუღუნებს (ის ხომ ბავშვია, ჩვილი, პრაქტიკულად), მერე დეიდა საფენებს ამოაცვამს, ფხვნილსაც შეაყრის ტაკოში და იმ სპეცაკვანში მოათავსებს. ერთ დღესაც იტყვის „კუკა-კუკა”-ო, ეს კი ზუსტად იმას ნიშნავდა, რაც გაიფიქრეთ. დაფაცურდნენ დეიდაც და „ძიძებიც” და გაიჭინთა სერ ჯეკი, სრულიად რესპექტაბელური, სრულიად ბიზნესგურუ, სრულიად მეცენატი და პირდაპირ ხელებში მოუიმასაქნა დეიდას და ძიძებს.

ჰოდა, გასაგებია, რომ, ბარნსის ოლიგარქისა არ იყოს, ჩვენი ოლიგარქიც ბავშვობის ოცნებების კომპენსაციას მთელი ერის მომავლის ხარჯზე ცდილობს, მაგრამ იმ ორმოც დეპუტატს ბიძინასთვის ფულის გამოსართმევად ხელის გაშვერის დროს სიფრთხილე მართებს – შეიძლება, ყოველთვის ფული არ აღმოჩნდეს მათ ხელებში. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნება ლიტერატურა და ზოგჯერ უნდა დავუჯეროთ მას.

ასე მგონია.