„ბოდი შოფი“ ქართულად, ანუ ვაი უჭკუობისაგან

ხათუნა ცხადაძე

„ბოდი შოფის“ სულელურ მარკეტინგულ წიაღსვლაზე იმდენი მოვისმინეთ და წავიკითხეთ, მასზე ბევრი ლაპარაკი ნამდვილად აღარ ღირს, ყველაფერი გასაგებია და ჩემი პოზიციაც მისდამი, კაცმა (თუ ქალმა) რომ თქვას, ამ სიტყვით  – „სულელური“ – გამოვხატე.

თუმცა, კარლო ჩიპოლას უკვდავ ტექსტს თუ დავესესხებით, სულელური ყოველთვის უვნებელს არ ნიშნავს და საყოველთაო დოვლათის შექმნის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ვითომ უწყინარი, საკუთარი სისულელით რომ არაფერს იგებს, ისეთი სულელი ყველაზე უარესია, რადგან „დაჟინებით ცდილობს, ზიანი მიაყენოს სხვას ისე, რომ თავად არანაირი სარგებელი არ ნახოს.

უფრო მეტიც, სრულიად წარმოუდგენელი საქციელით არა მხოლოდ სხვებს აზარალებს, არამედ – საკუთარ თავსაც. მოკლედ, ასეთი ტიპები ერთგვარ ტოტალურ ზიანს წარმოქმნიან. ასე რომ, სულელთადმი მეტისმეტი ტოლერანტულობა გაუმართლებელია. კვლავ ჩიპოლას მეხუთე კანონის თანახმად, „სულელი ადამიანის ყველაზე საშიში ტიპია“.

რა დამანახა ამ ინციდენტმა?

კიდევ ერთხელ – უცოდინრობა და ამ უცოდინრობის არაღიარება. დამანახა ის, რომ მაშინაც კი, როცა განზრახვა კეთილია, კრახი გარდაუვალია, თუ ქმედებას ცოდნა არ უდევს საფუძვლად. დავინახეთ ის, რომ ქვეყანაში, სადაც ბოლო წლებში ქალთა საკითხები ასე მწვავედ დგას, სადაც ქალებზე ძალადობის ასეთი საშინელი სტატისტიკაა, ამ ინიციატივის განხორციელების არცერთ ეტაპზე არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანი, არც ქალი და არც კაცი, რომელიც პრობლემურობის თუნდაც მცირე მარცვალს დაინახავდა მთელ ამ ამბავში, კითხვა დაებადებოდა – მაქვს კი შესაბამისი ცოდნა და მგრძნობელობა, რომ გავაკეთო, რასაც ვაკეთებო.

ამ პროექტში ჩართულები არც ჯვარკომბლიანი ორკები ყოფილან და არც განათლების მიღმა დარჩენილი, მარგინალიზებული ადამიანები. ისინი წამყვანი დასავლური კომპანიის წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსტიტუციის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, წარმატებული და ბევრისათვის საყვარელი ქართველი მწერლები იყვნენ. საბოლოო „პროდუქტიც“ ქალმა ჟურნალისტებმა გაგვაცნეს, ტელეეთერში კმაყოფილი ჟივჟივით.

ფეისბუქში კი თითქოს სწორი პრიორიტეტების მქონე, გონიერი ადამიანები (კაცები და ქალები) წერდნენ: „ღმერთო ჩემო! ესე იგი, კაცებმა ქალებზე ვეღარ უნდა წერონ?!“ დიახ, ამ ამბავმა უბრალოდ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენი რამ არ ვიცით. დაგვანახა, რომ სწორი მგრძნობელობა ცოდნის გარეშე არ მოდის. რომ მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გამოსახატავად და, მით უმეტეს, ქმედებათა განსახორციელებლად არც კარგი ადამიანობა კმარა, არც კარგი მწერლობა, არც უბრალოდ ქალობა, არც კეთილი ზრახვები.

მოკლედ, არ გიშველის არაფერი, თუ მოქმედებას იწყებ და შესაბამისი ცოდნა არა გაქვს, გაგტანჯავს წუთისოფელი. და დიდი შანსია, სხვაც გატანჯო.

მაშ, მხოლოდ ქალებმა წერონ ქალებზე?!

