„მძლავრი კუჭი აქვს ეკლესიას, ასულნო ჩემნო,
ქვეყნებს მთელ-მთელად მიირთმევს და, თუ რამე ევნოს!
ყველაფერს ირგებს, მაგ საქმეში ვერავინ ტოლობს.
ამგვარი განძის მონელებაც მას ძალუძს მხოლოს.“
გოეთე. ფაუსტი
საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს ორი პარალელური სოციალური რეალობა იყო. ერთ რეალობაში მოსახლეობა ორმაგ გადასახადებს იხდიდა, ცალკე საკუთარი სახელმწიფოს და ცალკე დამპყრობელი იმპერიის სასარგებლოდ, მეორე რეალობაში კი ეკლესია ორმაგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, როგორც მეფისგან, ასევე, ყაენისგან.
მოყვასის ჩაგვრისა და შიმშილით სიკვდილისთვის გამეტების შემყურე ეკლესიას, ალბათ, სვეტიცხოვლის ეზოში საჯაროდ უნდა დაეწვა „შეუვალობის სიგელები“, უარი ეთქვა პრივილეგიებზე და მრევლის ბედი გაეზიარებინა. ამის ცხადი მაგალითიც ხომ თვალწინვე ჰქონდა ცოტნე დადიანის სახით. მის მსგავსად, ეკლესიასაც რომ უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათებზე, იქნებ ამ ნაბიჯსაც ისევე ემოქმედა ყაენზე, როგორც ცოტნეს თავგანწირვამ იმოქმედა შეთქმულთა დამსჯელებზე და სულ თუ არ გაათავისუფლებდა, ცოტა მაინც შეემსუბუქებინა ხალხისთვის ბეგარა.
თუმცა არა, ცოტნე დადიანი ეკლესიამ 1999 წელს შერაცხა წმინდანად, მაშინ კი,ალბათ, სისულელედ მიაჩნდა მსგავსი თავდადება. აკი კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზი თავადვე ხლებია ყაენს ურდოში ეკლესიის პრივილეგიების დამტკიცების თხოვნით და მიუღია კიდეც ამის საბუთი.
მონღოლთაგან ბოძებული ეს შეღავათები და პრივილეგიები იმ „განსაკუთრებული როლის“ ღირსეული ნაწილია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ისტორიაში აქვს შესრულებული და რომლის საფუძველზე დღესაც მოითხოვს და იღებს ახალ-ახალ შეღავათებსა და პრივილეგიებს.
ამ ისტორიის ტრაგიკულობა საგადასახადო წესრიგის უთანასწორობით არ ამოიწურება. ივანე ჯავახიშვილი ვრცლად აღწერს მაშინდელ ამბებს [1].
მონღოლთა უმკაცრესმა საგადასახადო სისტემამ უკიდურესად დატვირთა გლეხიცა და მემამულეც. მრავალი სახის მძიმე გადასახადების გამო, მალე მიწის დამუშავებამ აზრი დაკარგა, რადგან მოსავლის უდიდესი ნაწილი ბეგარაში მიდიოდა, დანარჩენი კი მოსახლეობას არაფერში ჰყოფნიდა. ამის გამო, მემამულეებმა მიწების დაგირავება დაიწყეს. აღებული ვალით ცოტა ხნით გადასახადებს ისტუმრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქონების უკან გამოსყიდვას ვეღარ ახერხებდნენ და მიწის გარეშე რჩებოდნენ.
ეს მდგომარეობა ყველას შეეხო და მთელი ქვეყანა შიმშილის პირას აღმოჩნდა, თავადიცა და გლეხიც, ერიცა და ბერიც. უკაცრავად, ბერი არა. ეკლესია ხომ გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან. რა თქმა უნდა, საერთო ეკონომიკური კრიზისი ეკლესიაზეც აისახებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც რადიკალურად განსხვავებოდა საერთო ყოფისგან. გაჭირვებული ხალხი კი ოცნებით შეჰყურებდა ეკლესიის კეთილდღეობას და უთანასწორობის მძაფრი განცდა ეუფლებოდა.
