ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ნინო წომიკურიძე

„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით!

ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი სამზარეულო და კიდევ უფრო დიდი ტერასა ღია ცის ქვეშ, საიდანაც თითქმის მთელი ქალაქი მოჩანს – მთავარი მიზეზი რის გამოც ამ სახლში ცხოვრება გადაწყდა.

სახლში ათნი დავრჩით. თორმეტნი ვიყავით, მაგრამ კორონას გავრცელების შემდეგ ორმა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა. მე ერთადერთი ქართველი ვარ, ჩემი იტალიელი ბიჭი – ალფონსო, ორი ესპანელი – ალექსი და მარია, სამი ფრანგი – ნილსი, ბლანში და პაბლო, ორი გერმანელი – დანიელი და ანტონი და ერთიც შოტლანდიელი – სემი. აქ ჩამოსვლამდე ყველას სხვადასხვა სურვილი გვქონდა, მაგრამ ერთი საერთო – მაქსიმუმი მიგვეღო აქ ყოფნისგან.

არ აქვს მნიშვნელობა დაინფიცირებული ხარ თუ არა – დღე ყველას კორონა გვაქვს. კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პირველ კვირას რიგრიგობით გვქონდა სიცხე. 37 და ცოტა მეტი, რამდენიმეს სურდო, ზოგს ახველებდა კიდეც. ანტონი, რომელიც ფსიქოთერაპევტობას აპირებს, ამბობს, რომ ეს შიშების ბრალია და რომ კორონას უფლება არ უნდა მივცეთ დაგვიმონოს. მე კიდე სულ წითელა და ძველად გავრცელებული წითელას მიღების და გასტუმრების რიტუალები მახსენდება. წითელას მხიარულება უყვარს, ცეკვა-თამაში, მოფერება და ტკბილი სიტყვები. იქნებ კორონაც ასეა, იქნებ კორონასაც კარგი დახვედრა უნდა.

სემს კორონაზე მეტად ეკონომიკური კრიზისი ადარდებს, მამაჩემის ბიზნესი თუ ჩავარდა, სწავლის ფულს ალბათ ვეღარ გადამიხდისო. ანტიდეპრესანტებს სვამს, უკვე რამდენიმე თვეა, მაგრამ რაც კარანტინი დაიწყო აღარ მოქმედებსო. ამიტომ სასმელს მიეძალა.

სასმელი ყველამ მოვიმარაგეთ. ვფიქრობდით, ყოველ საღამოს დავლევდით, ვიცეკვებდით, ვიმღერებდით. მაგრამ არ გამოდის. გეგმაც გავწერეთ – ვარჯიშის, იოგას, მედიტაციის საათები, სამაგიდო თამაშები, საუბრები – ღმერთზე, სამყაროზე, სიცოცხლეზე სიკვდილზე, ისევ სიკვდილზე, აპოკალიფსზე, ზომბებზე, ჩვენზე და ისევ ჩვენზე.

დანიელი ვეგეტარიანელი ფიზიკოსია, საუბრების მთავარი ინიციატორი. ბოლო დროა ხორცის ჭამა დაიწყო. რომ არა კორონა, არ შევჭამდიო. ახლა თითქოს ყველაფერი სულერთიაო.

პაბლო ყოველდღე აცხობს ბლინებს. თავიდან თვითონაც ჭამდა, ახლა მხოლოდ ჩვენთვის. ალექსი დედამისის ზარებს არ პასუხობს. მისი მოსამართლე დედა დღეში სამჯერ რეკავს და შვილს შინ დაბრუნებას სთხოვს. ალექსს ჩვენი დატოვება არ უნდა, მაგრამ, ვფიქრობ, მალე დანებდება. სხვა დანარჩენებსაც ყოველდღე უგზავნიან მეილს, რომ ახლა ესპანეთში დარჩენა საშიშია და ჯობია, შანსი გამოიყენონ, ბარგი ჩაალაგონ და საკუთარ ქვეყნაში დაბრუნდენენ. წასვლაზე არავინ ფიქრობს.

 

ნილსისთვის არაფერი შეცვლილა, კორონამდეც სულ სახლში იყო. ახლა, მგონი, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ახლა მიზეზის პოვნა არ სჭირდება, სახლიდან რატომ არ გადის.

ბლანშიც ბედნიერია, კარანტინმა საშუალება მისცა, პაბლოს უფრო დაუახლოვდეს და თავი შეაყვაროს.

ალფონსოს ოჯახი იტალიაშია, მაგრამ მათზე არ დარდობს. პატარა ქალაქში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დარწმუნებულია, რომ მის ოჯახს ვირუსი ვერ მიაგნებს.