მართალია, ფეისბუქზე 3000-ზე მეტი მეგობარი მყავს, მაგრამ ალბათ მაინც სელექციური ვარ, რადგან ამ შვიდი მწერლის თავაწყვეტილი ლანძღვა-გინება და წყევლა – კრულვა არსად შემხვედრია. დაცინვა და გაკიცხვა  – ბევრი.

ბევრმა მწერლების დაცვა იმით სცადა, რომ, თურმე, ლიტერატურამ კაცი და ქალი ავტორი არ იცის: ქალები როცა წერენ კაცებზე, ხომ არ ბრაზობს საზოგადოებაო. დიახ, ლიტერატურამ ავტორის სქესი და გენდერი არ იცის, ლიტერატურის თეორიის ანაბანა ქალებმაც იციან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს სპონტანური მხატვრული ტექსტები კი არა, დაკვეთილი, კონკრეტული მიზნით დაწერილი ტექსტებია, ამ შემთხვევაში კი გენდერს მნიშვნელობა აქვს და თანაც – უდიდესი.

იგივე რეაქცია მექნებოდა, ბიჭების ნაწერების პასუხად, სადაც ბიჭობის ტრავმები, ბიჭის სხეულის ამბები იქნებოდა გამხელილი და აღწერილი (დიახ, ბიჭებსაც უამრავი სპეციფიკური ტრავმა აქვთ ბავშვობიდან, ბიჭებსაც აბულინგებენ, მათაც კარნახობენ ქცევისა თუ გარეგნულ სტანდარტებს, რომლებიც მათთვის დამთრგუნველი, მატრავმირებელი, მომაკვდინებელიც კია), მხოლოდ ქალი მწერლები რომ გადმომდგარიყვნენ ამბიონზე.

სხვათა შორის, იცით, რაზე დავფიქრდი? მწერლების ნაცვლად ჩვეულებრივი, რიგითი კაცებისთვის რომ ეკითხათ გოგონების იმ ნაწერებზე აზრი, აი, მამაჩემის, ბიძაჩემის, ბაბუაჩემისნაირი კაცებისთვის, რომელთაც არც მწერლობაზე აქვთ პრეტენზია, არც ინტელექტუალობაზე, არც ქალთა საკითხების ცოდნაზე, ალბათ მათ უფრო დაებადებოდათ აზრი – კი, მაგრამ, ქალები რას ფიქრობენ ამაზეო. იქნებ ქალებმა (ან ქალებმაც) უთხრან რამე გოგონებს, საკუთარი ამბავი მოუყვნენ, ქალებმა გაამხნევონო.

თითქმის დარწმუნებული ვარ, ასე თამამად არ გამოთქვამდნენ აზრს (მით უმეტეს – დაწერდნენ) გოგონების ტკივილებსა და მხოლოდ მათ, ქალის სხეულთან დაკავშირებულ გამოცდილებებზე. მე ბიჭის დედა ვარ, ერთადერთი შვილის დედა, ყოველთვის ვცდილობდი, მისი, როგორც ბიჭის, დარდი, ტკივილი, შფოთვები არ გამომპარვოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა, ჩემი მეგობრების, კაცების მონაყოლითა და გაზიარებულით უფრო გავიაზრე, ვიდრე ჩემი, როგორც დედის, როგორც ქალის ცოდნითა და მგრძნობელობით.

მაშინ გავიაზრე, როცა ვნახე, როცა მოვისმინე, როგორ აბულინგებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ჩემს მეგობარ კაცებს სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, გარეგნობის, სიმაღლის, ქცევის, შეხედულებებისა თუ დამუწუკებული კანის გამო. ერთადერთი შვილის დედამ ჩემს საკუთარ შვილზე, ბიჭების შიშებსა და კომპლექსებზე, მათ დაუცველობაზე, მათ საფრთხეებზე ჩემი მეგობარი კაცებისგან ყველაზე მეტი ვისწავლე.

და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩაგრულ, გულნატკენ ბიჭს ასეთივე გამოცდილების მქონე კაცი, ჭკვიანი და მგრძნობიარე, სულ სხვანაირად გაამხნევებს, გააძლიერებს.

