ერთმორწმუნე

ბექა მინდიაშვილი

საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი დიდი ეპარქიის, ქუთაის-გაენათის  მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, ერთხელ ასეთი რამ თქვა: „სად წერია სახარებაში, რომ ოკუპანტს ვუთხრათ, გაეთრიეო. არ შეიძლება ამის თქმა, რადგან მტერი უნდა გვიყვარდეს“. 

გაოგნების გარდა, რა შეიძლება ამაზე ითქვას. უპირველეს ყოვლისა ის, რომ თავად ბიბლია არის ყველაზე საკრალური და მონუმენტური ანტისაოკუპაციო წიგნი. მთელი ძველი აღთქმა ოკუპაციისადმი გამუდმებული წინააღმდეგობაა, ხოლო ახალი აღთქმის წიგნები მეტი რომ არ შეიძლება, ისე მკაფიოდ გვიჩვენებს, რა კატასტროფამდე მიჰყავს ოკუპაციასა და კოლაბორაციას საზოგადოება, სინოდი, ადგილობრივი მარიონეტული მმართველობა, ინტელიგენცია – ფარისევლები და მწიგნობრები, ზოგადად ადამიანი. 

სწორედ ოკუპაციის პირობებში ხდება შესაძლებელი ქრისტეზე, უდანაშაულო, უბრალო, კეთილ ადამიანზე ძალადობა,  ხსნისთვის მოსული მესიის გასამართლება, ღმერთის აბუჩად აგდება და სასტიკად მოკვლა. იესო ქრისტეს სწორედ იმპერიული საოკუპაციო კანონმდებლობითა და იმპერიის სახელით ამათრახებს, დასცინის, ჯვარს აცვამს საოკუპაციო რეჟიმი და მორალურად გახრწნილი კოლაბორანტი სამღვდელოება.

გარდა ამისა, იოანე გამრეკელი ეწინააღმდეგება „ჩვეულებისაებრ მამულისა სვლის“ პრინციპსაც, რომლის თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია, დამპყრობლისგან სიტყვითა და საქმით დაიცვას თანამემამულე, ოჯახი, ეკლესია, სამშობლო, ეს არის სარწმუნოებრივი, ეროვნული და, უბრალოდ, უნივერსალური ადამიანური მორალის ფუნდამენტი. ეს არის ის თვითშეგნება, რომლითაც მოქმედებდნენ საქართველოს წმინდა მეფეები და მღვდელმთავრები. 

რაც შეეხება ფაქტორს, რომელსაც ყველაზე მეტად მიმართავს რუსეთი ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი ოკუპაციის დანაშაულის გასანეიტრალებლად და ანტიდასავლური პროპაგანდის საწარმოებლად. 

რუსეთი, საუკუნეებია, მართლმადიდებლობას იყენებს, როგორც აგრესიულ, იმპერიულ იდეოლოგიას. მართლმადიდებლობის ამ ფორმას შეიძლება პოლიტიკური მართლმადიდებლობა ვუწოდოთ, რომელსაც მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს საერთო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, სახარებასა და საეკლესიო ტრადიციაზე დაფუძნებულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან.  

პოლიტიკური მართლმადიდებლობა მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა და იმპერიის მოდერნიზაციაზე რეაქციას წარმოადგენდა. იგი დახუნძლულია ანტიდასავლური იდეოლოგიური კლიშეებით – დაწყებული, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, შეუწყნარებლობისა და  კონსპირაციული პარანოიის კულტივაციით, დამთავრებული აზროვნების, შემოქმედების, ქცევის, ჩაცმის, გადაადგილების, სქესობრივი ცხოვრების ტოტალური რეგლამენტაციისკენ პერვერსიული სწრაფვით. 

