ჩვენი კინო მეგობრების ზუმში შეხვედრას ჰგავს, როცა ხმა არ ემთხვევა გამოსახულებას –ხან იწელება ბგერა-ბგერა, ხან კი სიტყვები ისე სწრაფად გამორბიან, რომ საკუთარ თავს წინ უსწრებენ. რიონის ხეობის ხალხის კინო კი შავ-თეთრია, იცით, როგორი? უარყოფით კონტექსტში ათასჯერ ნახმარი კი არა, – საავტორო კინოსავით შავ-თეთრი, სადაც ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს: განათებას, ახლოსა და მსხვილ ხედებს, დიალოგებს, ინტონაციას, და განსაკუთრებით – წყლის ხმას: ჩუმად მდინარესა თუ აზვირთებულს, ნაზად მოლიცლიცესა თუ ირგვლივ ყველაფრის წამლეკავს.
ეს კინო სადაა, მაგრამ თავისი მხატვრული ზემოქმედებით ასჯერ და ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰოლივუდის ჟანრში გადაღებული, მდარე სპეცეფექტებით შეკაზმული, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე მომაბეზრებელი ტელესერიალი. ამ საავტორო კინოს იღებენ დარგის პროფესიონალები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ კადრს მიღმა, აფიქსირებენ ყველა დეტალს, მცირესა თუ ძალიან მცირეს, ფიქრობენ, სად რა უნდა იყოს განლაგებული კადრში ისე, რომ ყველა საგანს თავისი დატვირთვა ჰქონდეს, მეტყველების თავისი ენა, მსჯელობენ, სად დაიწყოს და დამთავრდეს მოქმედება, რომ ფილმი მორიგი ტელესერიალის ესთეტიკას ახლოსაც კი არ გაეკაროს… ამ მუშაობის შედეგი ჩანს რიონის ხეობის მცველების სიტყვებსა და ქმედებებში, მათ სახეებზე აღბეჭდილია ამ პროცესის მკვეთრი კვალი… დიახ, დარგის პროფესიონალები, დარგის, რომელსაც სახელად ჰქვია სიყვარული, გონივრულობა, პრინციპულობა, სიმშვიდე, მიმტევებლობა, მოთმენისა და მოსმენის უნარი და ა.შ.
მაგრამ სადაც ნიჭია, მოგეხსენებათ, იქ შურიც ამოხეთქავს ხოლმე. როგორ წარიმართოს მონტაჟის პროცესი ისე, რომ თეთრი შავად გამოჩნდეს და შავი კი – თეთრად? თბილისისათვის ძალიან შემაწუხებელია ასეთი მობილიზება კონკრეტული პრობლემების გარშემო და „სოფლელების” მიერ დედაქალაქის ცენტრში გამართული ხალხმრავალი აქცია, მაშინ, როცა ვერც ერთი პოლიტიკური კლანი ამის მეათედ ხალხს ვერ აგროვებს… თბილისს უკვირს უსამართლობის განცდის არტიკულირება მშვიდად, თანმიმდევრულად და გონივრულად, და ამიტომ ყველანაირად ცდილობს ყურადღების სულ სხვა რამეზე გადატანას, თუნდაც (ამ შემთხვევაში) ისეთ მეორეხარისხოვანსა და პროვოკაციულ თემაზე, როგორც აქციის მოსაწყობად თანხის მოზიდვაა. “საიდან ფული, მიკირტუმ?” – გამომწვევად ეკითხება ტუჩებდაბერილი ყვითელი მედიაც. მარიტა მუსელიანი გულწრფელად იბნევა თამაშში შემოგდებული ასეთი სვლით, მაშინ, როცა რიონის მცველები ყველანაირად ცდილობენ მთელი რესურსი მოახმარონ კონკრეტულ პრობლემაზე საუბარს, არ გადაუხვიონ თემიდან, ყურადღება არ გადაიტანონ სხვა საკითხებზე. მაგრამ თბილისი პროვოკატორი მეძავივით კალთაში უხტება სიმპათიურ ახალგაზრდა ყმაწვილს და გამომწვევი ღიმილით მკერდზე ხან ერთ ღილს შეიხსნის, ხან – მეორეს… რიონის მცველები ხვდებიან, რომ თვალი უნდა გაუსწორონ ამ რეალობას და ეს ტესტიც უნდა ჩააბარონ.