გავიმეორებ: იმის დამატება ზედმეტია, რომ ლიტერატურა სულ სხვა სამყაროა; კარგა ხანია, შევთანხმდით, რომ მხატვრულად მართლა ღირებულ ტექსტში ავტორი მკვდარია.

როგორ ვილაპარაკოთ?

ბევრს ეხსომება რამდენიმე წლის წინ ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული კამპანია ქართველი სპორტსმენების, ძირითადად რაგბისტებისა და ძიუდოისტების მონაწილეობით. თუ არ ვცდები, გაეროს ქალთა ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.

მახსოვს, ძალიან გამაღიზიანა დაკუნთული კაცების გზავნილმა, რომ ისინი არ ძალადობენ, ისინი იცავენ ქალებს და ვინც ქალზე იძალადებს, საქმეც მათთან ექნება. დღემდე მიმაჩნია, რომ ასეთი კამპანიები ამყარებს სტერეოტიპს, რომ „ქალი სუსტია“ და ქალთა გაძლიერებას არ ემსახურება.

არც გენდერის მკვლევარი ვარ და არც ფემინიზმის თეორეტიკოსი. მე ის ვიცი, რომ ასეთი გზავნილის ახსნა და მისი გამართლება გამიჭირდებოდა ჩემი მოსწავლე გოგონებისთვის. ვერ ვეტყოდი, რომ დაკუნთული სპორტსმენების პროტეჟეობა მათ გაძლიერებას ემსახურება.

თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემი და ჩემი მოსწავლეების რეალობა საქართველოში ქალებისა და გოგონების რეალობას ნამდვილად არ ასახავს. ეს სულ მახსოვს, ამიტომ  მაშინ იმაზეც დავფიქრდი, რომ ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებებში ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ ეტაპობრივად მკვიდრდება ესა თუ ის გზავნილი, ერთბაშად არაფერი მოდის და ასეთ ვითარებაში ალბათ დასაშვებია, საზოგადოების გარკვეულ ფენებს, რომლებსაც ცოდნაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი, მათთვის პატივსაცემი და საყვარელი პერსონების (ვაი, რომ მხოლოდ კაცების) პირით ელაპარაკო.

დავფიქრდი, იქნებ ასეთ გზავნილებს, რომლებიც რადიკალი ფემინისტებისთვის სრულიად მიუღებელია, მართლა შეუძლია-მეთქი რაღაც დადებითი შედეგის მოტანა? იქნებ საზოგადოებრივ აზრს „მოთელვა“ სჭირდება და იმისთვის, რომ უფსკრული არ გავაღრმაოთ, მცირე და დიდწილად მიუღებელ ულუფებსაც უნდა დავთანხმდეთ? მიდგომები, თუ გვინდა ეფექტური იყოს, იქნებ საზოგადოების მზაობასაც უნდა მოერგოს, რომ ეს საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელა ძირეულად შეცვალოს?

ჩემმა იტალიელმა მეგობარმა, რომელიც ახლა გენდერის მიმართულებას ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოში, მაშინ სრულად გაიზიარა ჩემი მოსაზრება იმ კამპანიაზე, თუმცა ისიც დამიდასტურა, რომ კი, არაერთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება ძალიან მოუმზადებელია, სადაც ქალებზე ძალადობას წარმოუდგენელი მასშტაბები და ფორმები აქვს, ასეთი, „კომპრომისული“ გზავნილებითაც იწყებენ ხშირად საერთაშორისო და ქალთა ორგანიზაციები.

მოკლედ, ჩემთვის ყველანაირი გზა და მიდგომა მისაღებია, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სტრატეგიით იგეგმება და საბოლოო სიკეთეს ემსახურება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და რატომ. ცოდნას აცდენილი ინიციატივები ჩვენც გვავნებს, სხვასაც და თავსაც მოგვჭრის სოფელ-ქვეყანაში.

საზიზღარ ფემინისტებსა და „ეპატაჟნიკებზე“

ეს ნაწილი მხოლოდ „ბოდი შოფის“ ინციდენტს არ ეხება, მაგრამ რადგან ამ ამბავმა ისევ ფემინისტებზე გააბრაზა საზოგადოების დიდი ნაწილი, ამასაც ვიტყვი.