თუმცა რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობა მესამე რომის შესახებ ველიკოძერჟავული დოქტრინიდან იღებს სათავეს, რომელიც მე-16 საუკუნეში შეიმუშავა ფსკოველმა ბერმა ფილოთეოსმა. ამ მესიანისტური დოქტრინის მიხედვით, არსებობს მხოლოდ სამი იმპერია: პირველი – ესაა რომი, მეორე  ბიზანტია, ხოლო მესამე, და უკანასკნელი, რუსეთია. მეორედ მოსვლის წინ რუსეთმა უნდა გააერთიანოს მართლმადიდებელი ერები. 

მესამე რომის იმპერიული დოქტრინის საფუძველზე რუსეთის იმპერია ცდილობდა და ახლაც ცდილობს მართლმადიდებელი ერების დაპყრობას, რუსიფიკაციას, დასუსტებას და რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების სამსახურში ჩაყენებას.

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. დაიწყო მთელი საქართველოს იძულებითი ანექსია, ხოლო 10 წლის შემდეგ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაც გაქრა. ივერიის 1500-წლიანი საყდარი რუსეთის იმპერიის სინოდის ობერ-პროკურორს დაექვემდებარა და ბიუროკრატიული აპარატის ნაწილად, საეკლესიო კანტორად იქცა.

ანექსიის შემდეგ ინტენსიური რუსიფიკაციის პოლიტიკა ყველაზე მძაფრად ქართული ენისა და ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოს ეკლესიას განაგებდნენ რუსი, უმეტესწილად ქართველთმოძულე ეგზარქოსები და საეკლესიო მოხელეები. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთმა მათგანმა, თეოფილაქტე რუსანოვმა,  ქართულ გალობას ძაღლის ყეფა უწოდა. 

ეგზარქოს ევგენი ბაჟენოვის ბრძანებით, თეთრად გადაიღება ტაძრები და ფრესკები. მაგალითად, გადალესეს და შეათეთრეს სვეტიცხოვლის მთელი ინტერიერი, გაანადგურეს ალავერდის ფრესკები და გარე კედლები. ქართულის ნაცვლად, შემოიღეს სლავური წირვა-ლოცვა. მაქსიმალურად შეიზღუდა ქართულენოვანი მსახურება. 

იმპერიის ცენტრალური დევიზი „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხოსნობა“ იყო იდეოლოგიური იარაღი, რომლითაც, მათ შორის დაპყრობილ ქართულ საზოგადოებაში, იმპერიისადმი მორჩილი, შემგუებლური, მონური განწყობა ინერგებოდა. 

რუსი ეგზარქოსების ასწლიანმა მმართველობამ აიკლო საქართველოს ეკლესია. მათ გაიტანეს ქართული საეკლესიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები. რად ღირს თუნდაც ხახულის კარედის ღვთისმშობლის ვედრების ხატის ქურდობა.  

რუსული მართლმადიდებლობის სახელით ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს თავად რუსი მეცნიერებიც ამხელდნენ. სლავოფილი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვო წიგნში „ქართული ეკლესიის ბედი“ წერდა: 

„რუსეთის სინოდმა აუწერელი ვნებისა და ბოროტების მეტი არაფერი მისცა ქართულ ეკლესიას. მისთვის ეს ეკლესია ნამდვილი ბარბაროსული ქვეყნის ეკლესია იყო. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონი და დადგენილება, რომელიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დაწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც დარჩა პეტერბურგში წაიღეს და ბოლოს ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს… გარყვნილი ეგზარხოსი ფეოფილაქტი პირდაპირ ახრჩობდა ქართველებს და იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავსაც… ეგზარხოსმა ევგენი ბაჟენოვმა, მონასტრები და ეკლესიები დაქურდა, ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა, ეგზარხოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი, თავაშვებული და მრუში იყო… მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის ძარცვაში… თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუს ეგზარქოს-უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ“  

იმპერიული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აჯანყების გამო, რუსეთის ერთმორწმუნე ხელისუფლებამ 1820 წელს წამებით მოკლა მოხუცი მიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი და გაასახლა ექვთიმე გაენათელი. ისინი საქართველოს ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ერთმორწმუნეობრივი შურისძიების მსხვერპლი გახდა დიდი საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანი. 1886 წელს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის გამო, მთელი ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა ეს გააპროტესტა. იგი ჯერ გაასახლეს, ხოლო შემდეგ  უმოწყალოდ მოკლეს, მძინარე მოხუცს თავში ურო ურტყეს. დღეს დიმიტრი ყიფიანიც საქართველოს ეკლესიის წმინდანია.

ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს ასე შეაფასა რუსული ერთმორწმუნეობის უღელი: „არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგზარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას”

მე-19 საუკუნის მიწურულს ქართველი სამღვდელოება თავგამოდებით ჩაება თერგდალეულების მიერ წამოწყებულ ეროვნულ მოძრაობაში. ქართული ეკლესიის აოხრებამ, რუსიფიკაციამ,  კაზიონშჩინამ მძლავრი ანტირუსული მართლმადიდებლური  მოძრაობა წარმოშვა. ქართველი სამღვდელოება ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა და რადიკალურად დაუპირისპირდა იმპერიულ ერთმორწმუნეობას.

იმპერიული ეკლესიის მხრიდან მუდმივ  დევნასა და შევიწროებაში იყვნენ ავტოკეფალიისთვის მებრძოლი  საქართველოს მომავალი პატრიარქები: კირიონ საძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია. სამივე მათგანი ეკლესიამ ასევე წმინდანად აღიარა.

ილია ჭავჭავაძემ ასეთი სიტყვებით უპასუხა 1901 წელს „რუსეთთან შეერთების“ ასი წლისთავის აღნიშვნის ინიციატივას: „მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი.“ ამ სიტყვების ავტორიც საქართველოს ეკლესიის წმინდანია.

1905 წელს ეგზარქოს ალექსის მოთხოვნით, ჟანდარმერიამ სასტიკად დაარბია თბილისის სასულიერო სემინარიაში შეკრებილი ქართველი სასულიერო პირების კრება. „ერთმორწმუნე“ მოძალადეებმა მათ მათრახები ურტყეს, თავს ჯვრები და ხატები გადაამტვრიეს.

1917 წელს რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა, ავტოკეფალიის გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. მოსკოვის სინოდში ასე ამბობდნენ: „ყველას, ვინც საქართველოს ეკლესიაში ეზიარება,  ჯოჯოხეთი ელის“. 

1921 წელს უკვე კომუნისტური რუსეთი ახალი „კომუნისტური ერთმორწმუნეობის“ დროშითა და მახვილით დაბრუნდა საქართველოში. ოკუპაციურმა რეჟიმმა, კომუნისტების ბელადებმა: ლენინმა, ტროცკიმ და სტალინმა მანამდე არნახული დევნითა და ძალადობით ბოლომდე სცადეს, გაენადგურებინათ კომუნიზმსა და ოკუპაციასთან მებრძოლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

1927 წელს პატიმრობისა და წამების შედეგად უკიდურესად დაუძლურებული ოკუპაციასთან შეურიგებელი დიდი პატრიარქი, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა. მან იწინასწარმეტყველა ის, რასაც რუსული ოკუპაცია და კომუნიზმი მოუტანდა საქართველოს:

„განათლებულმა ევროპამ ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!“ (მიმართვა გენუის კონფერენციისადმი, 1922).

1939 წლისთვის მთელ საქართველოში მხოლოდ 15 მოქმედი ტაძარი იყო დარჩენილი. დაკეტილი იყო სვეტიცხოველი; დაკეტვის პირას იყო სიონის საკათედრო ტაძარი. სასულიერო პირების დიდმა უმრავლესობამ შიშის გამო უარი განაცხადა მღვდლობასა და ეპისკოპოსობაზე; სხვები გაასახლეს ან დახვრიტეს.