სამეფო კარს გამოსავლის ძიება დაუწყია და ეს საქმე მაშინდელ მწიგნობართუხუცესს უჯარმელ-ჭყონდიდელ ბასილს უთავია. მას უმამულოდ დარჩენილთათვის ახალი მიწების გამოყოფის საკითხი უნდა მოეგვარებინა.
ბასილს გადაუწყვეტია მათთვის ის მიწები დაერიგებინა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეფეებსა და მთავრებს ეკლესიისთვის შეეწირათ. მაშინდელი სამართლის თანახმად, ეკლესიისთვის შეწირული ქონება შემწირველთა ყოველ მომდევნო თაობას უნდა დაემტკიცებინა, თუ არა და ქონება პირველ მესაკუთრეთა მემკვიდრეებს უკან უნდა დაბრუნებოდა. უჯარმელ-ჭყონდიდელს ამ კანონით უსარგებლია და მეფისთვის ურჩევია, მემამულეთათვის სწორედ ეს მიწები დაებრუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გაბედული და სარისკო საქმე იყო, მეფეს რჩევა გაუზიარებია და ბასილისთვის მისი აღსრულება დაუვალებია.
ცხადია, ამ ამბავს ეკლესიის აღშფოთება და წინააღმდეგობა გამოუწვევია. მღვდელმთავრებს ჯერ მეფისთვის მიუმართავთ და უთხოვიათ, გადაწყვეტილება გაეუქმებინა, მაგრამ უარი მიუღიათ, შემდეგ კი, საკუთარი იარაღის გამოეყენება უცდიათ – ეკლესია შეაჩვენებდა (ანათემას გადასცემდა) ყველა იმ მემამულეს, ვინც ეკლესიისთვის წინაპრების მიერ შეწირულ მიწას უკან გამოითხოვდა. შეჩვენება კი იმას ნიშნავდა, რომ ასეთ ადამიანს არც ზიარება ეკუთვნოდა, არც ჯვრისწერა და როცა გარდაიცვლებოდა, წესსაც არავინ აუგებდა.
ეკლესია ფიქრობდა, რომ ამ გზით შეაჩერებდა თავისი ქონების დაკარგვას, რადგან, როცა რამდენიმე ადამიანს შეაჩვენებდა, სხვებს შეეშინდებოდათ და ეკლესიისთვის მამულების გამოთხოვას შეწყვეტდნენ. თანაც ეკლესია, თავი რომ არ გაემჟღავნებინა, ანათემის საფუძვლად ცრუ მიზეზს მიუთითებდა, თითქოს შეჩვენებულს რომელიმე მძიმე ცოდვა ან დანაშაული ჩაედინა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემულთ კარგად ესმოდათ, რის გამო სჯიდა ეკლესია, ამიტომ სასჯელისაც არ შეშინებიათ და სამეფო კარზეც გაუსაჩივრებიათ.
მაშინდელი სამართლის თანახმად, თუკი ეკლესია ვინმეს შეაჩვენებდა, ის სახელმწიფოსაც უნდა დაესაჯა – შეერისხა, ანუ სამოქალაქო უფლებები (ლაშქარში მსახურება) და საკუთრება (მამული) ჩამოერთმია. მეფესთან საჩივრით მისულები პირდაპირ ასახელებდნენ ეკლესიის მიერ მათი დასჯის ნამდვილ მიზეზს და რაკი ეს ამბავი მეფემაც კარგად იცოდა, მათ საჩივრებს აკმაყოფილებდა.
ამგვარად, მღვდელმთავრების მოლოდინი, რომ მკაცრი საეკლესიო სასჯელის იარაღად გამოყენებით თავიანთ მიზანს მიაღწევდნენ, არ გამართლდა. პირიქით, ამან ეკლესიის მიმართ მთავრობისა და ხალხის დამოკიდებულება მკვეთრად გააუარესა. ეკლესიამ საკუთარი ქონების დაცვის მიზნით სხვა საშუალების ძიება დაიწყო და საეკლესიო კრება მოიწვია (1263 წ), რომელმაც მეფისთვის სპეციალური მიმართვა შეადგინა.
