ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ (ჟურნალისტებმა)?

ზურა ვარდიაშვილი

მოდარაჯე კაცის თვალი ადვილად შენიშნავდა, რომ ბოლო დროს ხელისუფლება გაცილებით ბრუტალური ფორმებით უპირისპირდება მედიას, ვიდრე უშუალო პოლიტიკურ ოპონენტებს.

ყველა მაგალითის ჩამოთვლა საჭირო არ არის, რადგან არამოდარაჯე კაცის თვალიც ხედავს ყოველდღიურ ომს, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ჟურნალისტებთან. 5-6 ივლისის ნადირობა, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა სიკვდილის შემდეგ, ყოველდღიური თავდასხმები ხელისუფლებასთან აფილირებული ძალადობრივი ჯგუფების ხელით, მიკროფონის წართმევა კულტურის (!) მინისტრის მიერ, წყლის გადმოსხმები ფანჯრებიდან, გინება, ცემა, აივნიდან გადმოგდება და ა.შ. 

რჩება განცდა, რომ მმართველი ძალის ფიქრით, მათ უკვე  „მოყომარებული” აქვთ ოპოზიციასთან. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად ეშინიათ მათი და ახლა მთელი ძალებით გადართულნი არიან ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათი მთავარი ფრონტი ახლა ეს არის.

ყოველთვის ასე არ იყო. რაღაც პერიოდამდე ხელისუფლების წარმომადგენლები სახის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ „ჟურნალისტებზე ძალადობა დასაგმობია” და ა.შ. ცდილობდნენ მედიის დევნა სამართლებრივი ჩარჩოებით შეეფუთათ, ესა თუ ის მექანიზმი გამოეყენებინათ.

აი, იმავე მამუკა მდინარაძეს ყოველთვის კორესპონდენტების დიდ მეგობრად მოჰქონდა თავი. ე.წ. ვორქშოპებზე მუდმივად ცდილობდა უშუალო და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ი მ ა ნ გაუკონტროლებელი სიტყვა მთავარ ბარიერად დასახა, ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, სათითაოდ დაიწყო უშუალო დევნა, შეურაცხყოფა, დეჰუმანიზაცია… მაგალითად ისიც კმარა, როგორ ჩამოთვალა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების გვარები და მათ „გარყვნილი“ უწოდა.

ხელისუფლებამ მედიის ნაწილი ტროლქარხნად აქცია, ნაწილი დაქვემდებარებული ჰყავს, ნაწილს ოპოზიციური მედიის როლს ათამაშებს, ნაწილს კი, ვისაც ვერ იქვემდებარებს, განადგურებით ემუქრება. 

და როგორ უნდა გააკეთოს ეს? ყველამ იცის, რომ მაღალი სტანდარტების დამცველი, კვალიფიციური და სანდო, ავტორიტეტული მედიის განადგურება ადვილი არ არის, რადგან ასეთ დროს საზოგადოებრივი აზრი მდევნელის წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომაც ბრალდებების, ცილისწამების, სიძულვილის ენის მთელი ნიაღვარია მიშვებული სწორედ მედიის მისამართით. ამიტომაც გვესმის ყველა საარჩევნო შეხვედრაზე, ყველა ბრიფინგზე, ყველა პრესკონფერნციაზე მედიის კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა. მთელი მედია იქნება ეს, თუ ცალკეული ჟურნალისტი ბოლომდე გასანადგურებლად ჯერ საზოგადოების თვალში უნდა განადგურდეს.

ჰოდა, მესმის, ძალიან ძნელია ემოციების გაკონტროლება, რომ როდესაც „გარყვნილს“ გიწოდებენ, შენ „ნაძირალა“ არ ეძახო; როდესაც პოლიტიკური ოპონენტივით გებრძვიან, შენც პოლიტიკოსივით არ უპასუხო; როდესაც შეურაცხგყოფენ, შენც არ შეურაცხყო, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ასეთ პირობებში იწყება ხელისუფლების უპირატესობა. 

„ოცნების” ოცნებაა, რომ ოპოზიციური მედია მხარედ იქცეს, სტანდარტები დაბლა დასწიოს, „თვალი თვალის წილ” დევიზს მიჰყვეს, უზუსტობები დაუშვას, ცოტა ცილიც დასწამოს, რაღაცები გააზვიადოს, წარმოჩინდეს როგორც მხარე, როგორც ოპონენტი, რადგან მხარესთან  ბრძოლა ადვილია. მხარისთვის იარლიყების მიკერება მარტივია,  მხარის ლაფში ამოსვრა პოლიტიკური მოედანია, მათი მოედანი.

და ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როგორ მოვიქცეთ? მარტივად: კიდევ უფრო მაღლა უნდა ავწიოთ მედიასტანდარტი, კიდევ უფრო მკაცრად გადავამოწმოთ ჩვენი ინფორმაცია, კიდევ უფრო გულდასმით ეთიკური, კვალიფიციური, გაწონასწორებული და მიუკერძოებელი ვიყოთ. კიდევ უფრო მეტად ვცეთ პატივი აუდიტორიის ინტერესს – მიიღონ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ეს არის ჩვენი მოედანი, ამ მოედანზე მედიის დამარცხება შეუძლებელია. 

შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ – რა დროს თვითგვემაა, რომ განა ეს არის ახლა მთავარი? გვდევნიან, გვცემენ, აივნებიდან გვყრიან, გვხოცავენ…

ჰოდა, ასე ქცევა რომ არ გავუადვილოთ, ამაში ძვირის გადახდა რომ მოუწიოთ, ამიტომ უნდა დავკავდეთ ხშირად თვითკრიტიკით. ასეთი მედია ყველა ცუდი ხელისუფლების ღამის კოშმარია.