1943 წელს სტალინი, ერთი შეხედვით, ცვლის რელიგიურ პოლიტიკას. მისი მითითებით, რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, მაგრამ ამ ცვლილების შედეგად საბჭოთა ტოტალიტარიზმი ღრმად იბუდებს ეკლესიაში – იწყება სასულიერო პირთა ტოტალური ინფილტრაცია. უშიშროების სამსახურები არჩევენ და ნიშნავენ სასულიერო პირებს. ისინი ან მორალური შანტაჟის მსხვერპლნი, ანდა უშუალოდ  (ენკავედეს) კაგებეს თანამშრომლები არიან და ისე ინერგებიან იერარქიაში. სამღვდელოების დიდი ნაწილი საზოგადოებაში და განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე საბჭოთა სისტემის აგენტურის ფუნქციებს ასრულებს.

კაგებეს ყოფილი რეზიდენტი, კონსტანტინე პრეობრაჟენსკი წერს, რომ „სტალინმა მოსკოვის საპატრიარქო, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე შექმნა… ვინ იყვნენ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველი მსმენელები? ის ხალხი, ვინც ფრონტიდან დააბრუნეს. საბჭოეთში კი, აბა, რომელ უწყებას ჰქონდა უფლება ფრონტიდან ადამიანების მოხსნისა, მით უმეტეს, ყველაზე კრიტიკულ, 1943 წელს, როცა ომში განურჩევლად მიჰყავდათ ყველა? ეს, რა თქმა უნდა, ენკავედე იყო, ანუ ჩვენებურად კაგებე. ასეთი პრივილეგია მხოლოდ და მხოლოდ საიმედო, შემოწმებულ აგენტურას შეიძლებოდა მისცემოდა. ყველა მღვდელმსახური, რომელიც ფრონტიდან დააბრუნეს, უკლებლივ ყველა, კაგებეს აგენტი იყო. სხვა შემთხვევაში, მათ არც დააბრუნებდნენ… მე მომიწია ხნოვან სამღვდელო პირებთან შეხვედრა. ისინი ასეთ რამეს ამბობდნენ – ჩვენ უპარტიო კომუნისტები ვართო… ეკლესია ისეთივე მაკონტროლებელი ორგანო იყო, როგორიც, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება ძველ, ხნოვან მღვდელმთავრებს, – არიან თუ არა ისინი აგენტები? რა თქმა უნდა, ისინი კვლავ აგენტებად რჩებიან. თუ, ვთქვათ, საჯაროდ მოინანიებენ, მათ თვითგამოაშკარავების გამო გარიცხავენ კიდევაც, მაგრამ უამისოდ, ისინი ისევ აგენტები არიან“.

რუსეთის ეკლესია დღესაც კრემლის ინსტრუმენტია როგორც შიდა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ველზე, ასევე საზღვარგარეთ. კიდევ ერთი ყოფილი „ჩეკისტი“, საბჭოთა კაგებეს უმაღლესი თანამდებობის პირი,  გენერალი კალუგინი, თანამედროვე რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურას „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შემდეგნაირად აღწერს: „თუკი რუსეთის სახელმწიფო საბჭოთა კავშირის ეპოქაში კომპარტიას, კაგებესა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ემყარებოდა, პუტინის რუსეთში იგი მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უშიშროებასა და ბიზნესზეა დაფუძნებული. საზღვარგარეთ ეს სამი მონსტრი მძლავრი პრორუსული ლობის შექმნას ემსახურება, რომელსაც პუტინი „რუსული სამყაროს” სახელით ახორციელებს… დღესდღეობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი საფარველია, რომლის მიღმა რუსული დაზვერვა მუშაობს. ეკლესია თავისი სამრევლოების მეშვეობით მანიპულირებს მორწმუნეთა ცნობიერებით, ავრცელებს რუსულ იდეოლოგიურ კლიშეებს, რათა უცხოეთში რუსეთს მორალური მხარდაჭერა მოუპოვოს. სინამდვილეში ეს ყველაფერი სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ინსპირაციებია”. ჟურნალისტის კითხვაზე, კერძოდ, უკრაინაში თუ ხდება მსგავსი რამ, კალუგინი პასუხობს, რომ „ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, ეფესბე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველგან მუშაობს, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს აგენტურული ქსელი – ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა ბალტიისპირეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში…”

რუსული სპეცსამსახურები, მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტიურად მიმართავენ საეკლესიო რუსიფიკაციასა და ვანდალიზმს. მოსკოვის პატრიარქი კირილი აფხაზეთში, საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, უკითხავად ნიშნავს და აკონტროლებს სასულიერო პირებს, აჯილდოებს სეპარატისტ მღვდლებს, „დამოუკიდებლობას“, ქართველებთან ომში გამარჯვებას ულოცავს აფხაზებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. 

