გონივრული მისადაგების პრინციპი | თანაბარი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის საშუალება

პუბლიკა

მარიამ კობახიძე – შშმ პირთა უფლებების აქტივისტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობა საზოგადოების ყველა სფეროში უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებებით სარგებლობისთვის, რომელთა შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს შრომის უფლების პრაქტიკაში რეალიზება, რაც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯისა და დასაქმების პროგრამების არსებობისა, შშმ პირები დღესაც აწყდებიან მთელ რიგ დაბრკოლებებს დასაქმებისა და  შრომითი უფლებების პრაქტიკაში რეალიზების მხრივ.

ხშირად აღვნიშნავ, რომ მე ძალიან გამიმართლა. გამიმართლა იმ კუთხით, რომ ეტლით მოსარგებლე გოგო, ჯერ კიდევ 8 წლის წინ დავსაქმდი საჯარო უწყებაში. გამიმართლა, რადგან უწყების ხელმძღვანელმა ნდობა გამომიცხადა, არაფრად მიიჩნია ჩემი ეტლით მოსარგებლეობა და ამით მოახდინა სასიკეთო ცვლილება ჩემს ცხოვრებაში. რამაც, შემდგომში განსაზღვრა ჩემი წარმატებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზა. მანამდე კი, იყო სამუშაოს ძიების არაერთი წარუმატებელი მცდელობა. გასაუბრებიდან მისტუმრებდნენ დამსაქმებლების მიერ კარგად აპრობირებული და დაზეპირებული ფრაზით: „კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ ჩვენ გარემო არ გვაქვს „თქვენისთანა“ ადამიანებისთვის ადაპტირებული და შესაბამისად, თქვენი დასაქმება შეუძლებელია“.

ამ ბლოგში მოგიყვებით გონივრული მისადაგების პრინციპსა და მის მნიშვნელობაზე შშმ პირთა შრომითი უფლების პრაქტიკაში იმპლემენტაციისათვის. მოგიყვებით ასევე პირად გამოცდილებას და შემოგთავაზებთ გონივრული მისადაგების პრაქტიკულ მაგალითებს.

ბოლო პერიოდში, ალბათ, ხშირად გსმენიათ ტერმინი „გონივრული მისადაგება“ და დაგისვამთ კითხვაც, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს და როგორ გამოიყურება ის პრაქტიკაში. გონივრული მისადაგება სხვა და სხვა ჯგუფთან მიმართებით მოქმედებს, თუმცა, უმეტესწილად, ასოცირდება შშმ პირებთან. საქართველოში პირველად ეს ტერმინი გავიგეთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან, რომლის მიხედვით, გონივრული მისადაგება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელ და შესაბამის მოდიფიკაციებსა და კორექტივებს, რომლებიც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს.

ამავდროულად, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებითა და თავისუფლებებით თანაბარი სარგებლობის შესაძლებლობას. შემდეგ კი, ამ ტერმინმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2020 წელს მიღებულ საქართველოს კანონშიც პოვა ასახვა. სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ შევიდა შრომის კოდექსში ცვლილებები და გონივრული მისადაგება განისაზღვრა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი, რომლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს  არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს, ხოლო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, უარი გონივრულ მისადაგებაზე, დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმადაა განსაზღვრული.

უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, გონივრული მისადაგება, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განსხვავებული სამუშაო რეჟიმის განსაზღვრით, მათთვის, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფითა და დამსაქმებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილებით.

თვალსაჩინოებისთვის მოგიყვანთ ჩემს პირად გამოცდილებას – 8 წლის წინ, მაშინ, როდესაც არც კონვენცია იყო რატიფიცირებული და შესაბამისად, არც შრომის კოდექსში გვქონდა გონივრული მისადაგების პრინციპი განსაზღვრული, ჩემმა დამსაქმებელმა ჩემი სამუშაო დრო განსაზღვრა კვირაში სამი დღით. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ქალაქში საერთოდ არ დადიოდა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი და ამიტომ, მე მიწევდა კერძო ავტომობილით, ტაქსით სიარული, რაც დაკავშირებული იყო საკმაოდ დიდ თანხასთან. მეორე მაგალითი, რომელიც შემიძლია, მოგიყვანოთ ისევ პირადი გამოცდილებიდან არის ის, რომ ახლანდელმა დამსაქმებელმა, ჩემს სამსახურში აყვანამდე უზრუნველყო ჩემთვის მორგებული და კომფორტული სამუშაო მაგიდის შეძენა (მაგიდას აქვს სიმაღლის რეგულირების ავტომატური რეჟიმი), რათა მე, რომელიც ვსარგებლობ ელექტრო ეტლით (ელექტრო ეტლს აქვს ე.წ სამართავი პულტი, რაც მოითხოვს ჩემზე მორგებულ სამუშაო მაგიდას) კომფორტულად მოვერგო სამუშაო მაგიდას. ამასთანავე, ჩემი დღის სამუშაო დრო, ნაცვლად 8 საათისა, განისაზღვრა 7 საათით. ვინაიდან დილით, მოსამზადებლად, შეზღუდვის არმქონე ადამიანებისგან განსხვავებით, მოითხოვს უფრო მეტ დროს და ეს ფაქტორი ჩემმა დამსაქმებელმა გაითვალისწინა.

როგორც კანონშია მითითებული, აღნიშნული ვალდებულების შესრულებამ დამსაქმებელს არ უნდა დააკისროს არაპროპორციული ტვირთი, თუმცა, სამწუხაროდ, კოდექსში არ არის მითითებული არაპროპორციული ტვირთის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის ფარგლები. ზოგადი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ დამსაქმებლის მიერ გატარებული ღონისძიება აუცილებლობისა და შესაბამისობის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს: ორგანიზაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებების ღირებულება; ამ ორგანიზაციის საერთო შემოსავალი; სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდირება; დამსაქმებლის საქმიანობის მასშტაბი; მესამე მხარის სარგებელი და ა.შ.

შეჯამებისას, მარტივად რომ ვთქვათ, გონივრული მისადაგების პრინციპი – ეს არის საშუალება თანაბარი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და დამსაქმებლებში დამკვიდრებული სტერეოტიპული დამოკიდებულების აღმოფხვრის. გულწრფელად მჯერა, რომ შრომით კოდექსში გონივრული მისადაგების ვალდებულების განსაზღვრა, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის ბაზარზე სათანადოდ ჩართვას, არსებული ბარიერების შემცირებასა და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრას.


განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი“, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობს.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.