ჰოდა, როცა კოლექტიური ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში შენობით მიმართავს ვარლამ გოლეთიანს, მითხარი ვინ ხარ და რა გინდაო, (თითქოს სასწაულივით დღეს გამოგვეცხადა ეს ადამიანი და არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ), ეს უკანასკნელი ხუთოსანი მოსწავლესავით სცემს პასუხს, მშვიდად და გონივრულად ჩამოყალიბებული არგუმენტებით შედის მასთან დიალოგში თუ დისკუსიაში და მოთმინებიდან ერთხელაც არ გამოდის იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა პასუხს აწყვეტინებენ… ქართულ ტელე-მედიაში ნამოხვანის ჰესების კასკადის თემაზე ადეკვატურად გაკეთებული ერთადერთი გადაცემა ვნახე, ნინო ზაუტაშვილის „რეალური სივრცე”, სადაც გეოლოგებმა და დარგის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჰესთან დაკავშირებული დიდი რისკების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებულ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებაზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რიონის მცველებს არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებათ, ნაპრემიერალ გახარიასავით სიტყვის მასალად გამოყენებულის კი არა, – გულწრფელი ბოდიშის იმის გამო, რომ ცოტა ხნით თბილისელებს დისკომფორტი შეუქმნეს, იმათ, რომლებმაც ისიც კი ვერ აიტანეს, რომ საცობებში დიდხანზე ცოტა მეტხანს ისხდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ სხედან, და საერთოდაც, ფეხით სიარულს გადაეჩვივნენ, მთელი დღე ტელევიზორის და კომპიუტერის ეკრანების წინ არიან დასკუპებულნი და ირონიით უმზერენ ყველაფერს, რაც დედამიწის ზურგზე ხდება, მოკლედ რომ ვთქვათ – ყველაფერზე ღადაობენ, რასაც ადამიანურ ენაზე თუკი მოვთარგმნით – პირველ რიგში უსაქმურობა ჰქვია და მერე სხვა რამ. ასეთებს ორასმერამდენე კი არა, ერთი ღამის გათენებაც არ შეუძლიათ თბილი საწოლის მიღმა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ იდეებისგან შეპყრობილი ადამიანები ამას ბედავენ იმ პირობებში, როცა მთავრობა მოსმენის ნაცვლად არბევს მათ, გამუდმებით ტალახს ესვრის და მათი ჯანსაღი პროტესტის სხვადასხვა ხერხებით მარგინალიზაციას ცდილობს.
ფუთფუთებს სოციალური მედიაც „დატრენინგებულ” გოლეთიანზე, ყველაფერთან ერთად, ლოგიკური აზროვნება და თანმიმდევრობა უკვირთ, პოლიტიკური კლანებისგან არ არიან ამას შეჩვეული, და რაც მთავარია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პროტესტი შეიძლება „მართული” არ იყოს… დიდი ხანია თვალს ვადევნებ რიონის ხეობის მცველებს, მაგრამ მხოლოდ ახლახან გავიგე ეს მშვენიერი ფაქტი, რომ მარიტა მუსელიანი ვარლამ გოლეთიანის დედა ყოფილა. თავად მათ ამაზე არასოდეს გაუმახვილებიათ ყურადღება. ეს დედა-შვილი საოცრად ავსებს ერთმანეთს, როცა საუბრისას ერთს რაიმე გამორჩება, მეორე ამატებს…
ფუთფთებენ თბილისელი სნობებიც და ფარშევანგის კუდივით ლამაზი აქსესუარებით ინიავებენ ირონიულ აგრესიას. თურმე, ნუ იტყვით და, აქციაზე მოსულთა ნებისმიერ გამოხტომაზე რიონის მცველებმა ტრიბუნიდან უნდა აკეთონ განცხადებები ან მედიის წინაშე იხადონ ბოდიშები… წესრიგს ნორმალური მთავრობის პირობებში პოლიცია უნდა იცავდეს, მაგრამ მთავრობას დიდი ხანია გათიშული აქვს ტელეფონი და გასულია მომსახურეობის არედან. თბილისმა იმდენი მოახერხა, რომ ზოგჯერ გაუაზრებლად, ფუქსავატურად და ზოგჯერ გამიზნულად რიონის მცველებს პოლიტკორექტულობაც შეტენა და ლამის ლგბტ-ს დამცველებად მოგვივლინა ხალხი, რომელიც ძალიან გარკვევით ამბობს თავის სათქმელს და ემიჯნებს იმას, რასაც უნდა გაემიჯნოს.
„ძმებ კარამაზოვებში“ არის სრულიად დაუვიწყარი სცენა: როცა კარამაზოვები ბერ ზოსიმასთან რჩევის მისაღებად მიდიან, კელიაში შემოსული ბერი მუხლებზე ეცემა დიმიტრი კარამაზოვის წინ, უჩოქებს მას. მოგვიანებით, როცა მორჩილი ალიოშა კარამაზოვი ზოსიმას ეკითხება, რა იყო ამის მიზეზიო, ზოსიმა პასუხობს, რომ დიმიტრი კარამაზოვში მან დაინახა უდიდესი ტანჯვა და ამ ტანჯვას დაუჩოქა. ეს გამახსენდა მაკა სულაძის პასუხზე, – ჯვარს აღარ ვატარებო… კაფანდარა მარიტა მუსელიანის თბილისში „დიდ გასეირნებაზე“ კი ის ეპიზოდი მახსენდება „ნატვრის ხიდან“, ვირზე შემჯდარ მარიტას პერსონაჟს ტალახს რომ ესვრის მთელი სოფელი.
არ ვიცი, რა გაახსენდებათ თავად რიონის მცველებს, მე კი უცნაურმა, თუმცა ნათელმა სევდამ შემიპყრო როცა 26 მაისის ღამეს ისინი თბილისიდან წავიდნენ. საქართველოში როცა ჩამოვალ, ალბათ სოფელ ნამოხვანსაც მივაკითხავ და ამ ხალხს პირადად ვეტყვი მადლობას. მადლობას იმისათვის, რომ გააშიშვლეს გაკოტრებული სისტემა, რომ ლაკმუსის ქაღალდივით იმოქმედეს საზოგადოებაზე, მკაფიოდ აჩვენეს, რომ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი, რომ გონიერების, პრინციპულობის და თანადგომის მასტერკლასი ჩაგვიტარეს სრულიად საქართველოს… ზოგიერთების გასაგონად კი იმასაც დავძენდი, რომ ასეთი თავისუფალი სულების გარეშე ჯერ კიდევ 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერილი “Life, Liberty and the pursuit of Happiness” (სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება) მხოლოდ ლიტონი სიტყვები იქნებოდა და მეტი არაფერი.
„არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე.”
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.