ბოლო წლებში ქართული კვალის ამოსაშლელად იერსახე შეუცვალეს  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების არაერთ ძეგლს. ილორი, ბედია, დრანდა, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის ტაძარი, ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი – აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ის ეკლესია-მონასტრებია, რომელთაც ე.წ. რესტავრაცია ჩაუტარდათ და პირვანდელი სახე დაკარგეს. ყველაზე ვანდალური, ამ მხრივ, ილორის ტაძარზე განხორციელებული ძალადობაა, – თეთრად გადაღებვა არ აკმარეს და თავზე რუსული გუმბათიც წამოადგეს.

 „ერთმორწმუნეობის“ ფაქტორის მეშვეობით, რუსეთი ხელს უწყობს საქართველოში პროპაგანდისტული მედიისა და ძალადობრივი პუტინისტური დაჯგუფებების შექმნას, რომელთა მიზანი ქართული ტრადიციული, შემწყნარებლური ფასეულობების, სამოქალაქო ნაციონალიზმის, ქრისტიანული, სახარებასა და  ნამდვილ მართლმადიდებლურ თეოლოგიაზე დაფუძნებული ღირებულებების, თავისუფლების სიყვარულის პოლიტიკური მართლმადიდებლობით ჩანაცვლება და ამოყირავებაა. 

რუსული ერთმორწმუნეობა საქართველოში ანტიქრისტიანული შუღლისა და სიძულვილის თესვით, მტრის ხატების გამრავლებითა და ძალადობითაა დაკავებული.

პოლიტიკურ მართლმადიდებლობას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლურ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, რომელსაც იესო ქრისტემ დაუდო სათავე, რომლის აღმსარებელნი იყვნენ წმინდა ნინო, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი, გრიგოლ ხანძთელი, ათონელი მამები, ილია ჭავჭავაძე და გრიგოლ ფერაძე. ამ თვალსაზრისით, „ერთმორწმუნეობა“ არის მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური კონსტრუქცია, ერთგვარი ტროას ცხენი, რომლითაც რუსეთს საქართველოში გაბატონება, ოკუპაციის სანქცირება სურს. 

დღესდღეობით პუტინის „ერთმორწმუნე“ რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავს ესხმის, ანაწევრებს, მტრობს, ომს უცხადებს ისტორიულად მართლმადიდებლურ „ერთმორწმუნე“ სახელმწიფოებს, ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. 

„ერთმორწმუნე“ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ბომბავს და ხოცავს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას, იტაცებს და აწამებს ქართველ და უკრაინელ მართლმადიდებლებს. ამიტომ, თამამად უნდა ითქვას, რომ რუსული ავტორიტარიზმი და მასთან მთლიანად შეზრდილი მოსკოვის საპატრიარქო „ერთმორწმუნე“ მკვლელი და ოკუპანტია, რომ რუსული „ერთმორწმუნეობა“ გვაშორებს თავისუფლებასა და ქრისტიანობას და გვაახლოებს მონობისა და უღმერთობის უფსკრულს. 

1924 წელს საქართველოს პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ ასე უპასუხა ოკუპანტების სასამართლოს კითხვებს, და ესაა ასევე პასუხი ყველას, ვინც იოანე გამრეკელის მსგავსად თვალთმაქცურად კითხულობს „სად წერია, რომ ოკუპანტს უთხრა, გაეთრიე?“ 

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა, საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარი ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.