კრება წერდა, ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას საყოველთაო გაჭირვება უდევს საფუძვლადო, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ უარესი ძნელბედობებიც ყოფილა, თუმცა ეკლესიის ქონებას არავინ შეხებიაო. რადგან, რაც ერთხელ ეკლესიისთვის შეწირულა, ის უკვე საღმრთოა და მისი უკან გამოთხოვა რჯულის დარღვევააო. თქვენთანაც ეგრე არ არისო? რასაც სამეფო საჭურჭლეს შესწირავენ, განა იმას უკან დაუბრუნებთ ვინმესო? ან თუ უკან თვითონ წაიღო, განა შეაქებთ და განადიდებთ და არ დასჯითო? ასეა ეკლესიის ქონებაცო. ასე ყოფილა ყველა მეფის დროს და თქვენც ნუ შეცვლითო.
გარდა ამისა, წესია ვისაც ეკლესია შეაჩვენებს სახელმწიფომაც უნდა დასაჯოსო. თქვენ კი რას აკეთებთო. ვისაც ჩვენ შევაჩვენებთ მოვა თქვენთან, იჩივლებს და იმის მაგივრად, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება დაიცვათ, ანათემის ახსნას გვიბრძანებთო. ასე ნუღარ მოიქცევითო. შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთო. თქვენ აურიეთ ეს ამბები და თქვენვე გამოასწორეთო. თორემ იმას შევასრულებ, რასაც დაგპირდითო: ეკლესიებს დავკეტავთ, მღვდლებს კი წირვა-ლოცვას, ნათლობას, ზიარებასა და წესის აგებას ავუკრძალავთო.
ბოლოს მიუწერიათ, ბოდიშს კი ვიხდით ასეთი კადნიერი წერილისთვის, მაგრამ განა ჩვენთვის ვითხოვთ რამესო, არამედ ღმერთისთვისო, რადგან მისთვის შეწირული მასვე უნდა ჰქონდეს და თან ეკლესიის ქონება განა თქვენი ქონებაც არ არისო.
კრებას არც მთავარი „დამნაშავე“ დავიწყებია. ცხადია, ყველამ კარგად იცოდა, რომ გადაწყვეტილება მეფეს ეკუთვნოდა, მაგრამ მღვდელმთავრებმა ხელი მაინც მწიგნობართუხუცესი უჯარმელ-ჭყონდიდელი ბასილისკენ გაიშვირეს და დასძინეს, ღმერთისთვის შეწირულის გამცემი ღმერთის მიერვე დაისჯებაო.
მეფეზე არც ეკლესიის მიმართვამ გაჭრა და გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. დამარცხებულებმა, მეფისგან რომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა, თავადვე დაიწყეს უჯარმელ-ჭყონდიდელის დევნა. პირდაპირ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ და ამიტომ ფარული ბრძოლა წამოიწყეს. გავრცელდა მრავალი ბრალდება და ჭორი. თითქოს, როდესაც მონღოლებთან აჯანყებული მეფე დავით-ულუ დასავლეთ საქართველოს აფარებდა თავს, ბასილს მთელი ძალაუფლება მიეტაცებინოს და სამეფო ქონებაც ისე ეხმაროს, როგორც საკუთარი; მეფის დაუკითხავად ეწარმოებინოს სამეფო საქმეები; მღვდელმთავრის სამოსი გაეხადოს და საეროდ მოქცეულიყოს და ა.შ.
მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მსგავსი ბრალდებებითაც ვერაფერს დააკლებდნენ მეფის თანამებრძოლ მწიგნობართუხუცესს, რადგან მან კარგად იცოდა, რომ ბასილს არც მისი ძალაუფლება მიუტაცია და არც ქონება. პირიქით, როცა დავითი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნებულა, მწიგნობართუხუცესის მსახურებით იმდენად მადლიერი დარჩენილა, რომ მისთვის უფრო მეტი ნდობა და პატივი უბოძებია.
