დროებითი მთავრობა - ხიდი ქართველ ხალხსა  და ევროკავშირს შორის

პუბლიკა

სტატიას წარმოგიდგენთ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”

შემთხვევითი არაა, რომ პოლიტიკას, არაერთი აკადემიური წყარო განმარტავს, როგორც უთანხმოების მართვის ხელოვნებას (ან გნებავთ, კომპრომისების ხელოვნებას).

პოლიტიკა, ისევე, როგორც ხელოვნება, თავის თავში მუდმივ შემოქმედებით პროცესსა და იმპროვიზაციას მოიაზრებს – არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ფორმულა, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმით გადაჭრის სახელმწიფო დონეზე წამოჭრილ ინტერესთა კონფლიქტს.

კაცობრიობის განვითარების ისტორია ცხადყოფს, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ სრულად აღმოიფხვრას საზოგადოებაში არსებული კონფლიქტი, კონტრპროდუქტიულია და ამწვავებს არსებულ კრიზისს. პოლიტიკის მეშვეობით სოციალური პროცესების  მრავალფეროვნებასთან ადაპტირება გულისხმობს არა კონფლიქტის აღმოფხვრას, არამედ მის მართვას, კომპრომისული პოლიტიკური მიზნების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

ამასთან, პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღისთვის საკმარისი არ არის კომპრომისის მაძიებელი  პოლიტიკური ნების გამოვლენა, აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს ინსტიტუციური მოქნილობა აღნიშნული ნების სარეალიზაციოდ.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ, ხოლო საქართველო კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებულ პირობებს შესრულებს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ეფექტური რეაგირების მიზნით,  ახალმა საყოველთაო-სახალხო მოძრაობამ – „შინ ევროპისკენ” – მმართველ პოლიტიკურ ძალას ეროვნული თანხმობის (დროებითი) მთავრობის ფორმირების მოთხოვნა წარუდგინა.

დროებითი მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ინსტიტუციური ფორმა, რომელსაც კონსტიტუციური სამართლის დოქტრინაში მოიხსენებენ, როგორც „გარდამავალ“ ან „Ad hoc“ მთავრობას. დროებითი მთავრობა არის  პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად  ფორმირებული აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც იქმნება კონკრეტული მიზნით და რომელსაც  წინასწარ განსაზღვრული მანდატი აქვს. დროებითი მთავრობის საქმიანობის დასრულების შემდეგ ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 

დროებითი მთავრობა თავის თავში ასახავს მმართველობის ტექნოკრატიულ ფორმას, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ფორმირების პროცესში პრიორიტეტი ენიჭება კონკრეტული დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს – დროებით მთავრობას კონკრეტული დროით შემოსაზღვრული სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში აქვს წინასწარ განსაზღვრული მიზანი და მისი რეალიზებისთვის  საჭიროა, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა კომპეტენტურმა პირებმა აიღონ. ხელისუფლების ფორმირების მსგავსი პრინციპი არ არის დამოკიდებული პირდაპირ დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე, თუმცა, როგორც წესი, ეფექტურობის ყველაზე მაღალი ხარისხით ემსახურება საჯარო, სახელმწიფოებრივი მიზნების რეალიზებას.

21-ე საუკუნის მსოფლიოს ისტორია დროებითი მთავრობის მსგავსი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების რამდენიმე ათეულ შემთხვევას იცნობს და იგი სრულიად თავსებადია სახელმწიფო მოწყობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებთან.

მიზეზები, რომლებიც წინ უძღვის დროებითი მთავრობის ფორმირებას შეიძლება მოვაქციოთ სამ ძირითად კატეგორიაში:

  • პოლიტიკური რეჟიმის კოლაფსი (ესპანეთი 1975-1976; ინდონეზია 1998-1999);

  • პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება (ელ სალვადორი 1992-1994; ნეპალი 2006-2008);

  • საერთაშორისო ინტერვენცია (UN Transitional Administration in East Timor 1999-2002).

არაერთგვაროვანია დროებითი მთავრობის ფორმირების წესი. სხვადასხვა დროსა და ადგილას იგი ჩამოყალიბებულა ეროვნული და საერთაშორისო ძალების ჩართულობით, მრავალპარტიულად ან ერთპარტიულად, სამოქალაქო სექტორის ან სამხედრო ექსპერტების ჩართულობით და ა.შ. ის, თუ დროებითი მთავრობის ფორმირების რომელი წესია მიზანშეწონილი, დამოკიდებულია არსებული პოლიტიკური კრიზისის ბუნებაზე. პირობითად, თუკი დროებითი მთავრობის შექმნა ემსახურება პოლიტიკური ძალების პოლარიზაციის შედეგად მიღებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, მის ფორმირებას ლეგიტიმაცია ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა მიანიჭოს. საჭიროებისდა მიხედვით, დროებით მთავრობას აყალიბებენ როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.

არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმ პროცედურების წესისა და თანმიმდევრობის შესახებ, რომელიც დროებითი მთავრობის შექმნას უძღვის წინ, თუმცა ეს პროცედურები აუცილებლად უნდა აერთიანებდეს შემდეგ კომპონენტებს:

  • დროებითი მთავრობის შექმნის მიზანს;

  • პროცედურას, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან დროებითი მთავრობის წევრები;

  • დროებითი მთავრობის უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.

ზემოაღნიშნულ კომპონენტებთან დაკავშირებით იქმნება პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე აქტი, რომელიც შემდგომ უკვე სახელმწიფოს ფორმალურ-ინსტიტუციური მოწყობისდა მიხედვით პოვებს სამართლებრივ ასახვას.

დროებითი მთავრობის ფორმირება ხომ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ – არა.

პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, საქართველოს კონსტიტუცია ქმნის რესურსს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დადებული პოლიტიკური აქტის საფუძველზე, ნდობა გამოუცხადოს დროებით მთავრობას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მთავრობის დამტკიცების წესის შესაბამისად

ამდენად, დროებითი მთავრობა შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ ხიდად, რომელსაც  პოლიტიკური კრიზისიდან გამოჰყავს სახელმწიფო და უპირატესობას  ინკლუზიურ, გამჭვირვალე და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკურ პროცესებს ანიჭებს. დროებითი მთავრობა, წარმოადგენს რა კომპრომისული გადაწყვეტილების უშუალო შედეგს, მიმართულია პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისკენ – იგი მიზნად ისახავს არა დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტის ჩახშობას, არამედ მის მართვას იმგვარად, რომ ოპტიმალურად რეალიზდეს ეროვნული ინტერესები.