ცხოვრება პლასტმასში ფანტასტიკურია (?)

ნანუკა კოხოძე

ფინალური გამოცდის შემდეგ უნივერსიტეტთან დედამ მომაკითხა. მეგობრებთან ერთად ჩავჯექი მანქანაში. მე და დედამ ჩვენი საყვარელი სიმღერები ჩავრთეთ და დავიძარით. უბრალო რაღაცებზე ვლაპარაკობთ, საგნებზე, სამსახურზე, საქმეზე, ყოველდღიურობაზე. მერე ჩემი მეგობრები ერთ-ერთ მეტროსადგურთან დავტოვეთ და ცოტა ხნით სიმღერას ავყევით. შუქნიშანზე წითელი აინთო და დედა უცბად მეუბნება – ნეტა როდის მორჩება ეს ყველაფერი, მერამდენე ქალი უნდა მოკლან. მარტივად მივიღე ეს ალბათ მთელი დღის ნაფიქრალი ფრაზა, რადგან არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მესმოდა და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. 

აგვისტოში ამირანის კინოთეატრისკენ დავიძარი. ვარდისფერი ზედა მეცვა, ამავე ფერის თვალის ჩრდილი წავისვი, დავიწყებული საყურეებიც აღმოვაჩინე და დარბაზში შევედი, რათა მენახა გაცოცხლებული თოჯინა, რომელიც ბავშვობაში გამორჩეულ ხიბლს სძენდა ჩემი სათამაშოების რიცხვს. 

ბარბი სასიამოვნო საყურებელი გამოდგა, იმაზე კარგი, ვიდრე ვიფიქრებდი. საინტერესო და მარტივად გასაგები გზით გადმოცემული პრობლემები ყოველთვის იწვევს ხოლმე ჩემში აღტაცებას და მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობ. 

მე და ჩემმა დამაც ვუყურეთ ერთად ბარბის, 9 წლისაა, დიდი გოგოა – ვკითხე, აბა, რაზეა ფილმი და მითხრა – ფილმი იმაზეა, რომ არ არის აუცილებელი, ვიყოთ იდეალურები და უნდა ვიყოთ სწორედ ისეთები, როგორებიც ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ. 

ეს არაჩვეულებრივი ფილმი – საკუთარი თავის გაცნობაზე, ქალების ძალაზე, მეგობრობისა და თანადგომის მნიშვნელობაზე – ნამდვილად აღმოჩნდა 2023 წლის გამორჩეული მოვლენა და მაშინ, როდესაც ველოდებოდით, რომ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ფილმზე დადებით შეფასებებს მოვისმენდით, სანაცვლოდ მივიღეთ შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზები, რომელიც წამყვანმა ხუმრობად შეფუთა. 

„ოპენჰაიმერი“ 721-გვერდიან პულიცერის პრემიის მფლობელ წიგნზეა დაფუძნებული, რომელიც მანჰეტენის პროექტზე მოგვითხრობს, ხოლო „ბარბი“ – პლასტმასის თოჯინაზე, რომელსაც დიდი ძუძუები აქვს“, – სიცილით აღნიშნა ოქროს გლობუსის წამყვანმა ჯო კოიმ და  აუდიტორიაშიც აქა-იქ ხმამაღალი ხარხარი გაისმა, თუმცა მარტივად შესამჩნევი იყო „ბარბის“ რეჟისორის გრეტა გერვინგის გამომეტყველება, რომელსაც, ხატვა რომ შემეძლოს, აუცილებლად დავხატავდი, რათა მეჩვენებინა ყველაზე იდეალური სახე „ქალური ბრაზისა“ – ნაზი, უცხო ღიმილი და თვალებში ჩამდგარი ჩუმი ბრაზი.

ეს ის ბრაზია, რომელსაც ჩვენ, ქალები, საუკუნეების განმავლობაში ვიგროვებთ, გულში ვინახავთ, რადგან მისი ჩვენება, მასის აზრით, ქალს არ შეშვენის. 

ბარბის ფილმში ამერიკა ფერერას არაჩვეულებრივმა მონოლოგმა უზარმაზარი სარკე დამიყენა წინ და მძიმე უიმედობის მორევში მომისროლა, თუმცა კიდევ უფრო მეტად დამაფასებინა ჩემი თავი და ყველა ის ქალი, რომელსაც ჩვენს პლანეტაზე უწევს ცხოვრება. 

არასდროს უნდა დაბერდე, არასდროს უნდა იუხეშო, თავი არ უნდა გამოიჩინო, ძუნწი არ უნდა იყო, არ უნდა წაიქცე, არასდროს დამარცხდე, შიში არ გამოაჩინო, ზედმეტი არ მოგივიდეს. ძალიან ძნელია. ძალიან წინააღმდეგობრივია და ამაში მედალს არავინ გაძლევს და მადლობას არავინ გეუბნება. და გამოდის, რომ რეალურად, არა მარტო არასწორად აკეთებ ყველაფერს, არამედ ყველაფერი შენი ბრალია“, – გვეუბნება ფილმში დედა, რომელიც ბავშვობაში თავისი საყვარელი ბარბის თოჯინათი ბევრს თამაშობდა და ოცნებობდა. 