საბოლოოდ, მღვდელმთავრებმა ყველაზე ბინძურ ხერხს მიმართეს და უჯარმელ-ჭყონდიდელი ბასილი მეფესთან დაასმინეს, თითქოს ის დედოფალთან იყოფდა სარეცელს. ამან კი შედეგი გამოიღო. მეფე პირადი შეურაცხყოფის ეჭვებს ვეღარ გაუმკლავდა და საკუთარი მწიგნობართუხუცესი გასამართლების გარეშე დასაჯა. „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“ – წერს ჟამთააღმწერელი, მაგრამ იქვე ამბობს: „იყო მეფე მალმორწმუნე და ლიტონიცა“ და ამით ცხადია, ბრალდების სიყალბესაც ამხელს და მეფის უსამართლობასაც.
ასე დასრულდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ჭიდილი. მართალია ეკლესია დამარცხდა, მაგრამ საკუთარ ეპისკოპოსზე მაინც იძია შური, რადგან ეკლესიის მოღალატედ მიიჩნია უჯარმელ-ჭყონდიდელი ბასილი. ეკლესიამ არც მეფე დაივიწყა. მემატიანე, რომელიც, ისტორიკოსთა საერთო აზრით, თავადაც სასულიერო პირი (შესაძლოა, ეპისკოპოსიც კი) იყო, დავით-ულუზე ბრძანებს, რომ არ იყო მართალი ღმერთის წინაშეო, რადგან საეპისკოპოსოებსა და მონასტრებს მეფეთა შეწირული სოფლები ჩამოართვაო და ამიტომ ღმერთმაც შვილის სიკვდილით დასაჯაო.
***
ხოდა, როცა გვესმის, რომ სინოდი ჰექტრობით ტყის ეკლესიის საკუთრებაში დაკანონებას მოითხოვს, მროველ-ურბნელი მთელი ხეობის გადაცემას, ბოდბელი კახეთის იმ საყანეებს, რაც ალავერდელის სავენახეებს გადაურჩა, კუმურდოელს კი ოცდახუთი მილიონი წვრილმანად მიაჩნია, ნუ გაგვიკვირდება. ამაში ახალი არაფერია. ისინი თავიანთი წინაპრების ღირსეული მემკვიდრეები არიან და საქართველოს ისტორიაში მათ მიერ შესრულებულ განსაკუთრებულ როლსაც შესაშური თანამიმდევრულობით აგრძელებენ, ახლა უკვე ჩვენს რეალობაში.
ამ ამბავში კი მორალი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ეკლესიას სოციალური მგრძნობელობა ყოველთვის აკლდა. როცა საფრთხე მის ქონებას ემუქრებოდა, მზად იყო, გაჭირვებული ხალხისთვის ტაძრის კარიც დაეკეტა და წირვა-ლოცვაც შეეჩერებინა, ხოლო, როცა საქმე მისი ძალაუფლების შემცირებას ეხება, იმავე ხალხის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით ტაძრის კარის დაკეტვისა და წირვა-ლოცვის დროებით შეჩერების თხოვნას ეკლესიასთან ეშმაკების ბრძოლად აცხადებს. არგუმენტი კი ორივე შემთხვევაში ერთია: „უარეს გაჭირვებაშიც ყოფილა ქვეყანა და ხალხი, მაგრამ ეკლესიას ეს არასოდეს შეხებია და ნურც ნურასდროს იყოფინ!“
P.S. ჩვენს თანამედროვე ჭყონდიდელსაც რომ ეკლესიის ქონებრივი ვნებები ემხილებინა და სასჯელიც ამის გამო მიეღო, მთავრობას კი მეფის მსგავსი პრინციპულობა გამოეჩინა, ისტორიასა და თანამედროვეობას შორის სრული ტოლობის ნიშანი დაისმებოდა, მაგრამ დადიანის სასახლეში გატარებულ მრავალწლიან მღვდელმთავრობას თავისი შედეგები აქვს, ისევე, როგორც ხელისუფლების დაკარგვის შიშებს.
[1] ტექსტის გამარტივების მიზნით, აქ ზუსტი ციტატები და წყაროები მითითებული არ იქნება. თუმცა, ყველაფრის დეტალური გადამოწმება შეიძლება „ქართლის ცხოვრებაში“ ჟამთააღმწერელთან და „ქართველი ერის ისტორიაში“ ივანე ჯავახიშვილთან.