არადა, ვირუსმა ყველას მოგვაგნო. სახლებში გამოგვკეტა და გვაიძულა საკუთარ თავებთან ჩაღრმავება.  ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც დაუწუწუნია, განსაკუთრებით ორშაბათ დილას, რომ აღარ შეუძლია ასეთი აქტიური ცხოვრების წესის ატანა, რომ ცხოვრების მსგავსი რიტმი საფრთხეს უქმნის ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, რომ დიდი სიამოვნებით ჩაჯდებოდა სახლში. იქნებ კოსმოსში გაგზავნილი ჩვენი სურვილების ბრალია კორონას შემოტევა. სახლში ვართ და დავიბენით. რა უნდა ვაკეთოთ? რამდენ ხანს მოგვიწევს ასე ყოფნა? აბა პირველი ვინ გაგიჟდება? ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ასაკით, სურვილებით, შეხედულებებით, მაგრამ კორონამ თითქოს ერთმანეთს მიგვამსგავსა.

ერთმანეთის თვალებში საკუთარ აზრებს ვკითხულობთ. ერთმანეთი შეგვიყვარდა. თუ აქამდე მხოლოდ მაშინ ვიყავით ერთად, როცა ვერთობოდით, ახლა მოწყენაც შეგვიძლია ერთად, სევდა და სევდის გამოხატვაც, საკუთარ ოჯახებზე და წარსულზე ლაპარაკიც.

კარანტინმა მიგვახვედრა, რომ ადამიანებს ადამიანები გვჭირდება. მეზობელი სახლის ტერასაზე საიმონი სეირნობს. საიმონი ინგლისიდანაა. გრანადაში ინგლისურის მასწავლებლად ჩამოვიდა. მუშაობას ონლაინრეჟიმში აგრძელებს, მაგრამ მოწყენილია. კარანტინამდე არასდროს გვილაპარაკია მასთან, მისი სახელიც არ ვიცოდით. ახლა გვიკვირს, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, რატომ არასდროს მოვიპატიჟეთ სტუმრად ან ჩვენ რატომ არ ვესტუმრეთ?!

ქალაქი დუმს. მეზობლის ძაღლები და კატებიც კი ჩაჩუმდნენ. ეკლესიის ზარის ხმაც მოგუდულად ისმის. მხოლოდ სასწრაფოს ხმა დაიჭექებს ხოლმე დროდადრო. ნუთუ აქამდეც ასე ხშირად ისმოდა ეს ხმა? შეიძლება. მაგრამ აქამდე ალბათ ვერ ვამჩნევდით.

დღის განმავლობაში უფრო მშვიდად ვართ. ღამე შემოგვიტევს ხოლმე გარეთ გასვლის გაუსაძლისი სურვილი. ყველა ვწუხვართ, რომ ნაგვის ურნა სახლთან ძალიან ახლოს დგას. შორს რომ იყოს, ნაგვის გადაყრა სეირნობად ჩაგვეთვლებოდა. მაგრამ გარეთ გასვლა ისეთივე სასიამოვნო აღარ არის, ადრე რომ იყო. გარეთ უფრო იგრძნობა რეალობა. სევდისა და შიშის მომგვრელია აქამდე აქტიური, ხალხითა და ხმაურით სავსე ქუჩების ნახვა. გაბნევს ჩუმი დაცარიელებული ქუჩები… ნუთუ სინამდვილეა, რაც ხდება, იქნებ მესიზმრება? იქნებ ფილმში ვარ? მე ხომ არ გამოვიგონე? გარედან უფრო სევდიანი ვბრუნდებით სახლში.

მარია ამბობს, რომ შიშების, სიძნელეების, სტრესისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ ვიცვლებით და ეს კარგია. გაივლის დრო და საკუთარ ან სხვის შვილებს მოვუყვებით 2020 წლის გაზაფხულზე, აყვავებულ გრანადაზე, ქალაქის ძველ უბანში აღმართულ, უბანივით ძველსავე სახლზე და იმ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც ამ სახლში გავიჭედეთ. რომლებიც, თავიდან გვეგონა, ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდნენ, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად ჩვენნაირი არიან. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, სად ხარ, როგორი ხარ, ესპანეთში, იტალიაში, საქართველოში, გერმანიასა და საფრანგეთში, კორეასა და იაპონიაში ჩინეთში ირანში, იქნებ, კონგოში… რაღაც საერთო გაგვიჩნდა ყველას… და ამ საერთომ თითქოს მიგვახვედრა, რომ კორონამდეც ასე იყო, კორონამდეც ძალიან ვგავდით ერთმანეთს. უბრალოდ ამას ვერ ან არ ვამჩნევდით. ახლა, გვინდა თუ არ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ერთნაირი ვართ. იქნებ ასე უფრო შეგვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული კი ახლა და, ჩემი აზრით, არა მარტო ახლა, ყოველთვის,  სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

არ შეშინდეთ, არ მოიწყინოთ, არ ინერვიულოთ. მაგრამ თუ შეშინდით, მოიწყინეთ ან ანერვიულდით – არა უშავს. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ; მთავარია, გახსოვდეთ, რომ ესეც გავლის, ჩვენ შევიცვლებით და ეს კარგია.