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ კაცების ნაწილს არ სიამოვნებს, როცა ასეთ სიმართლეს ისმენენ, როცა ეუბნებიან, რომ დიახ, ქალებისთვის ასეა – „კაცების ქცევებზე პასუხი უნდა აგო, რაც სიგიჟეა, მაგრამ თუ ამას ხაზს გაუსვამ, გაბრალებენ, რომ წუწუნებ“. 

არც ის სიამოვნებთ, რომ კენი ბარბის სამყაროში ქალის რეალობით ცხოვრობს და იმაზე მით უმეტეს ბრაზდებიან, რომ მათი რომანტიკული ჟესტები – ქართულ რეალობას რომ მოვარგოთ, გიტარაზე დაკვრით ირაკლი ჩარკვიანის არაჩვეულებრივი სიმღერების განადგურება – ჩვენთვის უბრალოდ დამღლელი და არაფრისმომცემია. 

და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ რიგითმა მამაკაცმა და კომიკოსების ჯგუფმა, კორექტორმა თუ სხვა დანარჩენმა მამაკაცებმა, რომლებიც ისხდნენ ოთახში, სადაც „ოქროს გლობუსისთვის“ ხუმრობები იწერებოდა, აირჩიეს, რომ წინ გადადგმული ნაბიჯისა და სილაღისთვის, რომელიც „ბარბიმ“ ქალებს გვაჩუქა, დაეცინათ მარტივი, სექსისტური, არაფრისმომცემი რეპლიკით. 

რამდენად იოლია, ერთი სიტყვით გაანადგურო რწმენა-წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიცვალა, რომ სადღაც, დედამიწის რომელიღაც პატარა კუთხეში მაინც, ქალი არ არის დაცინვის, დაკნინებისა და ობიექტივიზაციის სამიზნე. რომ სადღაც, თუნდაც ფიქციურ სამყაროში მოპოვებული გამარჯვება რეალობაშიც აისახება, რომ სადღაც ახალი წლის ღამეს ქალს არავინ კლავს, რომ სადღაც, ბავშვებს არ უწევთ ქრონიკულ აგრესიაში ცხოვრება, რომ სადღაც მარტივია, იყო ქალი. 

„შეუძლებელია, იყო ქალი. ისეთი ლამაზი ხარ და ისეთი ჭკვიანი და მკლავს ის ფაქტი, რომ თავს საკმარისად კარგად არ თვლი. ყოველთვის გამორჩეულები უნდა ვიყოთ, მაგრამ, რატომღაც, ამას ყოველთვის არასწორად ვაკეთებთ“, – ამბობს ამერიკა ფერერას პერსონაჟი და მართლაც, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რამდენსაც და როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, მაინც გამოდის, რომ სადღაც ყოველთვის არასწორები ვართ, ვიღაცას თვალში ზედმეტად ვხვდებით, ბევრგან ვჩანვართ, ზედმეტს ვინდომებთ, ჩვენი ადგილი არ ვიცით.

„არ მინდა, არასასიამოვნო ადამიანი გეგონოთ, მაგრამ უცნაური იყო, როდესაც პლასტმასის თოჯინას მიმართ ლტოლვა ვიგრძენი, შენს თვალებს აქვთ რაღაც გამორჩეული, რაიან – მარგო, ყოველთვის შენზე არ არის საუბარი“, – უთხრა ჯო კოიმ „ბარბის“ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ მარგო რობის და ამ ერთი ფრაზითაც მარტივი გასაგები გახადა, თუ რას ფიქრობენ, როგორ აღგვიქვამენ და რა უნდათ ჩვენგან. 

დამღლელია, როდესაც წლებია ვსაუბრობთ, ვწერთ, ვმღერით, ვტირით, ვყვირით იმაზე, რომ „დავიღალეთ სირბილით, რომელსაც ჩვენს მაქსიმუმს ვუთმობ, ნეტავ უფრო სწრაფები თუ ვიქნებოდით, კაცები რომ ვყოფილიყავით“ ან „ბიჭები რომ ვყოფილიყავით, ჩვენს თავს მივანიჭებდით უპირატესობას და თავად შევქმნიდით წესებს“ და დამღლელია იყო ქალი, მაგრამ ამაში „მედალს არავინ გვაძლევს და მადლობას არავინ გვეუბნება“, პირიქით, დაგვცინიან, გვცემენ, გვკლავენ და შემდეგ მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან იციან, როცა დედაჩემი მანქანაში წითელზე გაჩერებული კიდევ ერთხელ მკითხავს „ნეტავ როდის მორჩება ეს ყველაფერი“ – მე უბრალოდ ღრმად ამოვიოხრებ, გავბრაზდები, ძლიერად გავბრაზდები, მაგრამ ეგ იქნება… 

„დავიღალე ჩემი და ყველა სხვა ქალის ყურებით, რომლებიც ჰაერში ვიკვანძებით, რათა ხალხს მოვეწონოთ. და თუ ეს ყველაფერი მართალია თოჯინასთვისაც, რომელიც ქალებს წარმოადგენს, არც კი ვიცი…“ – ბარბიმ ფიქციაში გაიმარჯვა და ჩვენ?