ფემინისტების რისხვას უკეთეს შემთხვევაში ცინიკური, დამცინავი კომენტარების ნიაღვარი, უარესში კი – ზიზღისა და სიძულვილის, წარმოუდგენელი აგრესიის აზვირთება მოჰყვება ხოლმე სოციალურ ქსელში. არა მხოლოდ კაცების, ქალების მხრიდანაც. არა მხოლოდ ორკების, საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდანაც, რომელსაც განათლებულობაზე, მოწინავეობაზე აქვს პრეტენზია.

რას არ ეძახიან ფემინისტებს: უსაქმურებს, მახინჯებს, მამაკაცთა მოძულეებს, სექსზე დამშეულებს, ენჯეოშნიკებს, ეპატაჟნიკებს. ფემინისტთა მოძულეებზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, მათ თავიანთი, გრძელი გზა აქვთ გასავლელი, რომელიც მხოლოდ ქალების გამოცდილების მოსმენა-გააზრებით, სწავლით, ცოდნით, ნელა და ჩუმად უნდა გაიარონ.

უმრავლესობისათვის ასე საძულველ „ეპატაჟურ“, „აგრესიულ“ ფემინისტებსა და მათ ბრაზზე მინდა, ვთქვა. უფრო სწორად – მათი ბრაზის ვერგაგებაზე, მათ ბრაზზე გაბრაზებაზე, მათი ბრაზით აღშფოთებაზე.

ზემოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებითა და კომპრომისებით მიღწეული წინსვლა ვახსენე, რომლისაც შეიძლება გვჯეროდეს, შეიძლება – არა. ამაზე ლაპარაკი, მსჯელობა ნამდვილად შესაძლებელია. მაგრამ არა „რადიკალი ფემინისტების“, როგორც მათ ეძახიან, დამუნათებით: „თქვენ ზრდით უფსკრულს! თქვენ აზიანებთ ქალთა მოძრაობას!“

ვაღიაროთ, რომ ისინი, ვინც რეალურად შეარყევენ ხოლმე რაღაცას ძირმომპალს; შეაწუხებენ, აღაშფოთებენ საკუთარ წვენში ჩაბუჟბუღებულ საზოგადოებას, კომფორტის ზონას გაურღვევენ და შემოულაწუნებენ; ისინი, ვისაც რადიკალებს ვეძახით, ჩვენზე ბევრად გაბედული და ხშირად თავგანწირული ადამიანები არიან.

ჰო, ბევრს არ სიამოვნებს თვალში შეჩრილი ბანჯგვლიანი იღლია თუ გაუპარსავი ფეხი, ცელულიტი თუ მენსტრუალური სისხლის ლაქა. ბევრიც კი იმდენად უგნურია, რომ ფიქრობს, რომ ფემინისტები იღლიაში და ფეხებზე ბალნის აბიბინებისკენ მოუწოდებენ საქალეთს; გოგოებს ასწავლიან, რომ ცელულიტი აუცილებელია და არც საფენების ხმარებაა საჭირო.

რადიკალები ჩვენს, ყველას, საქმეს აკეთებენ, მაშინაც, როცა გვეზიზღებიან, როცა ჩაქოლვით ვემუქრებით. გვეუბნებიან, რომ უნდა ვიცოდეთ, რას ვირჩევთ, და მართლა ვირჩევდეთ იმას, რასაც ვირჩევთ. რადიკალი „ეპატაჟნიკები“ მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმში არ სძულთ, ყველაფერში ასეა, მაგრამ ისტორია მაინც ყოჩაღია,  სამართლიანად (და უჩვენოდ) გადაახარისხებს ხოლმე ადამიანთა საქმეებს და დატოვებს იმას, რაც მართლა ღირებულია.

ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია, მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც შეგვაწუხა, შეგვაშფოთა, აღგვაშფოთა, დაგვშოკა და გაგვაბრაზა, რადგან, როგორც პაზოლინი ამბობდა, თუ შეგხვდა ადამიანი, რომელიც აღგაშფოთებს, ჩათვალე, რომ ძალიან გაგიმართლა. ისინი კი, ვინც ამ აღშფოთების, ამ დაშოკვის განმწმენდ ძალას ვერ ხვდებიან, უბრალოდ მორალისტები არიან.